„კეზერაშვილს საქართველოში საქმიანობის პერიოდში და მის შემდეგ, მართავენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები“

„კეზერაშვილს საქართველოში საქმიანობის პერიოდში და მის შემდეგ, მართავენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები“

ყაზახეთში, ალმათში საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ე.წ. ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემით მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ. კერძოდ, ამ პირებმა ფარმაცევტული კომპანია „Health Time“-ის კლიენტთა ბაზა მოიპარეს, მის კლიენტებს დაურეკეს და აცნობეს მანქანის მოგების შესახებ. მოქალაქეებს გადასახადების გადახდა შესთავაზეს, რომელიც ფსონების კომპანია „1Xbet“-ის ანგარიშებზე გადაირიცხა. ყაზახეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის ჟანდოს სუინბაის განცხადებით, ახალი საფრთხეების გაჩენის გათვალისწინებით, შსს-მ შეიმუშავა და დაიწყო კიბერდანაშაულის, მათ შორის ინტერნეტ თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამწლიანი პროგრამა.

BBC-ის სკანდალური გამოძიების შემდეგ ე.წ. ქოლცენტრების საქმე უფრო მასშტაბური გახდა. 24 თებერვალს ONGO.GE-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელის თანახმად, აღმოჩენილი და დალუქულია ჟურნალისტ ელისო კილაძის, ადვოკატ ვალერი გელბახიანის და ბიზნესმენ გივი ჯიბლაძის ქოლცენტრი. გამოცემის თანახმად, დავით კეზერაშვილის დავალებით, სამართალდამცველებს შეატყობინეს, რომ ელისო კილაძის, ვალერი გელბახიანის და კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის ქოლცენტრი, საბურთალოზე ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) პირველ ნომერში, ცხრასართულიან ბიზნეს ცენტრში ფუნქციონირებდა.

მათივე ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველა მათგანი თაღლითურ სქემაში მონაწილეობას უარყოფს და ამ მძიმე ბრალდების უკან თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის კვალს ხედავენ, რომელიც ცოტა ხნის წინ BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, დანაშაულში ამხილეს. კილაძე აცხადებს, რომ მან პირველმა ამხილა დავით კეზერაშვილი ქოლცენტრების საქმეში და ამიტომ გახდა სამიზნე. ვალერი გელბახიანი კი ამბობს, რომ სასამართლო დარბაზებში დადის პურის ფულის საშოვნელად.

რაც შეეხება თაღლითობისთვის ნასამართლევ ჯიბლაძეს, ამბობს, რომ შექმნა ისეთი ტექნოლოგია, რომელიც სამყაროში არ არსებობს, ერთადერთია და დღეიდან მაქსიმუმ 5-6 თვეში ამას ძალიან ბევრი პარტნიორი იტყვის საჯაროდ.

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაღაცები ვივარაუდო პერსონალურად ჩემზე, მაგრამ ყველა სიტუაციაში, ყველა მდგომარეობაში ვიდექი ელისო კილაძის გვერდით. მეტიც, ელისო დგას ამ პროექტის გვერდით. ვიღაცას ოპერატორი გონია ქოლ-ცენტრი, ვიღაცას ისე, ვიღაცას - ასე. როცა დაიწყეს, ავტომატურად მოვყევი, რადგან იდეალური სამიზნე ვიყავი მე ჩემი ოფისით, ელისოსთან ერთად. მე არ ვფიქრობ თავის მართლებაზე, მე ვიცი ერთადერთი რამ, რომ ამ წუთას შევქმენი ისეთი იდეა და ტექნოლოგია, რომელიც სამყაროში არ არსებობს, ერთადერთია და დღეიდან მაქსიმუმ 5-6 თვეში ამას ძალიან ბევრი პარტნიორი იტყვის საჯაროდ“, - განაცხადა გივი ჯიბლაძემ.

ახლა გამოძიებამ უნდა თქვას, რა კავშირი აქვს ამ სამეულს ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან და ფლობს თუ არა „მისტერ ოფშორი“ ანალოგიურ სქემას საქართველოში? აღსანიშნავია, რომ გარდა ქოლცენტრებისა, დავით კეზერაშვილის გვართან დაკავშირებულია იარაღით უკანონო ვაჭრობის საქმე, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის ინფორმაციით, რომელიც უკრაინელი ჟურნალისტების გამოძიებას ეყრდნობა, აცხადებს, რომ 2005 წელს უკრაინაში პრეზიდენტად ვიქტორ იუშენკოს არჩევის შემდგომ, შემუშავებული იქნა პროგრამა კოდური სახელწოდებით „გრიფი პრეზიდენტი“, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინიდან საქართველოში იარაღის მიწოდებას. პროგრამა გაწერილი იყო 2005-2010 წ.წ. პერიოდზე. ქართულ ტექნიკურ მხარეს ამ პროგრამაში დავით კეზერაშვილი წარმოადგენდა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 2009 წელს აღნიშნული იარაღის აფიორების შესახებ ვაშინგტონიდან თბილისში მძაფრი სიგნალები წამოვიდა, სააკაშვილი იძულებული გახდა დაესრულებინა ეს პროგრამა. ამ პერიოდიდან ასევე მოჩვენებით „ჩრდილში“ იქნა გაყვანილი დავით კეზერაშვილიც, რომლის მაგივრად სააკაშვილის კარზე ფავორიტების ადგილი ძმებმა ახალაიებმა დაიკავეს.

„უკრაინელი ჟურნალისტების მონაცემებით, 2005 წელს უკრაინაში პრეზიდენტად ვიქტორ იუშენკოს არჩევის შემდგომ, შემუშავებული იქნა პროგრამა კოდური სახელწოდებით „გრიფი პრეზიდენტი“, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინიდან საქართველოში იარაღის მიწოდებას (პროგრამა გაწერილი იყო 2005-2010 წ.წ. პერიოდზე). უკრაინულ მხარეს ამ პროგრამის განხორციელებაში წარმოადგენდა იუშენკოს ნდობით აღჭურვილი პირი, „უკრსპეცექსპორტის“ ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნული, СБУ-ს პოდპოლკოვნიკი, „ჩვენი უკრაინის“ პარტიიდან რადას სახალხო დეპუტატი, სერგეი ბონდარჩუკი.

სწორედ მისი უშუალო პატრონაჟით, 2005-2008 წწ. უკრაინის ტერიტორიაზე გახსნილი იქნა 180-მდე მაღარო, სადაც დაკონსერვებული იყო ძირითადად ვადაგასული და გამოყენებისათვის უვარგისი, საბჭოთა წარმოების სხვადასხვა ტიპის შეიარაღება: ცეცხლსასროლი (მათ შორის მსხვილკალიბრიანი) იარაღი, „გრადები“, ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და ა.შ. საქართველოს მხრიდან ამ პროგრამაზე პასუხისმგებელი პირის, თემურ ალასანიას მითითებით, 2006 წელს ამ სქემების განხორციელებას მოაშორეს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც არ დაივიწყა ეს პირადი წყენა და 2007 წლის სექტემბერში, „იმედის“ ღამის გადაცემაში ამხილა მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები იარაღის უკანონო ვაჭრობაში, რის შემდეგ იგი დააპატიმრეს კიდეც“, - აცხადებს ქართველიშვილი.

უკრაინელების ინფორმაციით, ქართულ ტექნიკურ მხარეს ამ პროგრამაში დავით კეზერაშვილი წარმოადგენდა. მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, საერთაშორისო დონორების მხრიდან მიღებული თანხებიდან - მილიარდ 200 მილიონი დოლარი უკრაინული სამხედრო ჯართის შესყიდვებზე დაიხარჯა. ტექნიკურ ფინანსურ მხარეს უკრაინული მხრიდან უზრუნველყოფდნენ ვინმე ციბულიაკი და ელმანდიევი, ხოლო ქართული მხრიდან - მამუკა მუჯირი. ქართველიშვილის განცხადებით, 2005 – 2008 წწ. ამ არხებით მიღებულ იარაღზე გაკეთებულმა შიდა ტექნიკურმა აუდიტმა დაადასტურა, რომ მისი მთლიანი ოდენობიდან 90 პროცენტი არაკონდიციურ მდგომარეობაში იყო.

„აქედან გამომდინარე, გაჩნდა დანარჩენი, ვარგისი 10%-ის გაყიდვის საჭიროება. უკრაინული მხარის წარმომადგენელმა ციბულიაკმა და თემურ ალასანიამ ამ მისიის შესასრულებლად შეარჩიეს იარაღის უკანონო ვაჭრობის ბაზარზე ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კანდიდატი, ოდესის მკვიდრი ლეონიდ მინინი, რომელიც იმ მომენტისთვის ისრაელში ცხოვრობდა, აშშ და ევროპის მიმართულება მისთვის სამუდამოდ ჩაკეტილი იყო.

სწორედ ლეონიდ მინინის რეკომენდაციით, ბათუმის აეროპორტის ბაზაზე დარეგისტრირდა კერძო ავიაგადაზიდვების კომპანია (ხელმძღვანელი - ნოდარ კაკაბაძე), რომელიც უკრაინული სატვირთო ბორტ „ილ-76“-ით ახორციელებდა კონდიციური იარაღის მიწოდებას აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ცხელ წერტილებში. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავიც და ეკიპაჟიც უკრაინული იყო, ფრენებს ახორციელებდნენ ქართული დროშით.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2009 წელს აღნიშნული იარაღის აფიორების შესახებ ვაშინგტონიდან თბილისში მძაფრი სიგნალები წამოვიდა - სააკაშვილი იძულებული გახდა დაესრულებინა ეს პროგრამა. მან ძმებ ახალაიებს დაავალა კიდეც, რომ შესაბამისი მოჩვენებითი „სანქციები“ განეხორციელებინათ ნოდარ კაკაბაძის ფირმასთან მიმართებაში. ამ პერიოდიდან ასევე მოჩვენებით „ჩრდილში“ იქნა გაყვანილი დავით კეზერაშვილიც, რომლის მაგივრად სააკაშვილის კარზე ფავორიტების ადგილი სწორედ ძმებმა ახალაიებმა დაიკავეს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ არსებობს იარაღის ვაჭრობის ლეგალური და არალეგალური არხები. ყველა არხი კონტროლირებადია უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მიერ. ყველა ქვეყანა, რომელსაც, პრაქტიკულად, იარაღის ინდუსტრია გააჩნია, ამ ორივე გზას ძალიან აქტიურად იყენებს.

მისი თქმით, ზოგადად, არსად არ საუბრობენ კეზერაშვილის მოვლენაზე, როგორ მოხვდა ის ასეთ მაღალ იერარქიაზე, ისევე როგორც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი და თუკი მის ბიოგრაფიას გადავხედავთ, აუცილებლად დარწმუნდებით, რომ ეს იყო შემთხვევითი პიროვნება, რომელმაც ისე დაასრულა თავისი მოღვაწეობა, რომ ვერ გაიგო სად და როგორ მოღვაწეობდა.

„ყველა სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, როდესაც საკმარისი და პროფესიონალური ბეგრაუნდის გარეშე ადამიანები ხვდებიან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ კეზერაშვილის ბიოგრაფიას, არასად არ საუბრობენ ვისი ზეგავლენის ქვეშ შეიძლება იმყოფებოდეს კეზერაშვილი და რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს შეიძლება წარმოადგენდეს ის. არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი არის დამოუკიდებელი ფიგურა. ის რომ მაღალი დონის მფარველობის ქვეშ არ იმყოფებოდეს, ან ლიკვიდირებული იქნებოდა, ან დაპატიმრებული.

ამიტომ სასურველია საქართველოს სპეცსამსახურებმა გადახედონ მის ბიოგრაფიას და შესაძლებელია მნიშვნელოვანი მონაცემები იქნას ამოკითხული. ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი პირდაპირ, ან ირიბად დაკავშირებულია მაღალი განვითარების მქონე სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მიმართულებით ვერ იმუშავებდა და ვერც დღეს ვერ ექნებოდა საფარი, რომელიც მას აქვს მიღებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

მისივე თქმით, კეზერაშვილს საქართველოში საქმიანობის პერიოდში და მის შემდეგ, მართავენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები. ეს შეიძლება იყოს ერთი ქვეყანა, ან კოორდინირებულად რამოდენიმე ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში.