„ნაციოანლურ მოძრაობაში“ ვანო მერაბიშვილი ე.წ. დასუფთავების სპეცოპერაციას შეუდგა. როგორც for.ge-ს წყარო უყვება, მან რეგიონალური ორგანიზაციების თავმჯდომარეების შევიწროვება და დაშანტაჟება დაიწყო. ის თავიდან იშორებს ყველას, ვისზეც ეჭვი აქვს, რომ ნიკა მელიას მხარდამჭერია. სავარაუდოდ, მერაბიშვილმა მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის დაიწყო და ჩქარობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის პერიოდში, პარტია საკუთარი გუნდით დააკომპლექტოს. წყარო გვიყვება, რომ მერაბიშვილს პარტიაში ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი წევრები მიჰყავს, რომელთა მეშვეობითაც პარტიის სხვა წევრების დაშანტაჟება დაიწყო.
შიდაპარტიულ არჩევნებს ლიდერების ნაწილმა ბოიკოტი უკვე გამოუცხადა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერების არჩევნებში რეგისტრაცია დასრულდა, თუმცა რამდენიმე საათით ადრე, რეგიონების ნაწილმა ბოიკოტი გამოაცხადა.
საუბარია წალენჯიხის, ჭიათურის, ხობის, ცაგერის, ახალციხის, ამბროლაურის რეგიონების თავმჯდომარეებზე. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ და თანამდებობებს ტოვებენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ახლა შიდა არჩევნების დრო არ იყო და პარტიის მთელი რესურსი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული.
რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები პირდაპირ ამბობენ, რომ ახალი მენეჯმენტი მხოლოდ ძალაუფლების მოხვეჭაზეა ორიენტირებული და არ სურთ მონაწილეობა ისეთ არჩევნებში, სადაც მერაბიშვილ-კეზერაშვილის ხელი ურევია.
For.ge-ს ინფორმაციით, მერაბიშვილი პარტიის სრულ გარდაქმნას აპირებს და ამისთვის პროცესი სწორედ რეგიონებიდან დაიწყო.
„პარტიაში წარმოუდგენელი რაღაცა ხდება. საერთოდ, მიხეილ სააკაშვილი ვიღას ახსოვს. ლევან ხაბეიშვილი ხომ მაგ დაპირებით მოვიდა, რომ სააკაშვილს დაიხსნიდა. მელიას შარად ეგ მოუდეს, რომ მისი გათავისუფლებისთვის სათანადოდ არ იბრძოდა. ახლა, სააკაშვილს კაცისშვილი აღარ ახსენებს. პარტიას მერაბიშვილი უკვე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნებით და თანამშრომლების მეშვეობით მართავს. შანტაჟი, მუქარა, შეთვლა და ა.შ. ჩვეულებრივი ამბავია. მაგას საერთოდ არ სჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც აზროვნებენ და პოლიტიკას აკეთებენ. მაგას უნდა ჩვეულებრივი უწყების მსგავსი დანაყოფის შექმნა, რომელიც მის ბრძანებებს უპირობოდ შეასრულებს. რეგიონებიდან წმენდა უკვე დაიწყო. იმიტომ ჩქარობენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებით რამე გადაწყვეტილება არ მიიღოს. სააკაშვილის ციხიდან გამოსვლის ჭირივით ეშინიათ და არ უნდათ. ყველაფერი სწორედ ამის გამო ხდება. როგორც ვიცი, მელია უკვე აპირებს წასვლას და ალბათ ბევრი გავყვებით“, - უყვება for.ge-ს მელიას ფლანგის წევრი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი ახლა პარტიაში აკეთებს იმას, რასაც 9 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს აკეთებდა. ის პარტიაში ე.წ. წმენდის ოპერაციას ახორციელებს და, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში, მელიას, თავის მხარდამჭერებთან ერთად, პარტიის დატოვებას აიძულებენ.
„ლევან ხაბეიშვილი რომ ნომიანლური ფიგურაა და მას არავინ ეკითხება არჩევნები როდის და როგორ ჩაატაროს, ეს ხომ ყველამ ისედაც კარგად იცის. პარტიაში სიტუაციის დალაგებას მერაბიშვილი ახორციელებს, ხოლო საგარეო კუთხით მას მიჩენილი კურატორად პეტრე ცისკარიშვილი ჰყავს. ხაბეიშვილი სჭირდებოდათ იმიტომ, რომ მან იკადრა ის, რაც პარტიაში სხვებმა არ იკადრეს. ახლა კი მერაბიშვილი მოქმედებაზეა გადასული. ნიკა მელია და მისი გუნდი, მით უმეტეს რეგიონალურ ორგანიზაციებში, საერთოდ არაფერში სჭიდება. ის 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება და პარტიას წმენდს. ადრე თუ გვიან, მელია იძულებული იქნება, პარტია მხარდამჭერებთან ერთად დატოვოს.
ის ტყუილები, რაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე ილაპარაკეს, უკვე გამოჩნდა. ფაქტია, სააკაშვილის თავისუფლება არც მერაბიშვილს და არც კეზერაშვილს არაფერში სჭირდება. პირიქით, მათთვის სააკაშვილი ამ მდგოამრეობაში იდიალური ვარიანტია. რაც შეეხება ენმ-ს, მელიას და მისი მხარდამჭერების გარეშე, პარტია იმაზე რადიკალურ ორგანიზაციად გარდაიქმნება, ვიდრე აქამდე იყო, პოლიტიკოსებისგან სრულად დაიცლება და ვიხილავთ იმ ძალას, რომელსაც მერაბიშვილ-კეზერაშვილის გარემოცვა ჰქვია. ეს ხალხი ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსნები და ის ფიგურები არიან, რომელთა მეშვეობითაც სააკაშვილი სისხლიან 9 წელს მართავდა“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, მერაბიშვილი პოლიტიკოსი არ არის, ამიტომ მისი ძალა და გავლენა ყოფილ სამართალდამცველებზე გადის. მას სჭიდება პარტიაში სისტემის მსგავსად ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი ადამიანები. ამიტომ ის ენმ-იდან პოლიტიკოსებს თავიდან მოიშორებს.
„მერაბიშვილი რომ პარტიას გონებრივად და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანებით არ აძლიერებს, მეტყველებს იმაზე, რომ ის რადიკალური ქმედებებისთვის ემზადება. პირობითად ვთქვათ, შეიძლება ეს იყოს წლის ბოლოსთვის მზადება, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს. შესაძლოა, მერაბიშვილმა რადიკალური პროცესების კიდევ ერთი რეპეტიცია სცადოს. როგორი შედეგი იქნება, მისი ქმედებებიც იმაზე იქნება დამოკიდებული. მომავალი წლის გაზაფხულისთვის ან რამდენიმე კვირაში დესტრუქციული აქციები განახორციელონ. ეს პარტია გადაკეთდება ძალად, რომელიც პოლიტიკასთან ახლოსაც არ იქნება. ეს იქნება რევანშზე და ძალადობრივ მეთოდებზე დამკვიდრებული ორგანიზაცია. ამ მოზაიკაში კი ზუსტად ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ე.წ. ტრენინგებს მოვიაზრებ. ჯაფარიძე თვითონაც არ მალავს, რომ ტრენინგებს იარაღის დაშლა-აწყობაზე მართავს.
ძალიან ლოგიკური შეკითხვა იბადება, რომელ პროევროპულ პარტიაში ხდება ახალგაზრდების ტრეინინგი იარაღის აწყობა - დაშლაზე. უკრაინაში მებრძოლი ქართველები ჩამოჰყავთ და ამ ახალგაზრდებს იარაღის ხმარებაზე ტრენინგებს უტარებენ. ამ ყველაფერს ზუსტად იმ ამბავში მოვიაზრებ, რომ მორიგ ჯერზე, კიდევ ერთ უშედეგო დესტრუქიას ამზადებენ. საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება მზად არის ასეთ დესტრუქციულ ძალებს პასუხი სათანადოდ გასცენ. ასევე ჩვენი სამართალდამცველები, რომლებიც ქვეყანაში რადიკალურ ქმედებებს არ დაუშვებენ“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი მიიჩნევს, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ დაქუცმაცების პროცესს ვადევნებთ თვალს. ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი საკუთარი თავის პოლიტიკურ რეამინაციას ცდილობს, რაც არ უნდა დავუშვათ. მის გვერდით დგომა პარტიაში თავად მის თანაპარტიელებსაც კი ეთაკილებათ, ამიტომ ელის, რომ პარტიას ბევრი ძველი პოლიტიკური სახე კიდევ დატოვებს.
„მერაბიშვილის პოლიტიკური რეამინირება არ უნდა დავუშვათ. მას დიდი მნიშვნელობა არ უნად მივანიჭოთ, რადგან ამ კაცის გვერდით დგომა მისსავე თანაპარტიელებს ეთაკილებათ. თუმცა თავად გავლენების გაძლიერებას რომ ცდილობს, ფაქტია. თავიდან ზუსტად ისეთ ხალხს იშორებს, ვისაც ცოტა აზრი მოეკითხება და მის ბრძანებებს არ შეასრულებს. ზოგიც პარტიას საკუთარი სურვილით ტოვებს. მერაბიშვილი და კეზერაშვილი ეცდებიან 2024 წლისთვის მთელი ოპოზციური ველის მონოპოლიზება მოახერხონ და არჩევნებში ასე მიიღონ მონაწილეობა. თუმცა რა გამოუვათ და როგორ, ეს უკვე საკითხავია. არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და შესაძლოა პოლიტიკურ ასპარეზზე ძალიან ძლიერი მოთამაშეები გამოვიდნენ. მერაბიშვილი, ფაქტია, რადიკალურ ქმედებებს შეეცდება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. ჩვენი ხელისუფლება და სამართალდამცველები მას ამის უფლებას არ მისცემენ. თანაც ის არ არის პოლიტიკოსი, რომელსაც რაღაცა კონფიგურაციების გათვლა სერიოზულად შეუძლია. ამიტომ მე მას ამხელა მნიშვნელობას არ მივანიჭებდი“,-ამბობს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი ცდილობს, სანამ მიხეილ სააკაშვილი მიხვდება, რომ საჭმლის ჭამა დაიწყოს, რადგან ამ ფორმით ვერაფერს გახდება, პარტია ბოლომდე მიისაკუთროს.
„მერაბიშვილი და კეზერაშვილი ჩქარობენ, სანამ სააკაშვილი აზრზე მოვა ან მით უმეტეს ქვეყნის გარეთ გაიყვანენ, რადგან ეს მერაბიშვილის დაწყებულ პროცესს ხელს შეუშლის. მერაბიშვილი ცდილობს პარტია საკუთარი გუნდით ჩაანაცვლოს. პარტიაში სააკაშვილის კი არა, მერაბიშვილის მხარდამჭერები იყვნენ. იზოლაციაში მოახვედრონ მელიას და სააკაშვილის გუნდი. ნაციონალურ ორგანიზაციებში, სადაც მელიას მხარდამჭერები არიან, იქ ე.წ. რეპრესიებს დაიწყებს. ამ კაცს მაგის მეტი არაფერი უკეთებია და ეს მისი ხელწერაა. ისეთი ვითარება უნდათ შექმნან, რომ მელია მხარდამჭერებთან ერთად პოლიტიკური პროცესების მიღმა აღმოჩნდეს ან პარტია დატოვოს. რამდენად გამოუვათ სხვა თემაა, თუმცა ამას ცდილობენ. ვინც პარტიაში დარჩება, ის მერაბიშვილის უტყვი და მორჩილი იქნება, ხოლო ვინც ამას არ იზამს, მას პარტიიდან გააგდებენ. მივიღებთ სრულიად ახალ ენმ-ს, სადაც მხოლოდ სააკაშვილის სახელს გამოიყენებენ. მათთვის სააკაშვილი უკვე სხვა არაფერს აღარ წარმოადგენს“, - ამბობს ძაბირაძე.