ერთხელ, გასული ათასწლეულის მიწურულს, ივლისის წვიმიან დღეს, როდესაც ქუთაისში დაკრძალვაზე წასული რამდენიმე რეზონანსელი თბილისში ვბრუნდებოდით, მარიკა მაღალაშვილმა შუა რიკოთზე კალათის ყიდვა გადაწყვიტა - რამდენი ხანია, კალათის ყიდვა მინდაო. იმ კოკისპირულ წვიმაში მანდილოსანს ხომ ვერ გავუშვებდი? მე უნდა გადავსულიყავი. კალათი ხუთი თუ ექვსი ლარი ღირდა და მარიკას ხომ არ გამოვართმევდი ფულს? მე უნდა გადამეხადა, ჯიბეში კი 50 თეთრზე მეტი არ მედო. ეს ყველაფერი ერთ წამში გავიაზრე, მომდევნო ორი წამი კი წინადადების შედგენას და მის წარმოთქმას მოვანდომე: „ბებიაჩემისგან გამიგია, რომ წვიმიან ამინდში დაწნული კალათის ყიდვა არ შეიძლება“.
ხაშურში შევდიოდით, მარიკამ რომ იკითხა: „რატომ?“
რა „რატომ“?
- რატომ არ შეიძლება წვიმიან ამინდში დაწნული კალათის ყიდვა?
იქ ამბავი ატყდა... თავადაც მიხვდებით, რა ამბავიც ატყდებოდა. მას შემდეგ რიკოთზე გავლისას სულ ეს მახსენდება - „...წვიმიან ამინდში დაწნული კალათის ყიდვა არ შეიძლება“. ნათქვამი რომ არის - შეძახილმა ხე გაახმოო, და მეც იმდენჯერ გამახსენდა და იმდენჯერ გავიხსენე, რომ ახლა უკვე თავადაც მჯერა - წვიმიან ამინდში დაწნული კალათის ყიდვა არ შეიძლება!
ასეა, როცა საკუთარ თავს რაღაცას უჩიჩინებ, მეორე „მე“ ქვია ამას, ქვეცნობიერი თუ იქნებ კიდევ რამე სხვაც, არ ვიცი. მაგრამ, ერთხელაც იქნება, ვცდი, წვიმიან ამინდში ვიყიდი დაწნულ კალათს და ვნახავ, რა მოხდება.
ცხვირი გეფხანება - დალევ, ხელის გული გეფხანება - ფული მოვა, ჩიტი დაგასკლინტავს - ფულს იპოვნი, პარასკევ დღეს ფრჩხილების დაჭრა არ შეიძლება, ორშაბათს ფუი არ გასცე, შილა სამი კოვზი უნდა გადაიღო, ლობიოც უნდა გადაიღო, იმიტომ, რომ ლობიო „მიუვა“.
უცებ გამახსენდა... ასე 95-96 წელი იქნებოდა, ქელეხში ვიყავი. გაუბედურებული, მშიერი წლები. ხალხი საჭმელს დააცხრა. ჩემ წინ, სუფრასთან, გოგონა იჯდა. ისეთი ლამაზი იყო, შვლის ნუკრის ნაამბობი გამახსენდა. ხმა არ ამოუღია, პირი არაფრისთვის დაუკარებია. ვუცქერდი და ვტკბებოდი, იმ დამშეული ადამიანების ფონზე პრინცესას გავდა. მერე, ბოლოსკენ, ლობიო რომ ჩამოატარეს, პრინცესამ ხმამაღლა თქვა - ლობიოს გადავიღებ, ლობიო მიუვაო. მეთქი, შენი ქათამი... ბარემ წიწაკის მწნილიც მიაყოლე.
ბებიაჩემისგანაც და სხვებისგანაც გამიგია, რომ მტერთან ფლირტი არ შეიძლება, მტერს საცეკვაოდ არ უნდა გაყვე, მტერს თუ გაყევი საცეკვაოდ - მტრისას! უნდა გიყვარდეს მტერი, როგორც მოყვასიო, მაგრამ თუ მოყვასი არ გიყვარს?
ჩვენ ხომ, როგორც ისტორიაში გვასწავლიდნენ, მონათმფლობელური გამოვტოვეთ და პირდაპირ ფეოდალურში ვისკუპეთ? ზოგი ისეთი დაიბადება, მოყვასს რომ გამოტოვებს. უყვარს საკუთარი თავი და უყვარს მტერი, რომელიც სულაც არ არის მისი მტერი, იმის მტერია, ვინც, წესით, მისი მოყვასი უნდა ყოფილიყო და რომ ვამბობ მტერს, ის იმის მტერია, წესით მოყვასის, თორემ ამისთვის... ამისთვის მეგობარია, ისეთი მეგობარი, სულისა და გულის რა გითხრათ, მაგრამ მისთვის ბევრ სხვა რამეს რომ არ დაიშურებს. მაგალითად? მაგალითად - „დავდევდი მედვედევს და ის მემალებოდა - გარბოდა, როგორც შეყვარებული გაგირბის. ბანკეტის შემდეგ ღამის კლუბში წავედით. მედვედევი საცეკვაოდ გავიდა მოედანზე, მეც შევყევი, დავავლე ხელი და გამოვიყვანე. დავადე ხელი მუხლზე, რომ არ გაქცეულიყო. სოჭში შეხვედრაზე დაველაპარაკე. მითხრა - ძალიან მომწონხარ, ერთი ასაკის ვართ, ერთი განათლება გვაქვს, ერთი მუსიკა მოგვწონს, მაგრამ მოსკოვში თამაშის სხვა წესებია, რომელსაც მე არ ვაწესებო“.
აბა, მტრისთვის მუხლზე ხელის დადება როგორ შეიძლება, თუ ის მართლა მტერია? ეს, ბებიაჩემისგანაც გამიგია და სხვებისგანაც. მაგას ისევ ის ჯობს, მიაფურთხო ეშმაკს და წვიმიან ამინდში დაწნული კალათი იყიდო. მაგრამ თუ მტერი ისე გაგირბის, როგორც შეყვარებული, ის უკვე მტერი კი არა, შეყვარებულია, ან - ყოფილი შეყვარებული, რომელიც მტრად მოგეკიდა, თუმცა რა შეწირე და რას წირავდი ამ სიყვარულს, საკითხავი სწორედ ეს არის.
ჩვენ კი ვიცოდით პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ ნებაყოფლობითი აღიარებითი ჩვენება მაინც სხვაა.
თურმე, სააკაშვილი პუტინს ტერიტორიების სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანებასა და აშშ-სთან მეგობრობაზე უარის თქმას დაპირდა და, თურმე, ლტოლვილების დაბრუნების სანაცვლოდ სოხუმის აეროპორტს, რკინიგზას და გაგრაში, ბიჭვინთაში და სოხუმში ეკონომიკურ ინტერესებს უკანონებდა.
ანუ, ტერიტორიები სრულად დაგვიბრუნე და სრულიად საქართველო დაგიბრუნდებაო, დევნილები დააბრუნე და მერე ყველა ერთად აბრუნე და ატრიალეო. ჯერ ეს ყოფილა და მერე ის - მედვედევს მუხლზე ხელი რომ დაადო, ის კიდევ, ისე რომ გაურბოდა, „როგორც შეყვარებული გაგირბის“. ეტყობა, იმასა და იმას შორის ის იყო, „სოფლის აშიკში“ რომ არის - „შოუყვანია და შოუყვანია“, ოღონდ ამის გარეშე - „მოგვატყუეს, გაგვაბრიყვეს, ანეტა გეძახისო...“
ანეტა არა კვატი! როგორც ზემოთ და მანამდე აღვნიშნე, ბიძის ფაქტორი იყო, ხოლო თუ იყო ტყუილი და სიბრიყვე, ტყუილი „გულის ვარდებმა“ თქვეს, სიბრიყვე კი იმათ სინდისზე იყოს, წვიმიან ამინდში მუსიკოსობას რომ იბრალებდნენ.
ერთი მუსიკა გვიყვარსო, მედვედევმა რომ უთხრა სააკაშვილს, სწორედ მაგ მუსიკას გულისხმობდა და ის რომ უთხრა, მომწონხარო... მოწონდეთ, ბატონო, ერთმანეთი, ოღონდ - ჩუმად, და, კარგი იქნება, პარადებს თუ არ მოგვიწყობენ.
ერთი განათლება გვაქვს მიღებულიო და, განათლება ცოტა სხვა რამეა - „...არ სიძვისა დასადარი. იგი სხვაა სიძვა სხვაა, შუა უდევს დიდი მზღვარი“.
ხანდახან როგორ გავილექსები ხოლმე, მაგრამ ახლა რაჭაში ვარ და ბავშვობის შაირები მახსენდება, თავისი სტანდარტული დასაწყისებით - წყალში ბადე გადავაგდე, მას ამოყვა კიბე... მას ამოყვა მაკრატელი... მას ამოყვა ნემეცი...
ბავშვობაში უფრო მჯეროდა ხოლმე ამ ცრურწმენების და ნიშნების - ის არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს ამას ნიშნავს, ის იმას და ა.შ. დასხდებოდნენ ხოლმე მოხუცები და ყვებოდნენ ათას რაღაცას ქაჯებსა და ალქაჯებზე. ერთი დამამახსოვრდა - სოფელში ვიღაც ქალი ყოფილა, აიღებდა თურმე ცოცხს და საღამოობით შარაგზას გვიდა, დაღამდებოდა თუ არა, მოაჯდებოდა იმ ცოცხს და გაფრინდებოდა.
შენ ვიღაც ქალი ეძახე და აგერ, როგორ იბარტყა - მთელი ათი წელია ამდენი ქაჯი, ამდენი ცოცხი და ამდენი ფრენა ინაუგურაციიდან პრეზენტაციაზე, პრეზენტაციიდან კორონაციაზე, ოკუპაციაზე, სტაგნაციაზე, დეგრადაციაზე... რაღაც დავაშავეთ, რაღაც ჩავიდინეთ, რაღაც ისე არ გავაკეთეთ და რაღაც ისეთი გავაკეთეთ, რაც საერთოდ არ უნდა გაგვეკეთებინა.
რაღაც და, უფრო - რაღაც-რაღაცეები. ბევრი რაღაც, დიდი ხნის განმავლობაში. ისეთი რაღაც-რაღაცეები, რომელთან შედარებითაც წვიმიან ამინდში დაწნული კალათის ყიდვა ბავშვური თამაშია. თუმცა, ჯერ ვერც იმას გეტყვით, რა უბედურება შეიძლება მოიტანოს წვიმიან ამინდში დაწნული კალათის ყიდვამ, მაგრამ მაშინ, იმ ნოემბერში, ის ხალხი „მიშა, მიშა“-ს ძახილს რომ შეშვებოდა, რიკოთზე რომ წასულიყო და კალათი ეყიდა, ამდენ უბედურებას არ გადავეყრებოდით.
ზეგ, თბილისისკენ რომ დავიძვრები, აუცილებლად გავჩერდები იქ, სადაც მაშინ არ გავჩერდი, სულ რომ ქვეყანა იქცეოდეს, მაინც ვიყიდი დაწნულ კალათს და ნოემბერს დაველოდები.
ჩვენთან ხომ ყველაფერი ოქტომბერში მზადდება და ნოემბერში ხდება?
ნოემბერში ბევრი სუფრა გაიშლება და ბევრი ლობიოც შეიჭმება, მაგრამ რა მოუვა და რა მიუვა იმას, „გორში ლობიოს“?
იმას მიუვა ბაბასილი და ჩემი ბავშვობის ერთი შაირი - „გავტეხე ფანჯარა, ვჭამე ლობიო...“
დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია, ოღონდ ბოლოში აუცილებლად „მთელი მსოფლიო“ უნდა იყოს.