„როგორ შეიძლება, ლექსი ვწერო და დაჭერის და დაბეზღებების მომხრე ვიყო, მაგრამ დამნაშავე რომ უნდა დაისაჯოს, მაგას რად უნდა ლაპარაკი?! ფაქტია, რისთვისაც ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, ამოყო თავი იქ, სადაც ახლა არის. მე ათი წელი ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს, მაგრამ სააკაშვილი დღეს ჩემთვის აღარ არსებობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მწერალი და პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, რომელსაც ყოველთვის მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ თავის სამშობლოზე დიდი მწერალი ჯერ არ დაბადებულა, ძალზე დიდი მწერალია ჭაბუა ამირეჯიბი, მაგრამ საქართველოზე დიდი არ არის, არც კონსტანტინე გამსახურდიაა საქართველოზე დიდი, რადგან ჯერ სამშობლოა და მერე მწერალი.
„ნაციონალების“ წარუმატებელი პერმანენტული საპროტესტო აქციების შემდეგ „ქართული ოცნების“ მომხრეებიც ქუჩაში გამოსასვლელად ემზადებიან. როგორ ფიქრობთ, დადგა იმის დრო, ხალხმა კონტრაქციებით გამოხატოს პროტესტი ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რასაც „ნაცმოძრაობა“ და მათი სატელიტი არასამთავრობოები გვთავაზობენ წლების განმავლობაში? უნდა დამთავრდეს თუ არა ის დრო, როცა მხოლოდ „ნაციონალები“ გამოდიან ქუჩაში და შეცდომაში შეჰყავთ საერთაშორისო საზოგადოება, თითქოს მხოლოდ ისინი ქმნიან პოლიტიკურ ამინდს?
- მე დაგეგმილი აქციების არ მწამს. როცა ქვეყანას უჭირს, ქართველი კაცი, და არა რომელიღაც პარტია, მაშინვე უნდა გამოვიდეს ქუჩაში. ამაზე დიდი გაჭირვება ჩვენ არ გვექნება. ვერავის მოვუწოდებ აქციებზე გამოსასვლელად, რადგან ყველაფერს იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ საპროტესტოდ გამოსულ ხალხს ამოეფაროს და გვერდით დაუდგეს. მე, როგორც რიგით ქართველს, რიგით მწერალს, ჩემი ქვეყნის გადარჩენა მაინტერესებს, დანარჩენი, ამათი დათქმული საპროტესტო თარიღები არ ვიცი. ზოგადად, პროტესტი მაქვს დაბადებიდან დღემდე, როცა ქვეყანა იღუპება. ვხედავ იმასაც, რომ ცალკეული ადამიანები აწყობენ აქციებს, რომელთა მიერ მოწყობილი აქციებისაც არ მჯერა, ზოგიერთმა მათგანმა თავის დროზე თავისთანაც დამიბარა, მაგრამ არ ვესტუმრე. მე იმდენ საპროტესტო აქციაზე ვარ გამოსული, რომ არ მინდა, ქუჩაში მოვკვდე, რადგან ასე მიდის ცხოვრება. აბა, ვინ იცის, ჩვენ როგორ ვედექით გვერდზე ძვირფას ზვიად გამსახურდიას. მე დაღლილი ვარ უკვე აქციებით. რასაკვირველია, თავს შევაკლავ საქართველოს მტერს, მაგრამ რაც შეგვეძლო ჩვენ, უკვე გავაკეთეთ, დღეს უკვე ჩვენ აქციაზე გამომსვლელი ხალხი აღარ ვართ, ჩემი ასაკის ხალხს ვგულისხმობ და ჩვენი დამჯერიც არავინ არის, რომ დაგვიჯეროს ვინმემ.
ზვიად გამსახურდიას დროინდელი აქციები აღარასდროს განმეორდება, იქ სულ სხვა მუხტი იყო და იმდროინდელი ლიდერებიც საუკუნეში ერთხელ იბადებიან. მაშინდელი აქციების ფონზე დღევანდელი ნებისმიერი აქცია შეიძლება კვაზიაქციად მოგეჩვენოთ.
- გეთანხმებით, როგორ შეიძლება ზვიადის დროინდელი აქციები განმეორდეს. იქ იყო პატრიოტიზმი, უანგარობა, ჩვენც გამოვდიოდით მიტინგებზე, მაგრამ მანქანებს კი არ ვწვავდით. როგორ გეკადრებათ? მე არ ვარ ვიღაცების ადვოკატი და მოსამართლე, მაგრამ როგორ ახლა აქციებზე საკუთარი ნამოქმედარის გამო რომ პასუხს მოგთხოვენ, მაგდენი არ უნდა გესმოდეს? მანქანას რომ წვავ, პასუხი არ უნდა აგო? რა გამოდის ეს?
ამ შემთხვევაში, მთავარი დამნაშავე ოპოზიციაა, „ნაციონალებმა“ აიყოლიეს ახალგაზრდები და ცრუ გმირობისკენ უბიძგეს მათ. თუმცა თვითონ დაუსჯელად დადიან.
- გასაგებია, რომ „ნაციონალებმა“ აიყოლიეს, მაგრამ იგივე „ნაციონალები“ „გამოუშვებენ“. აგერ, ხომ ხედავთ, ხაბეიშვილი რა დღეშია. მიტინგების დანიშვნამ 35 წლის მანძილზე ისე გამტანჯა, ნაკლებად მაინტერესებს. ჩემი სურვილია, ქვეყანამ როგორმე გამოსავალი იპოვოს, თორემ ქუჩაში დგომით, როგორც ჩანს, არაფერი გამოდის.
ხშირად გვესმის, რომ 7- 8 მარტის აქციებზე ახალგაზრდები შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი. თუმცა ზოგჯერ ფიქრობ, რომ მოსაბეზრებელიცაა ამ ახალგაზრდების გამართლება საკუთარი ასაკის გამო, ბოლოს და ბოლოს, ერეკლე მეფეც მათი ასაკის იყო, როცა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საქმეებს აგვარებდა, 15 წლის ასაკში შედგა მისი საბრძოლო ნათლობა, როცა არასრულწლოვანმა უფლისწულმა ქიზიყს შესეული ლეკები კახელი მხედრების მცირე რაზმით დაამარცხა...
- ყოველ დროს იყვნენ შეცდენილებიც და რაღაცით დაინტერესებულებიც. მე ერთი რამ ვიცი, რომ ყველა ჭეშმარიტი გული, როცა ქვეყანას ტკიოდა, მაშინ გამოდიოდა აქციებზე. მაგან დაგვღუპა, რომ ერთმანეთის მაგივრად ვაგებთ პასუხს, ყველა ადამიანი საკუთარი თავის წინაშე უნდა აგებდეს პასუხს. 7- 8 მარტის აქციებზეც ვინ რა პატრიოტიზმით და რა მოტივით გამოდიოდა, ეს მათ სინდისსა და მათ ადამიანობაზე უნდა იყოს. ეგ ძალიან ძნელი გასარკვევია. ახლა ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა სურთ. ჩვენ ომი გვაკლია? ისედაც ომში ჩათრეულნი არ ვართ? კიდევ ვიომოთ? ვისაც ომი უნდა, ის სამშობლოსთვის ყოველთვის იომებს, არა ხმლით და არა საბრძოლო იარაღით, არამედ თავისი სინდისით, მართალი სიტყვით, კაცობით. რაღა დროს ბარბაროსული ომია. აგერ, ბარბაროსული ომი ვინც გააჩაღა, რა მდგომარეობა იქმნება, კი ხედავთ, მსოფლიო გადანაწილებაზეა საუბარი, არც უკრაინაა შუაში და არც არავინ. როცა ომში ჩათრევაზე ვლაპარაკობ, კონკრეტულ ომს არ ვგულისხმობ, უბრალოდ, ვთვლი, რომ როცა ქვეყანა იღუპება, ომია, აბა, სხვა რა არის?! ჩვენ არავის დაპირისპირება არ გვაწყობს. ღმერთმა დამიფაროს, რუსულიც კი არ ვისწავლე მე თვითონ რუსეთის სიძულვილის გამო. ვის დავეტრაბახო ამით, ან ეს რა სატრაბახოა.
ზოგიერთი ადამიანი 9 აპრილის შემდეგ რუსულად საერთოდ არ ლაპარაკობს და ამით გამოხატავს პროტესტს ოკუპანტის მიმართ.
- მესმის, მაგრამ მე ცალკეული რუსების გამო პუშკინს ვერ შევიძულებ. ისე, ყველა ენაზე მოლაპარაკე საქართველოს მტერი არ გვახსოვს სულ უახლოეს წარსულში? ამიტომ ენების ცოდნას რა მნიშვნელობა აქვს?
ალბათ, სააკაშვილს გულისხმობთ. სხვათა შორის, ცალკეული სასულიერო იერარქები უცხოეთში სამკურნალოდ მის გადაყვანას ითხოვენ. მათი მოთხოვნა შეცვლის სიტუაციას იქიდან გამომდინარე, რომ სასულიერო პირები მაინც ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებიან საქართველოში?
- სასულიერო პირები უკვე არანაირ ანგარიშგასაწევ ძალად არ ითვლებიან. უფრო მეტიც, აღარავინ აღარ არის ძალა. ძალა არის ის, ვინც მართალს ამბობს, გინდა სასულიერო პირი იყოს, გინდა საერო. თვითონ სასულიერო პირებს შორისაც დიდი სხვაობაა.
საქართველოში უკმაყოფილება მატულობს იმის გამოც, რომ დასავლეთიდან დირექტივებს ვიღებთ, უბრალო ელჩებიც კი ერევიან ჩვენს შიდა საკითხებში, მოითხოვენ სააკაშვილის, გვარამიას გათავისუფლებას, ერევიან სასამართლო საქმეებში. ჩნდება კითხვა, ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, თუ თავი გვგონია დამოუკიდებლად?
- მე ახლა რა მეხუმრება, მაგრამ ყველამ თავის მამიდას მიხედოს, იმათ რა ენაღვლებათ, მე არ დამიჭერია ეგ ხალხი და ვერც გამოვუშვებ ციხიდან, მეც არც არავის დაჭერის და დასჯის მომხრე არ ვარ. როგორ შეიძლება, ლექსი ვწერო და დაჭერის და დაბეზღებების მომხრე ვიყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დამნაშავე რომ უნდა დაისაჯოს, მაგას რად უნდა ლაპარაკი. ფაქტია, რისთვისაც ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, ამოყო თავი იქ, სადაც ახლა არის. მის პერიოდში უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი, მე ათი წელი ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს, გადაშალონ გაზეთები და ნახონ ჩემი წერილები. ყველა რომ პატრიოტობს ახლა, ასე არ არის. სააკაშვილი აღარ არსებობს ჩემთვის.