ოპოზიცია ხელისუფლების დამარცხების ფორმულას ეძებს - შედგება თუ არა გახარიას და ხაზარაძის ალიანსი?

ოპოზიცია ხელისუფლების დამარცხების ფორმულას ეძებს - შედგება თუ არა გახარიას და ხაზარაძის ალიანსი?

ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლების დამარცხების გზას ეძებს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუკი 5%-იანი ბარიერი დარჩება, მაშინ პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“და „ოცნება“ მოხვდებიან, მმართველი გუნდი კი ხელისუფლებაში მე-4 ვადით დარჩება.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ წარმატება მხოლოდ პოლიტიკური ერთობითაა შესაძლებელი და ასახელებენ იმ ორ პარტიას, რომელმაც შესაძლოა პოლიტიკურ ველზე 2024 წელს პროცესები რადიკალურად შეცვალოს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, ერთი ექსპრემიერი გიორგი გახარიაა, მეორე - მამუკა ხაზარაძე და დროა, „ლელომ“ და გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ გაერთიანებაზე იფიქრონ. თუმცა, ასე არ ფიქრობენ არც მამუკა ხაზარაძის და არც გიორგი გახარიას პარტიაში, ორივე მათგანს ამბიცია აქვს, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვას შეძლებენ.

დავით უსუფაშვილის თქმით, „ლელოს“ მიაჩნია, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი პოლიტიკა, ახალი პოლიტიკური, მორალური და ზნეობრივი სტანდარტები, თუმცა კონკრეტული საუბარი ვინმესთან გაერთიანებაზე არ მიდის.

„ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენ ვართ ღია პარტია. კონკრეტული საუბრები ვინმესთან გაერთიანება-არგაერთიანებაზე არ მიდის. ჩვენ უკვე ძალიან მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერ წარმოგვიდგენია რაიმე პოლიტიკური ალიანსი. გვაქვს ნათქვამი, რომ გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. ვიდრე დღის წესრიგში დადგება რაიმე ტიპის თანამშრომლობა არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ, ამ პრინციპების დაცვით გავაგრძელებთ ჩვენს ცხოვრებას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარტია „საქართველოში“ კი ამბობენ, რომ გარკვეული პოლიტიკური ალიანსები, იმისათვის, რომ მათმა პარტიამ ბარიერი გადალახოს, საჭირო არ არის.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ „ლელოს“ და გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანებ არ ნიშნავს, რომ მათი ამომრჩეველიც გაერთიანდება, რადგან ეჭვი ეპარება, რომ ხაზარაძეს და გახარიას ერთი კატეგორიის ამომრჩეველი ჰყავდეს.

„პირიქით, შესაძლოა ამან მათი მხარდამჭერების იმ რაოდენობის დაკარგვაც კი გამოიწვიოს, რაც ახლა ჰყავთ. გახარიას ამომრჩეველი უფრო „ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერები არიან, რომლებიც, საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, ხმას ისეც „ოცნებას“ მიცემენ. ხაზარაძეს უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი მხარდამჭერები ჰყავს. ამიტომ მათი გაერთიანება შესაძლოა, პირიქით, ამ პარტიებისთვის ძალიან დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს. მათ ცალ-ცალკე ვერ შეძლეს მომხრეების დიდი ჯგუფების გადაბირება და გაერთიანებით რატომ მოახერხებენ გაუგებარია. გახარიას ამხელა მხარდაჭერა ჰქონდა და ახლანდელი კვლევების მიხევდით 5%-მდეც არ აქვს. იგივეა ხაზარაძის შემთხვევაშიც. მათი რეიტინგი დროთა განმავლობაში უკან-უკან წავიდა. ვნახეთ უკვე გამოცდილებით, რომ ვისაც ინდივიდუალურად მხარდაჭერის მოპოვება შეუძლია, იმას ასეთი გაერთიანება არაფერში აღარ სჭირდება. მაგალითად, 2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა რაღაცა მსგავსი კოალიცია შექმნა და ხელისუფლებაშიც მოვიდა, დაინახა, რომ დამოუკიდებლად მხარდამჭერები მათ გარეშეც ჰყავს და ეს კოალიცია ჩამოიშორა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუკი დამოუკიდებლად პოლიტიკური ლიდერები ხალხის მხარდაჭერით ვერ სარგებლობენ, გაერთიანებით რას მიიღებენ გაუგებარია. ეს ვერსია ძალიან ღიმილის მომგვრელი მგონია“,-ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძეს და გიორგი გახარიას, ერთმანეთთან ბევრი რამ აქვს გასარკვევი. საყვარელიძის თქმით, ხაზარაძე და ჯაფარიძე, ფაქტობრივად, იმიტომ წავიდნენ პოლიტიკაში, რომ გახარიას შევიწროვებაში სდებდნენ ბრალს და ანაკლიის საქმეშიც ხელს გახარიას ადებდნენ.

„ქართველებს ყველაზე მეტად უპრინციპო პოლიტიკოსები არ უყვარს. იმიტომ გვაქვს სწორედ ახლა პოლიტიკურ ველზე ასეთი ცუდი მდგომარეობა, რომ პოლიტიკოსის გულწრფელობაში ამომრჩეველი არ არის დარწმუნებული. ხაზარაძე-გახარიას შემთხვევაშიც ასე იქნება. მათ ამომრჩეველს დაებადება კითხვა იმ ბრალდებების შემდეგ ამ ადამაინებს რა ღირებულებებიდან გამომდინარე უნდა დაუჭირონ მხარი. ერთმანეთს რას აღარ აბრალებდნენ და მათ სიტყვას აღარ დაიჯერებენ. ამომრჩეველს არ მოსწონს ხოლმე პოლიტიკოსების მხრიდან პრინციპებზე უარის თქმა. ამიტომ, ეს კიდევ ერთ-ერთ არგუმენტად შეიძლება იქნას გამოყენებული, რატომ არ უნდა მოხდეს მათი გაერთიანება. რაც შეეხება ხაზარაძეს და გახარიას, მათ მიმართ საზოგადოებაში გარკვეული მოლოდინი არსებობდა, განსაკუთრებით გახარიას მიმართ, მაგრამ მან თავისი პასიურობით, ეს მხარდაჭერის რესურსი გაფლანგა. გახარიამ დაუშვა შეცდომა, როცა მიდიოდა ოპოზიციურ ტელევიზიაში, რომელსაც დიდწილად ნაციონალების ამომრჩეველი უყურებს. ის არ ელაპარაკებოდა იმ ამომრჩეველს, რომელიც მისი იყო. აქ ვგულისხმობ „ოცნებიდან“ გამოყოლილ ელექტორატს. ამან კი გამოიწვია ის, რომ ვერც ენმ-ის ამომრჩეველი მიიმხრო და ის ამომრჩეველიც დაკარგა, რომელიც „ოცნებიდან“ გადაიბირა.

რაც შეეხება ხაზარაძეს, მისი უფრო მესმის, რადგან მას გახარიასგან განსხვავებით, არ ჰქონდა პოლიტიკური ბეგრაუნდი და მხარდაჭერა. ის იძულებული იყო საკუთარი თავი ბიზნესმენიდან პოლიტიკოსად გადაეკეთებინა. რამდენად გამოუვიდა ფაქტი სახეზეა, მაგრამ მას სხვა გზა არ ჰქონდა. გახარიას კი პირიქით, პრემიერობის დროს საკმაოდ კარგი პოლიტიკური რესურსი გააჩნდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. როგორც ჩანს, ცალკე, როგორც პოლიტიკური მოთამაშე, ნიჭიერი ვერ აღმოჩნდა. ყველაფერს ხომ ვერ მოახერხებს ადამიანი“, - ამბობს საყვარელიძე.

მისგან განსხვავებით კი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ „ლელოს“ და გახარიას პარტიის გაერთიანება ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს მიიზიდავს. იგი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ხაზარაძემ და გახარიამ, თუკი პოლიტიკაში ყოფნის პრეტნზია აქვთ, ძველი წყენა უნდა დაივიწყონ, ეს გაუგებრობა გაარკვიონ და 2024 წლის არჩევნებისთვის ერთიანი ძალებით წარსდგნენ.

„ვფიქრობ, ოპოზიციამ ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მოქმედება დაიწყოს. გადაჯგუფება და პარტიების გამსხვილება აუცილებელია. მე ეს ფორმულა დიდი ხანია მაქვს ნათქვამი. „ლელოს“ და გახარიას პარტიების გერთიანება იდიალური ვარიანტია. მიზეზი კი ისაა, რომ „ოცნებასაც“ და „ნაციონალებსაც“ თავიანთი ამომრჩეველი უკვე ჰყავთ. ეს არის სტაბილური მხარდამჭერები, რომელთა დაკარგვის საფრთხე მათ არ ემუქრებათ. საფრთხის წინაშე არიან პატარა პარტიები. 5%-იან ბარიერს, დიდი ალბათობით, „ოცნება“ არ დაწევს.

ნაციონალებსაც ეს დიდად არ ანაღვლებთ. ენმ ორად რომც გაიყოს, მელიას და ხაბეიშვილის ფლანგებად, ორივე 5%-იან ბარიერს მაინც გადალახავს. გამოსავალზე საფიქრალი პატარა პარტიებს აქვთ. ამიტომ მათი ალიანსი ძალიან კარგი სტიმული იქნება ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლისთვის. ეს იქნება მესამე ძალის შექმნის მცდელობა, რომელმაც შესაძლოა სხვა პატარა პარტიებიც დააინტერესოს. მათ სალომე ზურაბიშვილი თუ შეუერთდება, მით უკეთესი, ეს იქნება იდეალური ვარიანტი. ეს რესურსი ქვეყანას აქვს და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. თუ არადა, „ოცნება“, ამ კონფიგურაციით, ხელისუფლებაში მე-4 ვადით მოსვლას შეძლებს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.