პოლონეთის პროკურატურამ დონალდ ტუსკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პოლონეთის პროკურატურამ დონალდ ტუსკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პოლონეთის პროკურატურამ ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტისა და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Euractiv-ი ავრცელებს.

გამოძიების დაწყების საფუძველი ბიზნესმენ მარეკ ფალენტას საჩივარი გახდა. ფალენტას განცხადებით, ტუსკმა, რომელიც 2007-2014 წლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იყო, უფლებამოსილება გადაამეტა, როდესაც კომპანია ფალენტას მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანია Składy Węgla-ში ინსპექციის ჩატარების ბრძანება გასცა. კომპანია Składy Węgla პოლონეთში რუსული ნახშირის იმპორტით იყო დაკავებული.

ტუსკის განცხადებით, ფალენტა მოსკოვის გავლენის ქვეშ არის მოქცეული.

„პარტია „კანონი და სამართალი“ მდევნის იმის გამო, რომ რუსული ნახშირის იმპორტს ვებრძვი. პროკურატურა მოქმედებს მარეკ ფალენტას მოთხოვნით, რომელიც ნახშირის იმპორტით იყო დაკავებული და უკანონო მოსმენისთვის არის მსჯავრდებული. ეს სცენარი კირილიცათია დაწერილი“, - წერს ტუსკი Twitter-ზე.

ფალენტამ ფარულად ჩაიწერა ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსების საუბრები, მათ შორის იყვნენ მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი და ბანკირი, ახლანდელი პრემიერი მატეუშ მორავეცკი. ჩანაწერები 2014 წელს გავრცელდა, რის გამოც ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმამ“ ძალაუფლება დაკარგა, ქვეყნის ხელისუფლებაში კი პარტია „კანონი და სამართალი“ მოვიდა.

ტუსკის განცხადებით, სწორედ „კანონი და სამართალი“ თანამშრომლობდა მარეკ ფალენტასთან, რათა „სამოქალაქო პლატფორმა“ ხელისუფლებიდან გადაეყენებინა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დონალდ ტუსკს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.