ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში - ირაკლი ღარიბაშვილი უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ასევე, განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა.
აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობა. უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რომელსაც ქვეყანა წლის ბოლოსათვის ელოდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC). მთავრობის მეთაურმა კონფერენციაზე რამოდენიმე გზავნილი გააჟღერა, რომელთა უმრავლესობა არაერთი ქვეყნისთვის საერთო ღირებულებებს წარმოადგენს. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. პრემიერმა საერთაშორისო ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
„ჩვენ ხელისუფლების შრომის მონაპოვარია ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, დღეს უკვე - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება. დღეს ჩვენ ევროპისაგან ველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის დამსახურებული აღიარება იქნება. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს და რომელიც ყველას ეხება. დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველას მიზანი და ამოცანაა მშვიდობის უზრუნველყოფა.
„დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის მიზანი და ამოცანა - მშვიდობის უზრუნველყოფაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების, ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადავიტანეთ მძიმე ომი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში, ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო, ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე ერია, მაგრამ როდესაც საჭიროა, ჩვენ თავდადებით ვიბრძვით თავისუფლების, საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოს დასაცავად.
ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ისტორიაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში. ის, რაც მთელ მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში ხდება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დრამატული მოვლენებია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეუძლიათ ისწავლონ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები.
„მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებში ოპოზიციამ პრორუსული ნარატივი ამოიკითხა და აცხადებენ, რომ პრემიერის განცხადებები დაშორებული იყო ევროპული ღირებულებებისგან. ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველო ევროპაში იყო, არის და იქნება მიუხედავად იმ „ფორსმაჟორული“ პერიოდებისა, რომლებიც თვით ევროპულ ტრადიციულ და კონსერვატიულ ფასეულობებს არყევდნენ. როგორც ქართველიშვილი ამბობს, ჩვენ გვაქვს დასნეულებული ევროპისთვის მისი გამოჯანსაღებისთვის მაგალითის მიმცემი ძალა და ამ გზაზე არ ვართ მარტონი, უნგრეთით დაწყებული ევროპა ნელ-ნელა გამოდის თავის მრავალწლიანი ფსევდოლიბერალური ლიტურგიული ძილიდან.
„საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება უკვე არა საქართველოს, არამედ ევროკავშირს დააზარალებს, რადგან ჩვენს ქვეყანას აქვს რესურსი, რომ დასნეულებულ ევროპას მისცეს გამოჯანსაღებისთვის საჭირო ძალა. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ტრადიციული საბაზისო ფასეულობების არა განიავება და დახურდავება, არამედ ექსპორტი მოვახდინოთ ევროპაში, რომლის სრულფასოვანი წევრი მხოლოდ ამ ფასეულობებით თუ გავხდებით. თუმცა, უკვე ამ ეტაპზე, წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის უკვე არა ჩვენი, არამედ ევროპის სირცხვილს წარმოადგენს.
ამ ვიზიტით ღარიბაშვილი დადგა კონსერვატიული მსოფლიოს მხარეზე, როდესაც თვითონ ევროკავშირი განიცდის ფასეულობების კრიზისს. უფრო სერიოზულ ფასეულობების კრიზისს განიცდის ამერიკა. პრემიერის ტრიუმფალური გამოსვლის პირველი გზავნილია: მე, თქვენს კონსერვატიული, ტრადიციული, ქრისტაინული სამყაროს ნაწილი ვარ და თქვენს გვერდში ვდგავარ. და მეორე - ეს იყო პრეზენტაცია საქართველოსი, რომელმაც ძალიან ბევრ იმპერიას და ცივილიზაციას გაასწრო, რომლებიც გაქრნენ დედამიწის ზურგიდან, მაგრამ საქართველო, სწორედ თავის ტარდიცულობაზე, ქრისტიანობაზე, საბაზისო ღირებულებებზე დაყრდნობით მოვიდა დღევანდელობამდე და პრემიერ ღარიბაშვილის გზავნილი ევროპის მიმართ იყო ის, რომ ნუ გეშინიათ, კრიზისს განიცდის ევროპა, მაგრამ ჩვენ ვართ ის უნიკალური გამოცდილება, ჩვენ ვართ ის წამალი, რომლის მიღებით და გაზიარებით შეგიძლიათ თქვენ, ანუ ევროპა დაუბრუნეთ იმ საწყისებს, რა საწყისებმა თავის დროზე თქვენში დაბადა საქართველოს იმედი“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის ნარატივს, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მოსალოდნელიც იყო უსამშობლო, გენმოდიფიცირებული საზოგადოების სეგმენტის პროგნოზირებადი რეაქცია, რაც უბრალოდ სიბრალურის გრძნობას იწვევს.
„გვარით, წარმოშობოთ, წარმომავლობით თითქოს ქართველები არიან, მაგრამ უცხოპლანეტელებს წარმოადგენენ იმ საქართველოში, რომელიც არც მიშა სააკაშვილით დაიწყო და არც ლევან ხაბეიშვილით დამთავრდება. იმ საქართველოში, რომელიც ფარნავაზ მეფიდან და უფრო იქიდან მოდის დღევანდელობამდე და ჩვენს პატრიარქზე გადის. აი, ამ საქართველოს ნაწილს რომ ისინი არ წარმოადგენენ, ეს არის მართლა დიდი ეროვნული ტრაგედია და უნდა გვეცოდებოდეს ეს ადამიანები. ამათ ფონზე ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მთელი მსოფლიოს წინაშე წარსდგა როგორც ღირსეული ქართველი, პატრიოტი ქართველი და მართლმადიდებელი“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებები იყო უნისონში იმ საზოგადოებრივ დაკვეთასთან, რაც გააჩნია ჩვენი ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობას. მისი თქმით, ფსევდოლიბერალები, მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაციის ძალები ძალიან ბევრს ყვირიან და რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს ისინი არიან უმრავლესობაში.
„თუ დავაკვირდებით, აქ არ იყო არანაირი პრორუსული, თუ ანტიდასავლური განცხადებები, რასაც ფსევდო ლიბერალები ქადაგებენ „ქართულ ოცნებაზე“. აქ, პირიქით, იყო იმ ტრადიციულ ფასეულობებზე დაფუძნებული განცხადებები, სადაც უმთავრესი არის ღმერთი, სამშობლო და ოჯახი, ამ ტრადიციული ფასეულობებით, რომლითაც დაფუძნდა თავის დროზე ევროკავშირი, ამ ტრადიციულ ფასეულოებებით უნდა საქართველოს ევროინტეგრაცია.
საქართველო არანაირად არ იტყვის უარს ევროპულ ოჯახში შესვლაზე, რაც უნდა ტყუილი ავრცელონ არაკეთილისმოსურნეებმა, უბრალოდ, აქ სხვადასხვა დისკურსზე არის საუბარი - მემარცხეენები და მემარჯვენეები, რომელთა ჭიდილი საკმაოდ აქტიურია ევროპულ ქვეყნებში და მათ შორის განსაკუთრებით აშშ-ში. როდესაც პრემიერ-მინისტრი ახმოვანებს საზოგადოების განწყობას, ეს მისასალმებელია იმ საზოგადოებისთვის, რომელიც მაინცდამიანც შეიძლება არ იყოს ავტომატურად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ეს სიახლეები დავინახე ახალი პლატფორმიდან, იმ პლატფორმიდან, სადაც არიან კონსერვატორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მათ გაიგეს ეს გზავნილები“, - ამბობს გია აბაშიძე.
ანალიტიკოსის განცხადებით, ის, რაც თქვა ვიქტორ ორბანმა, ამას არა მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, ამას ამბობენ მეგობრები, როდესაც ოკუპაციის პირობებში საქართველოს შეუძლია ბეწვის ხიდზე იაროს ისე, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს.
„ამ ხელისუფლების პირობებში მშვიდობა შენარჩუნებულია უკვე დიდი ხანია. როცა მშვიდობა არის, იქ არის სტაბილური განვითრება, მეტი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური წინსვლა და ა.შ. მართლაც მისასალმებელია, რომ ასე ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება და აღარ დატოვა მან კრიტიკის ის ღრიჭო, სადაც თავისუფლად შეეძლოთ ხელისუფლების სხვადასხვა მიმართულების ოპონენტებს ეთქვათ, რომ რომელიღაც ქვეყნის, ან გაერთიანების ვასალები ვართ. არა, საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ამ ხელისუფლების პირობებში ასე იქნება დაცული“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.