უცხოური ფულით ახალგაზრდებს იარაღის მოხმარებაში ატრენინგებენ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური კი დუმს

უცხოური ფულით ახალგაზრდებს იარაღის მოხმარებაში ატრენინგებენ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური კი დუმს

პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსურ მონიტორინგს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს კანონით სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს, თუმცა, როგორც ჩანს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების ფინანსური მდგომაროების შესწავლით სულაც არ არის დაკავებული. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხდება გრანტად გაფორმება პოლიტიკური ფულის, რაც არის უკანონო დაფინანსება პარტიების და შესაბამისად, მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს ამ სქემებით.

როგორც ირკვევა, ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენება. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, უცხოური წყაროებიდან მიღებული ფული პირდაპირ ხმარდება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმეებს.

„ვიცით, რა არის ამ პოლიტიკური ჯგუფის და მის ალიანსში მყოფი „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხასიათი, ესენი არიან რადიკალური პარტიები, არჩევნების უარმყოფელები, რომლებიც, მათ შორის, ძალადობას არ ერიდებიან. პრობლემა უფრო სხვა რამეა, ეს ყველაფერი ფინანსდება უცხოური წყაროებით. პარტნიორებთან არაერთხელ მქონდა საუბარი, რომ მათი გადასახადების გადამხდელების ფული გამოიყენება საქართველოში ძალადობის იდეის დანერგვისთვის და ძალადობის წახალისებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც ირკვევა საერთაშორისო ინსტიტუტი IRI პირდაპირ აფინანსებს ისეთი სახის ღონისძიებებს, სადაც ახალგაზრდებს იარაღის გამოყენებას ასწავლიან.

„ასეთი ღონისძიებები როცა ფინანსდება ამერიკელი გადამხდელების ფულით, არის ძალიან შოკის მომგვრელი. ამ ორგანიზაციებს მოვუწოდებ, გაასაჯაროვონ, რაში იხარჯება მათი ფული, ძალადობრივი ჯგუფების და არჩევნების უარმყოფელების დაფინანსება რომ ხდება, რადგან შემდეგ არ იყოს საუბარი, თითქოს, ეს ფული ქართველ ხალხს ხმარდება. ეს ფული პირდაპირ ხმარდება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმეებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს საკითხი გადაიხედოს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი იყო, თითქოს რომელიღაც „ენჯეო“ აწყობს ღონისძიებებს. სინამდვილეში, ეს არის ყალბი „ენჯეო“, რომელიც დაფუძნებულია „გირჩის“ პოლიტსაბჭოს წევრების მიერ. ეს არის ჩვეულებრივი სქემა, რათა კანონის გვერდის ავლით მიიღონ უცხოური დაფინანსება. მოვუწოდებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ამ სქემებით დაინტერესდეს. ასეთი რამდენიმე სქემა ვნახეთ, მათ შორის „დროას“ შემთხვევა. არის შექმნილი ყალბი „ენჯეოები“ და ხდება უცხოეთიდან პარტიების დაფინანსება, რაც აკრძალულია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ასეთი ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც ირკვევა IRI-ის დაფინანსებით „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტრენინგები გამართა ახალგაზრდებისთვის. ტრენინგის მონაწილეები იყვნენ - IRI-ის საქართველოს ბიუროს წარმომადგენელი - ახალგაზრდების მობილიზების მთავარი დამფინანსებელი - ვლადიმერ რაზმაძე; იარაღის ინსტრუქტორი - ერეკლე მაისურაძე; ურაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე - რატი ბურდული; „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უშიშროების საბჭოს, პოლიტიკური ანალიზისა და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი - ლევან ფხაკაძე; უკრაინაში მებრძოლი - ზურაბ კეკელიძე; აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი ოფიცერი, ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, დევიდ ბერტელესი.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ რევოლუციაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია, დასავლეთში, როდესაც ხელისუფლებები მიქარავენ, იციან, რომ ქუჩაში შეიძლება ბევრი ხალხი გამოვიდეს. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობასაც ეს გზა აქვს გასავლელი.

„პარალიზება, ხელის შეშლა, საბოტაჟი ქუჩაში გამოსულ ბევრ ადამიანს შეუძლია უამრავი პრობლემის შექმნა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ჩვენ, სამწუხაროდ, ეს გზა ჯერ გასავლელი გვაქვს. აქ მთავრობებმა უნდა ისწავლონ, რომ ქუჩაში როდესაც ბევრი ხალხი გამოდის, ბევრ ხალხს შეუძლია პრობლემების შექმნა, ჯობია, არ გააბრაზო ბევრი ხალხი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ პაპუაშვილი რიგით პროპაგანდისტად ჩამოყალიბდა. მისი თქმით, აუდიტის სამსახურის ფუნქცია არ არის თუ რაში იხარჯება ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული და მან აუდიტი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვას უნდა გაუკეთოს. მანჯგალაძის თქმით, თუ რევოლუციას ამზადებს ვინმე, ეს არა აუდიტის, არამედ სხვა სამსახურების კომპეტენციაა, ამიტომ მსგავსი განცხადებები, მისი თქმით, პროპაგანდისტულია.

„პროპაგანდაა, რომ თითქოს იარაღთან მოპყრობის კურსები IRI- მ დააფინანსა, ეს სრულიად სხვა კურსია ზურა გირჩი ჯაფარიძის და ამაში ცუდი რა არის, რომ საქართველოში, რომელიც ოკუპირებულია, ახალგაზრდებმა იცოდნენ იარაღთან მოპყრობა?! რევოლუცია და გადატრიალება კი არა, ქვეყანა რომ დავიცვათ იმისთვისაა საჭირო ამის ცოდნა. ჩვენთან საჯარო სამსახური ათავისუფლებს ადამიანებს სამხედრო სამსახურისგან, როცა პირიქით უნდა იყოს. ისრაელის სახელმწიფო რატომ არის ძლიერი? - საჯარო სამსახურში ვერ მოხვდება ვერავინ, თუ სპეციალური მომზადება არ აქვს გავლილი.

პაპუაშვილი ამბობს, თავად ვიყავი დონორიო, ჰოდა რომ იყავი შალვა და კარგად რომ იცი ყველაფერი და დღეს როგორც პროპაგანდისტი საუბრობ, თქვენივე გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმებს შენვე რომ იჯერებ, ამაშია საქმე. არ მიხარია, რომ პაპუაშვილი დღეს ამ მდგომარეობაშია“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

მოყვება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას რეაგირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში განმარტებებს არ აკეთებენ, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, მნიშვნელოვანია ამ საკითხით აუდიტის სამსახურის დაინტერესება.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ბოლო დროს შექმნილი პარტიების მაგალითებით აშკარაა, რომ ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ექსპერტი ასევე არ გამორციხავს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ პარტიების უცხოეთიდან დაფინანსების საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება ოპოზიციის მიერ რუსულ გეგმად მოინათლოს.

„ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ოდნავ დაკვირვებული ადამიანიც კი შეამჩნევს, განსაკუთრებით ბოლო დროს შექმნილ პარტიების მაგალითზე. მათი უმეტესობა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაყრილი შვილი-პარტიებია. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ აუდიტის მიერ პარტიებში გარედან ჩადებული ფულის გამოვლენის შემთხვევაში ხმაური ატყდეს და ის ნაცნობი სცენარით რუსულ გეგმად მოინათლოს გამომდინარე შედეგებით. ამის მიუხედავად, მომხრე ვარ, რომ ამ საკითხს ბოლომდე მოეფინოს ნათელი. გარედან დაფინანსებაში მხილებული პარტია ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გააგრძელებს მუშაობას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში, რადგან, მისი თქმით, პოლიტიკაში შემოწირულებების მკაცრი მონიტორინგია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ანალიტიკოსის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს არც საზოგადოებისგან და არც პარლამენტის თავმჯდომარისგან.

„არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და მეტადრე საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში. თანაც ძებნილი დავით კეზერაშვილის სატელევიზიო აღიარებაცაა - პოლიტტექნოლოგია ისე ესმის, როგორც ხაბეიშვილს ინგლისური, რომ ის ოპოზიციისა და ფსევდო არასამთავრობოების სპონსორია.

მე, მებადება ერთი შეკითხვა, აქამდე რას აკეთებდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომლის ერთ-ერთი პირდაპირი მოვალეობაა ზუსტადაც, რომ შეამოწმოს პოლიტიკური ფულის წარმომავლობა ქვეყანაში? ამას არ სჭირდება არც პარლამენტის თავმჯდომარის შეხსენება, არც ხელისუფლებისგან და არც მით უმეტეს საზოგადოების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ნამდვილად აღშფოთებული არიან ამ ჭარბი ფულის შემოდინებით, რომელიც იხარჯება დესტრუქციაზე, დესტაბილიზაციაზე და მორიგი ე.წ. გადატრიალების მოწოდებაზე.

ამ ყველაფერში იკვეთება IRI-ის კვალიც, რაც დადასტურდა უკვე, რომელიც ამზადებს გადატრიალებისთვის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის ე.წ. ტრეინინგის მონაწილეებს და ამიტომ, საჭიროა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედონ მათთვის კანონიერად მითითებული მანდატის ფარგლებში. აქ, ახლა, ელჩი კელი დეგნანი შეშფოთდება, თუ ევროპარლამენტარი ფოტიგა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სუვერენული სახელმწიფოსთვის, სადაც კანონი არის უზენაესი, კანონის მოთხოვნები დაცული უნდა იქნას მისი ინსტიტუტების მიერ“, - აცხადებს გია აბაშიძე.

მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი დათმობა და უკან დახევა არ გამოვა, აუდიტის სამსახურმა კანონის ენით, სიტყვა-სიტყვით უნდა განახორციელოს მანდატით მინიჭებული უფლება-მოსილებები.

„რასაკვირველია, პოლიტიკური განცხადებები, საზოგადოებრივი აღშფოთება ერთი საკითხია, მეორე საკითხია სამართალდამცველების მოქმედებები. აქ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ერთია და მეორე არის პოლიცია და პროკურატურა რას აკეთებენ. წარმოიდგინეთ, შვედეთში ან საფრანგეთში რომ მოხდეს მსგავსი ე.წ. პოლიტიკური ტერინინგი, სადაც ახალგზარდებს და მათ შორის არასრულწლოვნებს ასწავლიან იარაღთან მოპყრობას, რა მოხდება.

იარაღთან მოპყრობა ხდება თავდაცვის სამინისტროს და პოლიციის ნებართვით სხვადასხვა დაწესებული ნორმებისა და წესების დაცვით. არ აქვს მნიშვნელობა ამ პარტიას 1%-იანი რეიტინგი აქვს, თუ 10%-იანი, რომელიღაც პარტიამ მოინდომოს ე.წ. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე იარაღის მოხმარებაზე ტრეინინგის ჩატარება, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და აქაც ვსვამ დიდი კითხვის ნიშანს - რა აკეთებენ სამართალდამცველები?! კანონი უნდა კანონობდეს ყველასთვის და არ აქვს მნიშვნელობა, გარე აქტორი რას იტყვის. ცალკეული გარე აქტორები ისედაც უკვე დესტუქციულ გზავნილებს აკეთებენ საქართველოს ხელისუფლისა და საქართველოს საზოგდაობებასთან მიმართებაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

ლაზი გავრცელებულ კადრებში ავტომატური იარაღი რომ ჩანდა, როგორ მიიტანეს? ავტომატური იარაღის ტერების უფლება ვინმეს საქართველოში? ეს მაინც გაიგეთ, ვინ დაატარებს ამ იარაღს აღმა დაღმა და ბავშვებტან აჩხაკუნებს. ეგენი იარაღთან მოპყრობას კი არ ასწავლიან, არამედ დამსწრეებს ეუბნებიან ჩვენთან დადექით! ნახეთ, ჩვენ იარაღი გვაქვს და როცა საჭირო იქნება, გამოვიყენებთ კიდეცო. ანუ კუნთებს ათამაშებენ ბავშვების წინაშე, რაც მათზე შთამბეჭდავად მოქმედებს. ეს არის მთავარი მიზანი და არა რაიმეს სწავლება.
1 წლის უკან