„30 აპრილის აქცია მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის არ იქნება, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, ვინ ვართ ქართველები და როგორ ვუყურებთ მომავალს“

„30 აპრილის აქცია მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის არ იქნება, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, ვინ ვართ ქართველები და როგორ ვუყურებთ მომავალს“

„არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ზაზა პაპუაშვილის, ია მეტრეველის, ლალი მოროშკინას ორგანიზებით 30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართება.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, საზოგადოებამ არ უნდა იცხოვროს მუდმივი რყევისა და დაძაბულობის რეჟიმში, არ შეიძლება გარედან შემოგდებული და შინაური გაცვეთილი პოლიტიკოსების თუ არასამთავრობოების დღის წესრიგით იცხოვროს ჩვენმა ქვეყანამ.

„ეს გზავნილი იქნება მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში არანაირი მაიდანი არ იქნება, წარმოუდგენელია ამდენი შეურაცხყოფისა და უსამართლო რეზოლუციების თუ სანქციების ატანა, ამაზე პასუხის არგაცემა დანაშაულია“, - მიიჩნევს ზაზა პაპუაშვილი.

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი დარწმუნებულია, რომ ამ აქციაზე ქუდზე კაცი გამოვა, ანუ ის ადამიანები, რომლებიც წლების წინ ერთად იდგნენ „ნაციონალური“ რეჟიმის წინააღმდეგ. მათი მიზანია, დაანახონ თავად „ნაცმოძრაობასაც“ და მთელ მსოფლიოსაც, რომ ნაცები ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში.

ყოფილი პოლიტპატიმარი თორნიკე მოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ასეთი აქციის გამართვა დაგვიანებულიცაა, უფრო ადრეც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თორნიკე მოლაშვილის აზრით, ნორმალური ხალხი, ვისაც ოდნავ მაინც საქართველო უყვარს, ვინც ცოტათი მაინც აზროვნებს და შექმნილ რეალობას ხედავს, ამ აქციას გვერდით უნდა დაუდგეს, ყველანი საქართველოს ჯარისკაცებად უნდა გადავიქცეთ და დავდგეთ საქართველოს დასაცავად.

„ეს საქართველოს მომავალია, რაც იქნება 30 აპრილს. ეს აქცია მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის არ იქნება, არამედ სტრატეგიულმა მეგობრებმა უნდა გაიგოს და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, ვინ ვართ ქართველები, რას წარმოვადგენთ, რას ვფიქრობთ და როგორ ვუყურებთ მომავალს. ჩვენ ვაფასებთ დასავლურ ღირებულებებს, განსაკუთრებით, იმ ღირებულებებს, რაც შეეხება ადამიანის თავისუფლებას, თავისუფალ აზროვნებას. მაგალითად, სულ ახლახანს ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდები დაამყარა და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ლექტორს ეს ამბავი არ გახარებია, ეგ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს და ე.ი. რუსიაო. ამნაირ ხალხთან გვაქვს საქმე. გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილმა რუსული სიმღერები აკრძალა. ეს იგივეა, მეორე მსოფლიო ომის მერე გერმანელი კომპოზიტორები საერთოდ აგვეკრძალა. ასეთი პრიმიტიული აზროვნება აქვთ მაგათ. მარტო პრიმიტიულ აზროვნებაზე არ არის საუბარი, შურმა და ბოღმამ ეს ხალხი დააბრმავა, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ცდილობენ, თავისი ტყუილი სიმართლედ აქციონ, მაგრამ სიმართლედ რომ ვერ აქცევენ, თავისსავე ტყუილზე ბრაზდებიან“, - აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა.

მანვე განმარტა, რომ ლოზუნგი „არა ომს“ აქტუალურია დღესაც, რადგან ომის საშიშროებამ არ გადაიარა, პირიქით, დღესაც უნდათ ომში ჩვენი ჩართვა, არის უამრავი პროვოკაცია, ამაზე ბევრი მინიშნებაცაა.

„ეს ის ხალხია, ვისაც არ უომია, ვისაც მეგობარი ხელში არ ჩაკვდომია, ჩემგან განსხვავებით. ვგულისხმობ აფხაზეთის ომს. უამრავი სისხლისღვრა, ცრემლი, ბოროტება მოაქვს ომს, ომს კარგი არაფერი მოაქვს. ეს ის ხალხია, რომელიც, ომის შემთხვევაში, პირველ რიგში, თვითონ გაიქცევა და შორიდან დაიწყებს ყვირილს, რომ, აი, ასე უნდა გაეკეთებინათ და არ გააკეთესო. ადვილია, როცა არაფერს არ აკეთებ და სხვებს ეუბნები, ეს გააკეთეო“, - აცხადებს თორნიკე მოლაშვილი და განმარტავს, რომ ხელმოცარული პოლიტიკოსების დრო უნდა დამთავრდეს.

თუმცა, მისივე აზრით, სიტყვა „ხელმოცარული“ კიდევ უფრო რბილი სიტყვაა, ამ ადამიანებს წაგებული აქვთ ყველა ფლანგზე ყველაფერი, გამოაშკარავდა ყველა ტყუილი, რაც კი იძახეს ამ ვითომ ოპოზიციონრებმა და ვითომ არასამთავრობოებმა. თორნიკე მოლაშვილის მოსაზრებით, ერთადერთი ქვეყანა ვართ საქართველო, რომლის მოქალაქეებიც გამოდიან ევროპულ არენაზე და იძახიან, ჩვენ ღირსები არ ვართ, მივიღოთ კანდიდატის სტატუსიო. სხვა ქვეყნის მოქალაქემ რომ გააკეთოს მსგავსი განცხადება, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის მოქალაქემ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ერთი რამეც რომ თქვას, დედაბუდიანად ამოწყვეტენ, გადააშენებენ ასეთი ადამიანის გვარს იმ ქვეყანაში. ერთადერთი გამონაკლისი საქართველოა, სადაც შეიძლება მოღალატე პირდაპირ გამოვიდეს და იძახოს, საქართველოს არ ეკუთვნის სტატუსი, იძახოს ტყუილები. ამის შედეგია, რომ მოლდოვა ჯერ კიდევ დსთ-შია და მაინც მისცეს კანდიდატის სტატუსი.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ყველა ჯგუფს აქვს დემოკრატიული გამოხატვის უფლება და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების დუღილი. 30 აპრილის აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით კი ჩვენს საზოგადოებაში მოთხოვნა არსებობს. მთავარია, რა თემებს გაახმიანებენ და როგორი პოლიტიკური გავლენის მქონე ადამიანები შეიკრიბებიან.

„ამ აქციაზე იქნება ია მეტრეველიც, ეს ტრაგიკული ქალბატონი არის ქართული საზოგადოების და სახელმწიფოებრიობის სინდისი. შემიძლია მაქსიმ გორკის „დედასაც“ შევადარო, რომლის ნაწარმოებმაც მთლიანად შეცვალა იმდროინდელი ეპოქა, ასეთი პიროვნებები იკრიბებიან 30 აპრილს და გამოხატავენ პროტესტს. შეიძლება პროტესტი გამოითქვას „ნაცმოძრაობის“ არსებობის გამო, თუმცა „ნაცმოძრაობა“, მე მგონი, ისედაც იშლება მარტივ მამრავლებად. ლენინის ნათქვამის არ იყოს, რუსეთის ცარისტული იმპერია ეს არის დამპალი კედელი, მიარტყამ ხელს და ჩამოინგრევაო, დაახლოებით იგივეა „ნაცმოძრაობაც“. ორიოდე დღის წინ ლენინის დაბადების დღე იყო და მათივე საყვარელი ბელადის სიტყვები მიესადაგება „ნაცების“ დასამარების პერიოდს. თუმცა არც მმართველი ძალა გამოიყურება ბევრად უკეთესად“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას.

 

 

 

არაგველი641 შევიკრიბოთ! ქუდზე კაცი!!!
1 წლის უკან