ბრიტანულ გაზეთ "ფაინენშელ თაიმსში" (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "როგორ შეცდა პუტინი უკრაინაში შეჭრით, შემდეგ კი შეცდომები გააორმაგა" (ავტორი - მაქს სედონი, კორესპონდენტი მოსკოვში). სამაუწყებლო კომპანია BBC news-ის რუსულმა სამსახურმა გაავრცელა სტატიის შემოკლებული ვერსია სათაურით - "პუტინს საკუთარი თავი პეტრე პირველად წარმოუდგენია, გარემოცვა კი სიმართლის თქმას ვერ უბედავს".
პუბლიკაციაში გადმოცემულია "ფაინენშელ თაიმსის" ჟურნალისტური გამოკვლევა, რომელიც ეხება ერთი წლის წინ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გარემოებებს. მოსკოველი კორესპონდენტი ესაუბრა ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის ექვს წარმომადგენელს (მათ "ფაინენშელ თაიმსს" სთხოვეს, რომ ანონიმურობა დაცული ყოფილიყო) და აღადგინა სურათი, თუ როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილებები ყირიმის ანექსიისა და უკრანაში შეჭრის შესახებ.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყება იმდენად ვიწრო წრეში გადაწყდა, რომ ფაქტის წინაშე დამდგარ კრემლის მაღალჩინოსნებს, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ბიზნეს-ელიტას მომხდარის დაჯერება ძალიან გაუჭირდათ.
"ფაინენშელ თაიმსის" კორესპონდენტს ერთ-ერთი მოსაუბრე უყვება: "როცა გაოცებულმა ოლიგარქებმა სიტუაციის განმარტებისთვის საგარეო საქმეთა მინისტრს - სერგეი ლავროვს მიმართეს (რომელმაც ომის დაწყების განზრახვა ორიოდე საათით ადრე გაიგო), მან ასე უპასუხა: "[ვლადიმერ პუტინს] სამი მრჩეველი ჰყავს - ივანე მრისხანე, პეტრე პირველი და ეკატერინე მეორე".
"ის ნამდვილად იჯერებს ყველაფერს, რაც კი პეტრე პირველის საკრალურობაზე მიანიშნებს. იგი ფიქრობს, რომ ისტორიაში პეტრე პირველივით დაიკავებს ადგილს", - უთხრა "ფაინენშელ თაიმსს" კრემლის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
"ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ეძებს უკრაინაში შეჭრის გამართლებას", - ამბობენ კრემლელი წყაროები, - "იგი ცდილობს, ყველა დაარწმუნოს და მათ შორის - საკუთარი თავიც იმაში, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა".
"იგი თავის გარემოცვას ეუბნება, რომ დიახ, ჩვენ სრულიად მოუმზადებლები აღმოვჩნდით ომისათვის, არმიაში ქაოსია, ეკონომიკა - კრიზისში... მაგრამ უკეთესია, ყველაფერი ახლა დავინახოთ და გავაცნობიეროთ, ვიდრე იმ დროს, როცა ჩვენ ნატო დაგვიპყრობს", - ამბობენ "ფაინენშელ თაიმსთან" მოსაუბრეები.
გაზეთის წყაროები თანხმდებიან იმაში, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში აღმოჩნდა, კიდევ უფრო მეტად დაშორდა თავის თანამშრომლებს, ვიდრე ადრე იყო.
"იოსებ სტალინი ბოროტმოქმედი იყო, მაგრამ იმავდროულად - კარგი მმართველიც, იმიტომ, რომ მას ვერ მოატყუებდი, მასთან ვერ იცრუებდი. ეს შეუძლებელი იყო. ვლადიმერ პუტინისათვის კი სიმართლის თქმას ვერავინ ბედავს", - განმარტავს ერთ-ერთი წყარო, - "ადამიანი, რომელსაც ეჭვები აწუხებს და ნდობის პრობლემა აქვს, იწყებს ძალიან ვიწრო წრის აზრზე დაყრდნობას, რომელიც მას სიმართლეს არ ეუბნება, ატყუებს".
ამასთან დაკავშირებით, კრემლის ყოფილი მაღალჩინოსანი, ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ჰყვება, თუ როგორ დაუჯერა ვლადიმერ პუტინმა ვიქტორ მედვედჩუკს (უკრაინელ ოლიგარქს, ვერხოვნა რადას წევრს და პრორუსული ორგანიზაციის ლიდერს), რომელიც პრეზიდენტს არწმუნებდა, რომ უკრაინა მზადაა, რუსეთს ჩაეხვიოს.
"თუ მედვედჩუკი ამბობს, რომ წვიმს, უკეთესია თვითონ დარწმუნდე იმაში, რომ მართლაც წვიმს და როცა ფანჯარაში გაიხედავ, დაინახავ, რომ გარეთ პაპანაქებაა. არსებობს სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები, არსებობს სპეცსამსახურები... როგორ შეიძლება გადაწყვეტილებისათვის სერიოზულ საფუძვლად ჩათვალო ის, რასაც მედვედჩუკი ამბობს?", - გაკვირვებას ვერ მალავს მოსაუბრე.
მაგრამ ვიქტორ მედვედჩუკის პროგნოზებს უშიშროების ფედერალური სამსახურიც ეთანხმებოდა, რამაც ვლადიმერ პუტინი გარანტირებულ გამარჯვებაში დაარწმუნა. თანაც, წარმატება უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო იმ დიდი თანხებითაც, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების წევრებს მოსკოვმა გადაუხადა.
პუტინის გარემოცვის წევრები ცდილობდნენ, შეფი გადაერწმუნებინათ: მაგალითად, ნიკოლაი პატრუშევი უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინაში შეჭრამდე სამი დღით ადრე პრეზიდენტს სთხოვდა, რომ არ აჩქარებულიყო.
"პატრუშევმა კარგად იცოდა, თუ რა საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა არმია და ცდილობდა, ეს ამბავი პუტინამდე მიეტანა და ეთქვა, მაგრამ პრეზიდენტი ზედმეტად იყო თავდაჯერებული. იგი სიტუაციას უფრო უკეთესად იცნობს, ვიდრე მისი მრჩევლები - ისევე როგორც ჰიტლერმა იცოდა თავის გენერლებზე უკეთესად", - ჰყვება წყარო, რომელმაც სიტუაცია კარგად იცოდა, მოცემულ პერიოდში.
რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას უკრაინასთან ომში, პრეზიდენტთან ახლოს მდგომი ორი ადამიანის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინმა ეს ოფცია უკვე გვერდზე გადადო. მათი თქმით, პრეზიდენტი მიხვდა, რომ ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის შეზღუდულად გამოყენებაც კი რუსეთს ომში რაიმე სარგებლობას არ მოუტანს, პირიქით, კრემლიც დაზარალდება რადიოაქტიური ღრუბლის წარმოქმნით, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდოდა.
ამასთან, პრეზიდენტი აბსოლუტურად მზად არის გაჭიანურებული ომისათვის და დარწმუნებულია, რუსეთი მოძებნის ისეთ მეთოდს და შესაძლებლობას, რომ ეკონომიკურ ზეწოლას გაუმკლავდეს და კრიზისი გადაიტანოს.
ვლადიმერ პუტინი უკვე მიხვდა, რომ ვეღარ გააგრძელებს ლაპარაკს, რომ ომი რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეეხება. ასეთი რამ მისაღები იყო შეჭრიდან პირველ თვეებში, როცა რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობისათვის ცხოვრება ნამდვილად ჩვეულ კალაპოტში მიდიოდა.
ამჯერად პრეზიდენტმა სხვა რიტორიკა შეარჩია - ხმამაღალი სიტყვები ძალების მობილიზებისა და საფრთხის წინ საყოველთაო გაერთიანების აუცილებლობის შესახებ.
მაგრამ ის ფაქტი, რომ ხელისუფლება დარწმუნებული არ იყო, "ლუჟნიკების" სტადიონს მთლიანად შეავსებდა თუ არა ხალხით (ადამიანები შეაგროვეს ფულის გადახდით და მუქარებით), იმას მეტყველებს, რომ პრეზიდენტის ახალი რიტორიკაც რუსებზე მაინცდამაინც განსაკუთრებით არ მოქმედებს.
"მიიღო რა გადაწყვეტილება ყირიმის ანექსიის შესახებ 2014 წელს, ვლადიმერ პუტინს საქმის კურსში არ ჩაუყენებია თავისი უშიშროების საბჭოც კი", - იხსენებს კრემლის ერთ-ერთი იმდროინდელი ჩინოვნიკი.
მრჩევლები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ პრეზიდენტი, რომ ყირიმში ჯარი არ გაეგზავნა, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა მათ სიტყვა-სიტყვით ასე განუცხადა: "ეს ისტორიული მომენტია. თუ თქვენ ამას არ ეთანხმებით, მაშინ სადაც გინდათ იქ წადით".
მისი გარემოცვის ბევრი წევრი იხსენებს, რომ დასავლეთის სუსტმა რეაქციამ, რომელიც ესკალაციისა და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის შიშით იყო გამოწვეული, საბოლოოდ დაარწმუნა ვლადიმერ პუტინი, რომ მისი გადაწყვეტილება ყირიმის შესახებ სამართლიანი იყო.