კანადაში მყოფი „მისტერ კეზერაშვილი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ახალ დავალებას აძლევს, რომლის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბიზნესცენტრებში პოლიცია უნდა გამოიძახონ იმ მოტივით, რომ იქ ქოლცენტრის ოფისია განლაგებული. ბიზნეს-ცენტრ „ატრიუმში“, სადაც 20 აპრილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, ორი ოფისია დალუქული. შემოწმების შედეგად წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა.
ბიზნესცენტრში ჩხრეკა მე-3 სართულზე ჩატარდა. როგორც კომპანიის თანამშრომელი აცხადებს, რას საქმიანობენ იმ კომპანიის თანამშრომლები, რომელთა ფართიც ამჟამად დალუქულია, მისთვის უცნობია. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ოფისებში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ძირითადად IT სპეციალისტები მუშაობენ. ორი დალუქული ოფისიდან, ერთს საიდენტიფიკაციოდ აბრა არ აქვს, მეორის სახელწოდება კი არის: „Software country“.
ბიზნეს-ცენტრ „ატრიუმის“ საოპერაციო კომპანიის წარმომადგენელი ვასილ ძოწენიძე აცხადებს, რომ დალუქული ოფისების მფლობელები უცხოელები არ არიან, ფართების დამქირავებლები არიან უცხოელები. მისი განმარტებით, ბიზნეს-ცენტრში, სადაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა, თავადაც იმყოფებოდა, თუმცა რა წაიღეს სამართალდამცავებმა, ინფორმაცია არ აქვს. როგორც ძოწენიძემ აღნიშნა, ერთადერთი, რისი თქმაც შეუძლია, არის ის, რომ პოლიციას არავინ დაუკავებია. ამასთან, მისი თქმით, გამოძიება გამოკითხვის მიზნით არც მას დაკავშირებია.
„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ესენი არიან უცხოური ორგანიზაციები და ჩემი ინფორმაციით, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ. კონკრეტული ფართების მეპატრონეები არიან სხვები, რომლებსაც ეს ფართები გაქირავებული აქვთ. ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, საჯარო რეესტრის ამონაწერებში ჩანს, ვის მფლობელობაშია. ასევე, ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ არავინ დაუკავებიათ, ხოლო რა წაიღეს, ამაზე, ალბათ, საგამოძიებო ორგანოები გიპასუხებენ“, - განაცხადა ვასილ ძოწენიძემ.
არაოფიციალური ინფორმაციით ბიზნეს-ცენტრ „ატრიუმში“ სავარაუდოდ, ქოლცენტრი იყო განთავსებული. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით, ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელში და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია, შესაძლო დანაშაულში მონაწილე 5 პირი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით. ერთ-ერთი ესეთი ღონისძიება მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა, დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებების შედეგად 89 მილიონი ევროს ზიანი მიადგა მინიმუმ 33 000 დაზარალებულს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
დანაშაულებრივი თაღლითური ქსელი, რომელიც სავარაუდოდ მოქმედებდა 2019-2021 წლების პერიოდში, სოციალურ მედიაში და სხვა საჯარო სივრცეში განთავსებული რეკლამებისა და ე.წ. ქოლ-ცენტრებს გამოყენებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ინვესტიციების მოზიდვას, სანაცვლოდ კი მაღალ სარგებელს ჰპირდებოდა.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებული იქნა ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს.
სწორედ ამ ქსელის მთავარი მოქმედი პირი არის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი, რომელიც დაკავშირებულია ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
კეზერაშვილის როლი ამ საქმეში BBC-ის სკანდალური გამოძიების შემდეგ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რომელმაც დიდი ბრიტანეთი დატოვა და კვიპროსში გაემგზავრა. ევროპელი პენსიონრების ნაძარცვი ფულით კეზერაშვილი საქართველოში ხელფასებს უხდის „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს, ასევე ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს.
მოძრაობა „დროას“ ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობას აგრძელებს. „კეზერაშვილთან, რომელიც არ არის ჩემი პარტიის დამფინანსებელი, ვაგრძელებ და გავაგრძელებ თანამშრომლობას. „დროა“ არ არის დამოკიდებული არც კეზერაშვილზე და არც ერთ ბიზნესმენზე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველასგან სამართლიანობას ითხოვენ, მათ შორის კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედიამფლობელად მოიხსენიებდნენ. მისივე თქმით, ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი, როგორ და რის ხარჯზე აქვს ნაშოვნი ფული.
„ეს არის სისხლიანი ფული, რომელიც მას ნაშოვნი აქვს ბიზნესის რეკეტის ხარჯზე, ჯარის გაძარცვის ხარჯზე და ახლა უკვე ევროპელი პენსიონრების გაძარცვის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ასეთ აქტებზე ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაცრი რეაქცია გვექნება.
კეზერაშვილმა თავადვე არაერთგზის აღიარა, რომ ის აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის თვითონ „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები. აქ ჰქონდათ აღიარებითი ჩვენებები „გირჩს“ და სხვა დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს. ისინი არიან ყველა ერთად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ის აფინანსებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იგივე რადიკალურ ოპოზიციას.
ყველამ იცის, რომ ის აფინანსებს „ფორმულას“, ასევე ბოლო დროს აფინანსებს „მთავარ არხს“ და ამასთან დაკავშირებითაც ცნობილია ინფორმაციაც. ის საუბრობს ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებაზე. აქაც ყველამ ვიცით, ვინ არიან ეს ორგანიზაციები, რომელთა მიმართულებითაც მიედინება კეზერაშვილის სისხლიანი, კორუმპირებული ფული“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.