მსოფლიოში ინგლისურენოვანი მუსიკის დამკვიდრების პროცესი გაცილებით ეფექტური მაშინ იქნებოდა, თუკი შავკანიანთა რეპერტუარს თეთრკანიანები შეასრულებდნენ, ტექსტები იქნებოდა გასაგები და უმარტივესი, ხოლო სტილი კი შეძლებისდაგვარად საცეკვაო და გამომწვევი.
დღესდღეობით, თანამედროვე კლიპების ფონზე, გასული საუკუნის 60-იანი წლების პოპ ჯგუფების სასცენო თუ სატელევიზიო კადრების ხილვისას, განსაკუთრებით ეს ბოლო კრიტერიუმი სასაცილოდ გვეჩვენება, მაგრამ იმ დროისათვის არაფხიზელ მდგომარეობაში ფართო საზოგადოების წინაშე ტელევიზიით გამოჩენა პრაქტიკულად სკანდალის ტოლფასი იქნებოდა, მით უმეტეს, რომ მამათა და შვილთა ბრძოლა ეშხში შედიოდა და მეორე მსოფლიო ომის დროს დაბადებულ ბევრ ინგლისელ მშობელს სულაც არ სიამოვნებდა შვილების კუმირები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ასაკით მათ არც აღემატებოდნენ, ხშირად კანის ფერითაც განსხვავდებოდნენ მათგან.
საბოლოოდ ახალი მოდა ამერიკის კონტინენტს ე.წ. ბრიტანული შეჭრით დაუბრუნდა, რაც ჰიპურ მოძრაობასთან შედარებით, ვეებერთელა ქვეყნის სოციალურ ყოფაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენდა, მაგრამ ბებერ კონტინენტზე ამერიკულმა ჯაზ და ბლუზ კულტურამ დიდი ბრიტანეთის გავლით, უმნიშვნელოვანი პოზიცია დაიმკვიდრა, დღემდე წამყვან როლს რომ ასრულებს მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში.
როკ’ნ’როლის შვილობილობის მიუხედავად, The Beatles-ს ვერანაირად ვუწოდებთ ამერიკული პოპ მუსიკის დამნერგავებსა და გამავრცელებლებს ძველ კონტინენტზე. ლივერპულელი ოთხეულის სწორედ ინგლისურ თვითმყოფადობაში უნდა ვეძიოთ მისი უპირატესობის ფაქტორს ცოტა ხანში შექმნილ სხვა ინგლისურ ჯგუფებთან შედარებით, მაგრამ სხვებიც ხომ დაარსდნენ, იყვნენ ინგლისიდან და ბლუზური ხელწერიდან გამომდინარე The Beatles-თან შედარებით გაცილებით „ამერიკულობისა“, გააჩნდათ რაღაც ენითაღუწერელი და უხილავი, რაც მათ ინგლისელობას სხვა მხრივ, ძალიან უცნაურად და თითქოს რაღაც იდუმალი და ქვეცნობერი ძალით წარმოაჩენდა.
The Yardbrds 1963 წელს შეიქმნა. მისი პირველი გიტარისტი ტოპ ტოფემი მშობლებმა თითქმის მაშინათვე გამოიყვანეს ჯგუფიდან, რადგან დილიდან საღამომდე დაკვრა, 16 წლის ბიჭს სწავლაში უშლიდა ხელს...
მომდევნო წლებში კი ჯგუფს არსებობის სულ რაღაც 4 წლის განმავლობაში, ამშვენებდა მსოფლიოს სამი უმნიშვნელოვანესი გიტარისტი - ერიკ კლაპტონი, ჯეფ ბეკი და ჯიმი პეიჯი. ეს კი უკვე თავისთავად ისტორიაა, რომლის მსგავსი, მსოფლიოს არცერთ სხვა როკ ჯგუფს არ ჰქონია...
საინტერესო ისაა, რომ The Yardbirds-ის ხერხემალს მათთან შედარებით „მეორეხარისხოვანი“ მუსიკოსები რიტმ-გიტარისტი ქრის დრეა, ბას გიტარისტი პოლ სამუელ სმიტი და დრამერი ჯიმ მაკარტი ჰქმნიდნენ. მომღერალი კიტ რელფსი კი ცალკე სასაუბრო თემაა, რადგან Yardbirds-ის ენითაღუწერელი „ინგლისურობის“ საიდუმლოებას, ვინძლო სწორედ მასში უნდა ვეძიოთ. მოვლენებს თუ წინ გავუსწრებთ, 2003 წელს, როდესაც ჯგუფი ხელახლა შეიკრიბა, 1976 წელს გარდაცვლილი მომღერლის ადგილზე მისი აბსოლუტური და თანაც 17 წლის შემცვლელის პოვნა, მარტო ბებერ ინგლისში თუ იქნებოდა შესაძლებელი. იმ ნამდვილი ძირძველი ინგლისში, სადაც უკვდავია ჩარლზ დიკენსი, ჯერომ ჯერომი, ისააკ ნიუტონი, მაიკლ ფარადეი, ბობი მური და სადაც ორსართულიანი ავტობუსებისთვის ჩასასხმელ ბენზინს გალონებში ზომავენ.
ჯგუფის პირველივე - 1964 წლის ალბომი Five Live Yardbirds საკონცერტოა და მასში ზემოთხსენებული ტოპ ტოფემის ნაცვლად, უკვე ერიკ კლაპტონს ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ პოპ მუსიკალურ სამყაროს უკვე ჰქონდა გაგონილი The Beatles-ის Twist And Shout-ისა, თუ ზოგადად ალბომ Please Please Me-ის დრაივი, The Yardbirds-ის მიერ წარმოდგენილი ედი ბოიდის, ჰაულინ ვულფისა თუ ელას მაკდანიელსის ნაწარმოებებისა და ჩაკ ბერის Too Much Monkey Business -ის ინგლისური ინტერპრეტაცია, თითქოს ერთგვარი ბრიტანული სიმკაცრით გამოირჩეოდა იმ დროისათვის ჯერ კიდევ „ჟღარუნა“ გიტარების ფონზე, რაც თანდათანობით იმავე ერიკ კლაპტონის მეოხებით აღმოიფხვრებოდა უკვე 1960-ების შუა პერიოდიდან მოყოლებული ინგლისური ჟღერადობიდან.
The Yardbirds-ის პროდიუსერად და ხმის ინჟინრად ჟორჟო გომელსკი იქცა, რომელიც ახლო მომავალში პროდიუსერის საქმიანობას ერთდროულად Pink Floyd-სა Soft Machine-ში გასწევდა. მისი ძალისხმევით ჯგუფმა პირველი საკუთარი ჰიტი For Your Love წარმოაჩინა. სწორედ ეს იქცა ერიკ კლაპტონისთვის ჯგუფიდან წასვლის მიზეზად. მან მეიალთან თანმშრომლობა ამჯობინა, ხოლო გომელსკის კი ჯიმი პეიჯი ურჩია. ეს უკანასკნელი თავის მხრივ სესიური მუსიკოსობით იყო დაკავებული და The Yardbirds-ის ლიდ-გიტარა ამ უკანასკნელის რჩევით, არსებობის მეორე ეტაპზე, ჯეფ ბეკმა ჩაიბარა.
ალბომ For Your Love-ში ყურადღება კვლავ ქავერებზე გამახვილდა. სხვადასხვა დროს გამოცემულ ალბომის ვერსიებში ჩვენ აქ ბეკთან ერთად, ზოგიერთ სიმღერაში კლაპტონს, ზოგში კი პეიჯსაც ვისმენთ. ეს არის ჯგუფის შემდეგი „გაროკების“ეტაპი, რომლის გვირგვინადაც ალბომი Having A Rave Up იქცა.
I’m A Man, Smokestack Lightning -თან და კიდევ რამდენიმე გამორჩეულ სიმღერასთან ერთად, აქ გამოჩნდა პოლ სამუელ სმიტისა და ჯიმ მაკარტის Still I’m Sad და Train Kept A Rollin’-ის ქავერ ვერსია. პირველმა მათგანმა რიჩი ბლექმორის Rainbow-ში შეისხა ფრთები და საოცარი იმპროვიზაციული გაქანებით დაგვამახსოვრებინა თავი, ხოლო მეორე კი თურმე Led Zeppelin-ის ადრეული ეტაპის კონცერტების ტრადიციულ გამხსნელად უნდა ქცეულიყო.
1965 წელს პოლ სამუელ სმიტმა ჯგუფის დატოვება გადაწყვიტა, ხოლო სანამ ქრის დრეა ბას გიტარას აითვისებდა, ბას გიტარისტის ადგილი The Yardbirds-ში ჯიმი პეიჯმა დაიკავა. ამ პერიოდში ჯგუფმა ჩაწერა ისტორიული სიმღერები, სადაც ბეკი და პეიჯი უკვე ლიდ გიტარის ტანდემს წარმოადგენდნენ, ხოლო ბას გიტარაზე კი იმ დროის კიდევ ერთი დიდი სესიური მუსიკოსი ჯონ პოლ ჯონსი უკრავდა. აი ასე ეყრებოდა საფუძველი The New Yaedbirds-ს, ანუ ცოტა ხანში Led Zeppelin-ს.
სწორედ ბას გიტარაზე ვარიაციებს უნდა მივაწეროთ ამერიკელ მომღერალ ჯეიკ ჰოლმსის Dazed And Confused-ში, ჯიმი პეიჯის უკვდავი ინტრო მოტივი Led Zeppelin-ის პირველი ალბომიდან. აღსანიშნავია, რომ ამ სიმღერის The Yardbirds-ისეული საკონცერტო ვერსიაც არსებობს. ტექსტის ავტორი კიტ რელფსია. სწორედ აქ გამოჩნდა პეიჯი სცენაზე პირველად ვიოლინოს ხემით, რაც მისი მეგობარი სესიური მუსიკოსის - დევიდ მაკალუმის რჩევის დამსახურებაა. ამ დროისათვის ჯგუფის მენეჯერი უკვე პიტერ გრანტი იყო, რაც საბოლოოდ მოასწავებდა The Yardbirds-ის ბაზაზე ახალი და გაცილებით მძლავრი ჟღერადობის კოლექტივის შექმნას, რომელსაც თურმე ახლო მომავალში მსოფლიო უნდა შეეძრა.
ეზოს ჩიტები კი აქტიურ სცენას 2003 წელს დაუბრუნდნენ და ნაწილობრივ ახალი სიმღერებისგან შემდგარი ბრწყინვალე ალბომი Birdland, კიტ რელფსის ხსოვნას მიუძღვნეს. აქ ახალი სიმძლავრით გაისმა Train Kept A Rollin’ და Shapes Of Things, I’m Not Talking და For Your Love. ძველი შემადგენლობიდან ჯგუფში ქრის დრეასა და ჯიმ მაკარტის ვხედავთ, ჯეფ ბეკი ერთ-ერთ ახალ სიმღერაში უკრავს გიტარის პარტიას, ხოლო მოწვეულ გიტარისტთა თანავარსკვლავედი კი თავისთავად მეტყველებს The Yardbirds-ის დანიშნულებასა თუ ღვაწლზე მსოფლიო როკ საგანძურის წინაშე. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს ჯო სატრიანიმ, სტივ ვაიმ, ბრაიან მეიმ, ჯეფ ბაქსტერმა, სტივ ლუკატერმა, ჯონი რჟეზნიკმა...
Birdland კიდევ ერთი რამითაცაა აღსანიშნავი. მასსა და წინა სტუდიურ ალბომ Little Games შორის სხვაობა 37 წელიწადს აღწევს! ეს კი რეკორდია, რომლის მოხსნა მხოლოდ Cream-ს თუ შესწევს, თუკი ისინი კვლავ შეიკრიბებიან და ახალ სტუდიურ ალბომს გამოსცემენ, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია...