„დღევანდელ ხელისუფლებაზე შეტევის ერთ-ერთი რგოლი არის ეგ სოციოლოგიური გასროლა, რომ ამ შეტევით შეავსოს სხვადასხვა ფლანგი“

„დღევანდელ ხელისუფლებაზე შეტევის ერთ-ერთი რგოლი არის ეგ სოციოლოგიური გასროლა, რომ ამ შეტევით შეავსოს სხვადასხვა ფლანგი“

„შაბათს რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს, 14% - „ნაციონალურ მოძრაობას“ , - ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, რომელმაც საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტი გამოკითხა. IRI-ის კვლევა 4-23 მარტის პერიოდში ჩატარდა, ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია. კვლევის შედეგებს არ ენდობა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, კვლევის მიზანია საზოგადოებრივი აზრის ფორმულირება, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი იზრდება.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

საქართველოში სოციოლოგიური კვლევის მიმართ არის უნდობლობა და ამას თავად მათივე საქმიანობა იწვევს. IRI-ს კვლევის თანახმად, მმართველი გუნდის და „ნაცმოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს და აქ საინტერესოა ის, რომ კვლევა სწორედ იმ პერიოდს მოიცავს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყო. შეიძლება ითქვას, რომ პარტია თითქმის არ არსებობს და ამის ფონზე როგორ ხსნით კვლევის შედეგებს?

რამაზ საყვარელიძე: იმით, რომ ბევრ ფრონტზე იგრძნობა შეტევა ხელისუფლების წინააღმდეგ - დიპლომატიურ ფრონტზე, აქციების ჩატარების მხრივ, აქციებზე ინტენსიური ზრუნვა და ა.შ. აი, ამ სხვადასხვა ფრონტით დღევანდელ ხელისუფლებაზე შეტევის ერთ-ერთი რგოლი არის ეგ სოციოლოგიური გასროლა. სოციოლოგიური ზარბაზანი მაგ ფუნქციას ასრულებს, რომ შეტევით შეავსოს სხვადასხვა ფლანგი და როგორც ყოველთვის, ერთ-ერთ ფლანგად გვევლინება სოციოლოგია. ზოგადად, სოციოლოგიას არ ვერჩი, მაგრამ IRI და NDI ძალიან ბევრ უნდობლობას იწვევენ და ხშირად მათი კვლევის შედეგი აღიქმება როგორც პოლიტიკური დაკვეთა.

ანუ, საქართველოს შემთხვევაში IRI და NDI პოლიტიკური მხარედ გვევლინებიან?

- სავარაუდოდ, ასეა. დავაკვირდეთ, თქვენც აღნიშნეთ, რომ ასეთი მძაფრი დაპირისპირება რაც ახლა არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ გვახსენდება და ამ დაპირისპირების ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი აიწიოს საიმისოდ, რომ ლამის გაუთანაბრდეს მმართველ პარტიას, ეს გაუგებარია, მით უმეტეს, რომ მმართველი პარტიის საქმიანობაში არაფერი ისეთი არ მომხდარა ამ ბოლო პერიოდში, რომ მოსახლეობას მის მიმართ გული აეყარა. ყოველივე ეს გვაფიქრებს, რომ შედეგები არ უნდა იყოს დაზღვეული პოლიტიკური გავლენისგან და მეორე, თან ვაკვირდებით როგორია პოლიტიკური ზეწოლა. ესა თუ ის საგარეო წნეხი, ძირითადად, აწვება იმას, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოიყვანონ ნაციონალები. ამას ეხმიანება ეს შედეგი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნების მცდელობას ყველა ვაკვირდებით და ამ საქმის მთავარი მოქმედი პერსონა არის ამერიკის ელჩი. დასავლეთის და იგივე კელი დეგნანის გეგმის ნაწილს ამაგრებს ეს კვლევა?

- თუ გავიხსენებთ არჩევნების პერიოდებსაც, სადაც კვლევებმა ლამის 12% ცდომილება აჩვენა, როდესაც არ დაემთხვა მიღებულ შედეგებს, მაშინ რაღასთვის აქვეყნებს კვლევას? სწორედ მაგიტომ, რომ გაისროლეს და დადეს ასეთი შედეგი, რომ იმარჯვებდნენ ნაციონალები. ამ შედეგმა შეიძლება ამომრჩევლის რაღაცა ნაწილი გადაიბირა თავის მხარეს და მაგაზეა გათვლილი. სიმართლე არავის აინტერესებდა და, როგორც ჩანს, დიდად არც აწუხებთ ის შედეგი, რომ შეიძლება მოსახლეობის თვალში ნდობას არ იმსახურებდენ.

რაც შეეხება ამავე კვლევის ნეგარიურ მხარეს, კითხვაზე რომელ პარტიას არ დაუჭერდით მხარს არავითარ შემთხვევაში, 39% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 34% „ქართულ ოცნებას“, 16% „კოსერვატიული მოძრაობა ალტინფოს“. პროცენტული მაჩვენებელი აქაც იზრდება და მიახლოვებული მაჩვენებელია, ესეც პოლიტიკური დატვირთვაა, რომ ნეგატიურ ნაწილში გათანაბრებოდა ოცნების რეიტინგს?

- რა თქმა უნდა. ეს სოციოლოგია ასრულებს ქართული კინოს - „ქორწილის“ ფუნქციას, სადაც მთავარ როლს ასრულებს გოგი ქავთარაძე, როდესაც ხალხი მიდის ქუჩაში და თვითონაც მიჰყვება. ასეთი რამე ადამიანის ფსიქიკაში ზის. თუ დაინახა საით მიდის უმრავლესობა, თვითონაც უჩნდება ტენდენცია, რომ იქით წავიდეს. მაგ უმრავლესობის შესახებ შთაბეჭდილებას ქმნის სოციოლოგია - კონფორმულობა ჰქვია მაგ მოვლენას. სოციოლოგია ქმნის იმის პირობას, რომ კონფორმულმა ადამიანმა იქეთ გადადგას ნაბიჯები, საითაც სოციოლოგია უკარნახებს, რადგან ეგონება, რომ ამას აკეთებს ქვეყნის უმრავლესობა. ბევრი არჩევანს აკეთებს იმის მიხედვით, სხვები რას იზამენ. აი, ასეთ ხალხზე არის გათვლილი სოციოლოგიის მანიპულაცია.

ამ კვლევის დანიშნულება არის ადამიანების ფსიქოლოგიაზე ზეწოლა, მაგრამ მეორეა, რამდენად დაექვემდებარება ამომრჩეველი ამ ზეწოლას...

- ბევრ რამეზე არის დამოკიდებული მიიღებენ თუ არა. თუ მოსახლეობამ დაუჯერებლად ჩათვალა, მაშინ, რა თქმა უნდა, არ მიიღებენ, მაგრამ თუ რაღაცა რეალობის ნიშნები შეამჩნიეს, მაშინ დაიჯერებენ. ომის ტერმინებით ვლაპარაკობთ - იმან გაისროლაო. ასევე არის სოციოლოგიური არტილერია, მაგრამ მას უნდა მიჰყვეს პროპაგანდისტების რაზმები, რომლებიც გაამყარებენ ამა თუ იმ შედეგს, როგორც სოციოლოგიით ნაკარნახევ შედეგს, ისევე მის საწინააღმდეგო შედეგსაც. მარტო სოციოლოგია არ არის საკმარისი შედეგებისთვის.

რაც შეეხება ნდობის მაჩვენებელს, ამ ნაწილში ძალიან საინტერესოა კვლევის მაჩვენებელი. როგორც ყოველთვის, უწმინდესი მოსახლეობის 91%-ის მხარდაჭერით სარგებლობს. რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით. გამოკითხულთა 36%-მა გიორგი გახარია დაასახელა, 36%-მა - მიხეილ სააკაშვილი, ხოლო 35-35%-მა - ბიძინა ივანიშვილი და შალვა ნათელაშვილი. ივანიშვილის და ნათელაშვილის რეიტინგის გათანაბრება და მათ შორის სალომე ზურაბიშვილისთვის მოწონების რეიტინგის აწევა, ეს უკვე რას ადასტურებს?

- ისევ იგივეს. როგორც ჩანს, მუშაობა მიდის იმაზე, რომ ვისაც მაღალი აქვს რეიტინგი, და, თუ ეს მაღალი რეიტინგი არ აწყობთ კვლევის ავტორებს, ძირს დასწიონ და ვისაც დაბალი აქვს, იმას მოუმატონ. ეს არის ძირითადი მიზანი და ასრულებენ ამ მიზანს. პატრიარქს არ ეხებიან, მაგრამ პოლიტიკურ ფიგურებში არის თამაში და ერთ-ერთი ნიშანდობლივი არის პრეზიდენტის რეიტინგის გაზრდა. რახან პრეზიდენტი ბოლო ხანებში დაახლოებით იგივე პოზიციას იკევებს, რასაც ოპოზიცია, ამიტომ მისი რეიტინგის გაზრდა აწყობს ოპოზიციას. ვუყუროთ რას იზამენ.

კვლევას რომ პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ამას ასახავს კვლევის შემდეგი ნაწილი, სადაც გამოკითხულთა 43% თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი უნდა იქნეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ. საერთო ჯამში, რა პოლიტიკური სურათი დადო IRI-მ 30 აპრილის საპროტესო აქციის წინ და როგორ ფიქრობთ, მოახდენს გავლენას მოსახლეობაზე ეს კვლევა თავისი უცნაური შედეგებით?

- რაღაც პროცენტზე, ალბათ, იმოქმედებს, ისე არ ჩატარდებოდა ამდენი ხნის განმავლობაში ასე ჯიუტად ეს არასწორი შედეგები. სავარაუდოა, რომ ამ გამოკვლევის ავტორებს აქვთ სხვა რეალური შედეგები, თავიანთ მაგიდაზე გაშლილი, მაგრამ უშვებენ მათ მიერ გაკეთებულ სურათს და მერე, ალბათ, ნახულობენ, რამდენად მოახდინა გავლენა მათ მიერ დაწერილმა მაჩვენებელმა. ასეთი პროცედურების შედეგად, ალბათ, ხედავენ, რომ რაღაცა ნაწილი მაინც ექცევა მათ მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიის გავლენის ქვეშ. ამიტომ აქვეყნებენ. ეს არაა კატასტროფა, მაგრამ მოქმედებენ პრინციპით - ყვავს კაკალი გააგდებინო.

არაგველი641 ეგ გამოკითხვა ჩატარებულია ნაცბოზბანდის მიტინგზე მისულ ხალხში!
1 წლის უკან
ცუგო- საინტერესო ვერსიაა ბოლო აბზაცში... ანუ ნამდვილი მონაცემები აქვთ, მაგრამ სიცრუეს აქვეყნებენ, მერე, შემდეგი გამოკითხვის დროს ადარებენ რამდენად იმოქმედა მათმა ტყუილმა ხალხის მასაზე... ლოგიკურია, მეც მიკვირდა, მუდმივად რაში ჭირდებათ არასწორი მაჩვენებლების გამოქვეყნება, ფაქტიურად თავიანთ თავსაც ზომავენ ამით...
1 წლის უკან