30 აპრილს, გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობი) და ზაზა პაპუაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე არცთუ მცირე რაოდენობის ხალხი მივიდა - „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების სამართლებრივი შეფასება, დასავლეთის მხრიდან რეკომენდაციების შეწყვეტა და უნდობლობა პრეზიდენტის მიმართ, - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა დააყენეს. დემონსტრაციაზე შეკრების მთავარ მიზეზად მშვიდობის შენარჩუნება დასახელდა.
დემონსტრანტების მოთხოვნებს ანტიდასავლურ რიტორიკას უკავშირებს ოპოზიცია. მათი ნაწილი, გაჟღერებულ იდეებს არარელევანტურსა და დროში აცდენილსაც კი უწოდებს.
ის, რაც ოპოზიციისთვის ანტიდასავლურად გამოიყურება, ღირსეული პარტნიორობის მოთხოვნაა „ხალხის ძალისთვის“. მოძრაობის ლიდერები აქციის მონაწილეთა რიტორიკას იზიარებენ და ამბობენ, რომ დასავლეთმა საქართველოსთან თანასწორუფლებიანი პარტნიორის ენით უნდა ისაუბროს.
დემოკრატიული საზოგადოებაში ყველა ჯგუფს აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებები ჰქონდეს და ამაზე ხმამაღლა ისაუბროს - ასეთია მმართველი პარტიის ლიდერების პოზიცია. სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ მწვავე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, მშვიდობის შენარჩუნების და გაფრთხილების სურვილი, ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.
ისტროიკოსი და ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ 30 აპრილს აქციაზე მისულ ხალხს მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში გარე ძალები არ ერეოდნენ. ასევე არ აფინანსებდნენ იმ ჯგუფებს, რომლებიც მამულს, ენას და სარწმუნოებას ებრძვიან.
„ტყუილია ვითომ ეს აქცია ანტიდასავლური იყო. ოპოზიციას ხალხის შეცდომაში შეყვანა უნდა, მაგრამ ხალხიც ხომ კარგად ხვდება იქ რისთვის ვიყავით. იქ არავის უთქვამს, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არ უნდა იყოს. არავის უთქვამს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია არ უნდა მოხდეს. ოღონდ ეს ქრისტიანლურ ღირებულებებზე დაყრდნობილი უნდა იყოს, რომელიც იგივე ევროპაში არსებობს. ფოტიგების, კუბილიუსების და სხვა მექრთამე ევროპარლამენტარების შეხედულებებს არ უნდა გვახვევდნენ თავზე. ეს ხალხი სრულ თავხედობაშია გადასული და თავი ჩვენი ქვეყნის უფროსები ჰგონიათ. აქციაზე ყველა წყნარად იდგა, არ იყო დაპირისპირება და არც არავის აზრად მოსვლია პოლიციისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.
ხალხი კარგად ხედავს, რომ ბოლო დროს ოკეანის გაღმიდან თუ გამოღმიდან სურთ საქართველოს მართვა. ქართველები არ დაუშვებენ, რომ მათ მიერ, თუნდაც ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ვიღაცის ნება-სურვილზე ჯერ დადიოდეს და თუ არ გაივლის, ასე, ხელის აქნევით გადააგდონ. ხალხი ბრძენია და კარგად ხვდება რა დანის პირზე და როგორ გვიწვეს სიარული; ხელისუფლებას რა სახის ზეწოლის წინაშე უწევს გამკლავება; უკრაინის ომის პარალელურად, როგორ ხდება მასზე ყველა მხრიდან ზეწოლა და ყველაფრის მიუხედავად, ერთხელაც კი ქვეყნის ბედი არ დაუყენებიათ რისკის ქვეშ. ხალხი ამ სიმშვიდეს აფასებს, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, ამიტომ ეს იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია, სადაც ხალხმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება და უთხრა, რომ სწორად იქცევა“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.
მისივე თქმით, საუბარი, რომ მესამე ძალა გამოჩნდება და რაღაცა სასწაული მოხდება, ტყუილია. გვენეტაძე ამბობს, რომ ხალხი შესაძლოა, ხელისუფლებით კმაყოფილი არ იყოს, მაგრამ ოპოზიციამ სახიდან ნიღაბი ისე საბოლოოდ ჩამოიხსნა, რომ მაგათი სახელის ხსენებაც კი არავის უნდა. ის ფიქრობს, რომ „ნაციონალების“ ბოლო დღეები უკვე დათვლილია, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე დაგვირგვინდება და ერთხელ და სამუდამოდ, ქართველ ხალხს მოშორდება.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ამ აქციაზე რადიკალურ და აგრესიულ ჯგუფებს ხალხმა გაუგზავნა გზავნილი, რომ უმრავლესობას თავისი აზრი თავზე არ უნდა მოახვიონ. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ 7-თვიანმა მოღვაწეობამ თამაშის ახალი წესები დააწესა და ეს აგებულია საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემაზე, რაც ქართველმა ხალხმა დაინახა და აქციაზე სწორედ ამ ენთუზიაზმით იყო მისული.
„ხალხმა დაინახა, რომ ერთ იმპერიალისტურ დამოკიდებულებას უარს ეუბნები და აგერ, მეორე იგივეს გთხოვს. ანუ, ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ? ამისთვის სიცოცხლეს წირავ, ტერიტორიებს, დიდ ზარალს იღებ და 32 წლის შემდეგ გამოდის, ისევ იგივე სცენარში გვთხოვენ თავის გაყოფას? რატომ? რისთვის? ხალხმა კითხვა დაიწყო და ძალიან კარგად გაიაზრა რაზეა საუბარი. 30 აპრილის აქცია პასუხი იყო იმაზე, რომ „ხალხის ძალა“, ორგანიზატორები, საზოგადოება მზად არის იმისთვის თავისი დე ფაქტო და დე იურე დამოუკიდებლობა, ერთად აღებული, ერთად დაიცვას. იმ ტრადიციებით, რაზეც მთელი ჩვენი ისტორიაა აგებული, როცა სახელმწიფოებრიობას ვიცავდით.
არაერთ იმპერიას ჭიაკოკონასავით გადავახტით, ჩვენი ღირებულებები, შეხედულებები, იდენტობა არასდროს დაგვიკარგავს. აქამდე მოვედით და არც ახლა არავის მივცემთ იმის უფლებას, გვიკარნახოს როგორ ვიცხოვროთ, ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის რა არის უკეთესი - ამას თავად ქართველი ხალხი წყვეტს. ჩვენ გვსურს ვიყოთ ძალიან კარგი პარტნიორი ჩვენს მეკავშირეებისთვის, რომლებმაც თანასწორად უნდა აღგვიქვან და ისე გვეთანამშრომლონ“, - ამბობს ქართველიშვილი.
12 წლის მანძილზე ამ სახადზე მე აქ ძალიან ბევჯერ მაქვს ნაწერი ... ასე რომ იმ ძველების კიდევ წერას აზრი აღარ ააქვს....ისედაც ყველასთვის
უკვე ყველაფერი იასნია
მაგრამ ,,ქუნემ კოლუმბს,, მაინც აუცილებლად მივაძახებ./..
ქუნემ კოლუმბი.... ქუნემ