საქართველოში რძესა და რძის პროდუქტებზე ფასების კლება დაიწყო, თუმცა მომხმარებელი ამას ნაკლებად გრძნობს. მწარმოებლებმა პროდუქტის ღირებულება საგრძნობლად შეამცირეს, მაგრამ მომხმარებლამდე მაინც ძვირად მიდის. ამის მიზეზი, ისევ და ისევ სავაჭრო ობიექტებია. ამ დროს კი, საოჯახო და მცირე ფერმერულ მეორნეობებში რძე, ყველი და სხვა პროდუქტი 40-50%-ით გაიაფდა.
როგორც „რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა აღნიშნა მკვეთრი შემცირება არ აღინიშნება, თუმცა ტენდენცია უკვე გამოკვეთილია და უახლოეს თვეებშიც გაგრძელდება.
„საქართველო ნედლი რძის წარმოებაში, სეზონურობით გამოირჩევა. ზაფხულში და გაზაფხულზე ნედლი რძის სიჭარბე გვაქვს, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში - დეფიციტი. გაზაფხულიდან მოყოლებული ფასები იკლებს როგორც ნედლ რძეზე, ისე მისგან დამზადებულ პროდუქციაზე. მთელმა რიგმა კომპანიებმა უკვე შეცვალეს ფასები იმ ფონზე, რომ ნედლი რძის ღირებულება საგრძნობლად შემცირდა. თუ მანამდე იყო სადღაც 2 ლარი და 20 თეთრი, ახლა გახდა 1 ლარი და 50 თეთრი, ფასები ნელ-ნელა ქვემოთ მოდის“. - განმარტა კახა კონიაშვილმა.
მისივე თქმით, სეზონურობიდან გამომდინარე, შემცირებულია ყველის ფასიც.
„პროცენტულობით ნახტომისებური კლება არ არის, მაგრამ ტენდენცია უკვე გამოკვეთილია. მინდა ვთქვა, რომ ფასების ცვლილების კუთხით, მსხვილ კომპანიებს ნაკლები მოქნილობა ახასიათებთ. მათ რძის მომწოდებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტები აქვთ და ხელშეკრულების ვადის გასვლამდე არ შეუძლიათ შესყიდვის ფასი შეამცირონ. შესაბამისად, ნედლი რძის გაიაფება მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფასზე ფაქტიურად ვერ ახდენს გავლენას. წვრილ კომპანიებში კი უფრო შესამჩნევია ფასების კლება და ისინი უფრო სწრაფად რეაგირებენ ნებისმიერ ცვლილებაზე“, - აღნიშნა კახა კონიაშვილმა.
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში ელოდებიან, რომ მცირე მეწარმეები და საოჯახო მეურნეობები უფრო შამცირებენ ფასს და სამომხმარებლო ბაზარს პროდუქტს იაფად მიაწვდიან.
„ის მცირე მეწარმეები, რომლებიც უფრო მობილურები არიან და რომელთაც მცირე ფერმერულ მეურნეობებზე ხელი უფრო მეტად მიუწვდებათ, ფასს დააკორექტირებენ. როგორც კი რძე 10-20 თეთრით იაფდება, მათთვის უფრო ადვილია ბაზარს ახალი ფასი შესთავაზონ. მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ასეთი სწრაფი მყისიერი გადაწყობა სამწუხაროდ ვერ ხდება“, - განმარტა კონიაშვილმა.
რაც შეეხება სავაჭრო ქსელებს, იქ უფრო რთულად არის საქმე. მწარმოებლები რძის ნაწარმზე მაღალ ფასს სწორედ მათ აბრალებენ. „ცივის ყველის“ დამფუძნებლის გოჩა ღაღაშვილის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ეს კლება მომხმარებლებმაც იგრძნონ, მაღაზიებმა სარეალიზაციო ფასები უნდა შეამცირონ.
„მაღაზიებში ძალიან მაღალი ქეშბექია, 20-15% არაფერში მიაქვთ. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს. ეს თავისთავად, როგორც ყველს, სხვა სახის პროდუქციას დახლზე მომხმარებლებს უძვირებს. ჩვენ ვაბარებთ კონკრეტულ ფასში, ხოლო შემდგომ ისინი დახლზე თავის მომატებულ ფასს ადებენ“, - განმარტა გოჩა ღაღაშვილმა.
აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით მომხმარებელი ხელშესახებ შედეგს ვერ გრძნობს. მხოლოდ მათ იგრძნებს მნიშვნელოვანი განსხვავება, ვისაც შეუძლია უშუალოდ ფერმერული მეურნეობიდან შეიძინონ პროდუქტი. მაგალითად, საოჯახო მეურნეობებში 1 კგ ყველის ფასი 8-9 ლარია, აგრარულ ბაზრებში 11-13 ლარი, ხოლო მაღაზიებში ისევ 15-16 ლარად იყიდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით კი, აპრილში რძესა და რძის პროდუქტებზე ფასები წინა თვესთან შედარებით 3.4%-ით შემცირდა.