IRI-ის შემდეგ პოლიტიკური ველი NDI-მაც დანაღმა

IRI-ის შემდეგ პოლიტიკური ველი NDI-მაც დანაღმა

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხული მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5%, სხვა პარტიებს ჯამურად გამოკითხულთა 6% მისცემდა ხმას - ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - NDI-ის კვლევის შედეგები. NDI-ის კვლევის მიმართულება მოიცავს ეკონომიკას, დემოკრატიას, ინსტიტუტების, პარტიული რეიტინგების, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობას და საგარეო პოლიტიკას. გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს, საშუალო ცდომილების ზღვარი, ტრადიციულად, +/- 2% -ია.

კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა - 34% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 26% კი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია და ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? 57% პასუხობს, რომ არც ერთი, 17%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 5% „ნაციონალური მოძრაობას“, 6% სხვა პარტიებს ასახელებს. 10%-მა კი არ იცის რომელი პარტია დგას მის შეხედულებთან ყველაზე ახლოს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს - კიდევ უფრო მეტი ადამიანი, 61% იმავეს ამბობს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე. გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა - 24% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს. კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 2023 წლის მარტის მონაცემებით, გამოკითხულთა 64% უარყოფითად პასუხობს.

რაც შეეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ტრადიციულად, საქართველოს მოქალაქეების ნება ურყევია. სტაბილურად მაღალია ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა. 73% ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მომხრეა. ამავე მონაცემებით, ნატოს მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებს შორის. 13% ამბობს, რომ მიუღებელია საქართველო გახდეს ნატოს წევრი, 13%-მა კი ჯერ კიდევ არ იცის. ამავე კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობას რუსეთთან ახლო ურთიერთობას ევროპული და ევრო -ატლანტიკური ინტეგრაცია ურჩევნია, პასუხები ასე გადანაწილდა: 54% ევროკავშირი; 32% აშშ; 14% თურქეთი; 12% რუსეთი.

როგორც NDI საქართველოს დირექტორმა ალან გილამმა აღნიშნა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოქალაქეების ურყევი ნებაა. თუმცა, მისი თქმით, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისს არ აკეთებს.

„საქართველოს მოსახლეობის ასეთი მისწრაფება სტიმული უნდა გახდეს პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერებისთვის, რათა მათ მოქალაქეების საჭიროებების საპასუხოდ იმოქმედონ. აუცილებელია, რომ მთავრობამ, პარლამენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ძალისხმევა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხების მოგვარებაზე მიმართონ, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა.

ეს ქვეყანაში ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაცვლად, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობა და ამ გზით პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის აღდგენა, დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, - აღნიშნა ალან გილამმა.

მმართველი გუნდი შედეგებს არ ენდობა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული არჩევნებით დასტურდება, რომ NDI-ს გამოქვეყნებულ კვლევაში მასშტაბური ცდომილებაა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ NDI საზოგადოებას არწმუნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 20% აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფიქსირდა ცდომილების რეკორდი - 40%-იანი ცდომილება. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი აქტივობის შემთხვევაშიც კი, „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 60% მიიღო.

„NDI თან ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ბევრად მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენს პარტიას ერთად, ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს ყველა სხვა პარტიას ერთად, არ ვიცი, გაეპარათ ეს მონაცემი თუ რა მოხდა, იმიტომ, რომ თუ სხვას ერთად „ნაცმოძრაობასთან“ აქვს 11% , „ნაცმოძრაობას“ 20%, დაახლოებით 2-ჯერ მეტი აქვს „ქართულ ოცნებას“ ყველა დანარჩენზე. ეს შეიძლება იყოს სიმართლესთან ახლოს, მაგრამ ამავდროულად, თუ ისინი საზოგადოებას არწმუნებენ, რომ 20% აქვს „ქართულ ოცნებას“ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფიქსირდა ცდომილების რეკორდი - 40%-იანი ცდომილება.

თუ ციფრებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება და უბრალოდ 2-ჯერ მეტი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე დანარჩენ ყველას, კი ბატონო, შეიძლება დაახლოებით ასეთი რეიტინგი იყოს. ამიტომ უცნაურია, ისეთი კვლევის შედეგი, რომელიც რეალობასთან ახლოს ერთი რაღაც პარამეტრით თითქოს არის, მაგრამ მეორეთი, 40%-ით არის აცდენილი ამ ყველაფერს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეპრესიების მსხვერპლია და ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას ტელეფონით თავისუფლად ვერ აფიქსირებს. შესაბამისად, ბოკუჩავას აზრით, ავტოკრატიულ რეჟიმებში სატელეფონო საუბრების დროს ადამიანები ძალიან შეზღუდულნი არიან საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების დაფიქსირებაში.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ეს არის სატელეფონო კვლევა და ძალიან საგულისხმო ფაქტორია, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეპრესიების მსხვერპლია, ღიად და თავისუფლად საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას ვერ აფიქსირებს“, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციის კიდევ ერთი წევრისთვის, ალეკო ელისაშვილისთვის გაცილებით უფრო სანდოა IRI-ის კვლევები, ვიდრე NDI-ის. შებამისად, მისთვის ნაკლებად სარწმუნოა „ქართულ ოცნების“ 20% და „ნაციონალური მოძრაობის“ 5%.

„როგორი კვლევაც არ უნდა იყოს, ვეცნობი, მაგრამ ამხელა აცდენა არაადეკვატურად მიმაჩნია. სოციოლოგიური კვლევის დროს ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მათ შორის კითხვას, რიგითობას, კითხვის შინაარსს და ა.შ. ოდნავ სხვაგვარად ფორმულირებული კითხვა რეალობას ცვლის და აცდენას იძლევა. ალბათ, ამასთან გვაქვს საქმე, თორემ ერთსა და იმავე ქვეყანაში, ერთსა და იმავე პერიოდში კვლევებს ასეთი რადიკალური სხვაობა რომ ჰქონდეს, დაუჯერებელია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

NDI-ის კვლევის მიმართ ნდობა არ აქვთ ანალიტიკოსებს. როგორც გია აბაშიძე ამბობს, IRI-ს შემდეგ NDI-მაც რეალობას აცდენილი გამოკითხვა გაასაჯაროვა. თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკულ დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებულ NDI-ში მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ხელოვნურადაც ვერ დაეწერება მაღალი რეიტინგი. მისი თქმით, ტრადიციისამებრ, „ქართული ოცნების“ რეალურად მაღალი რეიტინგი დამალეს.

„არაერთმა არჩევნებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ NDI-სა და IRI-ს გამოკითხვები საქართველოში არასანდოა. ალთა-ბალთა კვლევები გრძელდება. IRI-ს შემდეგ NDI-მაც შემოგვთავაზა მუდმივად რეალობას აცდენილი გამოკითხვა. როგორც ჩანს, ამერიკულ დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებულ NDI-ში მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ხელოვნურადაც ვერ დაეწერება მაღალი რეიტინგი - 5% უბოძეს, ესეც გაბერილი მაჩვენებელია. ამერიკულ რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებული IRI შედარებით გულუხვი იყო ძებნილი კეზერაშვილის ჯიბის პარტიისადმი, 14% დაუწერეს. არაერთმა არჩევნებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ NDI-სა და IRI-ს გამოკითხვები საქართველოში ფარსია, არასანდოა. მათი მანიპულაციური ეფექტი დიდი ხანია ვადაგასულია“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ცხადია, რომ NDI-ის კვლევა ემსახურება არა საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, ან რეალობის ჩვენებას, არამედ ემსახურება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, დეფორმირებას. პოლიტიკური ნების ფორმირების ნაცვლად ხდება უკვე ფორმირებული ნების დეფორმირება. მისი თქმით, ამ კვლევების მიზანია შექმნას არასწორი აღქმები და სურათი. ასევე, მდგომარეობა წარმოადგინოს ისე, თითქოს ოპოზიციას, ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს აქვთ რაღაცა რეიტინგი და გააყალბონ ნამდვილი ვითარება.

„ეს დიდი ხანია ასეა და ამის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითია 2012 წელი, როცა კვლევა ჩაატარეს და თარგამაძეს დაუწერეს მეტი რეიტინგი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ და ეს ხდება 2012 წლის არჩევნებზე. ამის მერე რაღა უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც 40%-იანი ცდომილება იყო?! „ქართულ ოცნებას“ დაუწერეს 20%, მაშინ, როდესაც 60% მიიღო არჩევნებზე. ამ კვლევის გათვალისწინება არ უნდა მოხდეს საღად მოაზროვნე ადამიანების მხრიდან. ვინც ითვალისწინებს, შედეგი ექნება ის, რაც აქვთ. ნაცებს სჯერათ ამ კვლევების და კი, ბატონო, დაიჯერონ. მოვა არჩევნები და შედეგი იქნება ის, რაც არის“, - აცხადებს ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსის შეფასებით, ასეთი კვლევა კიდევ ერთ რამეს ემსახურება, 2024 წლის არჩევნებისთვის შექმნან საფუძველი იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა და, რომ სოციალური კვლევის შედეგები განსხვავდება არჩევნების შედეგებისგან.

„კიდევ ერთი დაძაბულობის კერა იქნება ამასთან დაკავშირებით. თუმცა, ამასაც აქვს ალტერნატივა, თუ ჩვენ გვაინტერესებს რეიტინგები და, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, მაშინ უნდა იყოს ადგილობრივი რესურსებით შექმნილი, ავტორიტეტული სოციოლოგიური ორგანიზაციები, რომლებიც მიუკერძოებლად ჩაატარებენ მსგავს კვლევებს და შედეგებს დადებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.