პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს დღის წესრიგიდან კონკრეტული საკითხის ამოღებას არ ნიშნავს, რადგან პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე ხელახლა ადგენს და დღის წესრიგის პროექტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა შორის არ არის.
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა, რომ თუ საკითხის დღის წესრიგში შეტანა სურთ, შესაბამისი მოთხოვნა ბიუროსა და პარლამენტის სხდომაზე დააყენონ და მასზე პარლამენტი იმსჯელებს. სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტმა გასულ კვირას განიხილა. განხილვის შემდეგ საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში აისახა, თუმცა კენჭი ვერ ეყარა, რადგან უმრავლესობამ კენსჭისყრის პროცედურის წინ საჭირო რეგისტრაცია არ გაიარა. სავარაუდოა, რომ სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება.
ოპოზიცია ახალ სტრატეგიას ირჩევს, რომლის მიხედვით, დღეს საკანონმდებლო ორგანოში სრულ მობილიზაციას გეგმავს, მიზანი ე.წ. ქოლცენტრების საკითხებზე საგამოძიებო კომისიების შექმნაა. სასამართლო სისტემის შემსწავლელი საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყალიბებას ოპოზიცია უკვე ორი კვირაა უშედეგოდ ცდილობს. მოსამართლეთა სოლიდარობის მოტივით უმრავლესობა რეგისტრაციაზე უარს ამბობს და კვორუმი ვერ იკრიბება.
სასამართლოსგან განსხვავებით, პირველად დგება ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სესიაზე. ოპოზიცია გახარიას პარტიის ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებს. პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მან პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, რომ მიმდინარე კვირის ბიუროზე დღის წესრიგში ჩაისვას ეს საკითხი.
„დაველოდოთ როგორ მოხდება ამ პროცესის უზრუნველყოფა, რა პოზიცია ექნება პარლამენტის თავმჯდომარეს. უშუალოდ - დღევანდელ განხილვაზე გამოვა, თუ ოთხშაბათის განხილვაზე, რთული სათქმელია, რადგან როცა უპასუხისმგებლო ხელისუფლება, ფაქტობრივად, ბოიკოტს უცხადებს საკუთარ პარლამენტს და იყენებს პროცედურულ საკითხებს - კანონის დარღვევით იქნება ეს, თუ კონსტიტუციის დარღვევით, სხვა ყველაფერი, გარდა იმისა, რომ ოპოზიციის მიერ ინიცირებულია საგამოძიებო კომისიები, ზიანდება, რადგან სხვა საკითხები, ათეულობით კანონია კენჭსაყრელი, რომელზეც კენჭისყრა ვერ ხერხდება“, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
ტრანსნაციონალური დანაშაული ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც მმართველი გუნდი და ოპოზიცია განსხვავებულ აქცენტებს აკეთებს. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ ამტკიცებენ, რომ წლების განმავლობაში მოქმედი მსგავსი მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა ძალოვანი უწყებების მფარველობის გარეშე ვერ იმოქმედებდა და გახარიას პარტიის ინიციატივას, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, მიესალმებიან.
„ქოლცენტრების“ და ამ ორგანიზებულ დანაშაულში, პირველ რიგში, ბრალეულობა მიუძღვის ხელისუფლებას. როგორ მოხდა, რომ საქართველო ამ პერიოდის მანძილზე გადაიქცა ორგანიზებული დანაშაულის ჰაბად? ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს მათი პასუხისმგებლობაა და მე მხარს ვუჭერ ამ საგამოძიებო კომისიას. ძალიან კარგი იქნება, რომ კითხვები დაისვას, რომელსაც საგამოძიებო უწყებები არ სვამენ“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა აბსურდია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიცია ახლა ყველაფერს აკეთებს, რათა დავით კეზერაშვილის ბრალეულობიდან ყურადღების გადატანა მოხდეს.
„ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, ვინც არიან პირდაპირ დამოკიდებული კეზერაშვილის ფინანსებზე და გარკვეული პოლიტიკური ურთიერთობებიც გააჩნიათ, აღმოჩნდნენ საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში და ასეთ შთაბეჭდილების შექმნა უნდათ საზოგადოებაში, რომ თითქოს და საპარლამენტო კომისია მათი შემადგენლობით არის ერთადერთი და საბოლოო ინსტანცია, რომელიც სიმართლეს დაადგენს. გამოძიება მიმდინარეობს და ვფიქრობ, ძალიან მალე ბევრი რამ იქნება დადგენილი,“ - აცხადებს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რადიკალური ოპოზიციის მიერ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ პროკურატურამ გერმანელ კოლეგებთან ერთად ბევრად ადრე ამხილა დავით კეზერაშვილი.
„წავიდნენ და გაეცნონ პროკურატურის დასკვნას საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს პროკურატურამ გერმანელ კოლეგებთან ერთად ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოქვეყნდებოდა BBC-ის მონაცემები, ამხილა „ქოლცენტრების“ საქმეში დავით კეზერაშვილი. ეს ყველაფერი არის იმ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი ღიად აწარმოებენ ამ კამპანიას და სასამართლოზე მორიგი შეტევაც ამის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, რადგან ქოლცენტრების საქმე ასეთი გახმაურებული აღმოჩნდა და ასეთი რეზონანსი გამოიწვია, ამ შემთხვევაში, ოპოზიცია ცდილობს პარლამენტში შეასრულოს თავისი ფუნქცია, რომ ჩაეძიოს ხომ არ არის ქოლცენტრების საქმეში გარეული ხელისუფლება, რომ მერე ეს გამოიყენოს მმართველი გუნდის წინააღმდეგ.
„ერთადერთი მოტივაცია და მიზეზი ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის ეს არის. მათ ნაკლებად აინტერესებთ ქოლცენტრების საქმის დეტალები, მათვის საინტერესოა და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, რომ როგორმე ამით დაასუსტონ „ქართული ოცნება“. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ისინი მიაწვებიან ამ საკითხს, სადამდეც შეუძლიათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მათთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურად დასუსტების ერთ-ერთი ინსტრუმენტი.
მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ კომისია არ შეიქმნას. შიგნით როგორ წარიმართება პროცედურულად საქმეები, რამდენად შეეძლებათ რეგლამენტის მეშვეობით ეს ყველაფერი არეგულირონ და ამას ხელი შეუშალონ, ამის განჭვრეტა ცოტა არ იყოს რთულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე თვლის, რომ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური შოუს მოწყობა და რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების მიწერის მცდელობა, რაც არის მცდარი და ამას არ დაუშვებს გონიერი, მმართველი გუნდი არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში.
„რადიკალები და უსაქმურები, რომლებიც ვერაფერს სთავაზობენ არსებითს და კონკრეტულს საზოგადოებას, მხოლოდ იმითი არიან დაკავებული, რომ როგორმე შეარყიონ ქართული საზოგადოების ცხოვრება, მაგრამ ამას არ დაუშვებს და ამაზე მუშაობენ ძალიან კომპეტენტური ადამიანები, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, ასევე ევროპაში და რიგ სხვა ქვეყნებში, იქნება ეს ისრაელი, თუ სხვა ევროპული საგამოძიებო სტრუქტურები. ყველაფერს დაესმება წერტილი.
ეს გამოძიება შარშან ჩატარებული სპეცოპერაციებით, რომელშიც მონაწილეობდნენ გერმანიის სამართალდამცავები, საქართველოში ამითი არ დამთავრებულა და ეს აბლაბუდა, ეს შავ-ბნელი ძაფის გორგალი ბოლომდე უნდა გაიხსნას. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ამიტომ, ახლა არის ძალიან უბადრუკი მცდელობები, იქნება ეს გახარიას პარტია, „ნაცმოძრაობა“ და თუ მისი სხვადასხვა ნამსხვრევი, რომ მოაწყონ ამით პოლიტიკური შოუ. პოლიტიკური შოუ კი არაა მოსაწყობი, არამედ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, აგონ პასუხი სამართლის წინაშე და ასეც დამთავრება, უბრალოდ, ამას დრო სჭირდება. ეს არაა ის პროცესი, რომელიც შეიძლება ერთ-ორ კვირაში, ან ერთ-ორ თვეში დამთავრდეს, მაგრამ აუცილებლად დამთავრდება და გამოვლინდება ყველა ავაზაკი, რომელიც ამ შავ-ბნელ ქსელში იყო ჩართული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.