Bloomberg: სამხრეთ აფრიკამ შესაძლოა რომის სტატუტის რატიფიცირება გააუქმოს, რათა BRICS-ის სამიტზე პუტინის ჩასვლის შემთხვევაში მისი დაკავების ვალდებულების წინაშე არ აღმოჩნდეს

Bloomberg: სამხრეთ აფრიკამ შესაძლოა რომის სტატუტის რატიფიცირება გააუქმოს, რათა BRICS-ის სამიტზე პუტინის ჩასვლის შემთხვევაში მისი დაკავების ვალდებულების წინაშე არ აღმოჩნდეს

სამხრეთ აფრიკის მმართველმა პარტიამ, „აფრიკულმა ეროვნულმა კონგრესმა“ დაიწყო შიდა დებატები რომის სტატუტიდან ქვეყნის შესაძლო გასვლის საკითხზე, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის ვიზიტის შემთხვევაში მისი დაკავების ვალდებულების წინაშე არ აღმოჩნდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.

4-დღიანი კონსულტაციების დროს სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტია იმსჯელებს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ დაკავების ორდერზე და რომის სტატუტზე, რომლის გამოც ქვეყანა ფორმალურად ვალდებული იქნება, პუტინი დააპატიმროს, თუ კრემლის ლიდერი სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე ჩავა.

სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტიის გენმდივანი ფიკილე მბალულა აღნიშნავს, რომ ამ საკითხის განხილვა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ აფრიკა ნამდვილად გააუქმებს რომის სტატუტის რატიფიცირებას.

Bloomberg-ის ცნობით, მსგავს სიტუაციაში სამხრეთ აფრიკა 2015 წელსაც აღმოჩნდა, როდესაც ქვეყანამ სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი არ დააკავა, რომლის მიმართაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერი ჰქონდა გამოცემული. ამის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ რომის სტატუტიდან გასვლაზე დისკუსიები დაიწყო, თუმცა საბოლოო ჯამში არაფერი შეცვლილა.

17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

„ვლადიმირ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, რაც გამოიხატება მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.