როგორც მოსალოდნელი იყო, სტრასბურგის სასამართლოზე სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიამ გავლენა ვერ იქონია - მიხეილი ციხეში გადაყვანამდე „ვივამედში“ რჩება!

როგორც მოსალოდნელი იყო, სტრასბურგის სასამართლოზე სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიამ გავლენა ვერ იქონია - მიხეილი ციხეში გადაყვანამდე „ვივამედში“ რჩება!

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების მოტივით, თავისუფლების მოპოვების კამპანიის ფარგლებში, სამართლებრივი დავა საქართველოში სააკაშვილისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. ამის შემდეგ, მისმა ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს და დროებით ღონისძიებად მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვეს, თუმცა სტრასბურგიდანაც უარი მიიღეს.

იუსტიციის მინისტრი მოუწოდებს სააკაშვილსა და მის გარემოცვას, მაქსიმალურად იზრუნონ, რომ პატიმარი დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს, მიაწოდონ საკვები იმ კალორაჟით, რასაც ეუბნებიან ექიმები. რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არიან ადამიანები, რომლებიც აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინებს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით, იგი თავისუფლებას მოიპოვებს.

„სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მას პირდაპირ ეთერში მოუწოდებდნენ, შიმშილობა არ შეეწყვიტა. ეს ძალიან კარგად იციან თვითონ იმ ადამიანებმა. მსჯავრდებული სააკაშვილი არის პატიმარი და ჩვენ, როგორც ახლა, მომავალშიც გავაგრძელებთ ექიმების რეკომენდაციების შესრულებას. შესაბამისი დასკვნა როდესაც გვექნება, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. ამ ეტაპზე სააკაშვილი მკურნალობას განაგრძობს კლინიკა „ვივამედში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აცხადებს, რომ სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება და შესაბამისად, მისი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება.

„ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება. მე მინდა, ყველა ჩემმა მომხრემ და საერთოდ საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა გაიაზროს, რომ უკვე თითქმის ორი წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით, სრულიად უდანაშაულოს. ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო და მყარად შემოვატრიალე ის ევროკავშირისა და ნატოსკენ. ახლა ამას ყველაფერს დიდი საფრთხე ემუქრება და ამიტომაც ვყავართ პუტინის ბრძანებით ციხეში. ქართველებმა მთელს მსოფლიოში და პირველ რიგში, საქართველოში, უფრო ხმამაღლა ამოიღეთ ხმა ამ უსამართლობაზე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსჯავრდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ეს პროცედურული ნაწილია და ევროსასამართლო საჩივარს არსებითად განიხილავს. შოთა თუთბერიძის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრომ და ხელისუფლებამ ბუნდოვანება შექმნა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

„ბუნებრივია, ევროსასამართლო სახელმწიფოს არ და ვერ დაავალებდა იმგვარი ქმედების განხორციელებას, რასაც დაცვის მხარე არ ითხოვდა. საქმის არც ერთ ეტაპზე ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა მესამე პრეზიდენტის გადაყვანა საქართველოს რომელიმე სხვა კლინიკაში, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს უზრუნველყოფს მის უფლებების ეფექტიან დაცვას და შესაბამისად, არარსებულ მოთხოვნაზე მითითება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული პანიკა, რომელიც სახელმწიფომ შექმნა და რომლის შექმნასაც ხელისუფლება ცდილობს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

სააკაშვილის საქმეზე სამართლებრივი ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ვფიქრობ, რომ გადამწყვეტ ფაზაში შედის. სააკაშვილი იბრძვის არა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ამას ბატონი ბრეგაძე აცხადებს, სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური კარიერა საქართველოს წარმატებას მოახმარა სრულად, არამედ სააკაშვილი იბრძვის იმ უსამართლობის, იმ რუსეთიზაციის წინააღმდეგ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს საქართველოში“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

გადაწყვეტილების მიუხედავად სააკაშვილის, გვარამიას და ახლა უკვე ლაზარეს თავისუფლებისთვის აპირებს ბრძოლას ლევან ხაბეიშვილი, რომლის განცხადებით, ერთადერთი, რაზეც სტრასბურგმა იმსჯელა, ამ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე იყო მხოლოდ ვარშავაში გადაყვანის საკითხი.

„შევახსენებ რუსულ ხელისუფლებას, რომ არსებობს დასაბუთებული, ხელმოწერილი მტკიცებულებები და დოკუმენტაციები, რეზოლუციები ევროპიდან და ეს არის რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პირად ვენდეტას სააკაშვილზე, ასევე ამ რეზოლუციებში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი არის საფრთხე ევროკავშირის გზაზე“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამყარებს სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოტივს, მაგრამ იგი ფიქრობს, რომ ხელისუფლება პატიმრის ეტაპირებას არ იჩქარებს.

„საჩივარი სააკაშვილის მხარემ შეიტანა, ენდობოდა, მაგრამ ვნახეთ, რომ სტრასბურგიც უფრთხილდება თავის ავტორიტეტს და ცდილობს პატიმრის ნიავქარს არ აყვეს. ვიცით, რომ ლობისტების ჯგუფი მუშაობს, მაგრამ სტრასბურგზე გავლენა ვერ იქონია, თორემ დასკვნა სხვანაირი იქნებოდა. სტრასბურგი ცდილობს, რომ ლობიზმს არ დაექვემდებაროს. სიმართლე ხელისუფლების მხარეს არის და ეს ჩანდა იმაში, რომ უკან არ იხევდა, აცხადებდა, რომ ჩამოიყვანეთ ექიმები, გააკეთეთ დიაგნოსტიკა და ა.შ. როდესაც რომელიღაცა მხარე ყველაფერზე მიდის და არ ეშინია შეფასებების, ე.ი. გრძნობს, რომ სიმართლე მის მხარეს არის. თავი რომ დავანებობთ იმას, შეიძლება თუ არა სააკაშვილი იყოს მოწამლული და ა.შ. მისი მოწამვლა ამ შემთხვევაშიც არავის სჭირდება. კი, იძახიან, რომ ხელისუფლება წამლავსო, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა სააკაშვილის მოწამვლა და ცუდად ყოფნა, ეს არის ხელისუფლება, იმიტომ, რომ მის კისერზე გადაივლის სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმება და ამიტომ, ძალიან ბევრი ხაზი სავარაუდოს ხდიდა, რომ სტრასბურგიდან მივიღებდით იმ გადაწყვეტილებას, რაც მივიღეთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

ვახტანგი გაასამართლეთ ეს "ქვეყნის დამაარსებელი" იმისთვის, რაც მართლა ჩაიდინა: ჟვანიას მკვლელობა და მორჩით საქმეს.
1 წლის უკან