„ნაცმოძრაობის“ მიტოზი - მელია, სავარაუდოდ, ვეტერან მიშისტებთან ერთად, ახალ პარტიას ქმნის

„ნაცმოძრაობის“ მიტოზი - მელია, სავარაუდოდ, ვეტერან მიშისტებთან ერთად, ახალ პარტიას ქმნის

„ნაციოანლურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება შესაძლოა დიდი პოლიტკური გაყრით დასრულდეს. როგორც for.ge-ს წყარო უყვება, ნიკა მელია ენმ-იდან წასვლას და ახალი პარტიის შექმნას აპირებს. ის ხატია დეკანოიძესთან და სხვა ვეტერან პოლიტიკოსებთან ერთად 2024 წლის არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას შეეცდება. მელიას პარტიაში უკვე ყველა მიმართულებიდან ავიწროვებენ. როგორც ცნობილი ხდება, ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს საბოლოო ფორმირებისა და ადგილებზე პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად ყველა რაიონულ ორგანიზაციაში, კერძოდ, 63 მუნიციპალიტეტში, არჩევნები დანიშნა. მისი გადაწყვეტილებით არჩევნები განსაზღვრული გრაფიკით, 17-20 მაისს გაიმართება. ამიტომ მოსალოდენლია, რომ რაიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ. არაა გამორიცხული, ეს რეგიონებში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს და უმეტესი მათგანი ნიკა მელიას გაყვეს. ენმ-ში ამბობენ, რომ იმის მაგივრად ხაბეიშვილმა დაპირება შესრულოს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე იყოს ორინეტირებული, ის ენმ-ში გავლენების გაძლიერებას ცდილობს. ეს კი ვეტერან პოლიტიკოსებში, რომლებიც ე.წ. მიშისტებად ითვლებიან, დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ამიტომ, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ნაციონალების პოლიტიკურ გაყრას უნდა ველოდოთ.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ ნიკა მელიას ორი შანსი აქვს, ან დროზე უნდა გამოეყოს ენმ-ს და ახალი პოლიტიკური პალატფორმა შექმნას, რადგან არავინ იცის, როდის რა მოხდება. მეორე ვარიანტში კი, შემოდგომამდე დაიცადოს, ლევან ხაბეიშვილის უმოქმედობის გამო, თუკი ახალი არჩევნები დაინიშნება, მას ხელახლა უკან დაბრუნების შანსიც შეიძლება მიეცეს. თუმცა, დიდი ალბათობით, სჯობს, პარტია დატოვოს.

ნიკა მელია კი არჩევნების ჩატარებას შემდეგნაირად ეხმაურება:

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რჩება სულ რამდენიმე კვირა და ახლა ეს არის საკითხი, სადაც ერთიანობის და მონოლითურობის დემონსტრირება არის უდიდესი მნიშვნელობის ამოცანა. ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს დაპირისპირების, დეზინტეგრაციის და გაუცხოვების გაღრმავებას. დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი, რადგან დაუშვებლად მიგვაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებებისა და თავდასხმების ახალი კერების გაჩენა, როგორც მინიმუმ:

  1. მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე;
  2. იმ სამოქმედო გეგმის დასახვამდე და განხორციელებამდე, რაც შეიძლება თან ახლდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას (მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება იგი) პარტიის მხრიდან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვასკვნით: ამ უმთავრესი საკითხის მიღმა, მით უმეტეს, ასეთ კრიტიკულ დროსა და ვითარებაში, ყველა შიდაპარტიული საკითხი და, განსაკუთრებით, მწვავე საარჩევნო კამპანიები არის სავსებით არაპირველხარისხოვანი და უფრო მეტიც, შესაძლოა, იყოს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის“.

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე კი ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს. კითხვაზე, – „შეიძლება შექმნათ ახალი პარტია?“ – ხატია დეკანოიძე პასუხობს: „არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“.

ამასთან, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ არ გამორიცხავს მათთან პარტნიორობას, ვინც მომავალი ბრძოლის ნაწილში მიაჩნია.

„ლანდშაფტი შეიძლება შეიცვალოს. ნიკა ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ამიტომ სამომავლო გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პარტნიორობას არ გამოვრიცხავ მათთან, ვინც მიმაჩნია მომავალი ბრძოლის ნაწილში. მნიშვნელოვანია, შევძლოთ ჩვენი ადგილის მონახვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა სრულიად მოსალოდნელია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას თუ პარტიის დატოვება გადაწყევტილი აქვს, ეს დროზე უნდა გააკეთოს, რადგან პროცესები ქვეყანაში იმდენად სწრაფად ვითარდება, შესაძლოა, ხელისუფლებამ რიგგარეშე არჩევნებიც კი დანიშნოს. ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მელიას ახლა მხოლოდ ორი არჩევანი აქვს, ან პარტია ახლავე დატოვოს, ან კიდევ შემოდგომამდე დაიცადოს, რადგან ენმ-ში, დიდი ალბათობით, შეიძლება ხელახალი არჩევნებიც კი დაინიშნოს.

„დიდი ალბათობით, მელიას უკან ისევ თავმჯდომარის პოსტზე არავინ აღარ დააბრუნებს, მის მოსაშორებლად კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა ყველაფერი გააკეთეს. ამიტომ ვვარაუდობ, რომ, დიდი ალბათობით, შემდოგომაზე არჩევნები დაინიშნება და ხაბეიშვილს თავმჯდომარეობიდან გადააყენებენ. მელიას კი უკან დაბრუნების შანსი მგონია ნაკლებად აქვს. ამიტომ ვურჩევ, თუკი პარტიის შექმნა აქვს გადაწყვეტილი, დროზე გამოეყოს. მელიას როგორც შიდა არჩევნებში ვნახეთ, თითქმის, ხაბეიშვილის მსგავსი მხარადჭერა აქვს. ნახევარი პარტიის ელექტორატი მას უჭერს მხარს. ამიტომ მისი და მისი გუნდის წასვლის შემთხვევაში ის მხარდამჭერების მნიშვნელოვან რაოდენობას გაიყოლებს. ვფიქრობ, ენმ-ს ამომრჩეველი ორ ნაწილად გაიყოფა. ეს არ იქნება 2016 წლის მსგავსი გაყოფა, როცა „ევროპულმა საქართველომ“ ნაციონალების 15% გაიყოლა, მგონია მელიას გასვლა უფრო დიდი დარტყმას მიაყენებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა სააკაშვილის რეიტინგი საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია და ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დიდი გავლენით აღარ სარგებლობს. თუმცა, ყველა კვლევის მიხედვით ენმ-ის მხარდამჭერთა რაოდენობა, მაინც სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს, მელია ცალკეც რომ წავიდეს, 5%-იან ბარიერს მაინც გადალახავენ. იგივე მოხდება მელიას შემთხვევაშიც. მგონი 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტკოსი გია აბაშიძე კი ფიქრობს, რომ ენმ-ის ზიანი მელიას დატოვების შემთხვევაში იმაზე იქნება დამოკიდებული,  პარტიიდან რომელ პოლიტიკურ ლიდერს გაიყოლებს. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი ის შეძლებს ვეტერანი პოლიტიკოსების გადაბირებას, მაშინ პროცესები ნაციონალების გარშემო უფრო მძიმედ განვითარდება.

„დიდი ალბათობით, მელიას ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ამაზე კარს მიღმა უკვე, ალბათ, მჯელობს, თუმცა ცდილობს სხვა პოლიტიკური ლიდერებიც გადაიბიროს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ვეტერანი პოლიტიკოსების პასუხს ელოდება. ის იცდის და დროის მოგებას ცდილობს. ამის პარალელურად, ენმ-ის ამომრჩეველს აჩვენებს, რომ ის, რის გამოც პარტიის თავმჯდომარეობიდან გაუშვეს, ტყუილი იყო, რადგან ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის გასათავისუფლებლად ბრძოლას არ აპირებს. ამიტომ, მგონია, წასვლისას, როგორც ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე პარტიის ძველ სახეებს გაიყოლებს. ვფიქრობ, ენმ-ზე დარტყმის სიმძიმე სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. არაა გამორიცხული, მელიამ ვაშაძის, ხოშტარიას და ჯაფარიძის გადაბირებაც სცადოს. ამით პარტიას გაამსხვილებს და ეცდება, რაღაცა ახალი პოლიტიკური ძალა შექმნას. მელიამ შიდა არჩევნებით აჩვენა, რომ ელექტორატი ნამდვილად ჰყავს და სჯობია, ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღოს. ის ამ ხმების რაოდენობის შენარჩუნებას ახლა უფრო შეძლებს. რაც უფრო დრო გავა, ეს შანსები უფრო დაიკლებს. უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, მელიას და ხაბეიშვილის ფლანგის გაყოფა გარდაუვალია. საკმაოდ საინტერესო მოვლენები გველის“, - ამბობს აბაშიძე.