კეზერაშვილის შემდეგ ევროპელი პენსიონერები ძმები ვაშაძეების და არახამიას სამიზნე გახდნენ

კეზერაშვილის შემდეგ ევროპელი პენსიონერები ძმები ვაშაძეების და არახამიას სამიზნე გახდნენ

გიორგი ვაშაძის ძმა იმ საოფისე ფართებთან კავშირს უარყოფს, სადაც „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდა. აღმაშენებლის გამზირის N 75-ში რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ რამდენიმე საოფისე ფართი დალუქულია. ოფისებიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრო მოწყობილობები. სპეცოპერაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ე.წ. ქოლ-ცენტრი დეპუტატ გიორგი ვაშაძეს, მის ძმას, დავით ვაშაძეს და „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელს, დავით არახამიას ეკუთვნოდათ.

„ქოლ-ცენტრებთან“ სავარაუდო კავშირს უარყოფს დავით ვაშაძე, რომლის განმარტებით, იმ შენობაში, სადაც ოფისებია დალუქული, ის 25%-იანი წილის მფლობელია, თუმცა აღნიშნულ ფართზე მას სასტუმრო აქვს და დანარჩენ ფართებთან არც შეხება აქვს და არც გადაწყვეტილებების მიმღები არ არის.

„მეორე სართულზე არის სასტუმრო, რომელიც ჩემია. შესაბამისად, ამ შენობაში ჩემი ნაწილი, მხოლოდ ეს სასტუმროა, არანაირ გადაწყვეტილებაში ჩართული არ ვარ. შენობის 25% ჩემია, მაგრამ ეს 25% მეორე სართულზე მდებარე სასტუმროა. ჩემს სასტუმროზე ქვედა მხრიდან პრობლემა მაქვს, ხშირად, ხან დისკოკლუბი იყო, ხან კარაოკეკლუბი, რაც სასტუმროს ხელს უშლიდა, ბევრჯერ პოლიციაც მყავს გამოძახებული. გუშინ სასტუმროდან დამირეკეს, მართლწესრიგის ოფიცერი კითხულობდა, თუ რა იყო ზემოთ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მქონდა, რადგან ფართი დაკეტილი იყო, ადრე კი ფრანგული ინსტიტუტი იყო“, - განაცხადა დავით ვაშაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძე სასტუმროს 25%-ის მფლობელია, აცხადებს, რომ მისთვის ისიც უცნობია, ვის ჰქონდა ამჟამად დალუქული ფართები ნაქირავები. აცხადებს, რომ როგორც 25%-ის მფლობელს, საერთოდ არანაირი უფლება არ აქვს უძრავ ქონებაში ხელშეკრულებების გაფორმებაში გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან შპს-ში ყველანაირ გადაწყვეტილებას დირექტორი იღებს.

ე.წ. ქოლ-ცენტრის კიდევ ერთი სავარაუდო მფლობელი გიორგი ვაშაძე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მედიისთვის მიუწვდომელი იყო, მხოლოდ დღის მეორე ნახევარში გამოჩნდა და აღნიშნა, რომ „ქოლ ცენტრების“ უკან დგანან სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, შს მინისტრი და მთავარი პროკურორი. მისი თქმით, მსგავსი ბრალდებებით მისი გაჩერება სურთ, რასაც ვერ მიაღწევენ.

ამასთან, ვაშაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მათი კუთვნილი კომპიუტერებია ამოღებული და აღნიშნავს, რომ დალუქულ ოფისებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მისივე თქმით, ევროპელ სამართალდამცავებს მიაწოდებს ინფორმაციას, რომ ლილუაშვილი დგას საქართველოში „ქოლ-ცენტრების“ სათავეში და საზოგადოება ნახავს, რომ ამ საქმეზე მაღალი თანამდებობის პირები წავლენ ციხეში.

„ქოლ-ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები, დამნაშავეები, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! მე ვერ გამაჩერებთ! გინდათ გავჩერდე, ჩვენ უკან დავიხიოთ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, ვერ მოგართვით! ეს არ მოხდება. ცამდე მართალი ვარ მე, ცამდე მართალია ჩემი ძმა და ყველა ცამდე მართლები ვართ თქვენი მავნებლური, თაღლითური, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ.

რაიმე მტკიცებულება რომ არსებობდეს, ხომ გვაჩვენებდნენ?! ვეუბნები, ფეხები მომჭამეთ ძირში-თქო, რადგან ცამდე მართალი ვარ და ვერაფერს იზამენ. რატომ არ დააკავეს იმ შპს-ს დირექტორი? თუ ამ ოფისში დანაშაული ხდებოდა, რატომ არ დააკავეს, ვინმე გაიგეთ რომ პასუხისგებაშია მიცემული? არავინ არის მიცემული პასუხისგებაში, რადგან თვითონ არიან ძარცვის სათავეში. სამი წელია გამოძიება მიდის, ვინმე ნახეთ დაკავებული, ვინც ამას აორგანიზებს? - სამი ახალგაზრდა დააკავეს და მერე გამოუშვეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გამოძიების დეტალებში არ შედის შს მინისტრი, რომელიც განცხადებით, თუკი ძალოვანი უწყების მფარველობის ქვეშ არის ე.წ. ქოლ-ცენტრები, მაშინ რატომ ხდება ოფისების დალუქვა და ადამიანების დაკავება? როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე რამდენიმე უწყება ერთად მუშაობს.

„ჩვენ თუ ვმფარველობთ „ქოლ-ცენტრებს“და ჩვენი თუა, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია. ჩვენ ვააშკარავებთ ნამდვილად. დაველოდოთ გამოძიებას. დეტალებში არ შევალ. ალბათ, ფინანსური პოლიცია გააკეთებს ამაზე განცხადებას, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით როგორც ფინანსური პოლიცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყება, რათა მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

BBC-ის სკანდალური გამოძიების შემდეგ ე.წ. ქოლცენტრების საქმე უფრო მასშტაბური გახდა. 24 თებერვალს ONGO.GE-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელის თანახმად, აღმოჩენილი და დალუქულია ჟურნალისტ ელისო კილაძის, ადვოკატ ვალერი გელბახიანის და ბიზნესმენ გივი ჯიბლაძის ქოლცენტრი. 20 აპრილს ბიზნეს-ცენტრ „ატრიუმში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა და ორი ოფისი დალუქა. შემოწმების შედეგად წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა. ე.წ. ქოლ ცენტრის საქმეზე ყაზახეთში, ალმათში საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს. ასევე, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, გერმანაში „მისტერ ოფშორის“ იგივე დავით კეზერაშვილის მარჯვენა ხელი, ყოფილი ფეხბურთელი, რატი ალექსიძე დააკავეს.

საერთაშორისო გამოძიებაში, რომელიც ევროჯასტის ქოლგის ქვეშ რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად მიმდინარეობს, ასევე ჩართულია საქართველოს პროკურატურა. საერთაშორისო გამოძიება ამ დრომდე იკვლევს, ვინ დგას ევროპელი პენსიონერებისთვის წართმეული მილიონების უკან. BBC-ის გამოძიებით კი ყველა კვალი კეზერაშვილამდე მიდის, თუმცა „მისტერ ოფშორის“ გარემოცვას ისრები სხვა მხარეს და კერძოდ ხელისუფლების მხარეს გადააქვს. ერთი მხრივ, ევროპელი პენსიონერების ძარცვაში დადანაშაულებული კეზერაშვილი ამბობს, რომ ე.წ. ქოლცენტრებთან საერთო არ აქვს, თუმცა მეორე მხრივ ამბობს, რომ გამოააშკარავებს იმ პირებს, რომლებიც ჩართული არიან ქოლცენტრების საქმეში.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის პროპაგანდისტი“ ჟურნალისტის სამუშაო ადგილზე აღმოჩნდა „ქოლ-ცენტრი“, ახალი ინფორმაცია არის ვაშაძის და არახამიას „ქოლ-ცენტრები“. მდინარაძე სვამს რიტორიკულ კითხვას, რატომ არის ამდენი დამთხვევა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტებისა და დამფინანსებლების მიმართულებით?

„ქართველმა სამართალდამცველებმა უამრავი საქმე გახსნეს და გერმანიის სამართალდამცველებთან ერთად ჩატარებულ ბრიფინგებზე კონკრეტული მიმართულება იყო გამოკვეთილი; ამის შემდეგ BBC-ის ფილმი ვნახეთ და იქაც კონკრეტული მიმართულება იყო გამოკვეთილი; შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე თუ პროპაგანდისტი ჟურნალისტის სამუშაო ადგილზე აღმოჩნდა „ქოლ-ცენტრი“; ახლა უკვე უცხელესი ინფორმაციაა ვაშაძის და არახამიას „ქოლ-ცენტრებზე“.

ზოგჯერ ამბობენ, რომ გაქირავებულია, ზოგჯერ ამბობენ, რომ ტურისტული კომპანიაა, ახლა ახალი ვერსიაა, რომ სასტუმროა. რატომ ემთხვევა ასე? „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტების და დამფინანსებლების მიმართულებით ამდენი რამე დაემთხვა? ახლა გასაგებია რატომ უნდა ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა - ხელი შეუშალონ გამოძიებას და მის რეალურ მიმართულებას; რაც შეიძლება დეტალურად ჩაიხედონ ამ საქმეში. სხვადასხვა მიმართულებით ეს კლასტერი უკვე გახვეულია „ქოლ-ცენტრების“ საქმეში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყალიბებას ოპოზიცია უკვე ორი კვირაა უშედეგოდ ცდილობს. პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქოლ-ცენტრები“ ეს არის კრიმინალური ბიზნესი, რაც დიდი უბედურებაა ქვეყნისა და მისი საერთაშორისო იმიჯისთვის. ხაზარაძე აცხადებს, რომ ყველა დასასჯელია კანონის მთელი სიმკაცრით, ვინც ამ სქემაშია ჩართული, რადგან ახალგაზრდების კრიმინალსა და ადამიანების ძარცვაში ჩართვა მათი ცხოვრებისა და მომავლის დამახინჯებაა.

„ყველამ ვიცით, რომ ასეთი სტრუქტურები მთავრობისა და ხელისუფლების მფარველობის გარეშე ვერ იარსებებს. ყველა დასასჯელია კანონის მთელი სიმკაცრით, ვინც ამ სქემაშია ჩართული, მონაწილეობს, მფარველობს, ან იცის და ჩუმადაა. თუმცა, რა გასაკვირია, პრემიერის ოფისში, კანცელარიაში, ბოტებისა და ტროლების ფაბრიკაა გახსნილი“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

„მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დღისით, მზისით, მთელ საქართველოში, „ქოლ-ცენტრები“ ისეა მოწყობილი, რომ არ სჯერა სუს-მა და „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი იცოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბევრი კითხვაა და საგამოძიებო კომისიის შექმნას სწორედ ამიტომ უჭერდა მხარს, რომ პასუხები მიეღო.

„რასაც ვუყურებ, მგონი მე და მამაჩემს არ გვაქვს „ქოლ ცენტრი“, თორემ დანარჩენი ყველა პენსიონერებს ატყავებდა. მე პირადად იმიტომ მინდოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ გაგვეგო, მართლა რა ხდება. როგორც ჩანს, „ნაცი“, „ქოცი“, დიდი, პატარა, ყველა ერთად შეიკრა, რომ ევროპელი პენსიონერები გავატყავოთ.

ჩემთვის თანაბრად საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია პენსიონერების ძარცვით, არ აქვს მნიშვნელობა კეზერაშვილი იქნება თუ სხვა, ჩემი ნათესავი რომ იყოს სისხლით, იმასაც შევიძულებდი მთელი ცხოვრება. ბევრი კითხვაა, მე არ მჯერა, რომ ქალაქის ცენტრში, დღისით, მზისით, მთელ საქართველოში, ყველა ქალაქში „ქოლ ცენტრები“ ისეა მოწყობილი, რომ სუს-მა არაფერი იცის, „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი იცოდა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.