ოპოზიციის მიზანია ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც შემდგომში უნდა იქნას გამოყენებული ქვეყანაში რევოლუციური პროცესებისთვის. თუმცა, ცხადია, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, დაუშვებს თუ არა იმ შეცდომებს, რამაც შეიძლება ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში. ოპოზიციის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი ადასტურებს, რომ დასავლელ პარტნიორებთან ხშირად არის საუბრები იმასთან დაკავშირებით, როგორ ითხოვენ ქვეყნის დასანქცირებას.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსზე როგორ დასრულდება დებატები, სიცხადე უნდა შექმნან დასავლელი პარტნიორებისთვის და ქართველი ხალხისთვის - ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს თუ ევროპას და ქართველ ხალხს მართლაც სურს ევროპულ სივრცეში ერთად თანაცხოვრება.
ოპოზიცია რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ეს არაერთხელ დაადასტურეს. რადიკალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, რასაც მოჰყვება ქუჩის პროცესები, რაც ოპოზიციისთვის ხელსაყრელია. ქართულმა ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, ამიტომ საუკეთესო გამოსავალია რევოლუცია.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის მოხსნა კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. თუმცა, მისი თქმით, არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის.
„მახსოვს, თავის დროზე, როდესაც რუსეთმა საქართველო ამოიღო მტრული სახელმწიფოების სიიდან, ამასაც მოჰყვა რადიკალების აღშფოთება. სინამდვილეში, ეს იყო იმის გამოხატულება, რომ საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას აქვს თავისი შედეგი და შედეგი არის ის, რომ საქართველოში დღეს ჩვენ არ გვაქვს მეორე ფრონტი, რაც ასე ძალიან უნდა რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის სინამდვილეში ამ ყველაფრის შინაარსი და შედეგი. რაც შეეხება, საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციას, აქ უკვე წამოვიდა სპეკულაციები.
ეს სპეკულაციები გაგრძელდება და უფრო მეტიც, პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ამის მტკიცებულებებს ნახავთ თქვენ ალბათ, ხვალ, ზეგ, რომ რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, გამოიყენოს ეს თემა იმ კამპანიისთვის, რომელსაც ისინი აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ჩვენ დსთ-ს წევრი არ გავმხდარვართ დღეს. რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველ გუნდიში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი შეუშალოს იმისათვის, რომ გამოიყენოს რევოლუციური სცენარები. „ქართული ოცნების“ წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო, მეტ დამაჯერებლობას შესძენდა ბევრი მიმართულებით, მათ შორის საქართველოს საზოგადოებას იმიტომ, რომ არაფერი ისე არ აზიანებს დღეს საქართველოში დასავლურ განწყობას, როგორ უსამართლოდ მიღებული გადაწყვეტილებები ევროკავშირის მხრიდან.
„მოსახლეობაში გაჩნდა ეს კითხვა წინა ჯერზე, როდესაც გასული წლის ზაფხულში მიიღეს გადაწყვეტილება და მერე, მოგვიანებით გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც შეფასებული იყო საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მდგომარეობა. უკრაინის შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ როდესაც პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გაქვს ბევრად უკეთესი მაჩვენებლები, ვიდრე აქვს მოლდოვას - მოლდოვა იღებს ამ სტატუსს და ვერ იღებს საქართველო, რას უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი? ბუნებრივია, რომ მოსახლეობას უჩნდება გარკვეული კითხვები.
მე არეულობას არ ველოდები. ვინც ხელისუფლების მხარდამჭერია, მათი ავანტურაში ჩართვა რთულია. ცდილობს ოპოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი შეუშალოს მარტო იმიტომ, რომ ეს სცენარები გამოიყენოს - სისხლიანი რევოლუცია ან უსისხლო. ცეცხლის ალში ქვეყნის გახვევის მცდელობა ნამდვილად აქვს ოპოზიციას. 90-იანები ამის ნათელი მაგალითია და ამაზე იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული ნამდვილად. ამიტომ მსგავსი გზებით პროცესების განვითარებას გამოვრიცხავ“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ისტორიის ყველა მცირე მოსახვევშიც კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჩასაფრებული არიან და თუ შესაძლებლობა ექნებათ, ეცდებიან, თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ პროცესები.
„გასაკვირი იქნება სხვანაირად რომ ყოფილიყო. ჩვენ ვნახათ, რომ ნაცების ოპოზიციას არ აქვს იმის უნარი, რომ გადალაგდნენ და დაიწყონ მზადება არჩევნებისთვის, ეცადონ ხალხის გულის მოგებას, რაც არჩევნების ერთ-ერთი ცალმხრივი მოვლენაა. ზოგიერთი ოპოზიციონერი საყვედურობს ამ მხრივ რადიკალებს და მით უმეტეს მმართველი ძალა, რომ სულ რევოლუციისკენ წასვლას ცდილობენ. ვეთანხმები ამ შეთანხმებას. არასწორია რევოლუციისკენ ასეთი სწრაფვა, მაგრამ სწრაფვა სახეზეა და ისიც სახეზეა, რომ ცდილობენ რევოლუციის მოხდენაზე იმუშაონ“, - აცხადებს საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძის მიერ ჩატარებული ტრენინგები სწორედ რევოლუციის მომზადების ნაწილია - თუ ძალისმიერი მოქმედება დასჭირდება ოპოზიცას, ჯაფარიძეს ჰყავდეს თავისი ლაშქარი.
„არჩევნებში ხომ ასეთი შეიარაღებული ხალხი არ არის საჭირო, ე.ი. ოპოზიციისთვის შეუძლებელია არჩევნებით პოლიტიკური მიზნის მიღწევა, ამიტომ ძალისმიერი მეთოდებით უნდათ მიზანს მიაღწიონ. ამ სურათთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რახან მაგათ უნდათ, ასეც მოხდება. ფაქტია, რომ მთელი ეს ხანი მათ სურდათ ხელისუფლების შეცდომების გამოყენება იმისთვის, რომ მერე ხალხის უკმაყოფილებით მოეხდინათ რევოლუცია, ახლაც იგივეა, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხეს და სავარაუდოა, რომ ვერც აწი მოახერხებენ ბევრი მიზეზების გამო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ უნდა რევოლუციებით შეცვლილი ხელისუფლება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგ გიორგი მდივანის განცხადებით, ოპოზიცია ნებისმიერ მცდელობას იყენებს პროცესების რადიკალიზაციისთვის და იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, შეეცდებიან პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა კიდევ ერთხელ გაზარდონ და შეძლებისდაგვარად მოხდეს სიტუაციის ესკალაცია.
„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, უნდა ითქვას, რომ ეს არანაირ სოლიდურ პრეფერენციას არ იძლევა. თურქეთს ეს სტატუსი გააჩნია რამდენიმე ათეული წელიწადია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, არათუ უახლოეს მომავალში, არამედ საერთოდ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი, რათა ამით მოხდეს თუნდაც საქართველოს ხელისუფლების, ან ნებისმიერი სხვა ხელისუფლების მანიპულაცია დასავლეთის მხრიდან.
თუ მოლდოვას და უკრაინას მიენიჭა ეს სტატუსი, სადაც როგორც კორუფციის, დამოუკიდებელი სასამართლოს და ადამიანის უფლებების კუთხით ბევრად უფრო სავალალო მდგომარეობა არის. საქართველო თითქმის ყველა მაჩვენებლით უსწრებს ყველა ამ ქვეყანას, მათ შორის უკრაინას, რომელიც ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ მსხვერპლია და ელემენტარული კანდიდატის სტატუსი მაინც გადაუგდეს, მაგრამ მოლდოვას შემთხვევაში გაურკვევლია“, - აცხადებს გიორგი მდივანი.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, რეალურად, ეს სტატუსი ევროკავშირის და ზოგადად, კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, გამოიყენება როგორც ერთგვარი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში.
„თუ კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა საქართველოს, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამას გამოიყენებს ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის. შეიძლება ამას ახალი დაძაბულობა მოჰყვეს და ყველა შემთხვევაში, ისინი შეეცდებიან სტატუსის არმინიჭების გამოყენებას სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. ხელისუფლებას გააჩნია წინასწარ დრო და რესურსი იმისა, რომ კომუნიკაცია ჰქონდეს ხალხთან, თავის ელექტორატთან და არა მარტო მათთან. ხანდახან ხელისუფლებამ უნდა მიმართოს არც თუ ისე პოპულარულ ზომებს, რომ წესრიგი დაიცვას ქვეყანაში და ასეთ ძალებს არ მისცეს სიტუაციის არევის საშუალება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მდივანმა.