ჯერ იყო ფეხბურთი, შემდეგ აქცია. მიუხედავად წვიმისა, რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეება შეკრება 15 საათიდან დაიწყეს. აქციაზე, რომლის სლოგანიც იყო „მოვდივარ“ 50 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. აქციის დაწყებამდე შეკრების მონაწილეებმა ადგილზე სპეციალურად დამონტაჟებული მონიტორებიდან საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ თამაშს უყურეს. ამის შემდეგ კი სპეციალურად მოწყობილი სცენა აქციის ორგანიზატორებმა დაიკავეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, წვიმაში მოდიან სწორედ იმიტომ, რომ არ დაუშვან ქვეყანაში რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნება. აქციას ესწორებოდა ანალიტიკოსი „ხალხის პარტიის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომლის განცხადებით, წვიმაში მოვიდნენ იმის დასტურად, რომ „დიდგორმა“ და საკუთარი ღირსებისთვის ბრძოლამ წვიმა და ქარი არ იცის.
„ეს დაგვიფასა უფალმა და საუცხოო სააქციო ამინდი გვისაჩუქა. შეკრებამდე ერთი საათით ადრე მოედანზე ტევა არ არის. ხალხი მოდის და მოდის... მოდის ის ხალხი, რომელიც IRI-ს კვლევებით ამ ქვეყანაში „არ არსებობს“. მოვიდა და მოდის ის ქართველი ხალხი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის „რუსული პროექტი“, რომ ღმერთი სწამს და სამშობლო უყვარს. დღეს მსოფლიო „აღმოაჩენს“ ჩვენს არსებობას. ველოდებთ ოფიციალურ ნაწილს. ველოდებით ხალხის ხმას, რომელიც ყველა ჩვენს „დაუძინებელ მეგობარს“ უნდა გავაგონოთ“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
აქცია, რომელიც უცნობისა და ზაზა პაპუაშვილის მიერ იყო ორგანიზებული, 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. აქციის მთავარი სლოგანი იყო „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. აქციის მონაწილეებს ზაზა პაპუაშვილმა, უცნობმა და სხვა ცნობილმა სახეებმა მიმართეს.
ორგანიზატორები და მონაწილეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ბედი ვერც მოსკოვში, ვერც ვაშინგტონში, ვერც ბრიუსელსა და ვერც კიევში გადაწყდება. აქციაზე გახმოვანდა მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისთვის შესაბამისი პოლიტიკური შეფასების მიცემა და საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა.
გარდა ამისა, გადაწყდა, რომ აქციის ორგანიზატორებმა შექმნან ორი საინიციატივო ჯგუფი, საიდანაც ერთი ჯგუფი იმუშავებს, რომ დიპლომატიურ კორპუსს ქართველი საზოგადოების აზრი მიაწოდონ. მეორე ჯგუფი კი იმუშავებს იდეებისა და კანონების შემუშავებაზე, რასაც ხელისუფლებას მიაწოდებენ. ორგანიზატორების თქმით, შეკრება არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს მიმართა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა პაპუაშვილმა, რომლის განცხადებით, ჩვენი ხალხი, საზოგადოება ითხოვს მშვიდობას და არა ომს. როგორც მან აღნიშნა, მოდიან იმიტომ, რომ არავინ გაბედოს ამდენი სიბილწის, ვერაგობის და ღალატის გაფიქრება საზოგადოების სახელით.
„მზად ვართ ნებისმიერ ქვეყანასთან, ერებთან თუ ხალხებთან მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, ოღონდ არა საკუთარი თავისა და იდენტობის გაქრობის ხარჯზე. ჩვენ ვაერთიანებთ და არ ვყოფთ საზოგადოებას, ეს გზავნილია შინ თუ გარეთ. მოვდივართ იმიტომ, რომ ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ვერ ვიხედნებით და ვერავის უნაგირს ვერ ვგუობთ.
გვინდა, სუფთა ვიყოთ საკუთარ სინდისთან და უპირობო პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. მოგვიწევს ამის შეხსენება, რათა მიიღონ და აღირონ საქართველო ისეთი, როგორიც ის ღმერთმა დალოცა და გააჩინა. ნურც ნურავის მოუვა აზრად მისი დაკოდვა, გამოშიგვნა და გადასხვაფერება. ჩვენი ხალხი, საზოგადოება ითხოვს მშვიდობას, არა - ომს.
მოვდივართ იმიტომ, რომ ვუთხრათ არა ყველანაირ ფაშისტურ, ბოლშევიკურ, სადისტურ მისწრაფებებს და გამოვლინებებს, ქვეყნის არევას, ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევას, დაუსაბუთებელ რეზოლუციებს და სანქციებს, დამცირებას და შეურაცხყოფას, მუდმივ რყევას და დასამარებას. მოვდივართ იმიტომ, რომ შევიგრძნოთ ერთსულოვნების სურნელი და გავიხაროთ ერთმანეთთან შეხვედრით. ამიტომ ვამბობდით მოვდივართ და ამიტომაც მოვედით“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
ტრიბუნიდან შეკრებილებს მიმართა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება და ხალხი მოკავშირეები გახდნენ და იმედი გამოთქვა, რომ ეს მოკავშირეობა გაგრძელდება და ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხები გადაწყდება. როგორც გოგავამ აღნიშნა, დღეს, როგორც არასდროს, ქართველ ხალხს სიფრთხილე მართებს, რადგან გლობალური ომის პარტიას სურს საქართველოს ომში ჩაბმა.
„საფრთხე, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ და რაშიც ჩვენი ჩართვა სურთ, არის იმის წინაპირობა, რომ საქართველომ დაკარგოს სახელმწიფოებრიობა, ის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ქართველ ხალხს დღეს გააჩნია. საუკუნეების განმავლობაში თაობებს არ ღირსებიათ დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება, ჩვენ გვერგო ეს ბედნიერება. ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ. ხელისუფლებამ დაგვიცვა ომისგან, უარი უთხრა ძალიან დიდ და პოტენციურად საშიშ ძალას ჩვენს ომში გადაშვებაზე. აქ, ახლა ჩვენ სიტუაციური მოკავშირეები ვართ - ხალხი და ხელისუფლება. როდესაც დგას ომისა და მშვიდობის საკითხი, ყველა სხვა პრობლემა და ყველა სხვა საკითხი მეორადია. აქ გვინდა ჩვენ ერთიანობა ერის, ბერის, მხედრობის და მთავრობის. ვინაიდან მოკავშირეები გავხდით ხელისუფლება და ხალხი, იმედი მაქვს, რომ ეს მოკავშირეობა გაგრძელდება და ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხები გადაწყდება. ჩვენ 30 წელია ვავითარებთ ლიბერალურ კაპიტალიზმს, გვეხმარებიან უცხოეთიდან და მივიღეთ ის, რაც დღეს მივიღეთ. როგორ ხდება, რომ ჩვენი მეგობრები არიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები და ჩვენთან კვლავ არის უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, დაბალი პენსიები?!
გასაგებია, რომ ლიბერალურმა კაპიტალიზმმა არ გაამართლა და საჭიროა საქართველომ დაიწყოს საკუთარი სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ის ე.წ. კონსენსუსი, რომელსაც უწოდებენ ვილი ამსონის თეორიებს, ჩვენ არ გამოგვადგა, ეს არ არის სწრაფი განვითარების გზა. ბოლო ორი წელიწადი, როდესაც ორნიშნა ზრდა იყო ქართული ეკონომიკის, ეს არის უპრეცედენტო. დღეს დადგა დრო, როდესაც ხმალი ქარქაშიდან უნდა ამოვიღოთ და დავიცვათ ღმერთი, ოჯახი და სამშობლო“, - მიმართა ირაკლი გოგავამ.
აქციას ესწრებოდნენ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული ადამიანების ოჯახის წევრები. სპეციალურად სტრასბურგიდან ჩამოვიდა პროფესორი გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე, რომელმაც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გურამ შარაძე სწორედ იმისთვის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს იბრძვიან. მისი თქმით, „მკვლელების ბანდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს, როგორც მკვლელები“.
„მამაჩემი, გურამ შარაძე სწორედ ამისთვის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით. დღეს იშვიათად თუ გაიგონებთ მის სახელს და მინდა, შევახსენო ყველას, რომ ნახევარი სიმართლით ვერ გავიმარჯვებთ. მკვლელების ბანდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს, როგორც მკვლელები.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მამაჩემის დახვრეტიდან 16 წლის შემდეგ, ისევ ქუჩაში ვიქნებოდი, თქვენთან ერთად, ისევ იგივე მოთხოვნით, მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, რადგან არ გვაქვს უფლება, ჩვენი შვილები, შვილიშვილები ასე არ უნდა გაიზარდონ.
მათ უნდა ჰქონდეთ დრო, საშუალება, რომ განვითარდნენ, განათლება მიიღონ, წინ წავიდნენ და მოუარონ ამ ქვეყანას ისე, როგორც იმსახურებს და რაც ჩვენ ბოლომდე ვერ გავაკეთეთ. ბოლოს, უმორჩილესად მინდა, გთხოვოთ, მომეხმარეთ, რომ სიმართლე ყველგან მივიტანოთ. მე თქვენ გარდა არავინ მყავს, მხოლოდ თქვენი, ქართველი ხალხის იმედი მაქვს“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.
პოლიტიკური ტრიბუნა დაიკავა და აქციის მონაწილეებს მიმართა რეჟიმის კიდევ ერთმა მსხვერპლმა, გიორგი ზერეკიძემ, რომელიც სააკაშვილის რეფორმირებულ ციხეში 14 წლის ასაკში მოხვდა.
„გახსოვთ, ალბათ, 14 წლის ახალგაზრდა ბიჭი, გიორგი ზერეკიძე, რომელსაც მთელი „ნაციონალების“ ბანდა და მათი ბელადი, მიშა სააკაშვილი როგორ დამიპირისპირდა, მაგრამ მე დღეს აქ არ მოვსულვარ ანგარიშების გასასწორებლად ან რევანშისთვის. მე აქ მოვედი, რადგან მიკვირს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილში არის სურვილი, დააბრუნოს ის მოძალადე, კაცთმოძულე, ამაზრზენი რეჟიმი, რომელიც 9 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას ატერორებდა, ანადგურებდა ოჯახებს, ახალგაზრდებს სიცოცხლის უფლებას უსპობდა.
დღეს მე ვხედავ საშიშროებას, რომ ისინი უცხო ქვეყნიდან თავიანთ პარტნიორებთან ერთად, დაბრუნდნენ და უნდათ ისევ ისე დაატერორონ საქართველო, როგორც ამას 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ. ჩვენმა შვილებმა და ჩვენმა მომავალმა თაობამ არ უნდა გაიაროს ის, რაც მე და ჩემმა ოჯახმა გავიარეთ.
მეშვიდე გამომსვლელი ვარ და ძალიან სიმბოლურია, 7 წელი რის გამო ვიჯექი ციხეში, მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამას სიტყვებით ნამდვილად ვერ გადმოვცემ, მაგრამ წლები, რაც მე გავიარე, დამერწმუნეთ, რომ ძალიან მტკივნეული არის. არ მინდა, განმეორდეს ეს და ჩვენმა მომავალმა თაობამ იგივე გაიაროს. სიმართლე არის ჩვენკენ, ღმერთი არის ჩვენკენ და გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს“, - აღნიშნა გიორგი ზერეკიძემ.