თუ აქამდე მიხეილ სააკაშვილის კუჭზე გადიოდა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ახლა აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლას და ნიკა გვარამიას არშეწყალებას პირდაპირი გავლენა ექნება სტატუსის პერსპექტივაზე. „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას გამოშვება მორალურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რადგან გვარამია პოლიტიკური პატიმარია და ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება.
რადიკალური ოპოზიცია ისევ ქუჩაზე აწყობს პოლიტიკურ მომავალს და ამჯერად სტრატეგიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შესაძლო არმიღებაზე აგებენ. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პროგნოზის გაკეთება არ ღირს და შანსები 50/50-ზეა, ოპოზიციისთვის უკვე გახდა ხელჩასაჭიდი. მოსკოვში მყოფი, რუსეთის მოქალაქე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ ეჭვიც არ ეპარება, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება. მისი თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული.
„შემოდგომაზე საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, ღმერთმა დაუფაროს ჩვენ ქვეყანას, რომ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში, შეიძლება, პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდეს და არჩევნები კიდევ უფრო სწრაფად ჩატარდეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. თუ ისე მოხდა, რომ ეს სტატუსი საქართველომ ვერ მიიღო, რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ არჩევნები შეიძლება უფრო ადრე ჩატარდეს, ვიდრე ამას ველოდებით, ამიტომ ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია უნდა იყოს მზად და ბევრ სტრატეგიულ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებული იყოს. ეჭვიც არ მეპარება, რომ თუკი, სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ნაყოფიას განცხადებას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ციკარიშვილი და აცხადებს, რომ თუ კანდიდატის სტატუსი არ იქნება, ამ მოცემულობაში ვადამდელი არჩევნების გამორიცხვა არ შეიძლება.
„სტატუსს როდესაც ვერ მივიღებთ, იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, რომ მოსახლეობის 90% სულით და გულით ევროპისკენ მიისწრაფვის და ოჯახის მომავალს ევროპას უკავშირებს, რა თქმა უნდა, ექნება სახალხო, საჯარო მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პეტრე ცისკარიშვილმა.
ნაყოფია-ცისკარიშვილის იდეას არ იზიარებენ ოპოზიციაში. რესპუბლიკელი ხათუნა სამნიძე თვლის, რომ დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი პოლიტიკური შეცდომაა და არ ეთანხმება არც ერთ ოპოზიციონერ კოლეგას, რომელიც საზოგადოებაში იმგვარ აზრს თესავს, თითქოს საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. სამნიძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოსგან ელიან მუშაობას და არა რიგგარეშე არჩევნების მოწყობას.
რიგგარეშე არჩევნებზე მოლოდინების შექმნა სწორი არ ჰგონია პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატს ბექა ლილუაშვილს, რომლის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ მზად უნდა იყოს მსგავსი მომენტებისთვის.
„თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ეს დიდი პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვადამდელმა შეიძლება მეტი რისკი შექმნას, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან არჩევნებზე გავლენის გზით. ჩვენი პარტნიორების განწყობა ქართველი ხალხის მიმართ იმედს გვიტოვებს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ. თუ ისე მოხდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცეს, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, არც ნაყოფიას, არც ლილუაშვილის, არც ივანიშვილის გადასაწყვეტი არ იქნება რიგგარეშე არჩევნების საკითხი, თუ ეს დღის წესრიგი დადგა, ამას ქართველი ხალხი დააყენებს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციას არ აქვს შანსი არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიოს, ამიტომ ერთადერთ ხსნას რევოლუციური სცენარების განხორციელებაში ხედავენ. უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მთელი მათი პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ საქართველომ მორიგ ჯერზე არ მიიღოს სტატუსი და ეს გახდეს ტრიგერი მორიგი არეულობის.
„ფიქრობენ, რომ მღვრიე წყალში წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ოპოზიციას ელექტორალური კუთხით არ აქვს შანსი არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიონ, ამიტომ ერთადერთ ხსნას ხედავენ გარკვეული რევოლუციური სცენარების განხორციელებაში. რევოლუციური სცენარის განვითარების მთავარ ტრიგერად მიაჩნიათ ის, რომ საქართველომ არ მიიღოს მორიგ ჯერზე ის, რაც დამსახურებულად ეკუთვნის - კანდიდატის სტატუსი. მსგავსი განცხადებებით თვითლუსტრაციას ახდენენ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ანალიტიკოსების განცხადებით, ოპოზიცია ახლა შეეცდება გამოიყენოს კობახიძის ცნობილი განცხადება, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი 50-50-ზეა და ორგანიზება გაუკეთონ ახალ რადიკალურ პროცესებს, რომელიც უკვე დაანონსა რუსეთის მოქალქე, კობა ნაყოფიამ. ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, საქართველოში ჩატარებულ IRI-ის პოლიტიკურ კვლევას ერთი დადებითი მხარეც აქვს - შეგულიანებული მეხუთე კოლონა არ ერიდება საკუთარი დესტრუქციულობის გამომზეურებას. როგორც აბაშიძემ for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რუსი ბიზნესმენი და ნაციონალების ერთ-ერთი მოლარე კობა ნაყოფია ვადამდელ არჩევნებს აანონსებს თუკი საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ რევანშისტული ძალები მორიგი არეულობისთვის ემზადებიან. მისი თქმით, საკუთარ ხალხთან დაპირისპირებულმა ნაცსექტანტებმა ღრმად უნდა შეიმეცნონ - საქართველოს მშვიდობიან განვითარებას, ევროინტეგრაციის შეუქცევად გზაზე სვლას ვერანაირად შეაფერხებენ ვერც ფულით და ვერც უზნეო დასავლელი აქტორების მავნებლური მხარდაჭერით.
„ფაქტია, ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ეძებს ნებისმიერ მიზეზსს, თუ საბაბს იმისთვის, რომ ქუჩის პროტესტის ტალღა ააგოროს. არ ერიდებიან არც მორალურ, არც ზნეობრივ ბარიერებს და ამას აკეთებენ. საუკეთესო საშუალება ე.წ. ჩახმახი, ანუ ე.წ. ტრიგერი ამისთვის არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ოღონდ, აქ არის ძალიან დიდი პარადოქსი - ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ქადაგებენ ის პოლიტიკური აქტორები, რომლებსაც ჯიბეში უდევთ რუსული პასპორტი და ფინანსდებიან რუსული რუბლებით. ეს ძალიან დიდი პარადოქსია ქართული ოპოზიციური ფლანგისთვის.
ის, რომ ახლა კობა ნაყოფია და კიდევ სხვა აქტორები სოციალურ ქსელში აანონსებენ, რომ თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, იქნება ვადმადელი არჩევნები. კონსტიტუციურად ვადამდელი არჩევნები ინიშნება მაშინ, თუ ბიუჯეტი არ დამტკიცდა, ან მთავრობა. ასევე, დაუწერელი კანონია, ყველა ქვეყანაში, როდესაც საკმაოდ დაიძაბება პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ვითარება ცხადდება ვადამდელი არჩევნები იმისათვის, რომ ვითარება განიმუხტოს. ამ შემთხვევაში რუსი ბიზნესმენი კობა ნაყოფია და მისი თანამოაზრეები შეგულიანდნენ იმ ფაქტით, რომ IRI-ს ყალბმა კვლევამ მათ დაუწერა 14% და არა გამოკითხვის შედეგი, ისევე როგორც დაუწერეს მთლიანად რადიკალებს ის პროცენტები, რომლებიც აჭარბებენ „ქართული ოცნების“ ე.წ. 19%-ს რომელიც დაუჯერებელია“, - აცხადებს აბაშიძე.
აქედან გამომდინარე, როგორც აბაშიძე აცხადებს, ოპოზიციას მიეცა პოლიტიკური ჟანგბადის მორიგი ბალონი დასავლეთიდან, რითაც სარგებლობენ და სურთ, რომ პროცესები ისევ გადაიყვანონ არასტაბილურობისკენ.
„ქართულმა საზოგადოებამ არაერთი მწარე გამოცდა ჩააბარა დესტუქციული რადიკალების პირობებში, ისევე როგორც შესაბამისმა სტუქრურებმა და დარწმუნებული ვარ, რომ არ დაუშვებენ სიტუაციის აყირავებას ქვეყანაში, რა საბაბითაც და რა მოტივითაც არ უნდა იყოს, თუნდაც გამოიყენონ შეცდომაში შეყვანილი და დეზინფორმაციით მოწამლული ახალგაზრდები. მაგრამ, ერთგვარად ეს კარგია იმიტომ, რომ რადიკალები წინდაწინ, საჯაროდ აცხადებენ თავიანთ გეგმებს. ეს არის ძალიან კარგი. შესაბამისად, მოემზადებიან არა მხოლოდ სახელმწიფო სტუქტურები, არამედ საზოგადოება იქნება ფხიზლად და მზად, რომ მოსალოდენელია მორიგი დესტუქცია, როდესაც დადგება ის პერიოდი, როდესაც მართლაც 50-50-ზე იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობები. ეს მხოლოდ კობახიძის პროგნოზი არ არის, ამას ამბობენ დასავლელი პოლიტიკოსები და რატომ არის 50-50-ზე? - იმიტომ, რომ პარამეტრებით კი არ განიხილება საქართველოს მომავალი, არამედ უფრო პოლიტიკური კონიუნქტურით და პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე. ძალიან მართელბულად ბრძანა რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ახლა არსებული გეპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღების დროა და არა ღია კარზე და რეფორმებზე საუბრის. თუ, მათ უნდათ სტაბილურობა საქართველოში, სტაბილური და თანმიმდევრული განვითარება, ასეთ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსი მოსანიჭებელია. მით უმეტეს, რომ შარშან იგივე პარამეტრებით წინ ვუსწრებდით როგორც უკრაინას და ასევე მოლდოვას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, კობახიძის ასეთი ფრთხილი ოპტიმიზმი ნიშნავს, რომ შეიძლება არ მოგვცენ სტატუსი, მაგრამ ამ განცხადებით შეგულიანებულმა ოპოზიციამ გადაწყიტა, რომ ამაზე ააგონ თავიანთი შემდგომი სტრატეგია და ტაქტიკა.
„ეტყობა, თავადაც აქვთ რაღაცა მონაცემენი, ხომ დადიან რეგულარულად ევროპაში და იქ, ეტყობა, მათი მომხრეები ეუბნებიან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სტატუსის მიცემა არ მოხდეს. ოპოზიციაც იგივე პოზიციაზეა. ანუ, უნდათ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ეს არ მოხდეს და ეს მოხდეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მათი აზრით, მოვა პროდასავლური ხელისუფლება, სადაც საკუთარი თავი წარმოუდგენიათ.
აქ მარტო „ნაცმოძრაობაზე“ არ არის ლაპარაკი. აქ არის კოლექტიური ოპოზიცია, რომლის თითქმის 90% თუ მეტი არა, დაკომპლექტებულია ყოფილი ნაციონალებით, რომლებიც ცალ-ცალკე პარტიებად გაიშალნენ და ახლა ასე მოქმედებენ და სინამდვილეში, როცა დასჭირდებათ, ძალიან კარგადაც თანამშრომლებენ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს არის კობა ნაყოფიას მიერ შეიძლება წინასწარ განზრახულად, ან შეიძლება უნებლიედ გაჟღერებული ოპოზიციის გეგმა“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ოპოზიციამ შეძლოს საპროტესტო ტალღის აგორება და ხალხის გაყვანა ქუჩაში? ანალიტიკოსი პასუხობს, რომ ჩვენ ველოდით, რომ 7-8 მარტს ასეთი აგრესიული იქნებოდა აქცია. შესაბამისად, ქუჩაში გამოვა ზუსტად ის ხალხი, რა ხალხიც გამოვიდა 7-8 აპრილს და შესაძლებელია. კიდევ დაემატოს გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ჩამოყალიბებული არ აქვთ პოლიტკური სიმპათიები, მაგრამ მათთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ხატებასავით არის.
„არის კატეგორია, ვისაც მიაჩნია, რომ თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ ქვეყანა დაიღუპება, წავალთ რუსეთისკენ, რუსეთი ჩაგვყლაპავს და ა.შ. მუშაობს ეს პროპაგანდა. აქიდან გამომდინარე, ალბათ, აქციები იქნება და არც თუ მცირერიცხოვანი. შემდეგ ეს გაფორმდება როგორც ხალხის ნება და შემდეგ უკვე წინასწარ პროცესების გათვლა რთულია.
ხელისუფლება, ალბათ, არ იქნება გულხელდაკრეფილი, მაგრამ ამას რა მოჰყვება, რთულია ამაზე საუბარი. ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია იმ ცნობილ კანონთან მიმართებაში, მაგრამ როდესაც აქ სტატუსის არმიღება დადგება დღის წესრიგში, ეს უკვე გაცილებით მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე რომელიღაც რიგითი კანონპროექტი“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.