აგვისტოს თვე ერთობ საბედისწერო გამოდგა დამოუკიდებელი საქართველოსთვის. თერთმეტი წლის წინ სამხედრო გადატრიალების პირმშომ სახელმწიფო საბჭომ შეიარაღებული ფორმირებები შეიყვანა აფხაზეთში „რკინიგზის დასაცავად“, ხოლო ხუთი წლის წინ დაიწყო „ხუთდღიანი ომი“ ცხინვალის რეგიონში. ორივე კონფლიქტი ჩვენთვის წარუმატებლად დამთავრდა: საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, ჯერ de facto (ალავერდი ე.შევარდნაძეს)*, მერე - de jure (ალავერდი მ.სააკაშვილს).
ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი მარცხი გახდებოდა ფართო განსჯისა და მწვავე შეფასებების საგანი, მაგრამ არა საქართველოში. მარცხის გაანალიზება და სწორი დასკვნების გაკეთება აუცილებელია რევანშისათვის, და პირიქით - მარცხის შეუფასებლობა ახალი მარცხის საწინდარია. სწორედ მარცხის გაანალიზებამ და შესაბამისმა დასკვნებმა მისცა საშუალება რომის რესპუბლიკას ჰანიბალთან დამარცხებების შემდეგ პუნიკური ომი თავის სასარგებლოდ დაესრულებინა. ამავე მიზეზით შესძლეს თურქებმა ბერძნებთან ომი (1921-1924) თავის სასარგებლოდ შემოეტრიალებინათ. სულ ახლახანს კი, ხორვატებმა დაიბრუნეს სერბებისაგან მიტაცებული დალმაცია. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა. არ გაკეთებულა საფუძვლიანი შეფასება აფხაზეთში განცდილი მარცხისა. არც გილაევის („უაღრესად განათლებული პიროვნება“) წარუმეტებელი რეიდი გალის რაიონში გაანალიზებულა სათანადოდ და არც ჩვენი ჯარისკაცების დაჩოქება ცხინვალში. რა გასაკვირია, რომ ნაცმოძრაობამ „ხუთდღიანი ომის“ საფუძვლიან გამოძიებას ტაბუ დაადო (აქაოდა, პაატა დავითაიას კომისიამ ყველაფერი გამოიძიაო) და დღეს ყველანაირად ცდილობს ტაბუ არ აიხსნას.
1994 წლის 14 მაისს მოსკოვში დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ენგურზე ჩადგა რუსის სამშვიდობო ჯარი და აფხაზეთი ფაქტიურად ჩამოცილდა საქართველოს. ხოლო 1994 წლის 8 ივნისს, ჩვენ ოპერატიულად გამოვაქვეყნეთ აფხაზური ავანტურის საფუძვლიანი ანალიზი, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ „ქართველ ერში“.
გთავაზობთ ამ წერილს უცვლელად.
***
როდემდე, კატილინა?!
გურამ სანადირაძე, ნიკოლოზ სანებლიძე
ა.წ. 14 მაისს, მოსკოვში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის წარმომადგენლებმა კაპიტულაციის აქტზე მოაწერეს ხელი. რაც არ უნდა ამტკიცოს ხელისუფლებამ ამ დოკუმენტის გარშემო (რომ იგი საუკეთესოა შექმნილ ვითარებაში, არ ეხება აფხაზეთის სტატუსს და ა.შ.), საქმის ფაქტიური და იურიდიული მხარე ეჭვმიუტანლად მიუთითებს, რომ საქართველო და აფხაზეთი ჰქმნიან კონფედერაციულ სახელმწიფოს, ხოლო ლტოლვილთა დაბრუნებისა (საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ გალის რაიონში), და მათი შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ენგურის ნაპირებზე ჩადგებიან დსთ-ს (ანუ რუსეთის) „სამშვიდობო“ ძალები, სამხედრო დამკვირვებლები კი ზუგდიდს ეწვევიან.
სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში. საქართველო დამარცხდა და მას ისე ეპყრობიან, როგორც დამარცხებულ მხარეს შეჰფერის. ჩვენ უნდა სრულად გავისიგრძეგანოთ შექმნილი მდგომარეობა, რა მწარეც არ უნდა იყოს იგი... აფხაზეთი ფაქტიურად გავიდა საქართველოს შემადგენლობიდან. შემთხვევითი არ არის, რომ უცხოეთის საინფორმაციო საშუალებები აფხაზეთს უკვე განიხილავენ, როგორც საქართველოსაგან ჩამოცილებულს.
ამჟამინდელი ვითარება უაღრესად მძიმეა და, რაც მთავარია, რეალური პოლიტიკოსისათვის ხელმისაწვდომ დროში მისი შეცვლა შეუძლებლად მიგვაჩნია. მითუმეტეს, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც წამოიწყო აფხაზური ავანტურა. რაც შეეხება ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას, იგი აბსოლუტურად უპერსპექტივოა. სამხედრო მოქმედებათა განახლება, თუნდაც პარტიზანული გზით, იმ დროს, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები გაეროს ეგიდით მიმდინარეობს, ხოლო იარაღითა და საჭურვლით მთლიანად რუსეთზე ვართ დამოკიდებული, სრული უაზრობაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც იყო საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროს, აღარასოდეს დაბრუნდება (კიდევ უფრო რომც ავუმაღლოთ აფხაზეთს ავტონომიური სტატუსი). ნებით ამაზე აფხაზური მხარე არ წავა. ამიტომაც, ხელისუფლების მხრიდან იმის დაპირება, რომ მომავალში, ლტოლვილების პრობლემის თუნდაც ნაწილობრივი გადაჭრის შემდეგ (უთუოდ იგულისხმება, რომ ამ პერიოდში მოვმძლავრდებით, ხოლო გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში ჩვენს სასარგებლოდ შეიცვლება ?!), აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს (ისევე, როგორც ადრე გვიმტკიცებდნენ, რომ დავიბრუნებთ გაგრას, მერე სოხუმს და ა.შ.) ყოვლად უპასუხისმგებლოა და თვალში ნაცრის შეყრის ტოლფასი.
ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ უმჯობესია კაპიტულაციაზე არ მოვაწეროთ ხელი (ანუ მოხდეს ხელმოწერილი დოკუმენტის დენონსაცია), და აფხაზეთი გამოცხადდეს რუსეთისაგან დროებით ოკუპირებულ ზონად. მათი აზრით, ეს შექმნის წინაპირობებს იმისათვის, რომ რათა საქართველოს მომავალმა ხელისუფლებამ მაინც (რომელიც დენონსაციის შემთხვევაში არ იქნება ხელ-ფეხ შეკრული აღნიშნული დოკუმენტით), ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარებისას, შედარებით უმტკივნეულოდ შესძლოს მისი დაბრუნება. სამწუხაროდ, არც ეს პოზიცია გახლავთ რეალური. ჯერ ერთი, რუსეთი თავად ქართულმა მხარემ მოიწვია აფხაზეთის პრობლემის (ე.ი. საქართველოს საშინაო საქმის) მომგვარებლად, ჯერ კიდევ 1992 წლის 3 სექტემბრიდან, რასაც იგი ასე „კეთილსინდისიერად“ და დაუზარებლად ასრულებს კიდეც დღემდე. და მეორე, ასეთი ნაბიჯით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე სრულად დაკარგავს ნდობას და მას უკვე აშკარად შეაქცევენ ზურგს მისი „მეგობრებიც“ კი.
ოპოზიციის მსჯელობაში 1921 წლის საქართველოს ხელისუფლების მოქმედებასთან ანალოგიის ძიება სრულიად აშკარაა. იგულისხმება, რომ როგორც ჟორდანიას მთავრობის მიერ კაპიტულაციის აქტზე ხელის არმოწერამ მისცა ეროვნულ ძალებს გარკვეული იურიდიული არგუმენტები დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, ასევე უნდა ვიზრუნოთ დღეს მომავალზე. სამწუხაროდ, ამგვარი ანალოგიები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რადგან საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დასტოვა ქვეყნის ფარგლები და შეწყვიტა მოქმედება. იგი რომ დარჩენილიყო და გაეგრძელებინა ფუნქციონირება, მას რა თქმა უნდა, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაც მოუხდებოდა (შეგახსენებთ, რომ უსიტყვო კაპიტულაციის აქტიც ხელშეკრულების ერთ-ერთი სახეა).
მსოფლიო ისტორიაში არის სხვა მსგავსი მაგალითებიც. შეგვიძლია თუნდაც რუსეთ-იაპონიის ურთიერთობა გავიხსენოთ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიას არ უცვნია კურილის კუნძულების დაკარგვის კანონიერება. დღეს, როგორც კი პოლიტიკური შესაძლებლობა გაჩნდა, ამ ქვეყნის ახალი მთავრობა რეალურ ნაბიჯებს დგამს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. სამწუხაროდ არც ეს მაგალითი გამოგვადგება, რადგან კურილის კუნძულების დაკარგვამ (ისევე, როგორც ომის შემდგომ სსრკ-იაპონიის ხელშეკრულების არარსებობამ), ვერ შეუშალა ხელი იაპონიის სახელმწიფოებრივ განვითარებას. ჩვენს შემთხვევაში კი საქმე სწორედ პირიქით არის, რადგან აფხაზეთის ტერიტორიის დაკარგვა და „არც მშვიდობა - არც ომის“ პოლიტიკის გაგრძელება შეუძლებელს გახდის ქართული სახელმწიფოს ფორმირებას, ვინაიდან ეს შემდგომ გადაულახავ წინააღმდეგობებს შეგვიქმნის როგორც ქვეყნის შიგნით (უახლოეს მომავალში კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ კი სხვაგანაც), ისე მის გარეთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, რაც კიდევ უფრო გაუხსნის ხელფეხს ჩვენს მტრებს, რომელთაც საქართველოზე ზემოქმედების მძლავრი ბერკეტები გააჩნიათ.
მთავარი კი ისაა, რომ ქართული პოლიტიკური აზრი, ხელისუფლების მხრიდან იქნება ის თუ ოპოზიციიდან, რამოდენიმე უაღრესად სერიოზულ შეცდომას უშვებს, როდესაც აფხაზეთის ძალით დაბრუნებას იმედოვნებს (როგორც ზემოთ ითქვა, დაბრუნების ქვეშ უეჭველად ძალის გამოყენება იგულისხმება).
პირველი გახლავთ უსაფუძვლო იმედი, რომ გეოპოლიტიკური ვითარება კავკასიაში (და სხვაგან) საქართველოსათვის სასიკეთოდ შეიცვლება და ჩვენ შევძლებთ აფხაზეთის შედარებით უმტკივნეულოდ დაბრუნებას. სამწუხაროდ ეს უფრო ნაცარქექიას ოცნებასა ჰგავს, ვიდრე სერიოზულ პოლიტიკურ პროგნოზს, რადგან ჩვენგან განსხვავებით გუდაუთის ხელისუფლებამ (რომელსაც არა ჰყავს მსოფლიო დონის პოლიტიკოსები), იმდენი კი შესძლო, რომ როგორადაც არ უნდა შეიცვალოს კავკასიაში გეოპოლიტიკური ვითარება, ვისმა გავლენამაც არ უნდა იმძლავროს აქ, რუსეთის, დასავლეთისა თუ ისლამის, გუდაუთის დაჯგუფებამ უზრუნველჰყო აფხაზეთისათვის პოლიტიკური „სახურავი“: თუ რუსეთს მოუწია კავკასიის დატოვება, აფხაზეთის ინტერესებს დაიცავს თურქეთი (და ვინ იცის კიდევ ვინ). ამაში ეჭვი არავის შეეპაროს.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. სეპარატისტული მოძრაობები მსოფლიოში არ ვითარდებიან საქართველოსათვის სასარგებლოდ. ისრაელ-პალესტინის, აგრეთვე უკრაინა-რუსეთის (ყირიმის გამო) დაპირისპირებათა შედეგები, აშკარად მიუთითებენ, რომ ამ ტიპის კონფლიქტებს მსოფლიომ უკვე მოუძებნა გადაწყვეტის ფორმა - ფაქტიურად უნიის სახით.
ჩვენ რომ მოგვესწრო კონფლიქტის მოგვარება მანამ, ვიდრე საერთაშორისო გაერთიანებები მწვანე შუქს გაუხსნიდნენ ე.წ. სეპარატისტულ მოძრაობების მისწრაფებათა ფაქტიურ ცნობას, იქნებ ამ დღეში არ აღმოვჩენილიყავით.
აქედან გამომდინარე, სწორედ აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისას უამრავი დროის დაკარგვა უნდა ჩაითვალოს საქართველოს ხელისუფლების უდიდეს შეცდომად (რომელიც, როგორც ცნობილია, ნებისმიერ დანაშაულზე უარესია პოლიტიკაში).
აფხაზეთის მიმართ „არც ომი - არც მშვიდობის“ პოლიტიკის გატარებას, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის ოკუპირებულ ტერიტორიად გამოცხადების პარალელურად, ის მოსაზრებაც უდევს საფუძვლად, რომ თითქოს მსოფლიოში კვლავ ორი ტოტალურად დაპირისპირებული ძალა არსებობს და რომ ერთ-ერთის (ამ შემთხვევაში რუსეთის) წინააღმდეგ აშკარა გამოსვლა მეორე ძალის აქტიურ მხარდაჭერას ნიშნავს დაუყონებლივ. სამწუხაროდ, ეს არის ცივი ომის პერიოდის რეალიები და არა დღევანდელი დღისა. იმედი, რომ ადრე თუ გვიან მსოფლიოში გავლენის სფეროების ხელახლა გადანაწილებისათვის ბრძოლა საბოლოოდ სწორედ ამგვარი ტოტალური დაპირისპირების სახეს მიიღებს და შეგვიძლია დამშვიდებული სინდისით სწორედ ამ ხანისათვის გადავდოთ აფხაზეთის საკითხის მოგვარება უაღრესად საშიში ილუზიაა. საქართველოში დღეს არა გვაქვს სახელმწიფო, ამიტომ ჩვენი ქვეყანა ფაქტიურად არ წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკის ძალისმიერ წერტილს. ამიტომ არ არის არანაირი გარანტია, რომ ამ პირობებში იგი ასეთ საშიშ დრეიფს გაუძლებს. მოსალოდნელია პირიქით, სწორედ აფხაზეთის პრობლემის მოგვარება არის ქართული სახელმწიფოს აშენების ერთ-ერთი აუცილებელი გარანტია. ასე, რომ სახეზე გვაქვს მოჯადოებული წრე, რომლის გარღვევის გარეშეც საქართველოში სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და ქვეყნის ერთიანობას ვერ შევინარჩუნებთ.
მთავარი ის კი არ არის, რომ აბსურდულია აფხაზების მიმართ ძალის გამოყენებით რაიმე პოლიტიკური მიზნის მიღწევაზე ფიქრიც კი. თავი რომ გავანებოთ აფხაზთა მეტისმეტად ხისტ და შეურიგებელ ეთნოფსიქოლოგიას, მათ მიერ ზედმეტად პატივმოყვარულად გაგებულ ეროვნულ გრძნობას, რაც უპირვეეს ყოვლისა იმაში გამოიხატება, რომ მათ იოლად შეუძლიათ ჩაიდინონ პოლიტიკური თვითმკვლელობა, ოღონდ კი არ დათმონ თავიანთი პრინციპები (გავიხსენოთ ეროვნული ჰარაკირი, რომელიც ჩაიდინეს აფხაზებმა გასული საუკუნის 60-იან წლებში. როდესაც რუსეთის ძალმომრეობის საპასუხოდ მათი დიდი ნაწილი აიყარა საკუთარი მიწა-წყლიდან და თურქეთში გადაიხვეწა. ან თუნდაც ამჟამინდელი მოქმედება, როდესაც ქართველებთან საომრად ათასობით უცხოტომელი ჩაისახლეს, რაც უახლეს მომავალში უდიდეს, ალბათ გადაულახავ, დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის მათ), ძალის გამოყენება იმიტომაც არის გაუმართლებელი, რომ იგი ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოს, რომელიც აფხაზთა და ქართველთა ერთობაზეა დაფუძნებული. თუ არ იქნა ქართულ-აფხაზური ერთობა, რაც აფხაზეთში პოლიტიკური სტაბილიზაციის მიღწევის საფუძველია, მაშინ ან აფხაზები დარჩებიან უსამშობლოდ, ანდა საქართველო უაფხაზეთოდ. როგორც ვხედავთ, ჩვენი ხელისუფლების „ბრძნული“ პოლიტიკის წყალობით ერთი შედეგი უკვე მიღწეულია: საქართველო დარჩა უაფხაზეთოდ. ეტყობა მიღებულმა გაკვეთილმა სრულიად უშედეგოდ ჩაიარა, ვინაიდან ეხლა ჩვენი პოლიტიკოსები იმის მცდელობაში არიან რადაც არ უნდა დაუჯდეთ მიაღწიონ მეორე შედეგსაც - აფხაზები დასტოვონ უსამშობლოდ, რაც მოსალოდნელია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის განახლების შემთხვევაში. თავი რომ დავანებოთ აფხაზთა ისედაც მცირე გენოფონდს, საომარი მოქმედების განახლება მათ აიძულებს კიდევ უფრო მეტ (დემოგრაფიული და სხვა სახის) დათმობებზე წავიდნენ უცხოტომელებთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველო ამ გზით აფხაზეთს ვერ დაიბრუნებს, სამაგიეროდ ეს ტერიტორია დარჩებათ სხვებს უქართველებოდ და უაფხაზებოდ.
ბოლოს და ბოლოს უნდა შევიგნოთ, რომ აფხაზეთის სტატუსის შესახებ რეალიზებადი პოლიტიკური გადაწყვეტილება ცალმხრივი ვერ იქნება. იგი აუცილებლად გულისხმობს ქართულ-აფხაზურ კონსენსუსს. ერთხელ მიღწეული კონსენსუსი, როგორც ვიცით დაირღვა, უპირატესად საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მიზეზით, ხოლო მის ხელახალ მიღწევამდე საკითხი აუცილებლად ღიად დარჩება. მით უფრო იგი ვერ გადაწყდება სამხედრო კონფლიქტის გზით. ამრიგად, პოლიტიკური მიზანი - ე.ი. აფხაზეთის სტატუსის საკითხის ცალმხრივად და სამხედრო გზით გადაწყვეტა, პრინციპულად განუხორციელებელია. სწორედ ამიტომ იყო აფხაზეთში ჯარების შეყვანა ქართულ-აფხაზური ერთობის (და საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფოებრიობის) წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ავანტურა.
ამრიგად, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის ძალით დაბრუნებაზე ხელი უნდა აიღოს და სერიოზულად იფიქროს თუ როგორ აღდგეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობა, რათა სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს ქართველთა და აფხაზთა ერთობის ახალი ფორმით აღდგენა.
ამ თვალსაზრისით 14 მაისის ხელშეკრულებას ოდენ ზიანის მოტანა შეუძლია. იგი ვერანაირად ვერ უწყობს ხელს ქართულ-აფხაზური ერთობის აღდგენას. უფრო მეტიც, იგი საქართველოს აფხაზებთან ურთიერთობის მოგვარებაზე არანაკლები პრობლემების წინაშე აყენებს. სავალალოა, რომ ამ შეთანხმებით ენგურის გაყოლებით უნდა ჩადგეს რუსის ჯარი, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის საბედისწერო შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
შექმნილ ვითარებაში, რასაკვირველია, უმჯობესი იქნებოდა, რომ საქართველოს უშუალოდ აფხაზურ მხარესთან ყოველგვარი შუამავლების გარეშე ეწარმოებინა მოლაპარაკებები, გაერო იქნებოდა ეს, რუსეთი თუ სხვა ვინმე. მაგრამ სამწუხაროდ, 1993 წლის გაზაფხულზე ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის მხრიდან პარლამენტში გამოჩენილი ინიციატივა გუდაუთის რეჟიმთან უშუალო კონტაქტების დამყარების თაობაზე ტორპედირებულ იქნა საპარლამენტო უმრავლესობისა და პირადად მისი თავმჯდომარის მიერ. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამგვარი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისათვის შეუძლებელია, რადგან ქართულ-აფხაზური ერთობის რაიმეგვარ აღდგენაზე მისთვის ლაპარაკი გამორიცხულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება, რომელმაც წამოიწყო ომი, გააჩაღა აღვირახსნილი ანტი-აფხაზური კამპანია და გამარჯვებული აფხაზების მეთაურებს გასამართლებას უპირებს (?!) ვერავითარ მოლაპარაკებაზე უშუალოდ არძინბას რეჟიმთან ვერ წავა. სწორედ ამიტომ ეძებს იგი ნებისმიერ სხვა გზას და ამით კიდევ უფრო ამწვავებს და ტრაგიკულს ხდის დღევანდელ ვითარებას საქართველოში.
აფხაზეთში განცდილი მარცხი, რაც ეროვნული კატასტროფის ტოლფასია, არ არის მოულოდნელი, ჩვენ აქეთ კარგა ხანია თანმიმდევრულად მივეშურებოდით. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთმანეთს დავერიეთ და, რაც მთავარია, დავიშალეთ, დავანგრიეთ ქართული სახელმწიფო. 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში შესვლა ლოგიკური გაგრძელებაა დეკემბერ-იანვრის მოვლენებისა. ამაში კი ყველა დამნაშავეა, ისიც, ვინც პარლამენტის წინ ჰაუბიცა გამოაგორა, და ისიც, ვისაც ეს ჰაუბიცა გამოუგორეს (როდესაც ქვეყანაში კრიზისი ვითარდება, ამაში უპირველესად დამნაშავე ხელისუფლებაა. ასეიყო 1991 წელს, და ასეა ეხლაც). ისიც, ვინც თანამოძმის სისხლი დაღვარა, და ისიც, ვინც იარაღით ამარაგებდა მოქიშპეთ. ისტორიულ პასუხისმგებლობას ვერც ისინი გაექცევიან, ვინც ქართველებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა და მერე „გამარჯვებულებს“ ოვაცია გაუმართა.
დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებში მხოლოდ თბილისში მოღვაწე პოლიტიკური ძალები როდი არიან დამნაშავენი. დანაშაულის მნიშვნელოვანი წილი მოდის აფხაზეთის ქართველობის ე.წ. ელიტაზე. სახელმწიფო გადატრიალებისა და 1921 წლის კონსტიტუციის სრულიად მოუფიქრებელი აღდგენის შემდეგ სახელმწიფოში შემავალი პოლიტიკური ერთეულის სტატუსი ფაქტიურად გაუქმდა: აფხაზეთის ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილება აღარ იზღუდებოდა არცერთი კანონიერი საერთო სახელმწიფო აქტით და არც სახელმწიფო ხელისუფლების რაიმე ორგანოთი. ასეთ დროს მხოლოდ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ქართულ დეპუტაციას შეეძლო კანონიერად და პოლიტიკური საშუალებების ეფექტური გამოყენებით დაეცვა ქართული ინტერესები. სამწუხაროდ მან ეს ვერ (ან არ) გააკეთა. პირიქით, სწორედ აფხაზეთის ქართველობის „ელიტამ“ ატეხა ერთი ვაი-უშველებელი აფხაზეთის 1991 წლის საარჩევნო კანონის გამო. უფრო მეტიც, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ქართულმა დეპუტაციამ ჩაიდინა სრულიად შეუმწყნარებელი საქციელი, როდესაც დასტოვა აფხაზეთის უზენაესი საბჭო და ამ ნაბიჯით ეჭვის ქვეშ დააყენა აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთიანი ხელისუფლების განხორციელების თვით შესაძლებლობაც კი. ფაქტიურად, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ქართულ და აფხაზურ დეპუტაციად გახლეჩა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს არ ჰყავდა ლეგიტიმური ხელისუფლება, უკვე იყო პოლიტიკური კატასტროფა. არც იმის დავიწყება გვმართებს, რომ სწორედ აფხაზეთის ქართველობის „ელიტის“ დაჟინებული მოთხოვნაც გახდა მიზეზი აფხაზეთში სახელმწიფო საბჭოს ჯარების შეყვანისა.
აქვე კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ აფხაზეთის 1991 წლის საარჩევნო კანონის შესახებ. ეს კანონი არ იყო უზადო. არც მაინცდამაინც დემოკრატიული ყოფილა. იგი არადემოკრატიული იყო აფხაზეთის არამკვიდრი მოსახლეობის მიმართ და არავითარ შემთხვევაში ქართველთა მიმართ, როგორც ეს დღეს სურთ დაამტკიცონ, მაგრამ ეს კანონი საშუალებას იძლეოდა პრობლემა პოლიტიკური გზით, მშვიდობიანად მოგვარებულიყო. და პირიქით, ამ კანონის მიუღებლობა და დაგმობა (რითაც განსაკუთრებით აღინიშნებოდა აფხაზეთში შეჭრის წინა პერიოდი) ნიშნავდა ომს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. შემდგომმა მოვლენებმა მთლიანად დაადასტურეს ამ დებულების მართებულება.
დღეს მრავალი პოლიტიკური ძალა ცდილობს ხელი დაიბანოს და მოიხსნას პასუხისმგებლობა ეროვნული კატასტროფის გამო. არადა ფაქტია: აფხაზეთში შეიარაღებული ფორმირებების შეყვანის გადაწყვეტილება სახელმწიფო საბჭომ პრაქტიკულად ერთხმად მიიღო.
ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო და არის ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, რომელიც ყოველთვის წინააღმდეგი იყო აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი მეთოდით გადაჭრისა და მრავალჯერ გააფრთხილა ამის შესახებ სახელმწიფო საბჭო, ხოლო აფხაზეთში ჯარების შეყვანის შემდეგ მკვეთრად გაემიჯნა ხელისუფლების ოფიციალურ კურსს (1992 წლის 6 და 30 ივნისის, 2 დეკემბრის განცხადებები, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარის გამოსვლა ტელევიზიით 9 სექტემბერს).
1993 წლის 13 თებერვალს ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირმა სპეციალური მემორანდუმი მიართვა პარლამენტს (გამოქვეყნდა 1993 წლის N12 „ქართველ ერში“), სადაც მოითხოვდა პოლიტიკური კურსის შეცვლას, კურსისა, რომელიც აუცილებლად დასრულდებოდა ეროვნული კატასტროფით. სამწუხაროდ პარლამენტმა, რომელიც მთელი სერიოზულობით ეკიდება ხოლმე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა წვერგაპარსული უნდა იყოს დეპუტატი თუ არა, ამჯერად, საერთოდ არავითარი ყურადღება არ მიაქცია მემორანდუმს. ქვეყნის პოლიტიკური კურსი რასაკვირველია არ შეიცვალა და შედეგიც სახეზეა: სამწუხაროდ, რეალური შედეგი კიდევ უფრო დამღუპველი აღმოჩნდა ვიდრე მემორანდუმში იყო ნაწინასწარმეტყველები.
თითქოს საკმარისი შეცდომები იქნა დაშვებული აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. მაგრამ არა, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თვალნათლივ გვიჩვენა, რომ მას ამ მხრივ ამოუწურავი რესურსები გააჩნია: ა.წ. 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა ცალმხრივად გააუქმა აფხაზეთის 1991 წლის საარჩევნო კანონი, რითაც დაითხოვა 1991 წელს არჩეული აფხაზეთის უზენაესი საბჭო. გაწყდა ის ერთადერთი სამართლებრივი ძაფი, რომელიც აფხაზეთს საქართველოსთან აკავშირებდა.
1991 წლის აფხაზეთის საარჩევნო კანონის ორმხრივი აღიარება გამორიცხავდა რაიმე რეფერენდუმის ჩატარებას ოდენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. მისი გაუქმების შემდეგ კი, არ არსებობს არავითარი იურიდიული მექანიზმი აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის თავიდან ასაცილებლად, რასაც გეგმავს კიდეც გუდაუთის დაჯგუფება.** ეს ფაქტი კარგად აჩვენებს, თუ რამხელა დარტყმა მიაყენეს ჩვენს ქვეყანას აფხაზეთის 1991 წლის საარჩევნო კანონის გაუქმებით.
ნიშანდობლივია, რომ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დათხოვნით საკუთარი პოლიტიკური კურსის სრული კრახი აფხაზეთში პარლამენტის ამასწინანდელ სხდომაზე თავად სახელმწიფოს მეთაურმაც აღიარა,*** თუმცა რა თქმა უნდა დაგვიანებით, და როგორც მოვლენათა სამწუხარო განვითარება გვიჩვენებს, არავინ აპირებს თუნდაც მცირედი კორექტივი შეიტანოს ამ, დღეს უკვე გაკოტრებულ კურსში.
ჭეშმარიტად კურიოზების ქვეყანაა საქართველო, მსოლოდ ესაა, ძალიან ძვირად უჯდება ამგვარი პარადოქსები ჩვენს სამშობლოს.
გაზეთი „ქართველი ერი“, 1994 წლის 8 ივნისი
ამ წერილს არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია. იმდროინდელმა პარლამენტმა, რომელმაც დამარცხებული ე.შევარდნაძე მქუხარე ტაშით მიიღო (აი საიდან იღებს სათავეს დამარცხების ტრიუმფით აღნიშვნის უნიკალური ტრადიცია), ეს წერილი არ შეიმჩნია. სამაგიეროდ სახელმწიფოს მეთაურმა მოახდინა სწრაფი რეაგირება: გადააყენა სამხედრო პროკურორი ა. შუშანაშვილი, აქაოდა თავდაცვის მინისტრი ვ. ნადიბაიძე ითხოვს, სამხედრო პროკურორი სამხედრო პირი უნდა იყოსო. პროკურორი ა. შუშანაშვილი იძიებდა აფხაზეთში დამარცხებას და საკმაო მამხილებელი მასალებიც დააგროვა (პირადი ინფორმაცია). გასაგებია, რომ ა. შუშანაშვილის გადაყენებასთან ერთად გაქრა მამხილებელი მასალებიც. აფხაზეთის ომი კი დღემდე შეუსწავლელია.
აღნიშნული ისტორიის ფონზე ფრიად ლოგიკური ჩანს ნაცმოძრაობის მოთხოვნა, არ იქნეს გამოძიებული „ხუთდღიანი ომი“. მართლაც, თუკი არ გამოძიებულა 1992-93 წლებში განცდილი მარცხი, რომლის დროსაც ფაქტიურად დაიკარგა აფხაზეთი, რატომ უნდა იქნეს გამოძიებული მხოლოდ „ხუთდღიანი ომი“, რომლის შედეგი ისაა, რომ იურიდიულად გაფორმდა ტერიტორიული დანაკარგები? რა, ოცი წლის წინანდელ ხელისუფლებას ეპატიება დანაშაული?
პრობლემა სრულად უნდა მოგვარდეს. ნაწილობრივი მოგვარება მხოლოდ მის მოუგვარებლობას ნიშნავს. საქმე „ხუთდღიან ომში“ დამარცხება არ არის. იგი ერთი კერძო შემთხვევაა ქართული პოლიტიკის იმ დიდი მარცხისა, რასაც ეთნოტერიტორიული კონფლიქტების მოუგვარებლობა ჰქვია. ფაქტია, რომ ოცწლიანი პოლიტიკური კურსი, მიმართული ეთნოკონფლიქტების ძალისმიერი გზით გადაჭრაზე და წარუმატებლობისას მომრიგებლად მესამე მხარის ჩართვაზე, მცდარი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი პოლიტიკური კურსის (და არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციების) საფუძვლიანი გამოძიება და ანალიზი, რაც საშუალებას მოგვცემს ქვეყნის განვითარების სწორი სტრატეგია შევიმუშავოთ.
ან გავაკეთებთ ამას, ან ახალ დამარცხებას ვიწვნევთ.
* 1991 წლის იანვარში ცხინვალის რეგიონში მილიციის სპეციალური რაზმი შეიყვანა ახლადარჩეულმა უზენაესმა საბჭომ, სადაც უმრავლესობას „მრგვალი მაგიდა“ ფლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მცდარი გადაწყვეტილების შედეგად შეიარაღებულმა კონფლიქტმა გაჭიანურებული სახე მიიღო, სამართლებრივად ცხინვალის რეგიონზე სუვერენიტეტი ცენტრალურმა ხელისუფლებამ (რომელსაც უკვე სახელმწიფო საბჭო წარმოადგენდა) მხოლოდ დაგომისის ხელშეკრულების შედეგად დაკარგა (პრობლემურ ტერიტორიაზე მესამე მხარის სამშვიდობო ძალების ჩაყენება უკვე ნიშნავს ამ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების სუვერენიტეტის შეკვეცას).
** აფხაზეთში რეფერენდუმი ჩატარდა 1999 წლის ოქტომბერში.
*** ტრადიციონალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, რა სჯობდა, 1991 წლის აფხაზეთის საარჩევნო კანონი, „აპარტჰეიდულად“ შერაცხული, თუ 1994 წლის 14 მაისის მოსკოვის ხელშეკრულება, ე.შევარდნაძემ აღიარა, რომ 1991 წლის საარჩევნო კანონი აშკარად სჯობდა.