„რესპუბლიკელი“ სენატორებისა და კონგრესმენების ჯგუფი ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინისთვის შეუზღუდავი დახმარების გაწევა შეწყვიტოს

„რესპუბლიკელი“ სენატორებისა და კონგრესმენების ჯგუფი ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინისთვის შეუზღუდავი დახმარების გაწევა შეწყვიტოს

„რესპუბლიკელი“ სენატორებისა და კონგრესმენების ჯგუფი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინისთვის შეუზღუდავი დახმარების გაწევა შეწყვიტოს.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ აღარ დაუჭერენ მხარს უკრაინისთვის შეუზღუდავ დახმარებას და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დახმარების ყველა სამომავლო პაკეტს, თუ ის არ არის დაკავშირებული მკაფიო დიპლომატიურ სტრატეგიასთან, რომელიც ამ ომის სწრაფად დასრულებისკენაა მიმართული.

„არ ჩანს [ომის] დასასრული და არ არსებობს მკაფიო სტრატეგია ამ ომის დასასრულებლად. უკრაინაში რუსეთთან „პროქსი ომი“ არ შედის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესში და ესკალაციას უკავშირდება, რომელიც შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს“, - ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორები აცხადებენ, რომ დახმარების ყოველი ახალი პაკეტით და ყოველი ახალი იარაღით, რომელიც უკრაინას მიეწოდება, რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის რისკი იზრდება.

შეერთებული შტატების შეუზღუდავი დახმარება უკრაინისთვის უნდა დასრულდეს და ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ყველა სამომავლო პაკეტს, თუ ის არ იქნება დაკავშირებული მკაფიო დიპლომატიურ სტრატეგიასთან, რომელიც მიმართულია ამ ომის სწრაფად დასრულებისკენ“, - ნათქვამია წერილში.

„ისტორიულად კორუფციაში ჩაფლული ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერა მაშინ, როცა ამერიკელი ხალხი იტანჯება რეკორდული ინფლაციით, თავისთავად საშინლად უპასუხისმგებლოა“, - აღნიშნულია წერილში.

„რესპუბლიკელი“ სენატორებისა და კონგრესმენების ჯგუფი ასევე აცხადებს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად ხელს უწყობს რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებას და ეს დამატებითი საფრთხეა.

„არსებობს მისაღები გზები, რომლითაც შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, მაგრამ იარაღის შეუზღუდავი მიწოდება გაუთავებელი ომის მხარდასაჭერად არ არის ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი. ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, ისევე, როგორც უკრაინელი ხალხის ინტერესებში, წავახალისოთ მოლაპარაკებები, რომელიც სასწრაფოდ არის საჭირო კონფლიქტის მოსაგვარებლად. მოგიწოდებთ, ხელი შეუწყოთ მშვიდობის მიღწევას ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების გზით“, - ნათქვამია წერილში.

აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერენ:

სენატორები მაიკლ ლი, რენდ პოლი, ჯეი დი ვენსი

კონგრესმენები ლორენ ბობერტი, ტიმ ბერჩეტი, მეტ გეტცი, ანა პაულინა ლუნა, მერი მილერი, ენდი ოგლსი, მაიკ კოლინზი, პოლ გოსარი, ელი კრეინი, ენდი ბიგსი, დენ ბიშოპი, ჯოშ ბრეჩინი, მეტ როზენდეილი, მერჯორი ტეილორ გრინი, ბერი მური, რალფ ნორმანი.