საქართველოშიც და უცხოეთშიც კარგად იციან, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თუ მოგვცემენ, ეს იქნება გეოპოლიტიკური ლოგიკის გამო და არა იმის გამო, ხალხი იმსახურებს ამ სტატუსს, თუ მთავრობა. ამის მიუხედავად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს შიდა და გარე ძალები სპეკულაციისთვის იყენებენ და ხან კობა ნაყოფიას პირით უთვლიან ამ ხელისუფლებას მუქარას, ხან გია ბარამიძის პირით, რომ სტატუსის არმიღების შემთხვევაში რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს ვადამდელი არჩევნების გზით.
სულ ახლახანს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონსაც იგივე წამოსცდა, რომ სტატუსის მონიჭება გეოპოლიტიკურ ლოგიკაზეა დამოკიდებული.
ასეთი პერიოდული წამოცდენები იმაზე მიუთითებს, რომ ვაჭრობენ ის ადამიანები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას სააკაშვილის გათავისუფლებას ან ლგბტ თემას უკავშირებენ. ამ მოვაჭრეებს ავიწყდებათ, რომ ევროკავშირის გეოპოლიტიკური გამოღვიძება უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას უკავშირდება და არა მიშას თემას, ან სხვა რაიმე კონკრეტულ საკითხს. უბრალოდ, ახლა მოხდა ინტერესთა თანხვედრა, ევროკავშირი ცდილობს გაფართოების ბერკეტი გამოიყენოს და ამით გეოპოლიტიკური უპირატესობა დაადასტუროს, ხოლო საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, თავის ისტორიულ წიაღში დაბრუნებას მოითხოვს.
მოგცემენ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ამის თქმა უჭირს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს, მაგრამ არ გამორიცხავს, ეს საკითხი საქართველოს სასიკეთოდ გადაწყდეს და ევროკავშირის სტატუსი მივიღოთ. საამისოდ კი გეოპოლიტიკური ლოგიკა ნამდვილად გასათვალისწინებელია. „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარი რომ გვითხრან, ეს იქნება რუსეთისთვის საჩუქარი. დასავლეთში ეს კარგად იციან. მეორე მხრივ, ევროკავშირში არის ჯგუფი, რომელიც აცხადებს, საქართველოს სტატუსი რომ მივცეთ, ესენი დაიჯერებენ, რომ დამსახურებული რაღაც მიიღეს და საერთოდ აღარაფერს დაგვიჯერებენ, ანუ ევროკავშირის ფასეულობებს, ღირებულებებს ფეხზე დაიკიდებენ. ეს სტატუსი საქართველოსთვის 10-15-წლიანია, მინიმუმ 10 წელია, მაქსიმუმ 15 წელი, შეიძლება მეტიც იყოს და ევროპელები ეჭვობენ, რომ ქართველები ამ სტატუსით იტრაბახებენ, ჩვენ ვართ პროევროპელებიო და, სამაგიეროდ, შეუძლიათ, პროევროპული საქმეები არ აკეთონ. ასე სკეპტიკურად ფიქრობენ ევროკავშირში გარკვეული ჯგუფის წევრები, იქაც სხვადასხვა მიმდინარეობაა, ბოლოს და ბოლოს, 600 თუ 700 დეპუტატია ევროპარლამენტში“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბარში.
ის ფაქტი, რომ ცალკეულ შიდა და გარე ძალებს იმიტომ არ აწყობთ საქართველოსთვის სტატუსის მოცემა, რომ ამას მოჰყვეს საქართველოში ხელისუფლების გამოცვლა, არადამაჯერებლად მიაჩნია სოსო ცინცაძეს თუნდაც იმის გამო, რომ ხელისუფლებას გადამტრიალებელი არ ჰყავს.
პოლიტოლოგი აცხადებს, რომ თავის დროზე ამაზე შევარდნაძემ კარგად იხუმრა, ვისაც გადატრიალების სურვილი აქვს, საკუთარ ლოგინში გადატრიალდესო. სოსო ცინცაძეს აინტერესებს, რომელ ხალხს გამოიყვანს ოპოზიცია? მიტინგებზე 5 ათასი კაცი ვერ გამოჰყავს „ნაცმოძრაობის“ პარტიას, თუკი ევროპის თემა არ არის, სადაც ნაციონალების მოწინააღმდეგეებიც გამოდიან გარეთ და სხვა პარტიის მოწინააღმდეგეებიც.
„აბა, ერთი ნაციონალებმა, როგორც პარტიამ, მარტო მოაწყონ მიტინგი და ვნახოთ, რამდენ კაცს გამოიყვანენ. გარდა ამისა, პრობლემაა ოპოზიციასთან დიალოგის არარსებობა. არ ფიქრობენ, რომ მუდმივი არაფერია დედამიწაზე, ერთხელაც დადგება დრო და თვითონ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდება ოპოზიციაში. დღეს „ქართული ოცნებისთვის“ კოშმარი იქნება, სიზმარში თუ ნახავენ, რომ თვითონ ოპოზიციაში არიან, ამიტომაც იძულებულნი არიან, ყველაფერი გააკეთონ, ოღონდ თვითონ არ მოხვდნენ ოპოზიციაში“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ეჭვობს, რომ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის, ოპოზიციას აწყობდეს, საქართველოს არ მისცენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. უბრალოდ, „ქართულმა ოცნებამ“ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ერთხელ უკვე არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, შესაძლოა, ეს მეორედაც განმეორდეს, რადგან 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილს, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ ასრულებს. მათ შორის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
„ვერ ვიტყვი, რომ ადამიანები ჩასაფრებული პოზიციიდან უყურებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს. უბრალოდ, თუკი კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, შესაძლოა, ამას მოჰყვეს საპროტესტო აქციები ისევე, როგორც 20 ივნისს შედგა საპროტესტო აქცია, რადგან ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რამაც რუსთაველის გამზირზე უამრავი ადამიანი გამოიყვანა. ამ ადამიანებმა მხარი დაუჭირეს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.