„ევროპას იმაზე მეტად სჭირდება საქართველო, თუნდაც ტრანზიტული მიზნით, ვიდრე საქართველოს ევროპა. მარტო დასავლეთში ნახეთ, გზების და გვირაბების მშენებლობა რომ მიმდინარეობს, გოჯი მიწა აღარ არის დარჩენილი, გამოთხრილი არ იყოს და შიგ უზარმაზარი გვირაბები არ გაჰყავდეთ. რაში სჭირდება ორ კინკილა ერს ამხელა გზები და გვირაბები? ეს კეთდება იმისათვის, რომ ტვირთების გადაზიდვა მოხდეს ევროპაში. საქართველოს ღვთისგან ბოძებული ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, რომ ის ევროპას უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
გოგა ხაინდრავამ გერმანელი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოითხოვა საქართველოს ხელისუფლების შეურაცხყოფისთვის. თუმცა კრამონი ერთადერთი არ არის და, როცა საქართველოს წინააღმდეგ მავნებლურ განცხადებებზეა საუბარი, გვახსენდება ფოტიგა, კუბილიუსი. რატომ ხდება ისე, რომ ევროდეპუტატების პოზიცია ემთხვევა საქართველოში შიდა ოპოზიციური ძალების განწყობას? რატომ ცდილობენ, როგორც გარე, ისე შიდა ძალები, საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი და აქ ძალაუფლება ისევ რევანშისტებმა ჩაიგდონ ხელში, რომლებიც არც მალავენ, რომ ევროკავშირის სტატუსის არმიღებას და ხელისუფლების შეცვლას ელოდებიან?
- ჯერ თვითონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე შექმნეს აბსოლუტურად ცრუ მოლოდინები საზოგადოებაში იმ ძალებმა, რომლებზეც თქვენ საუბრობთ. ვგულისხმობ შიდა და გარე ძალებს. ამ ადამიანებმა შექმნეს ცრუ მოლოდინი და საქართველოში მცხოვრებ ხალხს წარმოუდგენია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსს თუ მივიღებთ, ავშენდებით. სინამდვილეში, ეს სტატუსი არაფერს არ ნიშნავს, არანაირ ვალდებულებას არ ითვალისწინებს ევროკავშირის მხრიდან და არც არანაირ დაფინანსებას და დახმარებას არ ნიშნავს. უბრალოდ, ეს არის სურვილი, რომ ჩვენ გვინდა ევროპისკენ. ვიქნებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი თუ არა, ამ სურვილს არაფერი არ შეცვლის, დახმარების მექანიზმი არანაირად არ დევს ამ წევრობაში. თურქეთის მაგალითიც ამის მკაფიო დადასტურებაა, რომ თურქეთი 30 წელზე მეტია ელოდება კანდიდატის წევრობას და არაფერი არ ხდება თურქეთის ირგვლივ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიმართ ცრუ მოლოდინი შექმნეს იმიტომ, რომ ეს არის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფოს ჩამოშლის მექანიზმი, რომ აი, თუ ამ ცრუ მოლოდინს არ დაუკმაყოფილებს ევროპა ჩვენს ქვეყანას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება თურმე არ ვარგა და უნდა ჩამოვშალოთ, უნდა დავამხოთ. ეს ორივე ძალა, ანუ შიდა და გარე ძალა მუშაობს არა ხალხის მიერ არჩეული საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად, არამედ ხალხის მიერ უარყოფილი ძალის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. იმ ძალის, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ეწეოდა ფაშიზმს საკუთარ ქვეყანაში ქართველი ერის წინააღმდეგ. ამ ძალის დასაბრუნებლად მუშაობენ კრამონიც, ფოტიგაც, კუბილიუსიც. ისინი ერთ გუნდად გამოიყურებიან, ერთ ჯგუფად გამოიყურებიან „ნაციონალებთან“ ერთად.
ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალი არავის უკვირს, ამ შემთხვევაშიც, როცა ზემოხსენებულ გვარებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ფინანსური ინტერესები იკვეთებოდეს. სულ ახლახანს კითხვები გაჩნდა ამერიკის ელჩთან მიმართებითაც, რას ნიშნავდა კელი დეგნანის სტუმრობა ჭავჭავაძის გამზირის N23-ში მდებარე ავტოფარეხში და დაინტერესება მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხით? ელჩების, დიპლომატების უცნაური ნაბიჯები რას მიუთითებს, ასე იქცევიან ამერიკის ელჩები სხვა ქვეყნებში? წესით, ამერიკამ არ უნდა მიუთითოს საკუთარ ელჩს, რომ რუსული მეტრიანი „რულეტკით“ სირბილი მისი კომპეტენცია არ არის?
- ეს მიუთითებს, რომ კორუფცია, ნეპოტიზმი მხოლოდ საბჭოთა რეჟიმისთვის დამახასიათებელი არ არის. ეს დამახასიათებელი ყოფილა დემოკრატიული რეჟიმებისთვისაც. ფაქტია, კორუფციის თვალსაზრისით ევროპარლამენტში რა აღმოჩნდა და როგორი კორუფციული სქემები გაიხსნა. ყველაფერი დანარჩენი ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ ამერიკის ელჩს თურმე „გარაჟების“ მშენებლობაში თავისი ინტერესები ჰქონია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მერკანტილური ინტერესები და სწრაფვა კორუფციისკენ ყველა სისტემისთვის დამახასიათებელი ყოფილა, მათ შორის, დემოკრატიულისთვისაც. ამას სახელმწიფოს მხრიდან სწორი რეაგირება სჭირდება, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი.
რისთვის ჩამოიქროლა უცნობის მატარებელმა, რა დაგვანახა 30 აპრილის აქციამ? თქვენი აზრით, რას შეცვლის აქციაზე გახმოვანებული ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის აღსრულება- 2004-2012 წლების „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისთვის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მიცემა? დამნაშავეების ნაწილი გასამართლდა, ნაწილი ახლა იხდის სასჯელს, თუმცა დარჩნენ დამნაშავე მოსამართლეები, ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი ჩინოვნიკები, მათ უნდა შერჩეთ ყველაფერი, თუ მათ მიმართაც უნდა მოხდეს სამართლის აღსრულება?
- 2004-2012 წლების რეჟიმი აუცილებლად უნდა შეფასდეს. პარლამენტმა უნდა მოახდინოს მისი შეფასება. „ქართული ოცნება“ როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, მას ჩემოდნებით დახვდა შინაგან საქმეთა სამინისტროში პირადი ცხოვრების, თვალთვალისა და მიყურადების ამსახველი კადრები. უნდა შეფასდეს, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული, რომ სისტემური იყო წამება, თვალთვალი და მიყურადება, ნეპოტიზმი, ელიტარული იყო კორუფცია. ამას უნდა მიეცეს პოლიტიკური შეფასება, რომელიც იურიდიულ შეფასებას დაემყარება. ძალიან ცუდია, რომ ეს საქმეები ისე წარიმართა, რომ ბაჩო ახალაია წიწაკის სროლაზე გაასამართლეს და კარტოფილის გაფცქვნაზე, ეს უკვე არის გათეთრება და არა გასამართლება, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოხდა იმისთვის, რომ იმ პერიოდში ჩვენი ხელისუფლება განიცდიდა სერიოზულ წნეხს დასავლეთისგან, რომელი წნეხისგანაც საქართველო ნელ-ნელა თავისუფლდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. მსოფლიოში ნეოლიბერალური ძალა კარგავს ძალაუფლებას და დღევანდელ ხელისუფლებას უფრო მეტი ფრთების გაშლის საშუალება ეძლევა. უპირველესად ეს უნდა აისახოს „ნაციონალური“ რეჟიმის შეფასებაში, როგორც შეფასდა ფაშიზმი და მერე მოხდა მისი გასამართლება. ასეთი შეფასების გარეშე სამართლიანობა ვერ აღდგება. აუცილებლად უნდა წამოტივტივ დეს ის საქმეებიც, რომლებიც, ფაქტობრივად, „ნაცების“ გათეთრების საქმეები იყო და არა გასამართლების. არ შეიძლებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურება და ეს კადრები მტკიცებულებებად უნდა გამოყენებულიყო კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ეს ჩაიდინა, ვინც ეს დაუკვეთა, ესეც უნდა იქნეს აღიარებული და თქმული. სხვათა შორის, ამის განადგურება იყო კანონსაწინააღმდეგო მოქმედება. ყველა კანონში წერია, თუ ვის შეუძლია გაანადგუროს მტკიცებულებები - ეს არის პროკურატურა და სასამართლო. სხვა პირი საერთოდ არ არის მოხსენიებული კანონში. ამდენად, რა უფლებით გაანადგურეს ეს მტკიცებულებები?! ამის მიუხედავად, რა მტკიცებულებებიცაა დარჩენილი, ისიც საკმარისია. ამას უნდა მიეცეს მსვლელობა, რომელიც ვერ მიეცა 2013-2014-2015 წელს, ვინაიდან სერიოზული წნეხი იყო. დღეს ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეს არის პრევენცია, რომ მომავალში ვერც ერთმა ხელისუფლებამ და ვერც ერთმა ჩინოვნიკმა თავში ვერ გაივლოს ასეთი საქმეების კეთება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს დასჯადია. თუ ეს შერჩათ, არ გასამართლდნენ და არ შეფასდნენ, დიდი საშიშროებაა, ამან მომავალი ხელისუფლება წაახალისოს. ასეთი რეჟიმებისთვის მმართველობა უფრო მარტივია, წნეხის ქვეშ ადამიანის მართვა გაცილებით იოლია და შეიძლება ხელი წაუცდეს სხვა ხელისუფლებასაც. ამიტომ პრეცედენტის შექმნა აუცილებელია, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივ სახელმწიფოში ვიცხოვროთ.
თუკი გადაწყდება ,,ნაცების“ რეჟიმისთვის სამართლებრივი შეფასების მიცემა, რა გარანტიაა, ევროკავშირში არმიღების ყბადაღებულმა საკითხმა ისევ არ წამოიწიოს? სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა „ოცნებას“ აბრალებს, რომ თურმე „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, საქართველო ევროკავშირში არ მიიღონ, მათ შორის, აგდებით ეკიდებიან მიშას საკითხს. თუკი მიშაზე ამდენს ლაპარაკობენ, მიშას რეჟიმის გასამართლებას გვაპატიებენ?
- საერთოდ, როდესაც შენ ხარ მართალი, სიმართლეს თავისი ძალა აქვს და სიმართლე თავის საკეთებელს აკეთებს. სამართლებრივად 2004-12 წლების რეჟიმის შეფასება არის თუ არა სწორი? მსოფლიო იცნობს თუ არა ასეთი რეჟიმების გასამართლებას? აქედან უნდა ამოვიდეთ, 105-ზე მეტი პირველი პირი ზის დღესაც და სასჯელს იხდის ციხეებში. ეს ყველაფერი არის ის, რაც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა მოხდეს. აბა, მაშინ დანაშაულს თუ ჩადის ხელისუფლება, დაუსჯელი უნდა დარჩეს?! უბრალოდ, არ უნდა გაასამართლო ცრუ ბრალდებით და უნდა იყოს რეალური მტკიცებულებები. თუკი ცრუ ბრალდებით გაასამართლებენ, არსებობს სტრასბურგის სასამართლო, მიმართავენ და დაიცავენ თავს. ჯერჯერობით ნებისმიერი საქმე, რომელიც აქედან გაიგზავნა, როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმე, სტრასბურგის სასამართლოდან უკან ჩამოვიდა, რომ ეს იყო სწორი და არავითარი დარღვევა არ ყოფილა.
ბოლო პერიოდში ოპოზიციისგან ხშირად გვესმის, რომ „ქართული ოცნება“ იზოლირებულ და ევროპისგან დისტანცირებულ საქართველოს აშენებს...
- არანაირ იზოლირებულ საქართველოს არ ვიღებთ, ეს არის ბლეფი. ევროპას იმაზე მეტად სჭირდება საქართველო, თუნდაც ტრანზიტული მიზნით, მარტო დასავლეთში ნახეთ, გზების და გვირაბების მშენებლობა რომ მიმდინარეობს, გოჯი მიწა აღარ არის დარჩენილი, გამოთხრილი არ იყოს და შიგ უზარმაზარი გვირაბები არ გაჰყავდეთ. ჩვენ რაც არ ვიცით, სხვებმა იციან, ვინც ამ გზებს აშენებს, მომავალი მსოფლიო გადანაწილება რას მოითხოვს და სად რამდენი ტვირთი უნდა გავიდეს. რაში სჭირდება ორ კინკილა ერს ამხელა გზები და გვირაბები, ეს კეთდება იმისათვის, რომ ტვირთების გადაზიდვა მოხდეს და ტვირთები ევროპაში გავიდეს, რადგან რუსეთის, ჩინეთის და ირანის თამაში სულ სხვა მსოფლიო გადანაწილების სურათს იძლევა. ახალი გზებია საძიებელი და ეს გზები შენდება და კეთდება. საქართველოს ღვთისგან ბოძებული ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, რომ ის ევროპას უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპა. ასე რომ, არავინ არ არის ილუზიაში, რომ ჩვენ ამას გვიკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ მოვწონვართ, ჩვენ სტატუსს მოგვცემენ იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ. ეს გზები ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომ ჩვენ სატრანზიტო ქვეყნად განგვიხილავენ. ანაკლიის პორტის მშენებლობა და ფოთის პორტის გადიდებაც ამას უკავშირდება. ევროკავშირში არ მიგვიღებენ კი არა, შეგვეხვეწებიან, რომ შევიდეთ.
თუმცა ესეც საკითხავია, როგორ ევროპაში შევდივართ-ქრისტიანულ ევროპაში, როგორც უცნობი ამბობს, სერვანტესის ევროპაში, თუ ლგბტ ევროპაში?!
- რა თქმა უნდა, მომავალში ახალი გადანაწილება მოხდება და კაცმა არ იცის, ევროპა უკვე ვისი გავლენის ქვეშ მოექცევა, ამერიკის გავლენის ქვეშ დარჩება, თუ ჩინეთ-რუსეთ-ირანის გავლენის ქვეშ, ამას მომავალი გვიჩვენებს. ამის თქმა, რა იქნება ამ გადანაწილების შემდეგ, არავის შეუძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივყვეთ იმას, ჩვენთვის რა არის ღირებული, რა ღირებულებებზე დამყარებული ქვეყანა გვჭირდება. ღირებულებებზე დამყარებული ქვეყანა უნდა ვაშენოთ, ეკონომიკა უნდა ვაშენოთ და სხვებმა არ უნდა მიგვითითონ, რომ შენ ეს არ უნდა გააკეთო იმიტომ, რომ არ გამდიდრდე, ქარხანა არ ააშენო, რომ შემოსავლები არ გაგეზარდოს და სხვა ქვეყნებზე იყო დამოკიდებული. ამასაც კარგი ანალიზი სჭირდება, რა რეკომენდაციებს გვაძლევს მსოფლიო ბანკი და ასეთი სერიოზული ორგანიზაციები. რამდენად ემსახურება ეს ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და გაძლიერებას, მაგრამ ვინ არის ამის გამკეთებელი?!