კეზერაშვილმა საკუთარი გარემოცვის გაწირვა დაიწყო - რატი ალექსიძე დაკავებულია

კეზერაშვილმა საკუთარი გარემოცვის გაწირვა დაიწყო - რატი ალექსიძე დაკავებულია

ოლიგარქ დავით კეზერაშვილის გარშემო წრე ვიწროვდება. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, გერმანაში „მისტერ ოფშორის“ მარჯვენა ხელი, ყოფილი ფეხბურთელი, რატი ალექსიძე დააკავეს, რომელიც ახლა განაჩენს გერმანიის ციხეში დაელოდება. ახლა მნიშვნელოვანია გამოძიების ფარგლებში ვის დაასახელებს ყოფილი ფეხბურთელი და იქნება თუ არა ეს კვიპროსში გაქცეული კეზერაშვილი, რომელიც ახლა ცდილობს აფრიკასა და ყაზახეთში არსებული ქოლცენტრები დახუროს, თუმცა გამოძიება კვალზე კეზრაშვილზე ადრე გავიდა.

საერთაშორისო გამოძიებაში, რომელიც ევროჯასტის ქოლგის ქვეშ რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად მიმდინარეობს, საქართველოს პროკურატურაცაა ჩართული. 2021-2022 წლებში ე.წ. ქოლცენტრების წინააღმდეგ მათ არაერთი სპეცოპერაცია ჩაატარეს, დააკავეს ათეულობით პირი.

საერთაშორისო გამოძიება ამ დრომდე იკვლევს, ვინ დგას ევროპელი პენსიონერებისთვის წართმეული მილიონების უკან. BBC-ის გამოძიებით ყველა კვალი კეზერაშვილამდე მიდის, თუმცა „მისტერ ოფშორის“ გარემოცვას ისრები სხვა მხარეს და კერძოდ ხელისუფლების მხარეს გადააქვს. ერთი მხრივ, ევროპელი პენსიონერების ძარცვაში დადანაშაულებული კეზერაშვილი ამბობს, რომ ე.წ. ქოლცენტრებთან საერთო არ აქვს, თუმცა მეორე მხრივ ამბობს, რომ გამოაშკარავებს იმ პირებს, რომლებიც ჩართული არიან ქოლცენტრების საქმეში.

როგორც ცნობილია BBC-მ ცოტა ხნის წინ ვიდეოვერსიაც გაავრცელა, სადაც დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ე.წ. ქოლცენტრების საქმე და დავით კეზერაშვილის სქემა მთავარი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ამტკიებს, რომ ქოლცენტრების საქმე დაკავშირებულია ხელისუფლებასთან და რომ არა ხელისუფლების ინტერესი, მასშტაბური თაღლითური სქემა საქართველოში ვერ იმუშავებდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ქოლცენტრები ნამდვილად არის თაღლითური სქემა, თუმცა ეჭვს გამოთქვამს ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესის მიმართ - როგორ იმუშავებს ქვეყანაში ქოლცენტრი ხელისუფლების ჩართულობის გარეშე. მისი თქმით, კეზერაშვილი თუ დამნაშავეა, ბრიტანული სამართალდამცავი ორგანოები ამას გაარკვევენ, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს არა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, არამედ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს.

„კეზერაშვილთან პირდაპირი სამხილი არავის დაუდია. საუბარია, რომ საქართველოში არსებულ იმ ოთხ ადამიანს (მათ უდანაშაულობის პრეზუმფციასაც არ ვარღვევ, არ ვიცი, ის ხალხი ვინ არის, არც ვიცნობ) რაღაც ეტაპზე შეიძლება, კეზერაშვილი იცნობდა კიდეც და ურთიერთობაც ჰქონდა ამ ხალხთან, მაგრამ ეს ადამიანები, როგორც მაქვს ინფორმაცია, შემდეგ უფრო დაუახლოვდნენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, საუბარია ფარცხალაძეზე, მამაცაშვილზე, ეჭვების დონეზე გეუბნებით.

სასწაული ამბავია, კეზერაშვილი წირავს თავის მეგობარს, რომელიც არის ბურჭულაძის, თავდაცვის მინისტრის ყოფილი ქვისლი, დაახლოებულია „ქართულ ოცნებასთან“. როგორ იმუშავებს ქოლცენტრი ქვეყანაში ხელისუფლების ჩართულობის გარეშე? - ქოლცენტრს კი არა, ზარს რომ ვაკეთებდით საერთო ჩათში, იქ ჩაგვინერგა სუს-მა აგენტი და ყოველდღე რასაც ვამბობდით, დანოსები აქვთ დაწერილი ამაზე. 1 000 კაცში ტრაფიკი, 24-საათიანი თაღლითური სქემით ირეკებოდა უცხოეთში და არ იცოდა ხელისუფლებამ?“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პაატა მანჯგალაძემ.

„გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, როგორ შეიძლება, ამხელა შავი ფული ტრიალებდეს ქვეყანაში და არ იცოდეს მმართველმა პარტიამ. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, წარმოუდგენელია, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ინფორმაცია სუს-ს არ ჰქონოდა.

„წარმოუდგენელია, საქართველოში 21-ე საუკუნეში, ათობით ათასი ადამიანი მუშაობდეს ქოლცენტრებში, მილიარდამდე დოლარის ბრუნვა იყოს და ეს ყველაფერი კეთდებოდეს სუს-ის ყურადღების მიღმა, სუს-ის ნებართვის მიღმა. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წარმომადგენლებს ვურჩევ, დროზე დაიწყონ საუბარი, რა ხდება სინამდვილეში. ამით ისინი საკუთარ თავს მაინც გადაირჩენენ, რადგან როდესაც ეს მართლა გაირკვევა, ვინ როგორ იყო ჩართული, მერე უკვე გვიანი იქნება იმის თქმა, მე არ ვიცოდიო. როგორ შეიძლება, ამხელა შავი ფული ტრიალებდეს ქვეყანაში და ეს არ იცოდეს მმართველმა პარტიამ, შეუძლებელია“, - განაცხადა ჰერმან საბომ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ქოლცენტრების საქმემ“ კეზერაშვილი და ნაცების კრიმინალური სინდიკატი საგონებელში ჩააგდო, რადგან მართლმსაჯულების სიახლოვე იგრძნეს და მორიგ ჯერზე, უკადრებელი იკადრეს, როდესაც ისრები „ქართული ოცნებისკენ“ გადაიტანეს და უახლოესი ძმაკაცი გაწირეს. ტელეკომპანია „ფორმულა“ ამტკიცებს, რომ დაკავებული ალექსიძე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია, რომელსაც ნათესავობა აკავშირებს თავდაცვის მინისტრთან და გარდა ამისა ის არის კახა კალაძის მეგობარი.

for.ge-ს ინფორმაციით, კეზერაშვილის და სვანიძის ახლო მეგობარი დაკავებული ალექსიძე სწორედ კეზერაშვილის შავ საქმეში მთავარი მოქმედი პირი იყო, თუმცა სწორედ იმიტომ გაწირეს, რომ თავდაცვის მინისტრის ქვისლია. აღსანიშნავია, რომ რატი ალექსიძე სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც ოჯახთან ერთად საზღვრის გადალახვას ცდილობდა. როგორც რატი იონათამიშვილი აცხადებს, „ქოლცენტრების საქმეზე“ უცხოეთში დაკავებული რატი ალექსიძე არის კეზერაშვილის და მისი მარჯვენა ხელის, ირაკლი სვანიძის უახლოესი ძმაკაცი და მათ მიერ თავისთან დასაქმებული პირი.

„მთელმა თბილისმა იცის ეს ამბავი, როგორ დაიმალებოდა. ამავე დროს, ალექსიძე ჯუანშენ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლია. ამ ნიშნით შეარჩიეს და გაწირეს, იქნებ, აქეთ გადმოესროლათ უბინძურესი ბრალდება! გახსოვთ, ალბათ, კეზერაშვილის დაპირება, ხელისუფლებას ვამხელ ამ საქმეშიო. სცადა, არ გამოუვიდა. ყველამ ყველაფერი იცის, ზეპირად. თავისი ძმაკაციც გაწირეს და ბოლომდე გაშიშვლდნენ, როგორც მორალისგან აბსოლუტურად დაცლილი ხალხი“, - აცხადებს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოში ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობა აღიკვეთა და პასუხისგებაში არიან ადამიანები მიცემული, რასაც მისი თქმით, გერმანიის პროკურატურისა და გერმანიის ხელისუფლების მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა.

„ფულის აკუმულირება ხდებოდა საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის ჩამოსაყალიბებლად, პოლიტიკური სპექტრის მოწამვლისათვის, რომ ისინი ნორმალურ ოპოზიციურ, დემოკრატიულ ველში არ მოქცეულიყვნენ და ყოფილიყვნენ რადიკალური დღის წესრიგის გამტარებლები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, „ფორმულა“ უხეიროდ ცდილობს „ქართულ ოცნებაზე“ გადაბრალებას და ძებნილი ოლიგარქ კეზერაშვილის „გათეთრებას“. მისი თქმით, დაკავებული რატი ალექსიძე ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლია. კალაძე კი იცნობს როგორც ყოფილ ფეხბურთელს და სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს ნაცკრიმინალებმა ყოფილი „პაძელნიკი“ რატი ალექსიძე.

„უკიდურესი უზნეობა და სიბინძურე კიდევ ერთხელ გვაჩვენეს. „მისტერ ოფშორის დავალებით, მისი კრიმინალი ამფსონები და დაქირავებული უგვანო პროპაგანდისტები ფუჭად ცდილობენ ძებნილი ოლიგარქ კეზერაშვილის „გათეთრებას“. ქოლცენტრების სამარცხვინო აფერის დანაშაულში მხილებით, კუთხეში მიმწყვდეული ვირთაგვა კეზერაშვილის ფინია „ფორმულა“ უხეიროდ ცდილობს „ქართულ ოცნებაზე“ გადაბრალებას. კეზერაშვილის ტელეპრეს სამსახურმა გვამცნო, რომ ამ საქმეზე ევროპაში დააკავეს ყოფილი ფეხბურთელი რატი ალექსიძე. და ეს უკანასკნელი თურმე თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ქვისლი და თურმე თბილისის მერის კახა კალაძის ახლო მეგობარია, რომელიც თურმე დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს. რეალობა კი ამგვარია - „მისტერ კეზერაშვილის“ საქმეზე დაკავებული რატი ალექსიძე არის კეზერაშვილის და მისი მარჯვენა ხელის, ირაკლი სვანიძის უახლოესი ძმაკაცი და მათ მიერ დასაქმებული პირი. თბილისი პატარაა და არაფერი იმალება. მძარცველი დავით კეზერაშვილი ვერანაირი ხრიკით ვერ გამართლდება - გაპრავდება!“, - წერს გია აბაშიძე.