„გირჩი“ ვერ ელევა თავის ყველაზე პოპულისტურ თემას-სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მოთხოვნას. ამჯერადაც იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ჯარისკაცი უნდა იყოს ადამიანი, ვისაც ჯარისკაცობა უნდა და არა ის, ვინც დეზერტირობაზე ოცნებობს. ამდენად, ქართულ ჯარში უნდა მსახურობდნენ ის ადამიანები, ვისაც ჯარში წასვლა ნებაყოფლობით უნდათ.
„ძალით წაყვანილი ადამიანები არც ჯარში გვინდა და არც სხვაგან. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ახლა შეიქმნება ნამდვილი ჯარი, არავინ იდგება შლაგბაუმთან. ეს ნორმა ძალაში 2025 წლიდან შედის, მანამ ამოქმედებას არ აპირებენ და ეს არის ამორალური“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
ცხადია, ძალით სამშობლოს ვერ დაიცავ, მაგრამ კითხვა ჩნდება, თუკი საერთოდ გაუქმდება სავალდებულო სამხედრო სამსახური, მაშინ რა ალტერნატივა არსებობს და ჩვენისთანა პატარა ქვეყანას დამცველი ეყოლება თუ არა?!
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაწვევა ეს არის იდეალი. თვით ამერიკელებმაც კი თავიანთი არსებობის მერამდენე წელს გააუქმეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა და 200 წელზე მეტია, გადავიდნენ ნებაყოფლობით სამსახურზე. კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1956-57 წლებში თანდათანობით გაუქმდა სავალდებულო სამხედრო სამსახური და დღეს ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი 877 მილიარდი დოლარია, აქედან ზუსტად ნახევარი ჯარში ნებაყოფლობით გაწვეულ პირთა ხელფასებზე მოდის.
ამდენად, სოსო ცინცაძის აზრით, „გირჩი“ რომ პოპულისტობს, სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდესო, მაშინ გვითხრან კიდეც, სოლიდურ ხელფასს როგორ გადაუხდიან ნებაყოფლობით გაწვეულ ჯარისკაცებს?! სავალდებულო სამხედრო სამსახურით გაწვეული ახალწვეული კონსტიტუციურ ვალს იხდის, მას კაპიკებს აძლევენ ხელფასის სახით, მაგრამ ადამიანს ნებაყოფლობით რომ გაიწვევ, ის უკვე პროფესიონალია, მან ოჯახი უნდა შეინახოს ამ ხელფასით. ამდენ თანხას კი საიდან მოიტანს ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი?!
„ახლა „გირჩის“ სურვილია, რომის პაპზე უფრო კათოლიკე იყოს, მაგრამ ერთი პოლიტიკოსიც არ არის „გირჩში“, ვინც პოლიტიკურად გაიაზრებს ამ საკითხს. ეს არის მხოლოდ კეთილი სურვილები. ამერიკელები რამდენ ხანს ემზადებოდნენ იმისთვის, რომ ჯარში გაწვევა ნებაყოფლობითი ყოფილიყო, ბიუჯეტში ჩადეს ის, რომ ნებაყოფლობით გაწვეული ჯარისკაცის ხელფასი იმხელა ყოფილიყო, მას ოჯახი შეენახა. რაც შეეხება სავალდებულო გაწვევას, ბევრ ქვეყანაშია შენარჩუნებული სავალდებულო სამხედრო სამსახური, ქვეყნების მხოლოდ 20-25%-შია ნებაყოფლობითი გაწვევა. ავიღოთ მფრინავის პროფესია. ერთი ესკადრილიის მომზადებას ამერიკაში 3-4 წელიწადი სჭირდება, რაც 30 მილიონამდე ჯდება. სავალდებულო გაწვევით თუკი მოვამზადებთ მფრინავს, ის მოემზადება და წავა, აღარ უნდა სამხედრო სამსახურში და ის ფული დაიკარგება. ჩვენს ქვეყანაში, სადაც პენსია კაპიკებია, 22-28 წლის ბიჭს, რომელიც მოდის სამხედრო სამსახურში და უკვე ცოლ-შვილი ჰყავს, რით დააინტერესებ? ცოლ-შვილი რითი შეინახოს იმ ახალგაზრდამ? 300-400 ლარით? გვაქვს კი საშუალება, ასეთ ახალგაზრდას 5000 ლარი მივცეთ, რასაც ჩვენი უსაქმური პარლამენტარები ღებულობენ?“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.
აქედან გამომდინარე, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ „გირჩი“ დემაგოგიას ეწევა, ნეტარმორწმუნენი არიან „გირჩისტები“, სჯერათ რაღაც, მაგრამ იმას არ უფიქრდებიან, მათი იდეების განხორციელება შესაძლებელია თუ არა საქართველოში. „გირჩს“ ურჩევნია, იმაზე იფიქროს, ბიუჯეტის ყველა კაპიკი მოხმარდეს დანიშნულებას და ისე არ იყოს, რომ მდიდრები უფრო გამდიდრდნენ და ღარიბები უფრო გაღარიბდნენ.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ჩვენს სახელმწიფოს აქვს თავისი სტრატეგია, ტერიტორიების 20% დაკარგული გვაქვს, კიდევ ახალი ტერიტორიების დაკარგვის მუდმივი საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით, აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფო უნდა ამოვიდეს საკუთარი და არა „გირჩის“ ინტერესებიდან, რომ ასეთი კამპანიით „გირჩმა“ ხმები იშოვოს და გაურკვეველი ადამიანები პოლიტიკაში ატივტივოს.
„ამ ადამიანებს პოლიტიკასთან კი არა, ავანტიურასთან აქვთ შეხება. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ფორმა რომ არ არსებობდეს მსოფლიოში და ჩვენი გამოგონილი იყოს, კიდევ შეიძლებოდა მის მიზანშეწონილობაზე გვეფიქრა, რამდენად ღირს ჯარში ყველა ადამიანის გაწვევა, მაგრამ დემოკრატიული ქვეყნები მიმართავენ ამ ფორმას, აგერ, ისრაელში ქალები მიჰყავთ ჯარში და ამ თვალსაზრისით, სავალდებულო სამხედრო გაწვევა უალტერნატივოა“, - გვითხრა ნანა კაკაბაძემ.