“მართალია, საზოგადოებაში ნიჰილისტთა რიცხვი გამუდმებით იზრდება, მაგრამ მათი დიდი ნაწილი არჩევნებში მაინც მონაწილეობს. შესაბამისად, კვლევებში დაფიქსირებული ციფრები რეალურ ყოფაზე დიდად არ აისახება. თუ უფრო რეალისტები ვიქნებით, ვაღიარებთ, რომ ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში არჩევნებში მოსახლეობის 30%-ის მონაწილეობა დიდ მიღწევად მიიჩნევა. პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმი ჩვენ არ გვახასიათებს... დავხედოთ კვლევის შედეგებს _ ოპოზიციური პარტიებიდან რომელიმეს აქვს ისეთი რეიტინგი, რომ მმართველ პარტიას ზედმეტი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდეს მათ დასამარცხებლად? ჯერ ასეთი არაფერი ჩანს. დღეს მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ხელისუფლებას მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე რომელიმე ოპოზიციურ ძალას. კვლევებიც ამას ადასტურებს”, - აცხადებს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნეტავ მართლა ორპარტიული იყოს მომავალი პარლამენტი. მე უფრო ცუდი მოლოდინი მაქვს - მომავალი პარლამენტი ერთპარტიული იქნება” / “ევროპას სჭირდება საქართველოს სატრანზიტო დერეფანი”.
“სხვათა შორის, ოპოზიციის დამკვიდრებულია ნარატივი, რომ “ქართული ოცნება” პრორუსული ძალაა, რომ არც ხელისუფლება ვარგა, არც ოპოზიცია და ქვეყანა იღუპება. ამას ამბობენ 2%-იანი პარტიები და 5%-იანი “ნაცმოძრაობა”. ოდიოზური ვითარება გვაქვს - ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრს უმცირესობის შემოგდებული სტერეოტიპები განსაზღვრავს. თუ არც ხელისუფლება ვარგა და არც ოპოზიცია, მაშინ კვლევებში თანაბარი პროცენტული მაჩვენებელი უნდა ჰქონდეთ და არა განსხვავება, როგორიც ახლა ფიქსირდება. იცით, ეს რას ნიშნავს? ჩვენი საზოგადოება ფიქრის საფუძველზე არ აკეთებს დასკვნებს, ჭურივითაა - რასაც ჩასძახებენ, იმას ამოგძახებს. კი, “ქართული ოცნების” პრორუსულობაზე დასავლელი პოლიტიკოსებიც ლაპარაკობენ და თბილისში 30 აპრილს გამართულ აქციაზე ის დასავლელი პოლიტიკოსებიც მიაყოლეს 2 და 5%-იან ოპოზიციას...”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “თქვენ მისაღებად მიგაჩნიათ ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის პოლარიზება?” - პასუხობს:
“ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან პრეტენზიები არასდროს არა აქვთ? დიახ, აქვთ. დღესაც აქვთ ევროპელებს პრეტენზია ამერიკელებთან. კი მაგრამ, ჩვენ რატომ არ შეიძლება გვქონდეს? ჩვენ გვაქვს საფუძველი. ამერიკა ჩვენს სუვერენულ უფლებებს ზღუდავს, მაშინ როდესაც ჩვენს შიდა საქმეში ერევიან ჩვენდა დამოუკიდებლად - ჩვენი მოსამართლეები დაასანქცირეს და ამ ამბავს შიდა დაპირისპირების გამწვავება მოჰყვა. ოპოზიციამ საპარლამენტო კომისიის შექმნა მოითხოვა, რამაც საკანონმდებლო ორგანოში პრობლემები გამოიწვია... ეს მოსამართლეები სააკაშვილის დროს დაინიშნენ თანამდებობებზე და დანაშაულებიც მაშინ ჩაიდინეს, მაგრამ ახლა ისევ სააკაშვილის ხალხი ითხოვს მათ გამტყუნებას”
“მთელმა ამერიკამ იცოდა, რომ ალ კაპონე მაფიის ბოსი იყო და კისერზე მრავალი ცოდვა აწვა, მაგრამ დანაშაულს ვერ უმტკიცებდნენ და ვერ იჭერდნენ. ბოლოს გადასახადების გადაუხდელობის გამო დაიჭირეს. ამერიკა თავის კრიმინალ მოქალაქესაც კი არ იჭერს ისე, თუ დანაშაულს ვერ დაუმტკიცებს, მაგრამ როდესაც საქმე ჩემი ქვეყნის მოქალაქეს ეხება, საქმეში გასარკვევადაც არ იწუხებს თავს, მაშინვე სანქციებს უწესებს. არ გეჩვენებათ, რომ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე? იურიდიული და პოლიტიკური განაჩენის გამოტანა ჩემსა და თქვენს შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით არ შეიძლება. მაშინ, მოდი, ლინჩის წესით გავასამართლოთ ეს ხალხი.... საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ საქმის ბუნდოვანებას ნათელს ნამდვილად არ მოჰფენდა, მაგრამ დაპირისპირებას გაამწვავებდა. რატომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია? ამერიკა ბრალს დებს ქართველ მოსამართლეებს, მაგრამ მტკიცებულებას არ დებს. სახელმწიფოები ჭორაობის დონეზე არ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს. მეც არ მომწონს ეს მოსამართლეები და მეც ვამბობ, რომ “ქართულ ოცნებას” არ უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მე, როგორც თავმოყვარე მოქალაქეს, არ მომწონს, როდესაც უცხო ქვეყანა კანონის სახელით კი არა, ჭორაობის საფუძველზე მიწყვეტს საქმეებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“არ უნდა დაეტოვებინა, რადგან ამ მოსამართლეებს ბევრი ცუდი საქმე აქვთ გაკეთებული სააკაშვილის მმართველობის დროს... ამერიკელებმა მაშინ რატომ არ დაასანქცირეს ეს მოსამართლეები, როდესაც სააკაშვილისთვის მუშაობდნენ? ან დღეს ამერიკელებმა ამ მოსამართლეების დასანქცირების მიზეზად სააკაშვილის დროს ჩადენილი ცუდი საქმეები და დანაშაულები დაასახელეს? ე.ი. სააკაშვილის მიმართ მაქსიმალურად კორექტულები არიან, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ კი მსგავს ვალდებულებას არ გრძნობენ, რაც ჩემი, როგორც მოქალაქის შეურაცხყოფაა. რატომ? იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას ხმა მისცა ქართველების უმრავლესობამ. როგორც "ენდიაის" კვლევები გვეუბნება, ხელისუფლების მხარდამჭერთა რიცხვი ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებს ბევრად აღემატება. გამოდის, ამერიკა ქართველების უმცირესობას უჭერს მხარს, უმრავლესობას კი ანგარიშს არ უწევს. ეს არის მიუღებელი, თორემ მოსამართლეებს კი არ ვამართლებ”, - ამბობს ფსიქოლოგი.
“ამერიკა არც ევროპის სუვერენიტეტს სცემს პატივს. ამერიკას უნდა ევროპა ჩინეთისგან დისტანცირდეს. ევროპა ამას არ აკეთებს, რაც ამერიკას აღიზიანებს. ამერიკას უნდოდა საქართველოსაც მის ჭკუაზე გაევლო, გაეხსნა მეორე ფრონტი. საქართველო ამას არ აკეთებს, ამერიკა კი ბრაზობს... მეორე მსოფლიო ომის ისტორიიდან ერთ ამბავს გიამბობთ: სტალინი პირადად არასდროს ხვდებოდა და არც აცილებდა საბჭოთა კავშირში სტუმრად ჩამოსულ მსოფლიო ლიდერებს. ერთადერთი გამონაკლისი იყო იაპონიის პრემიერ-მინისტრი. რატომ? იმიტომ, რომ ეშინოდა, მეორე ფრონტი არ გაეხსნა. ჰიტლერი მუდმივად ცდილობდა წამოეკიდებინა იაპონია, რომ მას მეორე ფრონტი გაეხსნა, იაპონია გაჯიუტდა. ასე რომ, ომში ჩართული მხარეებისგან დამატებითი ფრონტების გახსნის სურვილი გასაკვირი არ არის... საქართველოს სატრანზიტო დერეფანი ევროპას სჭირდება, ამერიკას სჭირდება მეორე ფრონტი და სულ არ აწუხებს, თუ რუსეთი ორ დღეში გაგვანადგურებს. ჩვენ რომ რუსეთს გავენადგურებინეთ, ჩაიკეტებოდა საქართველოს სატრანზიტო ხაზი და ამით დაზარალდებოდა როგორც ევროპა, ასევე ჩინეთი. გახსოვთ, ტრამპის დროს პომპეომ რომ გამოგვიცხადა, ანაკლიაში ჩინელები არ დავინახოთო? ასე რომ, რუსეთის მიღმა, ამერიკასა და ევროპულ თუ აზიურ ქვეყნებს შორის დაპირისპირებაა, ჩვენ კი აქ რომანტიკული სენტიმენტებით ვხელმძღვანელობთ. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკაში არ არსებობს მტრები და მეგობრები, არსებობს მხოლოდ საერთო ინტერესები... ჩვენ არჩევანს არ ვაკეთებთ რუსეთსა და ამერიკას შორის. არჩევანი უკვე დიდი ხნის წინ გავაკეთეთ, გავწყვიტეთ რუსეთთან ურთიერთობა”, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
“რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, ნეტავ მართლა ორპარტიული იყოს მომავალი პარლამენტი, მე უფრო ცუდი მოლოდინი მაქვს - მომავალი პარლამენტი ერთპარტიული იქნება. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ოპოზიციური პარტია იქნება პარლამენტში, თუ მათი მანდატების რაოდენობა იმდენად ცოტა იქნება, რომ გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენას ვერ მოახდენს? ზოგიერთ პარტიას ორი ან ერთი მანდატი აქვს. თუ 2024 წელს პარლამენტში ორი პარტია შევა, ხოლო ოპოზიციურ პარტიას იმდენად ცოტა მანდატი ექნება, რომ გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ იქონიებს, ჩათვალეთ, რომ ერთპარტიული პარლამენტი გვეყოლება. ეს კი ნიშნავს, რომ 2024 წლიდან ჩვენ ვიცხოვრებთ საბჭოთა კავშირში და ეს ოპოზიციის დამსახურება იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ოპოზიცია ითხოვდა საპარლამენტო რესპუბლიკასა და პროპორციულ არჩევნებს”, - დასძენს საყვარელიძე.