„ძნელია ყველა ცოდვის აკიდება კელი დეგნანისთვის, მაგრამ ამერიკულ მხარეს აქვს ქართულ ცხოვრებაში ჩარევის და თავის ჭკუაზე წაყვანის სურვილი“

„ძნელია ყველა ცოდვის აკიდება კელი დეგნანისთვის, მაგრამ ამერიკულ მხარეს აქვს ქართულ ცხოვრებაში ჩარევის და თავის ჭკუაზე წაყვანის სურვილი“

საქართველოში წარმოგზავნილ ამერიკის ელჩებს შორის ყველაზე დიდი კრიტიკა კელი დეგნანს ხვდა წილად. სანამ კელი დეგნანს ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანი ჩაანაცვლებს, მანამ დეგნანი კიდევ არაერთი უკმაყოფილების ობიექტი გახდება, რადგან ამ ელჩმა ვერაფრით მოახერხა, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის ნაცვლად ქართველი ხალხის სიყვარული დაემსახურებინა.

როცა კელი დეგნანის „ცოდვებზე“ საუბრობენ, ახსენდებათ, რომ ამერიკის ახლანდელი ელჩი უსმენდა უფრო ნინო ლომჯარიას, არასამთავრობოებს, ვიდრე უბრალო ხალხს. ისტორიას დარჩება კელი დეგნანის შეფასება ნინო ლომჯარიას ომბუდსმენობის მიმართ: „ძვირფასო ნინო, თქვენ ნამდვილად ჩემპიონი იყავით“. ცალკეულ ადამიანთა მოსაზრებით, სწორედ კელი დეგნანის ხელშეწყობით გამოვიდა ციხიდან უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა, დეგნანი აფარებდა ხელს შულერობაში გამოჭერილ „ISFED“- ს, რომელიც არჩევნების შედეგების გაყალბებას შეეცადა.

ასევე, კელი დეგნანს მოსამართლეთა საქმიანობაში ჩარევის მცდელობაშიც ამხელენ, მას აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ სააკაშვილის კონტრაბანდული ჩამოსვლისას მის დანაშაულზე თვალს ხუჭავდა და აცხადებდა, რომ არ იცოდა, დამნაშავე იყო თუ არა სააკაშვილი, ეს მოსახლეობას უნდა განესაზღვრა.

კელი დეგნანს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაშიც ადანაშაულებენ, მას ამხელენ იმაშიც, რომ კეზერაშვილის ადვოკატირებას შეეცადა. 7- 8 მარტის მოვლენების დროს კი ე.წ. აგენტების კანონის თემა შემოუგდო აღელვებულ მასას.

კელი დეგნანის ყველაზე დიდ გამაკრიტიკებელს, კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას მიაჩნია, რომ კელი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში სრული ფიასკოა. გოგა ხაინდრავა წლების განმავლობაში აკვირდებოდა ამერიკის ელჩს და პერიოდულად უფასო რჩევებსაც არ იშურებდა მისთვის: „კელი დეგნან, ვიდრე პრაიდზე წახვალ, ერთხელ მაინც რომელიმე ქრისტიანულ დღესასწაულზე უნდა იყო ნამყოფი, რომ ამით პატივი სცე იმ საზოგადოებას, რომელშიც ელჩად გამოგგზავნეს“.

მოგვიანებით გოგა ხაინდრავა შეახსენებდა ელჩ დეგნანს, რომ ის იმ ქვეყნიდან იყო ჩამოსული, სადაც ფულზეც კი წერია- „ჩვენ გვჯერა ღმერთის“, ამიტომ კინორეჟისორი ელჩისგან მოითხოვდა ჩვენი რწმენის პატივისცემას.

რა კვალი დატოვა კელი დეგნანმა საქართველოში მოღვაწეობისას?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ უჭირს ყველა ცოდვის აკიდება კელი დეგნანისთვის, ვინაიდან, როგორც წესი, დიპლომატები თვითონ არ იღებენ გადაწყვეტილებას, მათი ნაბიჯების თანაავტორი ყოველთვის არის იმ ქვეყნის ხელმძღვანელობა, საიდანაც ისინი წარმოგზავნეს, ანუ ამერიკა.

„ამერიკის მხარე საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების თანაავტორი რომ იყო, ეს გამოჩნდა თუნდაც იმით, რომ კელი დეგნანის წერილის საფუძველზე ბლინკენმა სანქციებს მოაწერა ხელი. ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ მოუწონეს ბორდის სტრუქტურა და გამოუცხადეს, ვასილ მაღლაფერიძე არ უნდა გყავდეთო. ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე ზრუნავდნენ, მაგრამ მაღლაფერიძის ბორდში ყოფნა-არყოფნა უკვე მეორე ფრონტის გახსნას აღარ ნიშნავს. ეს უკვე გულისხმობს შენიშვნებს და ტენდენციებს სულ სხვა მიმართულებით, რომ ამერიკულ მხარეს აქვს ქართულ ცხოვრებაში ჩარევის და ამ ცხოვრების თავის ჭკუაზე წაყვანის სურვილი. ეს სურვილი უმეტესად უკავშირდებოდა იმ სულისკვეთებას, რომ „ქართული ოცნება“ ყოფილიყო უკან დამხევი, დამთმობი „ნაცმოძრაობასთან“ დაპირისპირების დროს“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კელი დეგნანის მოღვაწეობასა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ვერაფერ დრამატულს ვერ ხედავს. კეზერაშვილთან მიმართებით დეგნანმა დიპლომატიური პოზიცია გამოხატა, კელი დეგნანი რომ გამოსულიყო და კეზერაშვილის გაკრიტიკება დაეწყო, ეს მისი კომპეტენცია არ იყო და ვერც ჩაერეოდა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ გარჩევებში.

„სხვათა შორის, სხვა ქვეყნის ელჩებმაც კეზერაშვილთან მიმართებით მსგავსი განცხადება გააკეთეს. რაც შეეხება მოსამართლებს, კელი დეგნანმა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე ჯალათების მიმართ გამოიყენეს სერიოზული ინსტრუმენტი. თავის დროზე ბარაკ ობამას ადმინისტრაცია საქართველოში მედგრად იცავდა იმ ადამიანების უფლებებს, რომელიც ილახებოდა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ფაქტობრივად, ბარაკ ობამას გამოცხადებული ჰქონდა არაფორმალური და ფორმალური სანქციები სააკაშვილის რეჟიმის მიმართ და ის, რომ სააკაშვილმა ვერ გაბედა სამხედრო გადატრიალების მოწყობა, სწორედ ამერიკის მაშინდელი ელჩის და ამერიკის მაშინდელი სახელმწიფო დეპარტამენტის დიდი დამსახურებაა. თორემ მიხეილ სააკაშვილმა მაშინ შაშკინს დაავალა, არმია გამოეყვანა და დაეწყო სამხედრო გადატრიალება, ღამის 3 საათზე მოახდინეს ამის რეპეტიცია, როდესაც მათ მიერ მართული სამხედრო ფორმირებების წარმომადგენლები შეიჭრნენ და დაარბიეს ხაშურის საარჩევნო უბანი. ფაქტობრივად, ეს იყო მზადება სამხედრო გადატრიალებისთვის. ეს სამხედრო გადატრიალება რომ მოეხდინათ, ოპოზიციურად აქტიური ადამიანები ცოცხლები არ იქნებოდნენ. მე ნამდვილად ცოცხალს არ დამტოვებდნენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვენ გადაგვარჩინა ავტორიტარული და სერიოზული პოლიტიკური რეპრესიებისგან“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

ანალიტიკოსი თვლის, რომ დღესაც კელი დეგნანი იქცევა ისე, როგორც ჩვენი სტრატეგიული მეგობრის დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა მოიქცეს. ჩვენ გვახსოვს წინა ელჩებიც, რომლებიც, გარკვეულწილად, შეიძლება ბალანსირებდნენ და სააკაშვილის რეჟიმთან მიმართებით თვალს ხუჭავდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთი ელჩებიც, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გალაშქრებასაც არ ერიდებოდნენ და იბრძოდნენ ჩვენთან ერთად.

ვახტანგ მაისაია იმასაც იხსენებს, რომ „რადიო თავისუფლებამ“, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იყო დაფინანსებული, კერძოდ, მისმა რუსულენოვანმა რედაქციამ პირველად პირდაპირ ეთერში მიანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი პოლიტიკური მოტივით დაჭერილ ადამიანებს, პარალელურად, სააკაშვილის ციხის პატიმრებს აძლევდნენ საშუალებას, პირდაპირ ეთერში გაეკეთებინათ მწარე განცხადებები და ციხიდან ებრძოლათ.

„აშშ- ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა არ მისცა საშუალება სააკაშვილს, სამხედრო გადატრიალება მოეწყო. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა გააყალბა მეორე არჩევნები და, ფაქტობრივად, გაყალბებული არჩევნებით მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ამერიკის ადმინისტრაციამ კატეგორიულად შეცვალა თავისი პოლიტიკური ხედვა და მიზნები სააკაშვილის რეჟიმის მიმართ და მაშინ უკვე ამერიკის ელჩები იქცეოდნენ თავისი სახელმწიფო პოზიციებიდან გამომდინარე. ამერიკის ადმინისტრაციას თავისი პრიორიტეტები აქვს. ქალბატონი დეგნანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში მოავლინეს საქართველოში, დონალდ ტრამპი საკმაოდ მედგრად იცავდა საქართველოს ინტერესებს და იყო საინტერესო პრეზიდენტი, როგორც კონსერვატიული აზროვნების პიროვნება“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და შეკითხვის საპასუხოდ, როგორი რანგის დიპლომატებს გზავნის ამერიკა საქართველოში, განმარტა, რომ საქართველოში მოვლენილ ბოლოდროინდელ ელჩებს მანამდე საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავათ.

ბატონი ნორლანდი მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოში, ეს მაღალი დონეა, ფაქტობრივად, ნორლანდი პოლიტიკოსი უფრო იყო, ვიდრე დიპლომატი. ასეთი მაღალი დონის დიპლომატი მოავლინეს საქართველოში და იგი საქართველოს დემოკრატიას დაუდგა გვერდით, მან საქართველოს დემოკრატია გადაარჩინა.

ვახტანგ მაისაიას განმარტებით, ცხადია, „ქართული ოცნების“ მიმართ ყველა პოლიტპატიმარს აქვს მადლიერების გრძნობა, მაგრამ ბატონი ნორლანდი რომ არა, შეიძლება სააკაშვილს „ქართული ოცნების“ ლიდერებიც მიესვა პოლიტპატიმრების გვერდით ციხეში.