„ამერიკული „ფარას“ ტიპის კანონპროექტის მიღება გვინდოდა და მას რუსული ეძახეს, სწორედ ამ კანონმა გამჭვირვალე გახადა, რომ თითქოს სააკაშვილს კლავენ, მხოლოდ ლობიზმის ნაყოფია“

„ამერიკული „ფარას“ ტიპის კანონპროექტის მიღება გვინდოდა და მას რუსული ეძახეს, სწორედ ამ კანონმა გამჭვირვალე გახადა, რომ თითქოს სააკაშვილს კლავენ, მხოლოდ ლობიზმის ნაყოფია“

ლობისტურ კომაპნიაში დახარჯული კოლოსარული თანხით დაქირავებული ექსპერტები დასავლეთში არწმუნებენ კონკრეტულ პოლიტიკოსებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი სიკვიდილის პირას არის და მას საქართველოს ხელისუფლება აწამებს.

ეს ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციით ხდება ცნობილი. დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საერთაშორისო მედიაში სტატიების უმრავლესობა, ლობისტური კომპანიის დაკვეთით, კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ გამოქვეყნდა. დეპარტამენტში ლობისტურმა კომპანიამ უკვე წარადგინა ანგარიში, თუ რა სამუშაოები გასწია ხელშეკრულების სანაცვლოდ. მათ შორის საუბარია საერთაშორისო მედიაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მასალების გამოქვეყნებაზე, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ასევე სტატიები ლობისტების მიერ დაქირავებული სამედიცინო ექსპერტების მოსაზრებებით.

მასალებიდან ჩანს, რომ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანია „Akerman LLC“ და „Globalpoint“ -ის მიერ არის მომზადებული და გავრცელებული საერთაშორისო მედიაში.

ასევე, ლობისტური ორგანიზაციის მიერ იუსტიციის დეპარტამენტისთვის გაზიარებული დოკუმენტების ნაწილი მოიცავს იმ ექიმების „საპასუხო დასკვნებს“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ლობისტურმა კომპანიამ „Akerman LLC“-მ დაიქირავა.

ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელს გიული ალასანია აწერს, ლობისტური საქმიანობისთვის კი მითითებულია თანხა 917 177 აშშ დოლარი.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ლობისტები მისი დაკავების დღიდან ამუშავდნენ და დაიწყეს ის კამპანია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის დაგეგმილი. ამ გამოქვეყნებული ინფორმაციით კი ეს ყველაფერი ნათლად ჩანს.

„ეს არის დაგეგმილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. აქ მარტო ხელისუფლებაზე არ არის საუბარი, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია. მისი შემოგორება და შემოტანა საქართველოში, როგორც განუბაჟებელი ტვირთი, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით. დაგეგმილი იყო იმიტომ, რომ მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ, პირველივე დღიდან, როგორც კი სააკაშვილის დაკავება მოხდა, მაშინვე ჩაირთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ცილისმწამებლური კამპანია ამასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მას არ აქვს შესაბამისი პირობები, რაც უნდა ჰქონდეს პატიმარს, ძალიან დიდი ტყუილია. ერთადერთი ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ეს არის ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, ამ დოკუმენტებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ყველაფერი ის, რაც საერთაშორისო მედიაში ქვეყნდება, სააკაშვილის ე.წ. მომაკვდაობაზე და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, ყველაფერი „ნაცმოძრაობის“ შავი პიარია, რომელშიც დიდ ფულს იხიდიან.

„ძალიან კარგია ამერიკაში კანონი „ფარა“ რომ მოქმედებს, რომლის მიღებაც საქართველოს პარლამენტსაც უნდოდა, მაგრამ სამწუხაროდ და სამარცხვინოდ დასავლელი აქტორების მხრიდან ეს რუსულად იქნა შერაცხული. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალები ამტკიცებს, რომ შეკვეთილი სტატიები და განცხადებები ჩვეულებრივი პიარხერხია სააკაშვილის დესტრუქციული პარტიისა.

სააკაშვილის ვითომ ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო სტრასბურგს რომ მიმართეს, სწორედ ამ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოიყენებენ მოსამართლეები, რომ სააკაშვილის გარემოცვა იტყუება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, მხოლოდ ფულით, ბინძური მესიჯბოქსით ინგლისურ ენაზე ტირაჟირებით, სააკაშვილის ომის პარტია პოლიტიკაში დამკვიდრებას ცდილობს. ეს მეტყველებს იმაზე რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი. ის არ არის ორიენტირებული არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რადგან იციან, რომ ამ გზით მათ ხალხი უკან არ დააბრუნებს“, - ამბობს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, გზავნილები საქართველოს ვითომ დემოკრატიის უკუსვლაზე, განსაკუთრებით ევროპარლამენტარებისგან, სიცრუეა და არ არის გამორიცხული, რომ ეს ხალხი სწორედ კონკრეტული დაინტერესების გამო ამ რიტორიკით საუბრობს. ასევე აბაშიძე ამბობს, რომ სიცრუეა, როდესაც ეს ადამიანები ქართველ ხალხს ატყუებენ და ამტკიცებენ, თითქოს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა კანდიდატის სტატუსს უკავშიდებოდეს.

„ამ ყველაფერს ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი კრებსითი კუბილიუსები, კრამონები და ფოტიგები ამბობენ. ამ ხალხის სიტყვას, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე ევროპის ინსტიტუტებში ჩალის ფასი აქვს. საქართველო კანდიდატის სტატუსზე ევროკომისართან ერთად მუშაობს და კარგად არის ის 12-პუნქტიანი გეგმა გაწერილი. გასაგებია, რომ ზოგიერტი პოლიტიკური აქტორი შეცდომშია შეყვანილი. როდესაც ნახავს, რომ რიგი საერთაშორისო პუბლიკაციები ე.წ. მომაკვდავ სააკაშვილზე არსებობს, ბუნებრივია, განცახდებას ბევრი გადაუმწომებლად აკეთებს. არსებობს ამ პროპაგანდის გამავრცელებელი ვერცხლის მოყვარული უცხოელი აქტორები და ასევე ადამიანები, რომლებიც ამ ხალხს და პუბლიკაციებს შეცდომაში შეჰყავთ. ნაციონალები ქვეყნის შიგნით ამ პროპაგანდას იყენებენ და საზოგადოებას უხატავენ სიტუაციას ისე, თითქოს მთელი მსოფლიო სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და კანდიდატის სტატუსს მის გამო არ მოგვცემენ. დაფინანსებული, დასპონსორებული და მეგობრების კარნახით დაწერილი სტატიები სააკაშვილს ვერაფრით დაეხმარება“, - ამბობს აბაშიძე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, მისთვის მკურნალობის ნაცვლად, დაკავებულია იმით, რომ ლობისტებს ქირაობს და ყალბ დასკვნებს აწერინებს. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლების არაერთი შემოთავაზებისა, ნებისმიერი ქვეყნიდან, საიდანაც უნდოდათ პროფესორს ჩამოუყვანდნენ, დღემდე ოჯახი ამაზე ყურს არ იბერტყავს.

„ყველა ხომ კარგად ხედავს, რომ ოჯახი, ხელისუფლების შეთავაზების მიუხედავად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოიყვანს ექიმს, მთავარია ხელი დაადონ ვინ სურთ, მაგრამ არც კი იმჩნევენ. ამის მაგივრად მიდიან და კოლოსარულ თანხებს იხდიან და ვეტერინარის დონის სპეციალისტებს ფალსიფიცირებულ სამედიცინო დასკვნებს ადებინებენ. ეს ე.წ. სპეციალისტები სააკაშვილის ჯამრთელობის გაუარესების შესახებ მაუწყებლობენ მხოლოდ პრესის ფურცლებიდან ან ტელევიზიიდან, რომელშიც ოჯახს ფული აქვს დახარჯული. ამერიკის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, მიხეილ სააკაშვილი როგორც უცხოელი აგენტი, ისეა აღრიცხვაზე აყვანილი. არადა ზუსტად ამ ტიპის კანონპროექტის მიღება ჩვენ საქართველოში გვინდოდა. ყველას ყველაფრის უფლება მისცემოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალე ყოფილიყო. ჩვენთან მიმართებაში ამას რუსული კანონი ეძახეს. არადა სააკაშვილთან მიმართებაში ამერიკაში ამ კანონმა შესანიშნავად იმუშავა. ამერიკული „ფარას“ კანონის მიხედვით, გამჭვირვალე გახდა, რომ მთელი ეს კამპანია, თითქოს სააკაშვილს კლავენ, აწამებენ და დღე-დღეზე დაიღუპება, არც ერთ კომპეტენტურ სამედიცინო დასკვნას არ ეფუძნება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ლობიზმის კამპანიის ნაყოფი“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს მტკიცებულება, რომ სააკაშვილი რეალურად ცუდად კი არ არის, ეს არის პიარის ნაწილი. ქართველიშვილი ამბობს, რომ სტრასბურგის მოსამართლეები ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ამ განცახდებას გამოიყენებენ და სააკაშვილი მიიღებს უარს. ეს ყველაფერი კარგად იციან მისმა ადვოკატებმა და გარემოცვამ, ამიტომაც იყო, რომ საჩივრის გაგზავნას მაქსიმალურად წელავდნენ.