30 აპრილის აქცია - „მდუმარე უმრავლესობის“ პროტესტი

30 აპრილის აქცია - „მდუმარე უმრავლესობის“ პროტესტი

მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობადმა სახეებმა 30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე მიტინგის შესახებ ამცნეს საზოგადოებას, როგორც ჩვენს სინამდვილეში ხდება ხოლმე, საჯარო სივრცეში მოსაზრებათა მრავალფეროვნება გაჩნდა. აქციას ჰყავს მხურვალე მხარდამჭერები, სკეპტიკოსები, და ისინიც, ვინც, ზოგადად, აქციის პათოსს იზიარებენ, მაგრამ უნდათ, რომ მათი მოსაზრებებიც იყოს გახმოვანებული. რაღა თქმა უნდა, აქციას ჰყავს მოწინააღმდეგეები იმ ცნობილი შემადგენლობიდან, რომლებიც „მყვირალა უმცირესობას“ შეადგენენ და ამ ბოლო პერიოდში მყვირალა აქციებით დაგვამახსოვრეს თავი, „მდუმარე უმრავლესობის“ პასიურობის ფონზე.

30 აპრილის მიტინგის მთავარი დატვირთვაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, აქამდე „მდუმარე უმრავლესობა“ დუმილს არღვევს და თავისი სათქმელი მიაქვს ხელისუფლებამდე და დანარჩენ საზოგადოებამდე, მათ შორის პასიონარულ უმცირესობამდე.

30 აპრილის მიტინგი ბუნებრივად და ლოგიკურად მწიფდებოდა, თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს გავიხსენებთ. ეს არ არის მხოლოდ 7-8 მარტის აქციები, აშშ-ს მიერ ჩვენი მოსამართლეების დასანქცირება და ამის გამოყენება „პასიონარული უმცირესობის“ მიერ ახალი აქციების ასაგორებლად.

„მდუმარე უმრავლესობამ“ მკაფიოდ დაინახა გარედან მხარდაჭერილი „მყვირალა უმცირესობის“ მიერ ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ცვლილების განმეორებადი მცდელობები და, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ამის მეტად წაყრუება აღარ შეიძლება. მან ჩათვალა, რომ აღარ შეიძლება მდუმარე ტოლერანტობით უყურო ქვეყნის საშინაო საქმეებში სულ უფრო მზარდ და უცერემონიო ჩარევებს. აქამდე „მდუმარე უმრავლესობა“ ქვეყნის და ხალხის შეურაცხყოფად იღებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ბოლოდროინდელ უსამართლო დამოკიდებულებებს საქართველოს მიმართ. მათთვის რთულია შეეგუონ გარედან თავსმოხვეულ ნარატივს, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ქართული დემოკრატიის მამა და შუქურაა, ნიკა გვარამია ჟურნალისტი და, რომ მათ გათავისუფლებაზეა დამოკიდებული საქართველოს ევროინტეგრაცია. სხვა წუხილების და ტკივილების ჩამონათვალი საკმაოდ შორს წაგვიყვანს, მათ რამდენიმე სტატიაც კი არ ეყოფა. თუმცა, ისინი „მდუმარე უმრავლესობისათვის“ შესანიშნავად და დეტალებშია ცნობილი.

და მაინც ვინ არის ეს „მდუმარე უმრავლესობა?“ საზოგადოების რომელ სოციალურ და ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენს? ცნობილმა ფრანგმა კულტუროლოგმა და ფილოსოფოსმა ჟან ბოდრიარმა თავის ესეში „ჩუმი უმრავლესობის ჩრდილში, ანუ სოციალურის დასასრული“ აღნიშნა, რომ „მდუმარე უმრავლესობას“ ახასიათებს ზოგადი პასიურობა, ინერცია და კონფორმიზმისკენ მიდრეკილება. მისი აზრით, „სიჩუმე არის ის, რაც მასებს მასებად აქცევს,“ და რთულია ამაში შეედავო.

ტერმინი „მდუმარე უმრავლესობა“ პოლიტიკურ კლიშედ იქცა და ფართოდ გამოიყენება პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების საჯარო გამოსვლებში. ის აქტიურად გამოიყენებოდა რონალდ რეიგანის, რუდი ჯულიანის, მაიკლ ბლუმბერგის და დონალდ ტრამპის პოლიტიკურ კამპანიებში. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ „მდუმარე უმრავლესობა“ ახსენა თავის წიგნში „სიმამაცის პროფილი“, რომელშიც ამერიკის „მდუმარე უმრავლესობა“ „ხმამაღალ უმცირესობას“ დაუპირისპირა. ამ წიგნში მან პულიცერის პრემია მიიღო.

ჩვენს სინამდვილეს რომ დავუბრუნდეთ, 30 აპრილს სავარაუდოდ არავის ექნება „მდუმარე უმრავლესობაში“ რევოლუციური აქტივობის გაღვივების მცდელობა. პოლიტიკური მდგენელი რომ გვერდზე გადავდოთ, 30 აპრილის მიტინგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც „მდუმარე უმრავლესობის“ მზადყოფნა მოახდინოს თავის წუხილების და მიზნების მკაფიო არტიკულირება. იმაზე, თუ რამდენად დამაჯერებელი, გასაგები და მისაღები აღმოჩნდება მათი გზავნილები, დიდწილად იქნება დამოკიდებული გახდება თუ არა 30 აპრილის აქცია მნიშვნელოვანი პროცესების კატალიზატორი, თუ დარჩება როგორც მკაცრი გაფრთხილება „მყვირალა უმცირესობისთვის“, რომ უმრავლესობა არ „თვლემს“.

თუნდაც ამ მინიმალისტური შედეგის მიღწევა, უკვე შეიძლება ჩაითვალოს წარმატებად. ბოლოსდაბოლოს, ჭეშმარიტად დემოკრატიულისაზოგადოებაგულისხმობსქვეყნისყველამოქალაქის სამოქალაქოპოზიციისარსებობასდა ამ პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას.

 

amo კარგია, წარმატებები.
1 წლის უკან
არაგველი641 30 აპრილის აქციას რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ფაქტია რომ დიდი ხანია მომწიფებულია და ძალიან კარგი მოვლენების დასაწყისად გვესახება!
1 წლის უკან
ცუგო- ქუდზე კაცია საჭირო!!! წარმატებები საქართველოს !!!
1 წლის უკან