„ლგბტ-ს თემაზე ჯობია ბრიტანეთის დედოფლის პოზიცია დავიჭიროთ და ვთქვათ: ეს არის თემა, რომელზეც წესიერი ადამიანები საჯაროდ არ ლაპარაკობენ“

„ლგბტ-ს თემაზე ჯობია ბრიტანეთის დედოფლის პოზიცია დავიჭიროთ და ვთქვათ: ეს არის თემა, რომელზეც წესიერი ადამიანები საჯაროდ არ ლაპარაკობენ“

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელიც შეზღუდავს ლგბტ პროპაგანდას, რადგან შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი თვლის, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დაუპირისპირდეს.

„ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ამას აქვს თავისი არგუმენტები, მათ შორის, მთავარი არის სამართლებრივი არგუმენტი და სამართლებრივი მოსაზრებების გამო არ განიხილება. მეორეა პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელს თავის ნარატივს და მესამე, მე პირადად და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს და აქ ვიღაც მართალი აღმოჩნდეს ან - არა. ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ „ნაცმოძრაობა“ მისი კლასტერი და ტელევიზიები ძალიან შეშფოთდნენ ამ ფაქტის გამო და მინდა დაგაწყნაროთ, რომ ასეთი კანონის მიღება არ განიხილება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აპირებენ კანონპროექტის მომზადებას, რომელიც ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას გულისხმობს. როგორც ინჯია აცხადებს, დაახლოებით 7 კანონპროექტია იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც 30 აპრილის ორგანიზატორებმა დააყენეს.

„კანონპროექტებს არ სჭირდება ბევრი მუშაობა, თითქმის მზად არის და 10 დღის ვადაში შემოვიტანთ. ეს ლგბტ პროპაგანდა ანგრევს საქართველოს, ქართულ ოჯახს, სახელმწიფოს, მოქმედებს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, მიუღებელია ქართველი კაცის მენტალიტეტისთვის. ეს ადამიანის საქმეა, რა ორიენტაციის იქნება, მაგრამ ამის პროპაგანდა მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის. პროპაგანდაა, რომ გამოდიხარ დროშებით და დარბიხარ, ამას უყურებენ ბავშვები, მოზარდი, მოსახლეობა, ეს არის მიუღებელი ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ და აქვე დასძინა, რომ ამ საკითხებზე არავითარი კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“ არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივით ხელისუფლებას 30 აპრილის ინიციატორებმა და შეკრებილმა საზოგადოების წევრებმა მიმართეს. for.ge-სთან საუბრისას 30 აპრილის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ არავის ცხოვრების წესის ამკრძალავი არ არიან, მაგრამ უნდა აიკრძლოს პროპაგანდა. შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ იქნება დიალოგები, რომელიც დაარწმუნებს ყველას, რომ ეს თემა არის მოსამზადებელი და ბოლომდე მისაყვანი.

„ამ ლგბტ-ში რა დევს ასეთი? - ეს არის იარაღი ქვეყნის არევ-დარევის და დაპირისპირების. რატომ არიან ლგბტ-ზე გადარეული, რაშია აქ საქმე? ეს არის იარაღი ყველაფერ სიკეთესთან საბრძოლველად. არიან ლგბტ-ს წევრი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ერევიან ამ გეიპარადებში. არიან თავისთვის და თავისი ცხოვრების წესი აქვთ. გაყუჩებული არიან და არ იღებენ ასეთ დაფინანსებულ და ანგაჟირებულ პარადებში მონაწილეობას. მათ არც არავინ უვარდება. მაგრამ აქ ლაპარაკია პროპაგანდირებაზე, პრაიდებზე, პუბლიკაციებზე და ა.შ. რას ჰქვია არ მიიღებენ? ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში“, - აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე, პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ ამაშია საქმე და ეს არის ჩვენი კონფლიქტი დღევანდელ მსოფლიო წესრიგთან.

„მსოფლიო წესრიგი გეუბნება - დაემონები, დაემორჩილები და როგორც ის ვიღაცა სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე ლაპარაკობს, ცალ ფეხზე იხტუნავებ - აი, ეს არის შენი მსოფლიო წესრიგი, ეს უთანხმოებაა ქართველთან. არ შეუძლია ქართველს ასეთი რაღაცეების ატანა. ამაზე ნათქვამი, ერთი ვაის გაექეცი და მეორე ვუის შეუვარდი. არიან საქართველოში მე-5 კოლონის მიერ მართლა ხელდასმული ადამიანები, რომლებიც ეთანხმებიან იმ ხალხს, რასაც გვეტყვიან ის უნდა ვქნათო. თუ უცხოეთი გვეტყვის, რომ ქაქი ჭამეთო, უნდა ვჭამოთო და ამას არ აკეთებს ქართველი და ეს არის კონფლიქტის მიზეზი.

პრინციპი ეგეთია - ვისაც ქაქის ჭამა უყვარს, ჭამოს, ვისაც არ უყვარს, არ შეჭამოს. ასე რომ, განხილვის და თანამშრომლობის შედეგად მივალთ ეტაპამდე. თუ ბაკურ სულაკაურის გამოცემას არ გააუქმებენ და განათლების სამინისტრო ამ ყველაფერს არ მიიღებს მხედველობაში, აი, ტალღები და შემოტევები მერე ნახონ ამათ. ასეთ წიგნებს არ შევუშვებთ სკოლებში! რა არის ეს ყველაფრის თარგმნა, რომ გარყვნილება შეიტანონ სკოლებში და ოჯახებში?!

აკრძალვა იქნება, თუ რა ნაბიჯი გადაიდგმევა, არიან იურისტები და მათთან გავივლით კონსულტაციას. ამას დიდი ამბავი მოჰყვება და ჯერ, სანამ ვინმე განცხადებას გააკეთებს, გაიარონ კონსულტაციები და შედგეს თანამშრომლობა. ამიტომ, ეს ჩვენი 30 აპრილი მთავრობამაც კარგად გაიგოს და განათლების სამინისტრომაც, რომ არც ერთი თემა არ დამთავრდება მშვიდობით თუ არ იქნება ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემის მიმართ ყურადღება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაზა პაპუაშვილმა.

ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, კრისტიან პეტრმა და აღნიშნა, რომ თუ ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე. მისი თქმით, ქვეყანა ფასდება იმით, თუ როგორ ექცევა სხვადასხვა ჯგუფებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კანონპროექტები საზოგადოებიდან მოდის და პარლამენტში მოსახლეობიდან შემოდის. თუმცა, რაც შეეხება ლგბტ საკითხს, ვფიქრობ, ქვეყანა იმით ფასდება, თუ როგორ ექცევა სხვადასხვა ჯგუფებს. თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი შეხედულებებისა, ეს უნდა იყოს დისკრიმინაციის გარეშე. თუ ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე“, - განაცხადა კრისტიან პეტრმა.

ოპოზიციონერი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ მსგავსი კანონპროექტის დაინიცირება იქნება დამატებითი ინსტრუმენტი, რომ ხელისუფლებამ შექმნას მნიშვნელოვანი ბარიერი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე და ეს იქნება მორიგი ანტიდასავლური ქმედება. მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი რუსული კანონის სახით პარლამენტში ერთხელ უკვე იყო და ნებისმიერი ახალი მსგავსი გამოგონება ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლების შექმნის.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა პარლამენტში პრეცედენტი, როცა ხელოვნურად შეიქმნა ისეთი დისკუსია და ისეთი ინიციატივა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი ბარიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, ვგულისხმობ რუსულ კანონს. მაშინ მოსახლეობის მძაფრმა პროტესტმა დაახევინა ხელისუფლებას უკან.

იმ შემთხვევაში, ფრიდონ ინჯიას, „ალტ-ინფოს“ თუ სხვა ჯგუფების მხრიდან, მოხდება მსგავსი კანონპროექტის დაინიცირება, ეს იქნება დამატებითი ინსტრუმენტი, რომ ხელისუფლებამ შექმნას მნიშვნელოვანი ბარიერი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე და ეს იქნება მორიგი ანტიდასავლური არამხოლოდ გზავნილი, არამედ მოქმედება, რამდენადაც ეს გააძლიერებს კრემლის პოზიციებს და შეასუსტებს საქართველოს სუვერენულ არჩევანს, იყოს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება არ მიიღებს კანონს, იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება უარესად არ დაიძაბოს და პირიქით არ მოხდეს ისე, რომ ეს პროცესი არ იქნეს გამოყენებული ლგბტ თემის პროპაგანდისთვის.

„მაშინ უნდა იყო უნგრეთი, სადაც შეზღუდულია ლგბტ-ს პროპაგანდა, საკმარისად ძლიერი ხელისუფლება უნდა გყავდეს, შიგნით არ უნდა გყავდეს ისეთი აგენტურა, როგორიც ჩვენ გვყავს. გაგახსენებთ დიდი ბრიტანეთის მაგალითს, სადაც დიდ წარამტებას მიაღწია ლგბტ თემის პროპაგანდამ და საოცარი რამეები ხდება იქ. 10-15 წლის წინათ აწ გასვენებულ დედოფალ ელისაბედს ჟურნალისტები დასდევდნენ და ცდილობდნენ დაესვათ კითხვა და მას პირადი დამოკიდებულება გამოეხატა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ.

ცხადი იყო, რომ პროვოკაციული კითხვა იყო და რაც არ უნდა ეპასუხა დედოფალს, ნებისმიერ შემთხვევაში ამას გამოიყენებდნენ პროპაგანდისთვის. თან კარგად ცნობილი იყო, რომ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. თუ გულწრფელად იტყოდა, რომ ამ ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, შეტევა იქნებოდა და გასაგებია რაც მოხდებოდა. ამიტომ ყველანაირად თავს არიდებდა ასეთ თემებზე საუბარს. ბოლოს კი ერთადერთი კომენტარი გააკეთა - „ასეთ თემებზე ოჯახში გაზრდილი წესიერი ადამიანები საჯაროდ არასდროს არ საუბრობენ“. აი, ამით დაამთავრა. ეს თემა როგორც კი საზოგადოების განსასჯელი გახდება და ავა იმ რეესტრში, რომ საპლებისცისტოდ დადგება საკითხი, უკვე წამხდარია საქმე“, - ამბობს ზარდიაშვილი.

რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარეს ეძლევა სრული ლეგიტიმური საშუალებები და უკვე დემოკრატიულ ლეგიტიმაციას იძენს ლგბტ პროპაგანდა.

„პლებიცისტში იქნება კითხვა - ეთანხმებით თუ არა ლგბტ თემის აკრძლავას და იქნება ორი პასუხი - კი, არა. ვინც არის ამ არას მომხრე, იმას ხომ მიეცემა საშუალება, რომ აგიტაცია ლეგიტიმურად გაწიოს და ეს იქნება სწორედ ლგბტ-ს პროპაგანდა. ამიტომ ჯობია ბრიტანეთის დედოფლის პოზიცია დავიჭიროთ და ვთქვათ, რომ ეს არის თემა, რომელზეც წესიერი ადამიანები საჯაროდ არ ლაპარაკობენ.

არ შეიძლება ამ თემის საჯაროდ განხილვა, ეს ძალიან დელიკატური საკითხია და ამაზე რეფერენდუმის, ან პლებიცისტის მოწყობა ძალიან უღირსი რამ იქნება. უდავოა და ცხადია რაც არის ეს ლგბტ. ეს არის ცოდომ-გომორი, ცხადი ურჯულოება და ყველანაირი უბედურება ერთად ჯამში. როგორ უნდა დაუშვა, რომ საზოგადოებრივ დისკურსში შემოიტანო და მთავარ თემად აქციო, ამიტომ არ ღირს. შევაკავოთ ყველა იმ საშუალებებით, რაც ხელთ გვაქვს. პროპაგანდას დავუპირისპიროთ კონტრპროპაგანდა და რწმენაში გავძლიერდეთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.