მოსამართლეების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტის წევრების დასანქცირების ინიციატივით გამოდის. ამ ინიციატივით გამოდის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია, რომლის განცხადებით, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე უნდა გახდნენ დასანქცირების პრეტენდენტები, რადგან ისინი პარალიზებას უკეთებენ საპარლამენტო საქმიანობას და, ფაქტობრივად, ადასტურებენ, რომ „კლანი“ არის ერთიანი და სასამართლო „კლანი“ ცალკე არ არსებობს. კორძაია თვლის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დისკუსიამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ გამჭვირვალობა და სამართლებრივ-პოლიტიკურად საკითხების შესწავლა აბსოლუტურად მიუღებელია.
„საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია ორი საკითხის გამო: პირველი - „ქართული ოცნება“ უშვებს პოლიტიკურ შეცდომებს და ის ამაში აუცილებლად გადაიხდის პოლიტიკურ ფასს. მეორე - კომისიას თავისი არსებითი დატვირთვა აქვს, რადგან ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სახელმწიფოს სახე. ამ შემთხვევაში, ოპოზიცია უნარჩუნებს პარლამენტიდან სახეს ამ ქვეყანას.
მათთვის გამჭვირვალობა არის ყველაზე დიდი საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ გამჭვირვალე პროცესის პირობებში, ნამდვილად ბევრი საინტერესო ამბავი უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ იმდენად უნდა დაიცვან სასამართლო სისტემაში მათი გავლენიანი პირები, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო საქმიანობას. მე არ მახსოვს არც ერთი პრეცედენტი, სადაც უმრავლესობა რეგისტრაციას არ გადის, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ თვითლუსტრაციის პროცესი დაწყებული აქვს.
ეს არ არის მხოლოდ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დაშორდა ხალს და ძალაუფლებისთვის იბრძვის. ეს ადასტურებს უკვე არა მხოლოდ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის არსებობას, არამედ იმას, რომ საერთოდ ქვეყნის ხელისუფლება არის „კლანი“, - აცხადებს თამარ კორძაია.
დამოუკიდებელი დეპუტატის ინიციატივა ალოგიკურია უმრავლესობისთვის. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს არის ნონსენსი, ლოგიკა გაუმართავია და ამაზე დიდხანს მოცდენა არ ღირს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, პარლამენტი არ არის რომელიმე საგამოძიებო სტრუქტურის ალტერნატივა.
„საგამოძიებო პროცედურების წარმართვა სწორედ საგამოძიებო სტრუქტურების მოვალეობაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ფუნქციის დუბლირება მოხდეს და პარლამენტი ვაქციოთ საგამოძიებო სტრუქტურად. საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს კონკრეტული წესი და არ მგონია კრიტერიუმად გამოდგებოდეს ის, რომ თუნდაც ოპოზიცია მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე მიუთითებს და ყველა საგამოძიებო ფუნქცია წამოიღოს პარლამენტმა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც დეპუტატი აცხადებს, სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მიუღებელია და პირადად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ოპოზიციას ამ ცუდი იდეის განხორციელებაში ხელი შეუშალოს. როგორც სარჯველაძე ამბობს, ამ იდეის სიცუდესთან დაკავშირებით აზრი ოპოზიციის შიგნითაც არსებობს და თვლის, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეის გარშემო ოპოზიციის კონსოლიდირება ილუზიაა.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, სურვილის მიუხედავად, კორძაიამ არ დააზუსტა რა ტიპის სანქციებზეა საუბარი, სავიზო შეზღუდვებს დაუწესებენ მმართველი პარტიის ხელმძღვანელებს, ამერიკაში ვიზებს არ ჩაურტყამენ, თუ საზღვარგარეთ არარსებულ ფინანსურ აქტივებს გაუყინავენ? მისი თქმით, ოპოზიციას ძალიან მოსწონს სიტყვა სანქცია, რომელიც წელიწადზე მეტია ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში ისმის.
„მოსამართლეებთან დაკავშირებით ორმაგი ახსნა-განმარტება მივიღეთ, რომ თან სანქცია კი არის, მაგრამ მთლად სანქცია არ არის. საუბარი მიდის სავიზო შეზღუდვებზე, რაც პრინციპში, შეიძლება სანქციად იქნას მიჩნეული. აი, ამ შემთხვევაში ხომ შეუძლია დააზუსტოს, რა ტიპის სანქციებს გულისხმობს ქალბატონი კორძაია და ზოგადად სანქცირების სფეროში რამდენად არის გათვიცნობიერებული, თვითონ რას უსურვებდა ხელისუფლების წარმომადგენლებს აი, ამ სანქციების სახით?
ეს იქნებოდა ჩემთვის საინტერესო, მაგრამ მორიგ ჯერზე აბსოლუტურად უცოდინარობაში, დილეტანტიზმში გამოვიჭირო თუნდაც ჩემთვის მიუღებელი ოპონენტი, მაგრამ მაინც საქართველოს მოქალაქე, გენდერული თვალსაზრისით ქალბატონი, უბრალოდ მეუხერხულება. არ მესმის რას ლაპარაკობენ, არ მესმის რას აკეთებენ, არ მესმის რა აქვთ ჩაფიქრებული, რას გულისხმობენ.
მესმის მაქსიმალური ტკივილი მიაყენო ოლიგარქს, ბანკირს, მდიდარ ადამიანს იმით, რომ შეუზღუდო წვდომა საკუთარ თანხებთან, რომლებიც მათ კონტროლირებად ტერიტორაზე არის განლაგებული საბანკო სექტორში, როგორც ეს გაუკეთეს ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, აქაც არ ჰყოფნით გამბედაობა, რომ ამ საბანკო ბაქჰანალიას და საკუთარ ფინანსებთან წვდომის შეზღუდვას, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, დაარქვან სანქცია“, - აცხადებს ქართველიშვილი.
მისი თქმით, ადამიანებზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მდიდარი ადამიანების რიცხვს, არ გააჩნიათ საზღვარგარეთ დაბანდებული ფინანსური-მატერიალური აქტივები, რომლის დაყადაღებით შეიძლება მათ პიროვნული ტკივილი მიაყენო, გაუგებარია რას გულისხმობს კორძაია.
„შეიძლება ამერიკამ აუკრძალოს ამ დეპუტატებს თავისი უფლებამოსილების შესრულება გააგრძელონ საკუთარ ქვეყანაში? თუ ვიზების პრობლემას შეუქმნიან ამერიკასთან დაკავშირებით? შეუქმნან, კი ბატონო, მაგრამ ჩვენთვის და მათთვის ეს რას წყვეტს? პრაქტიკული შედეგი ხომ უნდა მოჰყვეს ყოველივე ამას - არ მიხსნის ქალბატონი კორძაია! მის მაგივრად ჩემი ვერსიები გამოვთქვა, ასეთი საჩუქრის გაკეთება არ მინდა ამ ქალბატონისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, კორძაია და პოლიტიკურ ველზე მყოფი სხვა ცალკეული სრულიად აუტსაიდერი პოლიტიკოსები, რომელთაც ერგოთ პატივი, რომ მომხდარიყვნენ პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ სიით, დრო და დრო თავს ახსენებენ მედიას და საზოგადოებას, რომ ისინი არსებობენ.
„მათ არ შეუძლიათ წარმოადგინონ რამე კონკრეტული იდეა, ინიციატივა, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. შეიძლება ეს იყოს რეალობისგან მოშორებული, მაგრამ რეალისტური იყოს. ვგულისხმობ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტს, იგივე სამართლებრივ პროექტს, რაზეც იქნება დისკუსია. ეს არის ძალიან დიდი სენი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, როდესაც ისინი მხოლოდ ლოზუნგებით საუბრობენ, ემუქრებიან მმართველ პარტიას, მაგრამ ხელშესახებს ვერაფერს სთავაზობენ საზოგადოებას. ეს არის მათი უდიდესი პრობლემა.
ის, რომ პოლიტიკური სანქციები უნდა დაედოს „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ვითომ რუსეთის მიერ არის მართული, ეს გვესმის 2012 წლიდან და ეს გვესმის სააკაშვილის პარტიისგან. რასაკვირველია, ამ გახუნებულ მესიჯ-ბოქს დროდადრო ატირაჟირებენ სააკაშვილის სხვადასხვა პოლიტიკური ვასალები, რომელსაც წარმოადგენს კორძაია. არ ვიცი, ბოლო მონაცემებით „რესპუბლიკურ პარტიაშია“ თუ არა, მაგრამ ეს პარტია ყოველთვის რომელ პოლიტკურ ველზე იყო, უკვე ბავშვმაც კი იცის - არაფრის მაქნისი, ანტიეკლესიური, ანტიქართული და დროდადრო რაღაცა რომ თქვას, ასეთი სისულელე განცხადებებით გამოდის. აკეთონ, მათთვის უარესი. მომავალში „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო სიაში მისი ადგილი რომ არ აღმოჩნდება, ეს უკვე ნამდვილად გარანტირებული აქვს კორძაიას, სამნიძეს და კიდევ სხვა პოლიტიკურ ბალასტს, რომელიც ამჟამად ოპოზიციურ ველზეა საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.