მოქალაქეების 64% პოლიტიკურ პარტიებს უნდობლობას უცხადებს, განსაკუთრებით, სკეპტიკურად ახალგაზრდობაა განწყობილი. შესაძლოა, NDI-ის ეს მორიგი კვლევაც გადაჭარბებული და შელამაზებული იყოს, მაგრამ ფაქტია, საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა დევალვაცია განიცადეს. ამიტომაცაა, რომ ვერაფრით გამოჩნდა მესამე ძალა, რომელსაც ხალხი ენდობოდა.
როგორც ერთ-ერთი ჩვენი პოლიტიკოსი იტყოდა, „ესენი არიან საცივში თავჩარგული პოლიტიკური ლიდერები“, რომლებიც ნაცვლად იმისა, მესამე ძალად ყალიბდებოდნენ, „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებენ. წლების განმავლობაში ეს ადამიანები „ნაცმოძრაობის“ მხრიდან დამცირებასაც დიდსულოვნად იტანდნენ და მენტორადაც „ნაცმოძრაობა“ ჰყავდათ. ასე რომ, რა გასაკვირია, ხალხს არ სურდეს დამცირებული ლიდერების გარშემო დარაზმვა.
საქართველოში პოლიტიკა რომ მხოლოდ ფულის საჭრელი მანქანაა, იქიდანაც ჩანს, რომ ერთკაციანი პოლიტიკური პარტიები მომრავლდნენ, რომლებიც მხოლოდ თვითონ „ინაწილებენ“ თანხებს და სხვა მოზიარეები არ სჭირდებათ. ახალგაზრდებს ნაკლებად აინტერესებთ ეს შეკრული და დახურული სივრცე, რომლებიც ერთი ადამიანის გარშემოა კონცენტრირებული.
არის თუ არა განაჩენი ჩვენი პოლიტიკოსებისთვის, რომ საქართველოში არ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც საზოგადოების ახალგაზრდული ნაწილის ინტერესებს გამოხატავდა?!
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე კონკრეტული ორგანიზაციების სოციოლოგიურ კვლევებს არ ენდობა, რადგან ამ კვლევებმა სახელი წაიხდინეს, თუმცა ადასტურებს ერთ ფაქტს, რომ ჩვენი დღევანდელი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი საერთოდ არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს. ადამიანები ხედავენ, რომ მათი ბრძოლა მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარეა და არა ხალხის ინტერესებიდან.
„სამწუხაროდ, ოპოზიციაში საერთოდ არ არის ისეთი ძალა, რომელიც ხალხზეა ორიენტირებული. ყველა მათგანი ორიენტირებულია იმაზე, რომ „დაიკრიშონ“, რომ არავინ დაიჭიროს, იმუნიტეტი შეიძინონ პარლამენტში ყოფნით. ეს ადამიანები ფიქრობენ, თუკი მოახერხებენ და შევლენ პარლამენტში, მთლად უკეთესი, თუ არადა, ხალხს უნდა აჩვენონ, რომ პოლიტიკაში ტრიალებენ და მათი ხელის შეხება და დაჭერა არ შეიძლება. ძირითადად ქართული პოლიტიკა კრიმინალების თავშესაფრად იქცა. ეს ძალიან ცუდია ჩვენი პოლიტიკისთვის“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი როცა პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობა, ეს განაჩენია ჩვენი პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის განაჩენი თვითონ ჩვენი ახალგაზრდობისთვის.
„აპოლიტიკურია ჩვენი ახალგაზრდობა, პოლიტიკის შესწავლა არ აინტერესებთ. მათ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, რუსეთი რა არის, ერთი წიგნიც არ აქვთ რუსეთზე წაკითხული, ამ ახალგაზრდების ნახევარმა, ალბათ, რუსულად წერა-კითხვა არ იცის. დღესაც ლექციას ვუკითხავ სტუდენტებს და ვხედავ, სკოლიდან მოდის საერთოდ პოლიტიკურად გაუნათლებელი თაობა. მათ მხოლოდ ერთი რამ უნდათ - კარგი ცხოვრება. მათ უნდათ ცხოვრება, როგორც ევროპაშია, ამერიკაშია, ანუ დიდად თავი არ შეიწუხონ, მაგრამ ყოველ წელიწადს თითო მანქანა შეიცვალონ, იყოს თავისუფლება, ღამის კლუბები, ნარკოტიკები“, - აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას და განმარტავს, ჩვენი ახალგაზრდობა თუკი რაიმეს გასაპროტესტებლად გამოდის, ეს მხოლოდ უცხოური დაფინანსების მიღება და საზღვარგარეთ წასვლის სურვილია.
პოლიტოლოგის აზრით, ეს არცაა გასაკვირი, რადგან სადაც განათლება პრიორიტეტი არ არის, იქ სწორი პოლიტიკაც არ არსებობს. გაუნათლებელი ადამიანით მანიპულირებას კი რა უნდა? არც არაფერი.
5-10 პროცენტის გარდა ესენი ყველანაირად გაუნათლებლები არიან, ყველანაირად
წიგნი მოდაში აღარაა
ამათ მარტო ინგლისურის ცოდნა განათლება ჰგონიათ........