მეგის ქარდავაც და ბაკურ სულაკაურიც...

მეგის ქარდავაც და ბაკურ სულაკაურიც...

დიდი ხანი მოვანდომე ფიქრს, დავწერო თუ არა. მე ხომ ჩემი თაობის ეპოქაში გავიზარდე და დღევანდელობის ჩემეული შეფასებაც ჩემი შვილიშვილების თაობას სულაც არ მოწონს. წვრილმანებს არ ვგულისხმობ, ცუდი და კარგი ყველა დროში ყოფილა, იმ დროის შესაფერისი, თუმცა განსჯის შესაძლებლობა და უფლება შემდგომი თაობების პრეროგატივად იქცა. ამასობაში, ისტორიის განსჯა იგვიანებს და მტყუან-მართალის გარჩევა სრულიად სხვა ვითარებაში აღზრდილ თაობას უწევს. ასე ხდება ახლაც.

იმის ნაცვლად, რომ კრიტიკულად შევაფასოთ განვლილი 30 წელი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და შეცდომები გავითვალისწინოთ, ერეკლე მეფეს მივადექით. ნაკლული ჭკუისა და აზროვნების, მიკერძოებული ადამიანების შესაფასებელი გახდა ის დრო და აღარაფერი უკლიათ მავანთ, ერეკლე მეფესთან ერთად კიდევ მრავალი დიდი ქართველი გამოაცხადონ მოღალატედ, ხოლო სააკაშვილი - აღმაშენებლად. ერეკლე მეორე არც ნოსტრადამუსი იყო და არც ვანგა, რომ ჩვენი საუკუნის მოვლენები განეჭვრიტა: ის მოქმედებდა იმ დროისა და სივრცის შესაბამისად და არც შემცდარა.

ახლა რა ხდება, სწორად ვაფასებთ შექმნილ ვითარებას? ქვეყანა, პასუხისმგებლიანი საზოგადოება ცდილობს ბეწვის ხიდზე გაიაროს, მშვიდობა შეინარჩუნოს და მუდმივად უხდება ბრძოლა მტრულად განწყობილ, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, საკუთარ მერკანტილურ ინტერესებზე მორგებულ რადიკალებთან. არც საქართველოს ისტორიის გადაწერას აკლებენ მცდელობას ისინი და არც საქართველოს ნებისმიერი ხერხით მტრობას.

გლობალური მოვლენების შეფასება და მომავლის სტრატეგიის დაგეგმვა, ცხადია, კვალიფიკაციას და გამოცდილებას მოითხოვს, რაც ასაკთან ერთად მოდის, მაგრამ არ და ვერ დაინახო და გაარჩიო კარგი და ცუდი, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, შენება და ნგრევა, ამას დიდი ასაკი და განსაკუთრებული გამოცდილება არ ჭირდება. მით უმეტეს, თუ შენ, ახალგაზრდა ადამიანი, პარლამენტში მოხვდი და დეპუტატი გქვია, ვალდებულიც ხარ, სწორად შეაფასო მიმდინარე მოვლენები და არ მოექცე ვიწროპარტიული ინტერესების გავლენის ქვეშ. მერე რა, რომ ოპოზიცია ხარ!

აი, ახლაც, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ბანერი სააკაშვილის, გვარამიასა და გრიგორიადისის გამოსახულებით და წარწერით - „თავისუფლება საქართველოს“. აქვეა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც. პირადად მე და, ალბათ, ბევრი სხვაც, აღაშფოთა ამ თავხედობამ - სამი გარეწარი საქართველოსთან არის გაიგივებული.

არადა, ერთმა რეპრესიული, დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, მეორე მის უკანონო ბრძანებებს „აპრავებდა“, ხოლო მესამემ მათი გათავისუფლების მოთხოვნით პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინა, ცოცხლად დასაწვავად გაწირა.

და რა დასანანია, რომ ახალგაზრდა ოპოზიციონერი პარლამენტარი, მიხეილ დაუშვილი, ვერ დადგა პარტიულ ინტერესებზე მაღლა და მკვლელებისა და მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვს.

რას ეუბნება ამით ახალგაზრდებს დაუშვილი? რას და - დაანგრიეთ, დაარბიეთ, დაწვით, ააოხრეთ, შეურაცხყოფა მიაყენეთ, სასიკვდილოდ გაწირეთ ადამიანები და ეს არ იქნება დასჯადიო.

მეგონა, საღად აზროვნებდა... ვინ იცის, რამდენია ასეთი პარლამენტში, პოლიტიკაში და მთლიანად საზოგადოებაში!

და მაშინ, რა მოვთხოვოთ იმ სტუდენტებს, რომლებსაც უმაღლეს სასწავლებლებში მოკალათებული ნაცები ურევენ გონებას? ან იმ ბავშვებს, რომლებსაც ბაღის ასაკიდან მოყოლებული და შემდეგ უკვე სკოლაში ჩასძახიან ფსევდოლიბერალურ სისულელეებს...

რადიკალურმა ოპოზიციამ ვერაფერი კარგი ვერ დაინახა პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ მრავალათასიან აქციაში, რადგან ამ წლებისა და ათწლეულების განმავლობაში „ვერაფერი ისწავლეს და ვერაფერი დაივიწყეს“.

ხელისუფლებაში უნდათ!

როცა იყვნენ, რა გააკეთეს? - მკვლელობა, წამება, რეკეტი, ელიტარული კორუფცია, ტერიტორიებისა და სტრატეგიული ობიექტების მტრისთვის გადაცემა, მშვიდობიანი აქციების რბევა, ნულოვანი ტოლერანტობა, დასავლური, დემოკრატიული ფასეულობების დისკრედიტაცია, ნიჰილიზმი, შიში...

ამაზე უნდა დაფიქრდეს ახალგაზრდობა და ისე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ყველას უნდა დაერქვას თავისი სახელი, მეგის ქარდავა იქნება ეს თუ ბაკურ სულაკაური.

ცუგო- ასეთი წერილის წამკითხველი, მოინდომებ, რომ რაღაც დაამატო, რადგან ისაა, რაც შენც სულ გაწუხებს, მერე მიხვდები, რომ იმდენად ლაკონურად არის ნათქვამი, ვეღარ ამატებ... იკითხე და იფიქრე...
კარგია! მადლობა ავტორს!
1 წლის უკან