„ივანიშვილის დასანქცირების მიზანს საქართველოს ხელისუფლების ჩამოშლა წარმოადგენს“

„ივანიშვილის დასანქცირების მიზანს საქართველოს ხელისუფლების ჩამოშლა წარმოადგენს“

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე, ბოლო დროს  გააქტიურებულ საუბრებს, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე რეალურს უწოდებს. ის for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ფაქტობრივად, ივანიშვილი არაოფიციალური სანქციების პირობებშია, ხოლო იმისთვის, რომ ამას ოფიციალური სახე მიეცეს, მთელი საინფორმაცია პროპაგანდაა ჩართული. ამაზე მუშაობენ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ისინი აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს პროპაგანდისტულ ინფორმაციებს წვეთ-წვეთად აწვდიან. შესაბამსიად, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ, ადრე თუ გვიან, ამერიკელები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება და შვეიცარიის ბანკში გაყინული 2 მილიარდი დოლარი, სწორედ ფორმალური სანქციებია. ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ოფიციალურ დასანქცირებას ელოდება. თქვენ რა განცდა გრჩებათ?

- ზუსტად ვერ გეტყვით ხელისუფლებაში რას ელოდებიან, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, სანქციების ქვეშ იმყოფება, რადგან მას არ ეძლევა საშუალება წვდომა ჰქონდეს შვეიცარიის ბანკში არსებულ ფულზე და განკარგოს. ის სანქციები, რაც რუს მილიარდერებს და ოლიგარქებს დაადეს, როცა საზღვარგარეთ ანგარიშები გაუყინეს და თანხებზე წვდომა შეუზღუდეს, სწორედ სანქციების შედეგია. უბრალოდ, მათ ეს უკრაინის მოვლენების გამო ოფიციალურად გამოუცახდეს. ბიძინა ივანიშვილს კი რაზე უნდა მოედავონ, მისი პირდაპირ დაკავშირება უკრაინასთან ვერანაირად ვერ ხერხდება. თუმცა ევროპარლამენტარების რეზოლუციებს თუ გადავხედავთ, იქ არის ასეთი სახით ფორმულირებული, რომ ივანიშვილი დასანქცირდეს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხელშეწყობისთვის.

უფრო მეტს გეტყვით, ახლახანს საქართველოში ამერიკელი მოაზროვნე და პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა იმყოფებოდა, რომელმაც პირდაპირი მოწოდება გააკეთა, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება საჭიროა. ცოტა ხნის წინ კი ორმა ცნობილმა პოლიტოლოგმა ღია წერილი გამოაქვეყნა და ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართა, რომ ივანიშვილი დაასანქცირონ. მანამდე კი მაიკლ მაკფოლმა, რომელიც ერმაკ მაკფოლის კომისიის წევრია და უკრაინაში სანქციებზე მომუშავე კომისიას ხელმძღვანელობს, „ვაშინგტონ პოსტში“ წერილი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ივანიშვილის როლზე და გავლენაზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ეს არის კოორდინირებული პროცესი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ივანიშვილის დასანქცირებაზე აზრი მოამწიფონ, როგორც ეს უკვე მოსამართლეების დასანქცირების შემთხვევაში მოხდა. რეალურად კი ივანიშვილი არაფორმალურად სანქცირებულია.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ადვილი იქნება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება? ის ოფიციალურად პოლიტიკაში აღარ არის, ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელიც ამბობს, რომ პროცესებში არ ერევა. მტკიცებულებები ხომ სჭირდება იმას, რომ ის თუნდაც ოლიგარქია, გავლენა აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე, ან უკრაინის ომთან დაკავშირებით, რუსებს რაღაცაში ეხმარება?

- ასეთ მაგალითს მოგიყვანთ ჩემი პირადი გამოცდილებიდან, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ორგანიზაციიდან ამერიკელები დამიკავშირდნენ და მთხოვეს სტატია დამეწერა და ეს ეხებოდა იმას, თუ როგორ არის საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში ჩართული, რაზეც მე უარი განვაცხადე, იმიტომ რომ მათ მოყვანილი ჰქონდათ ისეთი მტკიცებულებები, რითაც ეს ფაქტი არ დასტურდებოდა. შემდეგ მოვიძიე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია უკრაინის მედიაში გამოქვეყნებული სტატიიდან არის აღებული. ეს არის გაზეთი „კიევ პოსტი“, რომლის სტატიაში ვკითხულობთ, თითქოს საქართველო უკრაინას უარს ეუბნება იარაღის მიწოდებაზე, მაგრამ თბილისის „თბილავიამშენში“ რუსების სამხედრო თვითმფრინავებს არემონტებენ. ერთ-ერთ წყაროდ ამ უკრაინულ გაზეთს, ნოდარ მელაძის ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტი ჰქონდა დამოწმებული. არადა, რეალურად, არანაირი მტკიცებულებები არ იყო მოცემული. ერთი ქართველი ბიზნესმენი წილებს ამ „თბილავიამშენში“ ფლობს, ხოლო ეს პირი ასევე რუსული ქარხნის 20%-ის წილის მფლობელია. აი, ასეთი ვითომ მტკიცებულებებით ამ მოსაზრების გამყარებას ცდილობენ. აქ მნიშვნელოვანია აღქმები, სადაც მითითებული იყო, რომ ვითომ ამაში ივანიშვილი და მისი გარემოცვის წევრები არიან ჩართულები. შესაბამსიად გაცემული იყო რეკომენდაცია, რომ მათი სანქცირების საკითხი უნდა განიხილონ. ასეთი წვეთ-წვეთობით ინფორმაცია გროვდება, ხოლო შემდეგ ამერიკის ოფიციალურ სტრუქტურებში მიდის. არაა გამორიცხული, ერთ დღესაც დაფიქრდნენ ივანიშვილის დასანქცირებაზე. აშშ დიდი და ძლიერი ქვეყანაა, რომლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება ძალიან რთულია. ბრიტანეთში მცხოვრები რუსი ოლიგარქები სახელმწიფო სტრუქტურების კარებს ატალახებენ თხოვნით ოღონდ სანქციები მოგვიხსენით და ამ ფულს უკრაინის განვითარებას მოვახმართო, მაგრამ ყურსაც არავინ იბერტყავს. საქართველოდან ამ თემებზე ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე მუშაობენ. უკრაინიდან დავით არახამია და ის კომისია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. არიან ადამიანები, რომლებიც შეკვეთილ სტატიებს წერენ.

თქვენ ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებას უკრაინის ომს უკავშირებთ? რატომ შეიცვალა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა ამ ერთი წლის განმავლობაში რადიკალურად, რა არის ივანიშვილის დასანქცირების მიზანი?

- ვფიქრობ, ივანიშვილის დასანქცირების მიზანს საქართველოს ხელისუფლების ჩამოშლა წარმოადგენს. მოსამართლეების სანქცირებაც ხომ იმას ემსახურება, რომ მსოფლიოს აჩვენონ, თითქოს, „ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს სასამართლო კორუფციაშია ჩაფლული. მეტი სხვა ბრალდება რა უნდა იყოს, თუ სასამართლო შენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს კორუფციაშია, შენ რაღა ხელისუფლება ხარ?! ასეთ დროს უკვე ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი დგება. იმიტომაც აწვება ოპოზიცია ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას. უნდათ ამით პოლიტიკური ხმაური შექმნან. ახლა აკვირდებიან პოლიტიკურად ეს როგორ იმოქმედებს, რა გავლენას მოახდენს. ამის შემდეგ კი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა შემდეგი ნაბიჯი გადადგან.

მოდი, ფრჩხილები გავხსნათ და ვიკითხოთ, რაზე უნდა ესაუბრა სამი საათი კელი დეგნანს ბიძინა ივანიშვილთან?! ამერიკის ელჩი პოლიტიკიდან წასულ ჩვეულებრივ მოქალაქეს ქართულ კულტურაზე და ხელოვნების საკითხებზე არ ელაპარაკებოდა. ამერიკელები ელოდნენ, რომ ხელისუფლება იმ რეკომენდაციებს შეასრულებდა, რომელიც მათ ჰქონდათ. ჩემი ვარაუდით, რადგან „ოცნება“ ამ ყველაფერზე არ წავიდა, ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ დრო გავიდა და სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ.

ივანიშვილის დასანქცირება ქვეყანაში რა პროცესებს გამოიწვევს, შესაძლოა ამან საზოგადოების ნაწილში ანტიამერიკული განწყობები გააღვივოს? 30 აპრილს ვნახეთ „რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილი ხალხი, სადაც კონკრეტული გზავნილები გაჟღერდა.

- 30 აპრილის აქციაზე შეკრებილ ხალხზე ვერ ვიტყვით, რომ პროევროპული განწყობის მქონენი არიან. კი, იქ დასავლეთის პირდაპირი ლანძღვა არ ყოფილა, მაგრამ აშკარად იყო ისეთი გაზავნილები, რომ საქართველომ თავისი სუვერენიტეტი უნდა დაიცვას, ასევე არა ვართ ის ხალხი, რომელთა მართვაც შესაძლებელია. ერთ მხარეს ლიბერალური საქართველო დგას და მეორე მხარეს ტრადიციული კონსერვატორულ ღირებულებებზე მდგომი საქართველო. ეს ფასეულობითი და მსოფლმხედველობითი ჯახი მშვიდობიანად თუ არ გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამან  გარკვეული კონფლქტიც წარმოშვას.

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსს ელოდება. ვხედავთ ბოლო კვირების განმავლობაში სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ლიდერები გვსტუმრობენ. როგორ ფიქრობთ, ამერიკის შეცვლილი პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ სტატუსის მიღებაზე გავლენას მოახდენს?

- ორი აზრი არ არის იმაში, რომ კანდიდატის სტატუსზე ეს პროცესი, რაც ამერიკის მხრიდან არის დაწყებული, იმოქმედებს. თუმცა, როგორც უკვე არა ერთხელ ითქვა, შეიძლება გეოპოლიტიკური ფაქტორი და კომპონენტი აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი. ევროპაშიც ფიქრობენ, რომ თუ საქართველოს უარი კიდევ ერთხელ უთხრეს, ამან შესაძლოა ევროსკეპტიკური განწყობები კიდევ უფრო გააძლიეროს. იმის იმედზე ყოფნა, რომ ახლა ხალხი გამოვა და ხელისუფლებას დაამხობს, არასწორია. ან დაამხობს და ან ვერა. გრძელვადიან პერსპექტივაში ამან შესაძლოა ის გამოიწვიოს, რომ საქართველო ასოცირების ტრიოდან იყოს ამოვარდნილი. არსებობს რისკი, რომ მათი პოზიციები საქართველოში შემცირდეს. შეიძლება ევროსტრუქტურებშიც ასეთი აზრი მწიფდებოდეს, რომ ის რეკომენდაციები ვერ შესრულდეს, რაც მათ სურთ, მაგრამ გეოპოლიტიკური ფაქტორი მნიშვნელოვანია.