ოპოზიცია დილემის წინაშეა, პატარა პარტიები 2024 წლის არჩევნებისთვის გამოსავალის ძიებაში არიან და ფიქრობენ, რომ თუკი დიდი ოპოზიციური გაერთიანება არ იქნება, მაშინ ხელისუფლებაში მოსვლას უკვე „ოცნება“ მეოთხედ შეძლებს. თუმცა გაერთიანებისთვის სამზადისს უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი არ შეუერთდება. არადა ყველა საუბრობს იმაზე, რომ ცალ-ცალკე ხვალ რომ არჩევნები იყოს, პატარა პარტიები პარლამენტის მიღმა რჩებიან. „აირაის“ კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ 2012 წლის მსგავსი სურათი სურთ, როცა ბიძინა ივანიშვილმა მთელი ოპოზიციის გაერთიანება მათი ეკლექტურობის მიუხედავად მაინც შეძლო. ანუ ოპოზიციამ უნდა იპოვოს ამ დონის ლიდერი, რომელიც ხელისუფლების დამარცხებას შეძლებს.
ვინ არის მზად ამ გაერთიანებისთვის? მოლაპარაკებები პარტიებს შორის ნამდვილად დაიწყება და მასში მონაწილეობას ოთხი პოლიტიკური ძალა მიიღებს, თუმცა ეს არ ნიშნავს საბოლოოდ გაერთიანებას, რადგან „ლელოში“ უკვე თქვეს, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავლენ. გამარჯვების შემთხვევაში კი თანამშრობლობისთვის მზად არიან ყველა პროდასავლურ პარტიასთან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. იგივეს ამბობენ „მოქალაქეები“, „გირჩი“ , „ლეიბორისტები“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. „ნაციონალები“ კი ისევ მზადყოფნას აცხადებენ, რომ საკუთარი ქოლგის ქვეშ პატარა პარტიები შეიფარონ.
ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერი თანამშრომლობისთვის მზად არის. ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების დიდი გაერთიანების მომხრეა:
„ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვხედავ, რომ პროდასავლურ ოპოზიციაში დიდი გაერთიანება უნდა იყოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერი თანამშრომლობისთვის მზადაა. ეს ჩვენ დავამტკიცეთ 7-8 მარტს რუსულ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ყველასთან ერთად ფიზიკურად ვიბრძოდით პარლამენტში“, - ამბობს ხაბეიშვილი.
„მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციის ნაწილის იდეას გაერთიანების შესახებ უკვე უარით უპასუხა. ელისაშვილის განცხადებით, კეზერაშვილის დაფინანსებულ პარტიებთან საერთო არ აქვს.
„ვისთან უნდა გავერთიანდე?! ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ადამიანი არის კაცი, რომელმაც ჩემთვის უწმინდესი ინსტიტუცია, ჯარი გაძარცვა. ამ კაცისგან რომ ფულს იღებ, ახლა აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ევროპელ პენსიონერებსაც ატყავებს. კეზერაშვილისგან დაფინანსებული ოპოზიციონერების მე არ მწამს. ვინც კეზერაშვილისგან დაფინანსებულია, იმათთან მე არაფერი სალაპარაკო არ მაქვს. ახლა კიდე დგანან და რაღაც არგუმენტებს იგონებენ, რომ „გააპრაონ“ ეს თავისი უმსგავსობა“,-ამბობს ელისაშვილი.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ახლა ოპოზიცია იმდენად მძიმე სიტუაციაშია, სჯობს 2024 წლის არჩევნებისთვის უკვე გადალაგდნენ და ამომრჩეველს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შესთავაზონ. ძაბირაძე ამბობს, რომ „აირაის“ კვლევებიდანაც ჩანს, რომ არსებობს ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის დიდი პროცენტი, რომელსაც არც „ოცნება“ და არც „ნაციონალები“ არ უნდა, სწორედ ამ ამომრჩეველზე უნდა იმუშაონ და მათი გადაბირება შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია სავალალო იქნება. 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია მოხვდება და ხელისუფლება კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებას შეძლებს.
„სიტუაცია ძალიან სავალალოა, ამიტომ სასწაფოდ, რაღაცა გამოსავალი უნდა მოიძებნოს. პატარა პარტიები მაქსიმუმ 3%-მდე აღწევენ და იმის იქით არანაირი შესაძლებლობა არა აქვთ, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. ამიტომ, მე ვფიქრობ, ერთი გამოსავალი არსებობს, მაგალითად, დაჯგუფდნენ და შექმნან მესამე პოლიტიკური ძალა, ოღონდ ნაციონალებისგან დისტანცირებულებმა, რათა ამ ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს მათ მიმართ ინტერესი გაუჩნდეს და რაღაცა ახალი ალტერნატიული ძალა დაინახოს. მაგალითად, „ნაციონალებისიგან“ წამოსულმა პარტიებმა, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დროამ“, „გირჩმა -მეტი თავისუფლებამ“, და „ევროპულმა საქართველომ“ ერთად გაერთიანება კოალიციის სახით მოახერხონ. მეორე მხარეს, მაგალითად, ის პარტიები დაჯგუფდნენ, რომლებიც უფრო დამოუკიდებელ პარტიებად აღიქმებიან. გახარია და მისი პარტია რას იზამს არ ვიცი, მაგრამ მას, რა თქმა უნდა, ნაციონალებისგან წარმოშობილ პარტიებთან კოალიცია გაუჭირდება. ანუ დაჯგუფდნენ ორ ნაწილად ან სამ ნაწილად, ან კიდევ როგორც ვთქვი, ყველამ ერთად მესამე პოლიტიკური ძალა შექმნან და 5%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში მანდატები გაიყონ“, - ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება „აირაის“ კვლევით „ნაციონალების“ გაზრდილ 2%-იან რეიტინგს, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების დამსახურება უფროა, ვიდრე ლევან ხაბეიშვილის ან თავად „ნაციონალური მოძრაობის“. საქმე ისაა, რომ გამოკითხვა 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ არის ჩატარებული. ხელისუფლება კი მუდმივად იმაზე აპელირებს, რომ ეს აქციები ნაციონალების ორგანიზებული იყო. ამიტომ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე ამან გავლენა მოახდინა და გამოკითხვისას მან უპირატესად მაინც ენმ მიიჩნია.
„ეს 2% არც ლევან ხაბეიშვილის დამსახურებაა და არც „ნაციონალური მოძრაობის“. ამ პარტიას თავისი გასჭირვებია და მაგათი მომავალი საერთოდ 2024 წლამდე როგორი იქნება ძალიან რთული სათქმელია. საქმე ისაა, რომ გამოკითხვა 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ არის ჩატარებული. მოსახლეობის ოპოზიციურად განწობილმა ამომრჩეველმა ჩათვალა, რომ როგორც ხელისუფლება ამბობს, მუდმივად, ამ აქციების გამართვის ლომის წილი ნაციონალებს მიუძღვით. ამიტომაც მათ მიმართ დამოკიდებულება ამომრჩევლების 2%-მა შეიცვალა. სხვაგვარად ამას ახსნა არა აქვს. რაც შეეხება ხელისუფლების რეიტინგს, ამასაც, რა თქმა უნდა, მარტის აქციებს მივაწერ. თუმცა „ოცნება“ ბოლო დროს, ძალიან წამგებიან პოლიტიკას თამაშობს. მიუხედავად ამისა, როგორც კი „ნაციონალებთან“ მარტო პირისპირ დარჩება, მოსახლეობა არჩევანს ისევ „ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთებს.
მთელმა ოპოზიციამ დღემდე ვერ შეიგნო, რომ ხალხში ნაციონალების მიმართ შიში წარსულზე კი არა მომავალზე აქვთ - რა იქნება მომავალში თუკი ეს ხალხი უკან დაბრუნდა, მით უმეტეს დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი პარტიის სათავეში მოვიდნენ. ეს ხალხია ზუსტად ის კოზირი, რომელიც მმართველ გუნდს 2024 წლის არჩევნებში ოქროს ბარათივით ხელში ექნება. რაც გინდა მოხდეს, სულ რომ ყველაფერი დაინგრეს, ხალხი ენმ-ს უკან არ დააბრუნებს. ამიტომაც ვამბობ, როგორც კი ენმ-თან ოპოზიცია რაიმე კოალიციას გადაწყვეტს, ჩათვალონ, რომ არჩევნებზე პირწმინდად წააგებენ. იმ ხმებსაც დაკარგავენ რაც ახლა აქვთ“,-ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი პირიქით მიიჩნევს და for.ge-სთან ფიქრობს, რომ პატარა პარტიების გაერთიანება წარმოუდგენელია, რადგან საკმაოდ ეკლექტიკური პოლიტიკური სპექტრი გვყავს და მათ რადიკალურად განსხვავებული ამომრჩეველი ჰყავს. ამიტომ, საყვარელიძისთვის რთულია იმის ახსნა, როგორ შეიძლება პატარა პარტიებმა ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის გადაბირება შეძლონ.
„უკვე მერამდენე წელია ოპოზიცია ამ პრობლემის წინაშე დგას. ენმ-თან გაერთიანებამ რაც მოუტანათ, ხომ ყევლამ კარგად დავინახეთ. ნაციონალებს ამ პარტიების ჩაყლაპვა და შთანთქვა ყველაზე მეტად აწყობს და პარლამენტშიც ყველაზე მეტ მანდატებს ოპოზიციიდან ისევ ისინი აიღებენ. ამიტომ მიჭირს იმის თქმა, რა გამოსავალი შეიძლება მათ იპოვონ. მაგალითად, გიორგი გახარიას პარტია „სტრატეგია აღმაშენელებთან“ ან „ლელოსთან“ ერთად რომ გაერთიანდეს, მის ამომრჩეველს უნდა? ხომ უნდა გაიგონ, რომ ამის გამო, შესაძლოა, ის მხარდამჭერები, რომლებიც „ოცნებიდან“ ჰყავს წამოყვანილი, ისევ უკან „ოცნებისკენ“ გაექცეს. იგივე მოუვიდეს ვაშაძესაც, რომელსაც ამომრჩეველი ნაციონალებიდან ჰყავს და მას საკუთარი მხარდამჭერი არ გააჩნია. ამიტომ რისკები სერიოზულია და გამოსავალს მე ვერ ვხედავ. რაც შეეხება ნაციონალების რეიტინგის 2%-მდე ზრდას, მართლა სასაცილოა, რადგან ენმ თუკი ოდესმე პრობლემების წინაშე მდგარა, ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. როგორ შეიძლება ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის დროს პარტიას რეიტინგი მოემატოს, როცა ფაქტობრივად, ორად არის გაყოფილი?! პარტიას ორი მმართველი ჰყავს და ამათ უკან კიდევ კეზერაშვილი და მერაბიშვილი დგანან. ამ გაუგებრობაში რის ხარჯზე შეიძლება პარტიამ ეს რეიტინგი აკრიფოს? ეს არის ამ ორგანიზაციის მაქინაცია, რომელიც ცდილობს ამით ენმ წაახალისოს და ხაბეიშვილი შეაგულიანონ. ოპოზიციურ ამომრჩეველს აჩვენონ, რომ პარტია კი არ იშლება, მხარდამჭერები მოემატა“, - ამბობს საყვარელიძე.