„ვისაც ეს სიტუაცია არ უნდა, მის ოჯახში მისურვებია სიძედ თაბაგარი და დედოფლად კონჩიტა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ“

„ვისაც ეს სიტუაცია არ უნდა, მის ოჯახში მისურვებია სიძედ თაბაგარი და დედოფლად კონჩიტა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ“

უნგრეთის პარლამენტმა ჯერ კიდევ 2021 მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს სკოლებში ისეთი ინფორმაციის განხილვას და გავრცელებას, რომელიც, ჰომოსექსუალობას და სქესის შეცვლას უწყობს ხელს. აკრძალვა ვრცელდება ასევე რეკლამაზე, რომელშიც ჰომოსექსუალები ან ტრანსგენდერები ნორმალურ ადამიანებად არიან წარმოდგენილი. კრიტიკოსებმა კანონი ლგბტ ადამიანების უფლებებზე თავდასხმად შეაფასეს.

სწორედ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითხოვს ხელისუფლებისგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. გახდება თუ არა მოთხოვნა უკვე კანონი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ლგბტ თემი და ა-ო აცხადებენ, რომ კანონის მიღება „ხელყოფს ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ახალგაზრდობის“ უფლებებს. ისინი ამ აკრძალვებს ადარებენ რუსეთში 2013 წელს მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს, რომელიც კრძალავს ე.წ. „გეი პროპაგანდას“, რასაც უფლებადამცველები დისკრიმინაციის იარაღად მიიჩნევენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში, ყოველთვის იქნება ასე, ქალს ერქმევა დედა, ხოლო მამაკაცს მამა, ამ ერთობას კი ოჯახი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ბრძენი და ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებშია - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

„საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. არსებითად, ეს ფასეულობები ერთ წიგნში - სახარებაშია თავმოყრილი. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ვამტკიცებთ. ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა - ქალია, მამა კი - კაცი. იმ ადამიანების, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უფლებებს, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას, რომლის შედეგადაც ჩვენმა პარტიამ მოგვიანებით კონსტიტუციაში შეიტანა ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის დეფინიცია.

ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ, ოჯახურ ღირებულებს იზიარებს. მე ოთხი შვილის მამა გახლავართ და ქართველი მშობლების უდიდეს უმრავლესობასთან ერთად, მსურს ჩვენი მომავალი თაობები ქრისტიანობაზე დაფუძნებულ უნიკალურ ღირებულებზე აღიზარდონ, ისე, როგორც ჩვენ აღგვზარდეს ჩვენმა მშობლებმა.

ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, მაგრამ როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითმყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გენდერული და ლგბტ მოძრაობები ძირს უთხრიან დასავლურ ღირებულებებს. როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, მათი პოლიტიკის მთავარი მიზანი არის, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს არ მისცენ იმის საშუალება, რომ ტრადიციებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ.

„გენდერული და ლგბტ მოძრაობები ძირს უთხრიან დასავლურ ღირებულებებს და თუ ამ ყველაფერს გააჟღერებთ, თუ იტყვით, რომ უნივერსიტეტებში არ უნდა ტარდებოდეს იდეოლოგიური ტრენინგები, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღმოჩნდებით დაუყოვნებელი თავდასხმის ქვეშ, რადგან ბრალად დაგდებენ თავისუფლების წინააღმდეგ იერიშის მიტანას, პუტინის მხარდამჭერობას.

ჩვენ ეს ყველაფერი ყელში ამოგვივიდა ბუდაპეშტში, მაგრამ ამ ყველაფერს მსუბუქად ვერ შევხედავთ. მათი პოლიტიკის მთავარი მიზანი არის, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს არ მისცეს იმის საშუალება, რომ ტრადიციებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი ამ პროცესში“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

პრემიერს რიტორიკას უწუნებს ოპოზიცია. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილი მძიმე ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა, ერთმანეთში ურევს პატრიოტიზმს, კონსერვატიზმსა და რუსულ გზავნილებს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ იდეოლოგია ძალადობასა და უმცირესობების დაჩაგვრაზე დგას.

„სხვათა შორის, ორბანი 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი იყო და მას ეს კარგად უნდა ახსოვდეს. ორბანი საქართველოში ჩამოვიდა და სააკაშვილს ღიად დაუჭირა მხარი. ამიტომ მას უახლოესი ისტორია უნდა ახსოვდეს. „ქართული ოცნების“ იდეოლოგია დგას ძალადობასა და უმცირესობების დაჩაგვრაზე, მათ სხვა იდეოლოგია არ აქვთ. ზიზღით გაჟღენთილი მომავლის ადგილი საქართველოში არ არის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთელი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება შემდგომი არჩევნებისთვის და ამას გადააყოლონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები. როგორც ჯაფარიძე ამბობს, „ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, სხვას დააბრალოს.

„ამზადებენ არსენალს საზოგადოებაში დაძაბულობის შემოსატანად, დამატებითი განხეთქილების შემოსატანად და სინამდვილეში, ცხადია, მათ ესმით, რომ რამდენადაც არ აპირებენ რეკომენდაციების განხორციელებას, ქვეყანას უმცირებენ შანსს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამიტომ ამზადებენ სამოქმედო გეგმა „ბ“- ს, რომელიც სწორედ იმისკენ იქნება მიმართული, რომ შემოიტანონ ისეთი თემები, რაც ააღელვებს საზოგადოებას, გააღრმავებს დაპირისპირებას და ამ ტალღაზე იქნებ შეინარჩუნონ ძალაუფლება 2024 წელს.

არ აპირებენ უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციების განხორციელებას. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მთელი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება შემდგომი არჩევნებისთვის და ამას გადააყოლონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც ლგბტ თემის მთავარი პროპაგანდისტია, აცხადებს, რომ ღარიბაშვილის „ოჯახის დაცვის“ რიტორიკა ისეთივე ყალბია, როგორც მისი ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც გაუუქმეს.

„ის არის კაცი, რომელმაც საკუთარი შვილის თანატოლი ბავშვები ქვეყნის მტრებად გამოაცხადა „ფრანკლინის კლუბის“ დისკუსიებში მონაწილეობის გამო, თვითონ კი შვილი ამერიკაში, ფრანკლინის მიერ დაარსებულ, ლიბერალიზმის პრინციპებზე მდგარ პენსილვანიის უნივერსიტეტში გაუშვა სასწავლებლად. დედების, მამების და ბავშვების პატივისცემაზე გვმოძღვრავს კაცი, რომელიც მის სამსახურთან გაყინული და ნატანჯი დედების ცრემლებს და მოთქმას აყურებინებს მათ შვილებს და ქმრებს, თვითონ კი ერთხელაც არ შეწუხებულა მათთვის მოესმინა.

მას ჰგონია, რომ ოჯახის პატივისცემა მამისთვის ღვინის ქარხნის, ხოლო ცოლისთვის სახელმწიფო ტყის ჩუქებაა. სინამდვილეში, ღარიბაშვილი კონსერვატორი კი არა, კორუმპირებული კაცია. სამწუხაროდ, მისი ქცევა და რიტორიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართული დაბრკოლებაა ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - წერს ნინო ლომჯარია.

ლგბტ თემის პროპაგანდის აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომლის განცხადებით, საშინელებაა როცა გვიწევს იმის მტკიცება, რომ ორჯერ ორი ოთხია, იმიტომ, რომ სხვადასხვა კუთხიდან შემოდის ალტერნატიული ვარიანტი. ანალიტიკოსის შეფასებით, როგორც ჩანს, მსოფლიო თავისი სიგიჟით შედის იმ სტადიაში, როდესაც ნორმალური ადამიანებით დასახლებულ და ნორმალურ ტრადიცულ ქვეყნებს მოუწევთ მამაკაცისა და დედაკაცის განმარტება და ამ ყველაფრის გამაგრება კონსტიტუციური ჩანაწერებით.

„მოგვიწევს ჩვენთვის ნაცნობი ბიბლიური ჭეშმარიტეტების კონსტიტუციის და კანონის დონეზე დაცვა. ამას, სამწუხაროდ, ითხოვს ჩვენგან ის გამრუდებული რეალობა, რომელსაც ქმნიან ეს ფსევდო ლიბერალები მთელს მსოფლიოში. რომც დაგვჭირდეს ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ეს აღარ ჟღერს სასაცილოდ. იმ ბანაკის წევრებს, რომლებიც ამ სისულელეს, სიგიჟეს თავს ახვევენ მსოფლიოს, საღლიცინოდ არ ეყოფათ ჩვენი ეს კონსტიტუციური მტკიცება იმისა, რითი განსხვავდება კაცი ქალისგან და ქალი კაცისგან.

სამწუხაროდ, ისინი ამ მოცემულობის წინაშე გვაყენებენ, რათა მათგან კანონის და კონსტიტუციის დონეზე შეგვეძლოს თავისა და ჩვენი ღირებულებების დაცვა. რა თქმა უნდა, ლგბტ პროპაგანდა უნდა აიკრძალოს, ყველა ამისთვის საჭირო საშუალებებით უნდა აიკრძალოს საინფორმაციო სივრცეში, ბეჭვდით ინდუსტრიაში, საგანმანათლებო სფეროში და ზოგადად, ლგბტ ყველანაირი პროპაგანდის გამოვლინება უნდა აიკრძალოს კანონის სახით. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ადამიანის შეხედულებას, ვინ როგორ ცხოვრობს, ვის რა პირადი ფორმა აქვს საკუთარი თავისთვის შერჩეული, ეს არის ამ ადამიანის უფლება, მაგრამ არავის არ უნდა მივცეთ უფლება, ამ გამრუდებული რეალობის პროპაგანდის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ლგბტ თემის პროპაგანდის აკრძალვას მხარს უჭერს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე, რომლის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კაცობრიობა გაჩნდა, იყვნენ და არიან ჰომოსექსუალები, ლესბოსელები, მაგრამ მათ საქართველოში არავინ არასოდეს არ ავიწროებდა, მაგრამ აუცილებლად უნდა შეწყდეს ამის პროპაგანდა.

„ეს საკანონმდებლო აქტი უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა. პრემიერის გამოსვლისა და უკანასკნელი მოვლენების შემდეგ, როდესაც მიმდინარეობს აშკარად შეტევა სამ ტრიადაზე, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს სახელმწიფო, რომელიც არის - მამული, ენა და სარწმუნოება, აუცილებლად მისაღებია ეს კანონი და ვფიქრობ, ხელისუფლება ამას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცუდი იქნება და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ყოველივე შეუქმნის ძალიან ცუდ ნიადაგს ქართული სახელმწიფოს შემდგომ განვითარებას. ვერ განვვითარდებით, ვინაიდან ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი და ჩვენ ვართ ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობილი, სწორედ რელიგიამ და მართლამდიდებლობამ მოიყვანა ეს ქვეყანა აქამდე. ჩვენი წინაპრების სისხლითა და ოფლით გაპოხილი მიწა, ახლა ვიღაცა კონჩიტებს ჩავაბაროთ, ეს არ მოხდება! არავინ საქართველოში არავის არაფერს არ უშლის. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ არ მივიღოთ კანონი“, - აცხადებს გვენეტაძე.

მისი თქმით, უნდა აიკრძალოს პროპაგანდა და არა ლგბტ თემის არსებობა და მათი ადამიანური უფლებები. ანალიტიკოსის განცხადებით, არ უნდა ისეთი ევროპა, სადაც მის პატარა შვილიშვილს ეტყვიან, რომ თავად აირჩიოს სქესი.

„არ მინდა ის ევროპა, სადაც იქნება ნომერ პირველი მამა და ნომერ პირველი დედა. დედას უნდა ერქვას დედა, მამას-მამა, ბაბუას-ბაბუა, ბებიას-ბებია. ასე იყო ჩვენი წინაპრებისგან მოყოლებული და ვისაც ეს სიტუაცია არ უნდა, მის ოჯახში მისურვებია სიძედ თაბაგარი და დედოფლად კონჩიტა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ და გამრავლებულიყვნენ თაბაგართან და კონჩიტასთან ერთად, ისიამოვნონ და იყვნენ. მაგრამ ქუჩაში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სახელმწიფო დაწესებულებებში ამის პროპაგანდის წინააღმდეგი ვარ. აუცილებელია ხელისუფლებამ აკრძალოს ლგბტ-ს პროპაგანდა. გაკეთებულია ეს უნგრეთში და მშვენივრად არის ევროკაშვირის და ნატოს წევრი. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ შექმნილი გეპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, კანდიდატად კი არა, წევრადაც მიგვიღებენ, ნახავთ აგერ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.