„რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს და შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან“

„რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს და შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან“

რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება მესამე ქვეყნის გამოყენებით აღარ მოუწევთ. რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.

გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო, შეთანხმებული არ იყო ოფიციალურ თბილისთან. საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელია. მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა თავად წყვეტს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი მოქალაქეებისთვის მოხსნას, სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

„გადაწყვეტილება, რაც ყველამ ერთად მოვისმინეთ, მიღებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეცვალა რუსეთის ფედერაციამ, რაც მათ თავად მიიღეს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში. ეს სწორედ მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა. ნებისმიერი ქვეყანა თავად წყვეტს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი მოქალაქეებისთვის მოხსნას. სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს მიერ კურსის ცვლილებად აფასებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მიმართავს ხელისუფლებას, მოუსმინოს არა „ხალხის ძალას“, არამედ ხალხს.

„ეს არ არის მხოლოდ ის საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ესეც მაფიქრებს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგულნი უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და დარწმუნებული ვარ, თუ სხვანაირად მოხდა და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე პასუხი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება.

„რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, რადგან უნდა, შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან. ამიტომ, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა, ამ მომენტში, 20 წლის თავზე და რა იყო ის პირობები, რამაც რუსეთის ხელისუფლებას უბიძგა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეემსუბუქებინა.

რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ, ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 20 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა შეეცვალა და სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ხელის შეშლის მცდელობაა და მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ახლა ადეკვატური იქნება, უარი თქვას პირდაპირ ფრენებზე და საპასუხოდ რუსეთს სავიზო რეჟიმი დაუწესოს.

„როგორც ჩანს, რუსები ძალიან შეშფოთდნენ, რომ შეიძლება, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ ოქტომბერში და უნდათ, ნებისმიერი გზით ამას ხელი შეუშალონ. თუ არა ეს, უბრალოდ, ვერ ვხსნი, ასეთი გადაწყვეტილება რატომ არ მიიღეს ამ ხნის განმავლობაში. ისევ საკუთარ მოქალაქეებს აწვალებდნენ, თორემ რა ვიცი, არ მეგულება ნორმალური, დალაგებული ქართველი მოსკოვის, ტამბოვის, სარატოვის და რაღაც ჯანდაბის ნახვა რომ უნდოდეს. ვნახოთ, რას იზამს „ქართული ოცნება“. ამის დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ამ ვითარებაში ადეკვატური პასუხი იქნებოდა საპასუხოდ რუსეთს სავიზო რეჟიმი დაუწესოს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვიზების გაუქმებაში ცუდი არაფერს ხედავს „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი, მაგრამ მოცემულ კონტექსტში მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ჩვენი საგარეო პოლიტიკა მოსწონს, რაც არანაირი გაგებით კარგი არ არის.

„იმ ფაქტის კონსტატაციაა, რომ ჩვენმა მთავრობამ სერიოზულად გადაუხვია ევროინტეგრაციის გზიდან. ეს შეიძლება, ჩვენ ისეც გვცოდნოდა ბევრი სხვადასხვა ნაბიჯიდან გამომდინარე, მაგრამ ეს უკვე არა მარტო შიგნიდან ჩანს, არამედ ჩვენი მტრებიც კი აფასებენ ამას თავისებურად. ამ გადაწყვეტილებაზე არანაირი საპასუხო რეაქცია არ უნდა იყოს. რუსებმა გააუქმეს სავიზო რეჟიმი და გააუქმეს. გასაგებია, რომ ვიღაც ჩვენს მოქალაქეებს ეს გამოადგებათ, მაგრამ პრობლემა სავიზო რეჟიმში არ არის, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის რუსეთის პასუხი ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე საქართველოს მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგად აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია, რომლის განცხადებით, ივანიშვილი ქვეყანას აგრესორის მხარეს აყენებს.

„რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას. ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ“, - აცხადებს გიორგი გახარია.

უვიზო რეჟიმის შემოღებას, ფრენების აღდგენას ზარ-ზეიმით და აჟიოტაჟით არ ხვდება პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, ირაკლი გოგავა, რომლის განცხადებით, თავის დროზე ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნა დისკრიმინაციის გზით. როგორც გოგავა ამბობს, 2000 წელს სავიზო რეჟიმი შემოიღო რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ იმის გამო, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსულ არმიის გადაადგილების უფლება არ მისცა საკუთარ ტერიტორიაზე, რათა ამბოხებულ ჩეჩნებს ზურგიდან პანკისის ხეობიდან დაერტყა.

„აი, ამიტომ იქნა შემოღებული სავიზო რეჟიმი შემოღებული 2000 წლიდან. საერთოდ დიპლომატიაში არის უკუგების პრინციპი. ანუ, თუ ერთი ქვეყანა სავიზო რეჟიმს აწესებს, მეორემაც უნდა დააწესოს და ეს არის დიპლომატიური ეტიკეტი. თუ აღადგნენ უვიზო რეჟიმს ეს ქართველი ხალხისთვის სასრგებლო იქნება, ჩვენი გლეხები, ჩვენი ფერმერები შეძლებენ უშუალოდ გაიტანონ თავიანთი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე და რუსეთის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და კარგი ბაზარია. მიუხედავად იმ სანქციებისა და ორომტრიალისა დასავლური კომპანიებიდან მხოლოდ 8,5% გავიდა რუსული ბაზრიდან, დანარჩენი აგრძელებს მუშაობს. ამიტომ, აქ მხოლოდ ჩვენი სარგებელი არ არის, დასავლეთის ფირმებიც აგრძელებენ სარგებლის პოვნას და შოვნას რუსულ ბაზარზე“, - აცხადებს გოგავა.

რაც შეეხება ფრენების აღდგებას, მისი თქმით, გავრილოვის ღამეს მე-5 კოლონის მიერ მოწყობილი შაბაშის შემდეგ თავად რუსეთმა გააუქმა ფრენები და აუკრძალა თავის ავიაკომპანიებს ფრენები, რაც დისკრიმინაციული იყო საქართველოს მიმართ.

„რუსები თავის შეცდომას ასწორებენ. ზოგადად, ვისაც იმედი აქვს ქვეყნებს შორის სერიოზული ნორმალიზების, ეს არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის რეალურ დაძვრამდე, ან თუნდაც დევნილების საკითხის დაძვრამდე. მაგრამ, გარკვეული ზომის ურთიერთობები თუ იქნება და წვდომა რუსულ ბაზარზე, ეს ქართველებისთვის სასარგებლო იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

რაც შეეხება პრეზიდენტის კრიტიკას, ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, ქალბატონი პრეზიდენტი თვითონ ნუ ისარგებლებს გამარტივებული სავიზო რეჟიმით და პირდაპირი ფრენებით.

„ქალბატონმა პრეზიდენტმა იფრინოს ერევნიდან. როგორც ჩანს, ეს მისთვის უფრო მისაღებია. ანუ, მისი შეხედულებით, რაც უფრო მეტი ადამიანი იწვალებს, მით უფრო ევროპული მისწრაფებები გაუმძაფრდება და მით უფრო გახდება ევროპელი. ანუ, რას ამბობს ეს ქალბატონი და რას ნიშნავს მისი გამოსვლა, რომ ის ხალხი, ვინც რუსეთში ცხოვრობს, არ უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში? ანუ, ის ამბობს, რომ რუსეთში ვინც ცხოვრობს, ის ხალხი უნდა მოვკვეთოთ? ეს არის მისი გზავნილი?

ერთი მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტი მხარს უჭერს თავისი ქვეყნის მოქალაქეების ტანჯვა-წვალებას, მათ მიერ მეტი ფულის ხარჯვას და მეორე მხრივ, მხარს უჭერს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოს მოწყდნენ. აი, ასეთი სასახელო და გონიერი პრეზიდენტი გვყავს“, - ამბობს სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოსის განცხადებით, შეურაცხყოფაა, რუსეთის მოქალაქე სარგებლობდეს უვიზო რეჟიმით, ქართველს კი ამის უფლება არ ჰქონდეს.

„მეტიც, ქართველმა უნდა იწვალოს. ამერიკელს უნდა ჰქონდეს უვიზო რეჟიმი და აქედან ქართველები მექსიკიდან უნდა იპარებოდნენ. მაგრამ, ჩვენ თუ გვინდა რუსეთთან, ან ამერიკასთან ისეთივე რეჟიმი გვქონდეს, როგორიც მათ აქვთ ჩვენს მიმართ, მათივე რკინის ლოგიკით ეს გამოიწვევს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას. წარმოვიდგინეთ, ეს რა აბსურდია, რაში ცხოვრობს ეს ხალხი და რა სისულელეს, დამამცირებელ და მონურ დამოკიდებულებას ახვევენ თავს იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის მოქლაქეები არიან და თან პრეზიდენტად აგვარჩევინა მავანმა. ეს არის სრული სიგიჟე და აბსურდი“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

ცუგო- კითხვა მაქვს, ელისაშვილი ალაგ - ალაგ სულელია, თუ თამაშობს?
1 წლის უკან
რომანი ეს ქალბატონი აღიზარდა ემიგრანტის ოჯახში მუდმივი სიძულვილის გარემოში საბჭოთა კავშირისა და რუსების მიმართ და არა მარტო რუსების, არამედ, იმ ქართველების მომართაც ვინც ცხორობდა იმ ქვეყანას. სიძულვილი, რის მიმართაც არ უნდა იყოს იგი, იწვევს პიროვნეულ დეგრადირებას, ართმევს პიროვნებას უნარს მეტ-ნაკლები ობიექტურობით შეაფასოს მოვლენები. აქ საუბარი არ არის იმ ქვეყნის ავ-კარგიანობაზე, საუბარია იმ განწყობაზე, რომელიც ამ ქალბატონს ადრეულ ასაკში ჩამოუყალიბდა და მთელი ცხოვრება მათ ტყვეობაში დარჩა. ასეთი ადამიანის არჩევა ქვეყნის ერთ-ერთ მმართველად ასეთ ურთულეს პერიოდში იყო შეცდომა, რომელიც ჩავიდინეთ ჩვენ, რადგან არჩევანი, ფაქტიურად, არ გვქონდა. ახლა, გვიანია თითზე კბენანი. არა, გარკვეული როლი მომდინარე პოლიტიკურ თამაშებსი შეიძლება ათამაშო, მაგალითად, როგორც საპირწონე მთავრობის ხისტი პოზიციის შესარბილებლად დასავლეთის თვალში, დაახლოებით ისეთის, რასაც გულისხმობს "სასარგებლო იდიოტის" ფორმატი.
1 წლის უკან
რომანი კორექტირებული

ეს ქალბატონი აღიზარდა ემიგრანტის ოჯახში მუდმივი სიძულვილის გარემოში საბჭოთა კავშირისა და რუსების მიმართ და არა მარტო რუსების, არამედ, იმ ქართველების მომართაც ვინც ცხოვრობდა იმ ქვეყანაში. სიძულვილი, რის მიმართაც არ უნდა იყოს იგი, იწვევს პიროვნეულ დეგრადირებას, ართმევს პიროვნებას უნარს მეტ-ნაკლები ობიექტურობით შეაფასოს მოვლენები. აქ საუბარი არ არის იმ ქვეყნის ავ-კარგიანობაზე, საუბარია იმ განწყობაზე, რომელიც ამ ქალბატონს ადრეულ ასაკში ჩამოუყალიბდა და მთელი ცხოვრება მათ ტყვეობაში დარჩა. ასეთი ადამიანის არჩევა ქვეყნის ერთ-ერთ მმართველად ასეთ ურთულეს პერიოდში იყო შეცდომა, რომელიც ჩავიდინეთ ჩვენ, რადგან არჩევანი, ფაქტიურად, არ გვქონდა. ახლა, გვიანია თითზე კბენანი. არა, გარკვეული როლი მომდინარე პოლიტიკურ თამაშებსი შეიძლება ათამაშო, მაგალითად, როგორც საპირწონე მთავრობის ხისტი პოზიციის შესარბილებლად დასავლეთის თვალში, დაახლოებით ისეთის, რასაც გულისხმობს "სასარგებლო იდიოტის" ფორმატი.
1 წლის უკან
რომანი მომიტევეთ, კვლავ არის უნებური და მცირედი შეცდომები ცალკეულ სიტყვებში.
1 წლის უკან