„ნაციონალური მოძრაობა“ თითქმის დაშლის ზღვარზეა და როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ის პოლიტიკური „ლპობის“ პროცესშია, ხოლო ეს სიტუაცია რაც უფრო დაჩქარდება, ქვეყნისთვის მით უფრო უკეთესი იქნება. ფაქტობრივად, ენმ ორადაა გაყოფილი. მათ ორი ლიდერი ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი ჰყავთ, რომლებიც ორ სხვადასხვა მთავარ ოფისში მომხრეებთან ერთად არიან გამაგრებულები. პარტიის დემონტაჟის პროცესი ყოველდღიური სკანდალების ფონზე მიმდინარეობს. დღე არ გავა, რომ რომელიმე ფლანგიდან ერთმანეთის წინააღმდეგ საჯარო ბრალდებები არ გაისმას. ხაბეიშვილი ყველას, ვინც დავით კეზერაშვილს არ აღმერთებს, პარტიიდან ყრის და სიებიდან შლის.
ნაცებს ამჯერად ბათუმის ორგანიზაცია აუფეთქდა, რომლის 4-მდე წევრი ახალმა თავმჯდომარემ ე.წ. სათადარიგო სიიდან ამოშალა. ბათუმის ორგანიზაციიდან ხაბეიშვილს შემოუთვალეს, რომ ან ამ საქციელს ახსნის, ან კიდევ მისი გადაყენების პროცედურები უნდა დაიწყოს. ფაქტობრივად, მელია და ხაბეიშვილი ნაწილებად დაშლილი პარტიის ნარჩენების მიტაცებით არიან დაკავებულები. არავინ იცის, როგორ და როდემდე შეიძლება ეს დაპირისპირება გაგრძელდეს.
ბათუმში ხაბეიშვილის გუნდის წარმომადგენლები არ მალავენ, რომ ახალი თავმჯდომარე, ძველის პოლიტიკურმა აქტიურობამ გააღიზიანა. ლევან ხაბეიშვილის ფლანგი, განმარტებების ნაცვლად თავდასხმაზე გადავიდა და ნიკა მელიას თანამოაზრეები პოლიტიკურ შურისძიებაში დაადანაშაულა.
მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილს, მორიგი პოლიტიკური ორთაბრძოლა გამოუცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში, ახალი მენეჯმენტის ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობს და წერს, რომ პარტიაში მიმდინარე რეპრესიები უპასუხოდ არ დარჩება.
მელიას მომხრეების სიიდან ამორიცხვის შემდეგ, ხაბეიშვილმა კულისებში დარჩენა არჩია. საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა თავად არ ისურვა და პოლიტიკური პოზიციის გაჟღერება რეგიონულ მდივანს გადააბარა. გიორგი ბოტკოველმა პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების გამართლება სცადა და თქვა, რომ ნიკა მელიას მხარდამჭერების თამაშგარეთ დატოვებას ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე კრიზისი, უმრავლესობის აზრით, დასკვნით ეტაპზე გადადის. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ არსებული პოლიტიკური ანგარიშსწორება პარტიისთვის საბოლოო განაჩენი იქნება.
ანალიტიკოსებს კი for.ge-სთან ამ დაპირისპირების დასრულების თავისი ვერსიები აქვთ და ამბობენ, რომ ადრე თუ გვიან, მელიას პარტიის დატოვება მოუწევს, რაც ენმ-ის დაშლის და დემონტაჟის დასაწყისი იქნება.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის და კასპის ორგანიზაციების გარდა, სხვა ადამიანებიც საუბრობენ იმაზე, რომ პარტიაში სრული გაუგებრობაა. ენმ-ში რღვევის პროცესია დაწყებული და აბაშიძე ამბობს, რომ თუ კეზერაშვილის, მერაბიშვილის ან ხაბეიშვილის საახლობლოდან არ არიან, მათ პარტიაში ავიწროვებენ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთ გაუგებრობაა, მგონია, რომ რღვევის პროცესი ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ. ენმ-ში ქონების გადანაწილება და დატაცება მიდის. თუმცა ნიკა მელია ჯერჯერობით პარტიიდან გასვლისგან თავს იკავებს. მე არ ვფიქრობ, რომ ის არ წავა, მგონია პირიქით, ამით დროის მოგებას ცდილობს და ის ენმ-ს, ადრე თუ გვიან, მაინც დატოვებს. სავარაუდოდ, ამას აკეთებს იმიტომ, რომ რაღაცა წინამოსამზადებელი პერიოდი სჭირდება, მით უმეტეს თუ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს. ვფიქრობ, მელია მუშაობს იმისთვის, რომ პარტიის სხვა წევრებიც გადაიბიროს და ენმ-დან მას წასვლისას უკან გაყვნენ. არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ შესაძლოა, მელია სხვა პოლიტიკურ პარტიებს შეერწყას, თუმცა ამის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. ვფიქრობ, მელია უფრო მეტ ადამიანს აგროვებს და ის ვეტერანი პოლიტიკოსების გადაბირებას ცდილობს. ვეტერანი პოლიტიკოსები მხოლოდ ფინანსური რესურსების გამო, პარტიაში დავით კეზერაშვილის დიქტატს ვერ შეეგუებიან, ან ლევან ხაბეიშვილის ნულოვან ერუდიციას, რომელიც დე ფაქტო მმართველია. პროცესები, რასაკვირველია, უფრო ფორსირებულად განვითარდება. 2024 წელს არის არჩევნები და ახალ პოლიტიკურ პარტიას მოსამზადებლად დრო და რესურსი ძალიან სჭირდება“,-ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ენმ-ში დაწყებული რღვევის პროცესი ძალიან კარგია, რადგან სხვა კონსტრუქციულ ოპოზიციურ პარტიებს გზა გაეხსნებათ. აბაშიძე ამბობს, რომ ასევე ვხედავთ, რომ ყოფილი ენმ-ის აქტორებისგან საჯარო მამხილებელი განცხადებები კეთდება. ეს იქნება თამარ ჩერგოლეიშვილსიგან, ელისო კილაძისგან თუ სხვა პორების მხრიდან. აბაშიძე ამბობს, რომ მელიასა და კეზერაშვილის ფლანგს შორის დაპირისპირება იმდენად მწვავეა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ საინფორმაციო და კომპრომატებით ომი აქვთ გამოცხადებული.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ ის „მენეჯერული“ თვისებები, რაც წლების განმავლობაში დავით კეზერაშვილს და ვანო მერაბიშვილს ჰქონდათ, უკვე სახეზეა მათივე პარტიაში. მათი მთავარი თვისება ძალადობაა, რასაც ენმ-ში ლევან ხაბეიშვილის დახმარებით ახორციელებენ.
„აქ მიდის ზეწრის გადათრევის პრინციპი, როცა ძალაუფლების გულისთვის გაწევ-გამოწევაში არიან. ლევან ხაბეიშვილი, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პარტიის დემონტაჟს ახორციელებს. ყველა რეგიონული ოფისისთვის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური ჰაბიტუსი მიუღებელია. ამ კაცის ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან სავალალოდ გამოიყურება, ამიტომ იმისთვის, რომ ეს ხალხი დაიმორჩილოს, მათი გაყრის მეტი სხვა გზა ვერ მოიფიქრა. თავისთავად, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დემონტაჟია.
ამით არაფერი დააკლდება რადიკალურ ოპოზიციას, რადგან ეს ხალხი გადანაწილდება და თავის გზას ახლა სხვა ძალაში ჰპოვებენ. სამწუხარო რეალობა დღეს ისაა, რომ ოპოზიცია არ გვყავს ისეთი, რომელსაც ხელისუფლების ჩანაცვლების პერსპექტივა ექნება. ეს არის წარმოუდგენელი რამ, როცა ხელისუფლებაში მეოთხე ვადით მმართველი ძალა შეიძლება მოვიდეს. იმიტომ კი არ მოვიდეს, რომ განსაკუთრებულია, არამედ იმიტომ, რომ ხალხისთვის ოპოზიცია უფრო მიუღებელია. იმდენად საზიზღრები არიან, ამათი დანახვაც არავის აღარ უნდა. პარტიის დემონტაჟს მელია ცოტა ხნით მაინც აჩერებდა და ახლა ხაბეიშვილმა დააჩქარა. დავით ნარინი და დავით ულუ, ენმ-ს ორი ლიდერი ჰყავს და ძალაუფლებისთვის დანასისხლად არიან გადაკიდებულები“,-ამბობს ქადაგიძე.