„მისტერ ოფშორი“ - ოლიგარქი დავით კეზერაშვილმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმის მთავარი ფიგურანტია, თავის გადარჩენის მიზნით პარტნიორების ჩაშვება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, სწორედ კეზერაშვილისგან გადის ინფორმაცია საქართველოში არსებული ქოლცენტრების შესახებ. როგორც ჩანს, კეზერაშვილის მიზანი მის ხელთ არსებული ქოლცენტრების ქვეყნიდან გატანას ცდილობს.
როგორც ირკვევა ვაშაძე-არახამიას მფლობელობაში არსებული „ქოლცენტრების“ შესახებ ინფორმაცია სწორედ კეზერაშვილის მიერ მართული ჯგუფისგან გავიდა, კერძოდ, - „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ასევე ამ საქმეშე ე.წ. ჟურნალისტური გამოძიების სახით ჩართულია ტელეკომპანია „ფორმულა“, თუმცა, როგორც ირკვევა, ყველა კვალი კეზერაშვილამდე მიდის.
რაც შეეხება ვაშაძე-არახამიას განკარგულებაში არსებულ „ქოლცენტრს“, აღმაშენებლის 75 ნომერში შპს „მისანს“ ეკუთვნის, რომლის 25%-ს გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე ფლობს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ვაშაძის კომპანიამ ფართი, 4 ათას ლარად, შპს „ლაიონს შვიდი გრუპს“ მიაქირავა. მხარეებმა ხელშეკრულება 2023 წლის 13 აპრილს, ერთი წლის ვადით გააფორმეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოიჯარე კომპანიის 100%-იან წილს დავით არახამიას ძმა, მიხეილ არახამია ფლობს, რომლებიც ერთობლივად ფლობდნენ ე.წ. ქოლცენტრებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ვაშაძე-არახამია არაერთ ანალოგიურ ქოლცენტრს ფლობენ კიევში.
ის, რომ აღმაშენებლის 75 ვაშაძეს მართლა ჰქონდა ოფისი, სადაც კომპიუტერული ტექნიკა იყო განთავსებული, ამის შესახებ ისაუბრა „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ, რომლის განცხადებით, ადგილზე არის ძველთაძველი საწყობი, სადაც ხუთი წელია, პარტიის კომპიუტერებია შენახული. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ არაფერი ძველი კომპიუტერი იქ არ არის და ეს არის ტყუილი.
„შეიძლება, პაატამ სხვა ოფისი იგულისხმა. ამ ოფისთან ჩემ გარშემო არავის აქვს კავშირი. ეს არის რუსული დეზინფორმაცია. მათ ვპირდები, რომ პასუხს აგებენ. ამ შენობაში ჩემი ძმა თავისი წილის ფარგლებში სასტუმროს ფლობს და განმარტება თავად გააკეთა. როგორც ვარკვევ, ეს ოფისი ახლახან გაიხსნა. ეს არის დაგეგმილი სპეცოპერაცია სუს-ის მიერ, რომ ერთ თვეში გახსნილი ოფისი დაეხურათ. ეს თუ დანაშაულებრივი ოფისი იყო, რატომ არავინ არის დაკავებული? თავად არიან ამ ძარცვის სათავეში და ამიტომ არ უნდათ კომისიის შექმნა. ღიად და ცალსახად ვამბობ, რომ ამ ოფისთან არანაირი კავშირი არ გვაქვს არც მე და არც ჩემს ძმას. ერთადერთი კავშირი აქვს ლილუაშვილს, გომელაურსა და მთავარ პროკურორს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ამ სკანდალურ საქმეთა მთელ სქემას გენერალურ პროკურატურასთან ერთად გერმანელი სამართალდამცავები იძიებენ. გამოძიების პარალელურად კეზერაშვილი ახალი სახელების გასაჯაროვებით არის დაკავებული და როგორც ამბობენ, „მისტერ ოფშორის“ გეგმაა ჩაუშვას ყველა და არა მარტო საქართველოში. არაოფიციალური ინფორმაციით, „ქოლცენტრები“ არის საქართველოდან გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნების არსებობისა და გამდიდრების მთავარი წყარო და ამ მხრივ საინტერსოა საბერძნეთი, რომელიც ძებნილი მაღალჩინოსნების თავშესაფარი გახდა.
სანამ „მისტერ ოფშორი“ მორიგ სქემას გაასაჯაროვებს, მისივე დაფინანსებული ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რადგან თვლის, რომ ევროპელი პენსიონრების ძარცვაში არა ოპოზიციის ჩართულობა, არამედ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩართულობა იკვეთება. ხელისუფლების პასუხი მარტივია - საქართველოს პროკურატურისა და გერმანიის საგამოძიებო ორგანოების პარალელურად პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შეასრულონ, მოინდომეს, რომ გამომძიებლები გახდნენ და აქ ეძებენ საკუთარი თავის რეალიზაციას. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეს აჩვენებს, რამდენად სკანდალზე და არევაზე ორიენტირებული ოპოზიცია ჰყავს დღეს საქართველოს და არა, ხელისუფლებას.
„სინამდვილეში, ეს არის საქართველოს ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას ნეგატიური ფონი იმისთვის, რომ როდესაც ევროკავშირს გადაწყვეტილება ექნება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ასეთი ნეგატიური ფონი და ასეთი მღელვარებით იხელმძღვანელოს და არა იმ შედეგით, რომელსაც საქართველო აღწევს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, ოპოზიციონრებისგან, რომელთა მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ე.წ. ქოლცენტრები ჰქონდეთ, რადგან მათ არ აქვთ არანაირი შემაფერხებელი და მორალური მუხრუჭი ამ მიმართულებით. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ადამიანები, რომელთა გვარებიც საეჭვო გარემოებებიდან გამომდინარე, „ქოლცენტრებს“ უკავშირდება, საპარლამენტო კომისიის შექმნას არ უნდა ითხოვდნენ.
„ადამიანები, რომელთა გვარებსაც ამ საეჭვო გარემოებებიდან გამომდინარე უკავშირდება ეს „ქოლცენტრები“, არ უნდა ითხოვდნენ საპარლამენტო კომისიის შექმნას. ესეც დამატებით ეჭვს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ინფორმაციის მიღება უნდათ, თან დამალვა უნდათ, ან გარემოებებია ისეთი, რომელიც ავალებს მათ, ნაგავში მჯდომთ, რომ როგორმე ეს ნაგავი გადაანაწილონ და ისრები როგორმე სახელისუფლებო სტრუქტურებზე, ზოგადად, ხელისუფლებაზე გადასწიონ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ანალიტიკოსი „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ფიქრობს, რომ, დიდი ალბათობით, შალვა პაპუაშვილის ვერსია ყველაზე ახლოსაა ჭეშმარიტებასთან. დაინტერესებული მხარე იყენებს პარტია „საქართველოს“ ინიციატივას, შეიქმნას საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე. იყენებს იმისთვის, რომ გაასაჯაროვოს ამ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ქართული მხარის ხელში არსებული დახურული საგამოძიებო მასალები. და ეს დაინტერესებული მხარე, ქართველიშვილის განცხადებით, რა თქმა უნდა, კეზერაშვილია. მხოლოდ მის ინტერესებში შედის წინმსწრებით გაიგოს, თუ რაზეა საუბარი, რა სავარაუდო მტკიცებულებები და ეჭვები არსებობს მასთან დაკავშირებით.
„მეხსიერებაში ეგრევე ამომიტივტივდა მსგავსი კომბინაცია, სადაც პოტენციური დაინტერესებული მხარე ასევე კეზერაშვილი იყო. 2008 წლის დეკემბერში, უკრაინის უზენაესმა რადამ ასევე შექმნა საგამოძიებო-საპარლამენტო კომისია, საქართველოსთვის სახელმწიფო საწარმო „უკრსპეცექსპორტის“ მიერ სხვადასხვა ტიპის შეირაღების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა, მათ შორის საეჭვო გარემოებების შესწავლის მიზნით. კომისიის მუშაობის წინასწარი მონაცემებით, გამოვლინდა მთელი რიგი ფინანსური მაქინაციები, რომლის მიხედვით, დოკუმენტებში შეიარაღების ფასი დაფიქსირებული იქნა საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით, 3-5-ჯერ ნაკლები ოდენობით, რამაც უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაკუთრებულად დააზარალა. აღნიშნული მონაცემების წინასწარი გამოქვეყნებისთანავე, უკრაინის СБУ-მ კომისია დაადანაშაულა „სახელმწიფო საიდუმლოების“ შემცველი ინფორმაციის გამჟღავნებაში, რის გამოც კომისიის მუშაობის გახანგრძლივებაზე, 2009 წლის ივნისამდე - მას უარი ეთქვა.
მაშინ დაინტერესებულმა მხარემ გაიგო მისთვის საჭირო ინფორმაცია და თავისი გავლენის ქვეშ არსებული ძალებით დაასამარა საპარლამენტო გამოძიების შედეგები. დღეს ამ პროცესის დასამარება კეზერაშვილს არ ხელეწიფება, მაგრამ საკუთარი შემდგომი ქცევის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავების მიზნით, მის ინტერესებში შედის საინფორმაციო ვაკუუმის აღმოფხვრა, რისთვისაც იყენებს თავის სიტუაციურ მეკავშირეს - პარტია „საქართველოსთვის“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
რაც შეეხება ვაშაძე-არახამიას კლასტერს, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ეჭვობს, რომ გიორგი ვაშაძე უკრაინაში საომრად არ წასულა, არამედ წავიდა იმისათვის, რომ საქართველოში და უკრაინაში არსებული დანაშაულებრივი ბიზნესის საქმეები მოეგავრებინა.
„დამთავრდა ომი უკრაინაში?! მოაგვარა იქ საქმეები და დაბრუნდა უკან. ძალიან დიდი ეჭვი არის იმისა, რომ ვაშაძე წავიდა საკუთარი ბიზნესის მოსაგვარებლად, მოაგვარა ეს ბიზნესის ამბები და ადვილი შესაძლებელია, ეს მისი ბიზნესები დაკავშირებული იყოს დავით არახამაიასთან, რომელიც ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია უკრაინაში. შემთხვევით არაფერი ხდება - როგორ ხდება შემთხვევით ის, რომ ვაშაძის ძმის სასტუმროში ოფისი აღებული აქვს დავით არახამიას ძმას, სადაც მოქმედებდა ქოლ-ცენტრი?
ვაშაძის ძმის კუთვნილ ფართში ასეთი დანაშაული ხდებოდა, რომელშიც ასევე ჩართულია მისივე მეგობარი არახამია და მან არ იცოდა? ჩემი აზრით, ეს ყოვლად დაუშვებელია. როდესაც ასიათასობით ადამიანი იღუპება უკრაინაში, არახამია, რომელიც ერთ-ერთ საკვანძო თანამდებობაზეა უკრაინაში, გატაცებულია იმით, რომ საქართველოში გახსნილი აქვს „ქოლცენტრები“, რომლითაც აქაურ პარტნიორებთან ერთად, თავად ძარცვავს და აძარცვინებს ევროპის პენსიონერ მოსახლეობას. ვნახოთ, რა შედეგებს დადებს გამოძიება, მით უმეტეს, რომ გამოძიებაში ჩართული არიან გერმანელი სამართალდამცავები. დაველოდოთ მოვლენებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ კეზერაშვილი თავად ავრცელებს ინფორმაციას „ქოლცენტრების“ შესახებ, რომ როგორმე თავი გადაირჩინოს, ვინაიდან მთელი სქემა იკვეთება.
„დავუკვირდეთ საქართველოში არსებულ სიტუაციას - ყველა ხელს ახოცავს კეზერაშვილს. ის ოპოზიცია და ის ჟურნალისტები, რომელსაც ის აფინანსებდა, ყველა მათგანი ხელს იშვრეს კეზერაშვილისკენ. ამიტომ კეზერაშვილიც არაა გულხელდაკრეფილი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს. ამიტომ, საგამოძიებო კომიტეტი, რომელიც უნდათ რომ შეიქმნას და რომლითაც აწრიალებულია ოპოზიცია, გამახსენა ქართული ანდაზა - „პილპილი ვისაც უჭამია, იმას ეწვის კუჭიო“ ანალოგიური სიტუაცია არის ამ ოპოზიციონერ დეპუტატებთან დაკავშირებით.
რატომ უნდათ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მით უმეტეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და დასრულებული არ არის? კანონითაც შეუძლებლია, რომ მიმდინარე გამოძიების პარალელურად შეიქმნას მეორე საგამოძიებო კომიტეტი იგივე საქმეზე. ჩემი აზრით, კეზერაშვილს დავალება აქვს მიცემული ოპოზიციისთვის, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ შექმნან საგამოძიებო კომიტეტი, რათა მათ ხელში მოხვდეს მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მიაწოდონ შემდეგ ინფორმაცია კეზერაშვილს, ან საგამოძიებო სივრციდან გაქრეს ეს დოკუმენტები.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ კეზერაშვილის „კარმუშკაზე“ იჯდა ის ხალხი, რომლებიც დღეს თავგამოდებით მოითხოვენ იმას, რომ მოხდეს საგამოძიებო კომიტეტის შექმნა და უპირველს ყოვლისა შეგვიძლია ფიგურალური გამოთქმითაც ვთქვათ ეს - მომძღვნელმა პურისა და სარჩოსი, კეზერაშვილმა მოსთხოვა მის ქვეშევრდომებს, რომ იბრძოლონ მის გადასარჩენად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.