BBC მხრიდან გაკეთებული 46-წუთიანი საგამოძიებო სიუჟეტის მიუხედავად, დავით კეზერაშვილი ევროპის მასშტაბით გადაადგილებას მაინც ახერხებს. მან BBC-ის სკანდალური რამდენიმეთვიანი გამოძიების მიუხედავად, დიდი ბრიტნეთის დატოვება უპრობლემოდ მოახერხა და კვიპროსზე გაფრინდა. უცნობია რატომ გადაწყვიტა მან ბრიტანეთის დატოვება, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოვლენებს გაერიდა და ამის საშუალება მისცეს. დავით კეზერაშვილმა თავის ბოლო განცხადებაში თქვა, რომ ის გამოძიებასთნ ითანამშრომლებს და ყველა იმ პირის სახელს და გვარს დაასახელებს, ვინც ე.წ. ქოლცენტრების საქმეში შეიძლება გარეული იყოს. თუმცა კონკრეტულად ვის გულისხმობს და რა ფორმით ითანამშრომლებს ქართულ და ევროპულ გამოძიებებთან, უცნობია.
ხელისუფლებაში ეჭვი აქვთ, რომ დასავლეთში დავით კეზერაშვილი ვიღაცებს სჭირდებათ, რათა ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება დაიწყოს. ამასთანავე მათ საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებები აკვირვებთ, რომელიც დავით კეზერაშვილს თითქმის ადვოკატად დაუდგა.
ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი, შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა ეს ყველაფერი განწირულია წარუმატებლობისთვის. „კეზერაშვილი, ზოგადად, ცნობილია წარუმატებელი ინვესტიციებით“, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც თვლის, რომ დავით კეზერაშვილის მთავარი ინვესტიციის სიმბოლო არის ტელეკომპანია „ფორმულა“, რაც კარგია, რადგან მისივე ნაძარცვი ფული საქართველოში ბრუნდება.
„მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია, სწორედ ამიტომ არის, რომ ძებნაში მყოფი კეზერაშვილი თავისუფლად სარგებლობს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოსვლის საშუალებით, როდესაც ყველამ იცის, რომ მას გაძარცვული ჰყავს ბიზნესმენები, ჯარი საქართველოში და ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ვისგან სარგებლობს ის თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით? რა თქმა უნდა, გავლენიანი სუბიექტისგან და ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
„კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებიც უარყოფს ბრალდებებს. ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო“, - გამოექომაგა კელი დეგნანი საქართველოში ბრალდებულ ყოფილ თავდაცვის მინისტრს.
„ეს რეპორტაჟი მე თავად არ მინახავს, ეს დღეები ვარ რეგიონში, თუმცა ქართულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მქონდა ამაზე ინფორმაცია. საგამოძიებო ჟურნალისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობებს დაეკისროს ანგარიშვალდებულება, გამოვლინდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომლის გამოყენება შეუძლია მთავრობას საკუთარი გამოძიების ჩასატარებლად. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია და ცხადია, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ამ ბრალდებების გამოსაძიებლად. მესმის, რომ ბატონმა კეზერაშვილმაც გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ამ ბრალდებებს. ასე რომ, ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ დავით კეზერაშვილს დასავლეთში გავლენიანი პოლიტიკური წრეები ხელს აფარებენ, რადგან ის მათი აგენტია. კეზერაშვილი სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი იმ მიმართულებით შეცვალონ, როგორც თავად სურთ. ქართველიშვილი ვარაუდობს, რომ ამაში ჩართული ამერიკაც არის, რადგან კეზერაშვილის საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი გადაეფარა და ფაქტობრივად, მისი ადვოკატობაც კი იკისრა.
„კეზერაშვილთან მიმართებაში ბოლო 10 წელია ერთი და იგივე სიტუაცია მეორდება. ის ამ ხნის განმავლობაში თავს მშვენივრად იძვრენს და არც ერთ დანაშაულზე, რომელიც საქართველომ მას წაუყენა, ევროპამ ყურიც კი არ გაიბერტყა. 2013 წელს, როცა კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს, საქართველოს საფრანგეთის სასამართლომ მის ექსტრადირებაზე უარი განუცხადა. 2014 წელს, როცა წითელმა ცირკულარმა კეზერაშვილი ძებნილთა სიაში შეიყვანა, 1 წელში ის წითელი ცირკულარიდან მოხსნილი იქნა გაუგებარი მიზეზით. 2016 წელს, როცა საქართველომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას კეზერაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა, მათ უარი განაცხადეს. დღეს, როდესაც მათივე მაუწყებელი BBC მთელ მსოფლიოს აუწყებს, რომ კეზერაშვილი ბანდიტია, რომელმაც ევროპელი პენსიონერები გაძარცვა, ფაქტის წინაშე დადგნენ. საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ ეს ადამიანი გადმოეცათ, დღეს ამხელა ზარალი ხომ არ ექნებოდათ. მოხუცებს ერთ მილიარდამდე ფული მოპარეს.
ახლა კი ვხედავთ, რომ უკვე ამერიკის ელჩი კეზერაშვილის ადვოკატის როლს ირგებს. 10 წლის განმავლობაში კეზერაშვილს იცავს ის საერთაშორისო ძალა, რომელსაც ჩვენი მოძრაობა, გლობალური ომის პარტიას უწოდებს. ან ესენი არიან აგენტოკრატები, რომლის წევრიც დავით კეზერაშვილი და ასევე მიხეილ სააკაშვილი არიან. სხვაგვარად წარმოუდგენელია, კაცი ამხელა დანაშაულშია ეჭვმიტანილი. BBC-ის ჟურნალისტების მიერ ყველაფერი დეტალურად არის გამოძიებული და ის ამ დროს კვიპროსზე და სხვა ადგილებში გადაადგილებას მშევნივრად ახერხებს“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ეს გაერთიანება თუ ორგანიზაცია თავის აგენტებს ბოლომდე იცავს. მათ აქვთ კონკრეტული მოვალეობები დაკისრებული და ის უნდა შეასრულონ. ქართველიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის და აქ არეულობის დაწყების სცენარი ამ ძალას ჩაუვარდა. ახლა დავით კეზერაშვილი ჰყავთ მოქმედებაში მოყვანილი. ის ოპოზიციას აფინანსებს და ასევე ე.წ. ოპოზიციურ მედიებს. ამიტომ კეზერაშვილის გაწირვა ჯერ არ აწყობთ და სიტუაციის მიჩქმალვას ცდილობენ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძეს კელი დეგნანისგან დავით კეზერაშვილის დაცვა არ გაკვირვებია, რადგან თვლის, რომ ელჩს ამაზე თავხედური განცხადებებიც აქვს გაკეთებული. აბაშიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ელჩი თავს უკვე ვალდებულად თვლის ოპოზიციის ირგვლივ იქნება თუ სხვა რამეზე, ყველაფერზე განცხადება გააკეთოს. ის იქცევა, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც მუდმივად ხელისუფლებასთან პოლიტიკურ დისკუსიაში შედის. ახლაც ასე იქცევა და, ფაქტობრივად, BBC-ის მიერ მიძღვნილ ფილმს არაფრად აგდებს და გამოძიებას ელოდება. არადა 4 ქართველი მოსამართლე ისე უაპელაციოდ დაადანაშაულეს ე.წ კორუფციაში, მტკიცებულებებსაც კი არავის აჩვენებენ.
„როგორც ჩვენი ყველაფერჩიკი ექსპერტები არიან, ესე კელი დეგნანიც ასეა. კითხეთ - ყველაფერზე გიპასუხებთ. მაგალითად როდის აღდგება რიკოთზე მოძრაობა, მაგაზეც ილაპარაკებს. არ მგონია, რომ ეს ქალბატონი საკუთარი ინიციატივით მოქმედებს და მარტო იღებს გადაწყვეტილებებს. იგი ვაშინგტონიდან არის ხელდასმული, გარკვეული იმ ე.წ. ომის პარტიის ჯგუფისგან, რომელსაც საქართველოში არეულობა, გარკვეული რყევები უნდა. ამათი სამართალი იმას გავს, რომ ჩვენს 4 მოსამართლეზე არანაირ მტკიცებულებებს არ გვაჩვენებენ და ისე ასანქცირებენ, ხოლო კეზერაშვილზე BBC-ის მიერ გამოძიებული მთელი ქსელი არაფერია. მსოფლიოში სანდოობით პირველმა მაუწყებელმა 46-წუთიანი საგამოძიებო ფილმი გადაიღო და თავდებად კეზერაშვილს უდგებიან. დეგნანი ახალი დამცველი გამოვიდა და კეზერაშვილის „უდანაშაულობის პრეზუმფციას“ არ არღვევს. ქართველ მოსამართლეებს ოპოზიციურ ტელევიზიებში დაკვეთილი სიუჟეტების გამო ასანქცირებენ და კეზერაშვილზე ჩატარებულ მრავალხნიან გამოძიებას არ ენდობიან - როგორი სამართალია ეს?! ანუ კეზერაშვილი თავად რაღაცაში სჭირდებათ და ხელს აფარებენ“, - ამბობს გია აბაშიძე.
მისივე თქმით, კელი დეგნანი გველაპარაკება, როგორც კეზერაშვილის ადვოკატი ან ნაცტელეწამყვანი. ანალიტიკოსისი აზრით, ეს აჩენს ლოგიკურ ეჭვს, რომ დეგნანს და ამერიკელებს კეზერაშვილის მიმართ პირადი დაინტერესება ამოძრავებთ. თუმცა აბაშიძე მიიჩნევს, რომ კეზერაშვილს ხელს მხოლოდ ამერიკა არ აფარებს და მისი პოლიტიკაში ქტიურობა დასავლეთში დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებსაც სურთ.