საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია და ეს პოზიცია უკავშირდება ერთადერთ რამეს, ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპსა და ვუცხადებთ სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება და მათთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება.
„ეს იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეთა დასანქცირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, ჩვენ გვჭირდება ამ თემასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ ვიყენებთ შესაბამის პროცედურულ მექანიზმებს, რა თქმა უნდა, არსებული კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში.
რაც შეეხება კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებას, ეს არის ჩვენი პრინციპი, ვმოქმედებთ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში. არსებული კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება, „ნაცმოძრაობას“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შევაქმნევინოთ. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ამას აუცილებლად ასე გავაკეთებთ. ამასთან, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პარლამენტის შეუფერხებელი საქმიანობა. ქვეყნისთვის ყველა საჭირო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ განვაგრძობთ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში მოქმედებას და უზრუნველვყოფთ იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ სასამართლოზე კომისიას ვერ შექმნის და ასევე უზრუნველვყოფთ პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას. ამის პირობას ვდებთ საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.
სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 და 20 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.