რუსეთის მიერ საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება ის „საჩუქარი“ აღმოჩნდა, რომლის მიღება-არმიღებამ ყველაზე დიდი თავსატეხი გაუჩინა საქართველოს ხელისუფლებასაც და დასავლეთსაც. რატომ შეარჩია რუსეთმა ეს დრო, როცა უკრაინასთან ომი მიმდინარეობს, ხომ არ არის ეს მზაკვრული თამაში კრემლის მხრიდან?! ხომ არ მზადდება „გავრილოვი 2“- ის სცენარი, მით უმეტეს, რომ სერგეი გავრილოვმა ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ საქართველოში ჩამოსვლა საკუთარი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად უკვე დააანონსა? (დედის მხრიდან გავრილოვის ბაბუა გრიგოლ ლომთაძე იყო).
იმ ფონზე, როცა მცირერიცხოვანი საქართველოსთვის რთულია, წინააღმდეგობა გაუწიოს პუტინის ასეთ „კეთილ ნებას“, რეკომენდაციებს რეკომენდაციებზე აცხობს დასავლეთი.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავი0აციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლით ნებისმიერ შესაძლო მცდელობაზე. ამასთან, ევროკავშირი შეახსენებს საქართველოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე. ევროკავშირის სანქციების გამო რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების მოდერნიზება, რაც აუცილებელია უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად.
უნდა შეასრულოს თუ არა საქართველომ ევროკავშირის მოთხოვნა, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში სანქციებს? ხომ არ დაძაბავს ეს ურთიერთობას ოკუპანტ ქვეყანასთან?
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო პუტინმა, ეს იყო 2019 წელს დაწესებული თავისივე სანქციების მოხსნა, რაშიც საქართველოს ხელისუფლებას არანაირი როლი არ მიუძღვის. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებართვა არ მიეცემა არც ერთ სანქცირებულ ავიაკომპანიას და არც ერთ სანქცირებულ თვითმფრინავს, ბორტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება თეორიულად შეიქმნას რაღაც დროებითი ავიაკომპანია, სადაც სანქცირებული ავიახომალდები განთავსდებიან.
„ევროკავშირის ეს მოწოდება გასაგებია, მაგრამ გაუგებარია ის, თუ სანქცირებულ ავიაგადამზიდავებს საქართველო თავის საჰაერო სივრცეში არ შემოუშვებს, მაშინ რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს?! აქ არის კიდევ სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, თუ ევროკავშირი ყოყმანობს და, დამსახურების მიუხედავად, არ სურს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მას ყოველთვის შეუძლია ნებისმიერი მიზეზი გამოძებნოს ამისთვის, იქნება ეს გეოგრაფია, გეოპოლიტიკა, დაუსრულებელი პოლარიზაცია, რაც თავად ევროპაშიცაა, ან თუნდაც სხვა მიზეზი. ამიტომ თუ ევროკავშირი პუტინის ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს, გამოდის, რომ ევროკომისია დადის პუტინის გადაწყვეტილებათა მხარდამხარ, რაც წარმოუდგენელია. ხაზგასმით ვამბობთ, სანქცირებული ავიაკომპანია და სანქცირებული ბორტი საქართველოს სივრცეში ვერ შემოვა. ბარემ ევროკავშირმა ისიც თქვას, ავკრძალოთ საქართველო-რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, ესეც არ გამიკვირდება. აქ აშკარაა მასშტაბური ფარისევლობა, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მულტინაციონალური კომპანიები სანქციების მიუხედავად მაინც ვაჭრობენ რუსეთთან და მათ რატომღაც არ ეხებათ სანქციები, პატარა საქართველოს, რომელიც სანქციებთან დაკავშირებით ყველაფერს რუდუნებით ასრულებს, ყოველთვის უსამართლო პრეტენზიები და დამუნათება ხვდება“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.
რაც შეეხება მოსაზრებას, იქნებ, პუტინმა სწორედ იმიტომ შემოაგდო ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების თემა, რომ ევროკავშირის წევრობა შეფერხდეს, გია აბაშიძე ადასტურებს, რომ ზუსტად ეს არის კრემლის მხრიდან რბილი ძალის ფორსირებული დემონსტრირება. ამით რუსეთმა დასავლეთს სიგნალი გაუგზავნა, თუ თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ აძლევთ საქართველოს, თუ ამერიკა არ აწესებს უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეებისთვის, არ აფორმებს თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას საქართველოსთან, აგერ არის ე.წ. მეგობარი და ბუნებრივი მეზობელი, რომელსაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ თანამედროვე რეალურ პოლიტიკაში რბილი ძალის დემონსტრირება დასწრებასა და გადასწრებაზეა, ახლა ბურთი და მოედანი დასავლეთის მხარეზეა და მათ უნდა გადაასწრონ რბილი ძალის ტირაჟირებაში აგრესორ პუტინს.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე დადებითად აფასებს ავიახაზების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას რუსეთთან, რადგან მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულეა რუსეთში, რომელიც გზავნილებს აგზავნის საქართველოში. ეს ადამიანები სომხეთის, აზერბაიჯანის გავლით შემოდიან საქართველოში და პროდუქციაც სომხეთ-აზერბაიჯანის გზით გაედინება და საქართველო კარგავს ამ მოგებას.
„რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს თუ შევაფასებთ, ემბარგოსა და სანქციების პირობებში მათ შორის ტვირთბრუნვა მატულობს. რას ნიშნავს ეს, რომ ევროკავშირისთვის სანქციების ფონზე შეიძლება რუსეთთან ურთიერთობა, ხოლო ჩვენგან სანქციების დაწესებას ითხოვენ?! ეს სანქციები ხომ ჰარაკირის ტოლფასი იქნებოდა საქართველოსთვის. საქართველოს ხელისუფლებამ გააანალიზა, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ემბარგოს დაწესებას, რაც, პირველ რიგში, საქართველოს დააზიანებდა. ამიტომ ახლაც ევროკავშირის მოთხოვნა რომ შევასრულოთ და ფრენების აკრძალვას შევუერთდეთ, ეს ისევ ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს რუსეთთან. ჩემი აზრით, დიდი ხანია, იმის დრო მოვიდა, ურთიერთობა რუსეთთან დალაგდეს, რადგან თვითგადარჩენის რეჟიმშია ყველა სახელმწიფო. ნახეთ, უკრაინას ხანგრძლივი ომი აქვს რუსეთთან, უამრავი ადამიანი იღუპება, ჩვენ რაღაცნაირად კონსტრუქციული დიალოგისკენ უნდა წავიდეთ და არ დავძაბოთ სიტუაცია“, - აცხადებს თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბარში.
პოლიტოლოგის აზრით, ევროკავშირის ამ კონკრეტულ რეკომენდაციას შევასრულებთ თუ არა რუსეთთან მიმართებით და დავუწესებთ თუ არა რუსეთს სანქციებს საავიაციო სექტორში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ევროკავშირი ყოველთვის მოქმედებს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. ევროკავშირის სტატუსს ან მოგვცემენ ან არა, რომელიც პრაქტიკულად არაფერს აძლევს საქართველოს, ერთადერთი, ეს იმის აღიარებაა, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე ვართ. ისედაც მილიონჯერაა ეს დეკლარირებული. გაცილებით უფრო მეტად იმსახურებს საქართველო ამ სტატუსს, ვიდრე უკრაინა და დსთ-ს წევრი მოლდოვა.
..რამის თქმასაც კი აზრი აღარ ააქვს...................ტყუილი მართლად საღდება და მართალი კიდევ ტყუილად........
თანაც მთელ მსოფლიოს აძალებენ--- გინდათ თუ არა დაიჯერეთ რომ ჩვენი ......კიტრიაო....
არააა კიტრი.... არაა!!!!!!!!!!!
არადა დრო, მოვლენები როგორ ძალიან, ძალიან დაჩქარდა,.............,რაც ადრე მსოფლიოში ათი წლის მანძილზე ხდებოდა, ეხლა იგივე მასშტაბის მოვლენები ერთ თვეში ხდება
მოკლედ ჩარხი გამალებული ტრიალებს და ყველას ერთად სადღაც უფსკრულისკენ მიგვაქანებს.....
მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს რომ ამ ჩარხს ჩვენ თან არ ჩავყვებით
ისე კი .... ჩასაყოლებელი ხალხის მეტი რა არი---ქვეყნის ჩათლახი ხალხია....ნამეტნავად ჩემი დიდი სიყვარულის---კოლუმბის თამადობით....
ჰოოოდა იქიდან დაიწყოს, იქიდან
ისე ლენჩი რო აღარ მიეთრევა აქედან, ხომ ხედავთ ...აღარ იღებენ ამერიკაში აღარ