რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობარი სამსახურიდან ტაქსით შინ ბრუნდებოდა. საბჭოს მოედანზე ტაქსი გააჩერა და მაღაზიაში შეირბინა. რომ გამოვიდა, ახალგაზრდა ბიჭმა სთხოვა, ძმურად, გადასასვლელ ხიდამდე გამიყვანეო. ჩემს მეგობარს უარი არ უთქვამს. გზაში ახალგაზრდამ თქვა, რომ დედა ჰყავდა ცუდად და სანზონაში მდებარე საავადმყოფოში სჭირდებოდა მისვლა. ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, ის დანიშნულების ადგილამდე მიეყვანა. გზად ტაქსის მძღოლი და ჩემი მეგობარი იმაზე საუბრობდნენ, რომ ადრე "ნახალოვკაში" ტრამვაი მოძრაობდა. ამან რატომღაც მანქანაში მჯდომი ახალგაზრდა შეაშფოთა - სად არის, საიდან მოდის ტრამვაიო?! შემდეგ კი გაითამაშა სცენა - ვითომ ვიღაცას ურეკავდა და დედისთვის წამლის ფულს სთხოვდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, საავადმყოფოში მიიყვანეს ეს ახალგაზრდა და მან თავხედურად მოსთხოვა ჩემს მეგობარს 10 ან 20 ლარი, უარის მიღების შემდეგ კი ცდილობდა, მისთვის დანა კისერში დაერტყა. ტაქსის მძღოლმა იყოჩაღა, თორემ დღეს ჩემი მეგობარი ცოცხალი არ იქნებოდა. იმ უბნელებთან გასაუბრების შემდეგ კი გაირკვა - ეს ახალგაზრდა, თავის რამდენიმე თანატოლთან ერთად, ნარკოტიკ "ნიანგზე" ("კრაკადილი") იყო "შემჯდარი". სამწუხაროდ, როგორც გავარკვიეთ, ამ კუთხით საქართველოში მართლაც საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი.
სპეციალისტების ცნობით, 2012 წელს საქართველოში 45 000 ნარკოტიკის პრობლემური (ინიექციური გზით) მომხმარებელი იყო, რომელთა უმრავლესობაც კუსტარულად დამზადებულ "ნიანგს", იმავე "ჯოჯოხეთურ ნარევს" იყენებს. თინეიჯერებში კი შედარებით ახალი ბიო-არომატიზატორები, ე.წ. კლუბური ნარკოტიკებია პოპულარული და მათ გამოწერა-შეძენას ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ინტერნეტის საშუალებით ახერხებენ. ახლახან ხელისუფლებამ ბიოს ყველაზე გავრცელებული 8 სახეობა ნარკოტიკული ნივთიერებების სიაში შეიტანა და საქართველოში მათი შემოტანა-გავრცელება დასჯადი გახდება, რაც მის ბრუნვასა და ხელმისაწვდომობას სავარაუდოდ შეამცირებს. "ნიანგისგან" განსხვავებით, ჯერ არ არის შესწავლილი და დადგენილი, საბოლოოდ რა შედეგების გამოწვევა შეუძლია ბიო-ნარკოტიკებს.
გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ხათუნა თოდაძე.
- ე.წ. ნიანგი მიეკუთვნება ოპიოიდების ჯგუფს, როგორც მორფინი, ჰეროინი, კოდეინი... მისი შემადგენელი კომპონენტია დეზომორფინი, რომლის მიღებაც კუსტარულად, კოდეინის შემცველი აბებიდან ხდება - კოდეინის გადაყვანა ხდება დეზომორფინად. ის საკმაოდ ძლიერი და ხანმოკლე მოქმედებისაა, ვიდრე ჰეროინი, ამიტომ ხშირად უწევთ მისი მიღება. "ნიანგს" ამაღლებული გუნება-განწყობილება, აქტიურობა ახასიათებს, "ლომკის" დროს კი აგრესიულობა და კონფლიქტურობაც. მისი ყველა მომხმარებელი საზოგადოებისთვის საშიშია, რადგან მათი ქცევა არაადეკვატურია და შეიძლება რაღაც საშინელება ჩაიდინოს. მათზე დამოკიდებულ ადამიანებს დაქვეითებული აქვთ თვითკონტროლი, არაადეკვატურია გარემოს აღქმა, შესაბამისად, ასეთივეა მათი ქმედებაც. ყველაზე მეტად ისინი საკუთარ თავს და ორგანიზმს ვნებენ. "ნიანგი" იწვევს მძიმე დარღვევებს, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური თვალსაზრისით. მასში შემავალ ტოქსინებს და მძიმე მეტალებს საშინელი რეაქცია აქვს, დაბალი ხარისხისაა, ძალიან ტოქსიკურია და ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ბოლო პერიოდში, პროგრამაში ჩართული პაციენტების 60-70% "ნიანგის" მომხმარებელია. ჩვენს ინსტიტუტში არის ჩანაცვლებითი თერაპიის, მეტადონის, სტაციონარული დეტოქსიკაციის პროგრამები. პაციენტს თვეში 150 ლარის გადახდა უწევს, სექტემბრიდან კი 115-120 ლარი გახდება. გვაქვს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დეტოქსიკაციის პროგრამები და თვითდაფინანსებაც. დღესდღეობით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები ერთდროულად 2 000 პაციენტს ემსახურება და ისინი ყველანი ოპიოიდების მომხმარებლები არიან.
- ბიო-ნარკოტიკებზე რას გვეტყვით, რომელიც ლამის თინეიჯერების ნარკოტიკად იქცა?
- ბიო შედარებით ახალი ნარკოტიკია, რომლის დიდი პარტიის გამოწერა ხდება ინტერნეტით, დაფასოებული პაკეტები ჩამოდის ჩაის სახით, ზოგს აბაზანის მარილი აწერია. აქამდე ბიო-ნარკოტიკი არ იყო აკრძალული, ახლახან კი მისი 8 სახეობა შეიტანეს აკრძალულ ნივთიერებათა სიაში. ბიო არის სინთეზური კანაბინოიდი, ანუ აერთიანებს სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას, არის ქიმიურად დამზადებული სინთეზირებული ნარკოტიკი. მას ეწევიან ან შეიყნოსავენ. ეს არის კანაფში შემავალი ნარევი და იწვევს ეიფორიას. სამწუხაროდ, ბიო საქართველოში ძალიან გავრცელებულია. ის გაცილებით ძლიერია, ვიდრე მარიხუანა, მოქმედების ხანმოკლე პერიოდით. ზედოზირებამ შეიძლება კომატოზური მდგომარეობა გამოიწვიოს. ასევე, იწვევს ჰალუცინაციებს, ბოდვით რეაქციას, არაადეკვატურ ქმედებებს, თუმცა სწრაფად გადის და მისი მიღება დღის განმავლობაში მრავალჯერადად ხდება. შემხვედრია ახალგაზრდები, რომლებიც დღეში 20-30-ჯერ იღებენ ბიოს ეზოში, სადარბაზოში, ბაღში... კაცს, რომელმაც პირველად მოახდინა ბიოს სინთეზირება, ნათქვამი აქვს, რომ ის ადამიანები, ვინც მას მოიხმარენ, არიან იდიოტები, ვინაიდან არავინ იცის, რა შედეგები მოჰყვება ამას. მასზე ცნობილი არაფერია, გარდა იმისა, რომ ადამიანს სიამოვნებს იმ მომენტში, ხდება მიჯაჭვული და ამ ნივთიერების გარეშე უჭირს არსებობა, მისი მთავარი პრიორიტეტი ხდება ამ ნარკოტიკის შოვნა, სხვა ინტერესები კი უკანა პლანზე იწევს.
"ყველა სიახლე" გაესაუბრა ნარკოტიკული საშუალება "ნიანგის" მომხმარებელს, 33 წლის კახას, რომელმაც გვარის გამხელისგან თავი შეიკავა:
- ნარკოტიკი პირველად 18 წლისამ გავსინჯე, რეგულარულად კი 20 წლის შემდეგ მოვიხმარ. "ნიანგზე" ვზივარ, მანამდე "ჰეროინის", "სუბოტექსის" და "ვინტის" საშუალება მქონდა. "ნიანგს" სამეგობრო ვიწრო წრეში ვამზადებთ, კომპონენტებს ფსიქოტროპულ აფთიაქებში ვიძენთ.
- ფარმაცევტები ხვდებიან, რისთვის იძენთ მათ?
- რა თქმა უნდა, რა ძნელი მისახვედრია, რაში სჭირდება ადამიანს 20 და 30 ცალი ხველების აბი, მაგალითად "კოდესანი"? მის დასამზადებლად აუცილებელი კომპონენტია "კოდესანი" ან "კოდეტერპი", იოდი, ბენზინი, ფოსფორი (ასანთის თავები), მილების საწმენდი მჟავა, მარილი და ასე შემდეგ. ყველა კომპონენტს არ ჩამოვთვლი.
- თავის დანებება არ გიცდიათ? ალბათ იცით, რა შედეგებიც მოაქვს?
- კი, ვიცი... დანებების დიდი სურვილი მაქვს, "ახალი ვექტორის" ბენეფიციარი ვარ, ტრენინგებზეც დავდივარ და ყველაფერი ვიცი "ნიანგის" შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის. პროგრამაში რომ ჩავჯდე, მაშინ 450 ლარი უნდა გადავიხადო, რისი საშუალებაც არ მაქვს. დამღლელია ერთფეროვანი ცხოვრება - ყოველდღიურად ფულის შოვნა, პოლიციისგან მალვა, წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარ. ყველა ფსიქოტროპულ აფთიაქთან დგანან სამართალდამცველები და რამდენჯერაც გამოხვალ, გაჩერებენ, ახლა უკვე ბენზინგასამართ სადგურებსაც აკონტროლებენ, ბოთლით ვისაც დაინახავენ, აჩერებენ. ღვთის წყალობით, პოლიციასთან პრობლემა ჯერ არ მქონია, ვერიდები და წამლებზე ე.წ. სუფთა ადამიანებს ვგზავნით აფთიაქებში.
- რა გიჯდებათ ეს "სიამოვნება"?
- წამალი დღეში რამდენჯერმე შეიძლება გაიკეთო და ერთი მოხარშვა დაახლოებით 35 ლარი ჯდება. ამას ჩვენ, "ნიანგის" მომხმარებლები" ერთობლივი ძალებით ვწვდებით, ხან 5, ხან 10 ლარის დადება მიწევს. საჭირო ფულს ხან ვსესხულობ... ერთიანად რომ 450 ლარი ვიშოვო და სამკურნალოდ წავიდე, იმ 4 კაცს რა ვუყო, ერთად რომ ვართ, "ლომკაში" დავტოვო?
- ნანობთ, ამ გზით რომ წახვედით?
- ვნანობ... ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება რომ მქონდეს, იმავე გზას არ გავივლიდი...
კოკა ლაბარტყავა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ვექტორი":
- ჩვენში ამ პრობლემისადმი არასწორი დამოკიდებულებაა. ეს ადამიანები ისედაც გასაცოდავებულები არიან, შედიან აფთიაქებში, იძენენ ინგრედიენტებს და ისევ ამათ იჭერენ. აფთიაქებზე კი, რომლებიც წამლებს რეცეპტის გარეშე გასცემენ, სანქციები არ ვრცელდება. სამართალდამცველებმა ამას უნდა მიხედონ, იმ ადამიანებს ნუკი დასდევენ, რომელთაც, როგორც მთელი მსოფლიო აღიარებს, ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ.
"ნიანგი" ("კრაკადილი")
ნარკოტიკი "ნიანგი", იგივე დეზომორფინი, განეკუთვნება სინთეტიკური ოპიოიდების ჯგუფს, რომელიც ძალზე სწრაფად იწვევს დამოკიდებულებას. ქიმიური პროდუქტი აბსოლუტურად შეუთავსებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ხელოვნურად დამზადებულ დეზომორფინს, თავისი ტოქსიკურობიდან გამომდინარე, მრავალი სახელით მოიხსენიებენ - "ნიანგი", "ნარკოტიკი ღარიბებისთვის", "სასიკვდილო შხამი", "ჯოჯოხეთური ნარევი", "თვითმკვლელთა ატრაქციონი", "რეპტილია".
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ნარკოტიკის მომხმარებელია
მშობლებო! მიაქციეთ ყურადღება საგანგაშო ნიშნებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში შეიძლება გამოვლინდეს
ურთიერთობა თანატოლებთან
თქვენი შვილი არ გაცნობთ თავის ახალ მეგობრებს, ამასთან, წყვეტს ურთიერთობას ძველ მეგობრებთან.
სკოლა
მოზარდი კარგავს ინტერესს სწავლისა და ადრინდელი გატაცებების მიმართ, სწავლის დონე მკვეთრად ეცემა.
ურთიერთობა ოჯახში
ბავშვი ხშირად ცრუობს და არც კი ცდილობს, რომ ეს ტყუილი სიმართლეს ჰგავდეს.
მკვეთრად ეცვლება განწყობა, აგდებულად გექცევათ და არამოტივირებულ აგრესიას ავლენს.
აქტიურობა
სძინავს დღე და ფხიზლობს ღამე, საღამოობით ცდილობს შინიდან გასვლას და გვიანობამდე არ ბრუნდება.
მადა და წონა
მოზარდი მთელი დღეების განმავლობაში არაფერს ჭამს, მოულოდნელად კი "მგლურ" მადას ავლენს, მკვეთრად იკლებს წონაში ან პირიქით - იმატებს.
საოჯახო ნივთები
შინიდან იკარგება ფული, საგნები და ძვირფასეულობა.
სახლში პოულობთ შებოლილ ჭურჭელს, ფოლგის ნაკუწებს, აბებს, შპრიცებს.
გარეგნობა და ტანსაცმელი
ბავშვს უცნაური შუშის გამოხედვა და წითელი თვალები აქვს.
გუგები ან მუდმივად შევიწროებული, ან მუდმივად გაფართოებულია. არ რეაგირებს განათებაზე
მოზარდი ძალიან ფერმკრთალია, უფუჭდება თმა და კბილები.
ჩაცმის მიმართ დაუდევარია.
იცვამს გრძელსახელოებიან პერანგებს და მალავს ხელებს, რათა სილურჯეები და ნანემსარების კვალი დაფაროს.