უკრაინას მეთოდურად გადააქვს ომი რუსეთის ტერიტორიაზე

უკრაინას მეთოდურად გადააქვს ომი რუსეთის ტერიტორიაზე

დასავლელი ლიდერები ემზადებიან იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში, სავარაუდო კონტრშეტევის პასუხად ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს, მათ შორის ბირთვულ საფრთხეებსა და კიბერშეტევებს, გამოიყენებს. იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე განაცხადეს, რომ ელიან, რუსეთი საპასუხო რეაქციას მოახდენს და ექსტრემალური ტაქტიკებისთვის მომზადებული უნდა იყვნენ.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლელი მოკავშირეები უარს არ იტყვიან რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებაზე, მიუხედავად იმ მუქარისა, რომელიც კრემლიდან ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მოდის. სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი ისწრაფვის, იარაღის კონტროლის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მნიშვნელოვანი ნაწილის იგნორირებით, დარღვევით ან მათზე უარის თქმით, უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემას ძირი გამოუთხაროს, თუმცა რუსეთის ეს მცდელობები არ იმუშავებს.

რუსეთი ისევ ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, თუმცა მუქარის მიუხედავად, უკრაინის სპეციალური ოპერაციულ ძალებს ბრძოლების გარკვეული ნაწილი რუსეთის ტერიტორაზე აქვთ გადატანილი. ოფიციალურმა რუსეთმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის საზღვართან განადგურებული იქნა უკრაინული დივერსიული ჯგუფები. ფაქტია, რუსეთის მთელი ტერიტორია უჩვეულო ხანძრებმა მოიცვა. სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთში ბოლო 3 თვეში უფრო მეტი ხანძარი დაფიქსირდა, ვიდრე 2022 წლის განმავლობაში.

მოსკოვი, როსტოვი, კურსკი, პეტერბურგი, ტუმენი, ბელგოროდი - რუსეთი ხანძრებმა მოიცვა. უჩვეულო ხანძრის ისტორიები კი იდენტურია, ჯერ აფეთქების ხმა ისმის, შემდეგ კი ხანძარი ჩნდება. ხანძარი გაჩნდა ყველაზე დაცული თავდაცვის სამინისტროს შენობის მესამე სართულზე. ააფეთქეს ოკუპირებულ მელიტოპოლში არსებული სამხედრო ბაზა. სვერდლოვსკის ოლქში დაიწვა გაზსადენი; მოსკოვიდან 180 კმ-ში, ტულაში ძლიერი აფეთქების შედეგად რამოდენიმე კილომეტრზე გაჩნდა ხანძარი. ტერაქტი მოხდა პეტერბურგის კაფეში, სადაც სიტყვით გამოდიოდა რუსი პროპაგანდისტი ვლადლენ ტატარსკი, იგივე მაქსიმ ფომინი. მაშ ასე, რუსებს უკვე მუდმივი სტრესისა და შიშის ფონზე უწევთ ცხოვრება. მეტიც, რუმა პროგანდისტმა პოლიტოლოგებმა და სამხედრო ექსპერტებმა უცნობი ადრესატისგან საჩუქრად მიიღეს ე.წ. ქანდაკებები წარწერით „აფსუს, არ აფეთქდნენ, მაგრამ ყველაფერი წინაა“.

ამ დრომდე ოფიციალურმა კრემლმა მხოლოდ რუსი პროპაგანდისტის ვლადლენ ტატარსკის მკვლელობას მისცა ტერაქტის კვალიფიკაცია. სხვა ყველა შემთხვევაში კრემლში განმარტებები არ კეთდება. უკრაინა კი რუსეთს პარტიზანული ომით ემუქრება. ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინას ომი მეთოდურად გადააქვს რუსეთის ტერიტორიაზე. მეთოდი კი საკმაოდ ეფექტური და ამავე დროს მტკივნეულია - რუსეთის მსხვილ ქალაქებში რეზონანსული ტერაქტები ცნობად სახეებზე და წერტილოვანი მგრძნობიარე დარტყმები მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე. ჯერჯერობით, რუსეთმა კიევის ამ ტაქტიკას ვერაფერი დაუპირისპირა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ფიზიკური დანაკარგებით გამოწვეული ზიანის გარდა, ეს იწვევს რუსეთში საზოგადოების დემორალიზაციას, ხელისუფლებისადმი უნდობლობას, რომელიც პოტენციურად შეიძლება გადაიზარდოს პროტესტში და სხვა ნეგატიურ თანმდევ პროცესებში. მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რუსეთში დაახლოებით 2,5 მილიონი ეთნიკური უკრაინელი ცხოვრობს.

„აქ სიტუაციის უნიკალურობა რაში მდგომარეობს - უკრაინელებს არ უჭირთ რუსულ საზოგადოებაში ასიმილირება. ისინი თავისუფლად ფლობენ რუსულ ენას, ადგილობრივ საზოგადოებაში ჩაწერა არ უჭირთ, ვინაიდან ვერავინ ვერ განარჩევს სახეზე ეს კაცი უკრაინელია, თუ რუსი, რისი გაკეთება არ შეუძლია იგივე უცხოელს. ამიტომაც, უკრაინელების იოლი ასიმილაცია რუსულ გარემოში ძალიან დიდი დახმარებაა მათთვის, რომ რუსეთის ტერიტორაზე მონახონ შესაბამისი ადამიანები, გადმოიბირონ ისინი სხვადასხვა მეთოდებით, დაითანხმონ რაღაც ძირგამომთხრელი ტერორისტული აქტების ჩატარებაზე და ა.შ. რაც მოხდა იგივე პეტერბურგში - რუსი ბლოგერის მკვლელობა.

უკრაინელები ზუსტად იგივე სქემით მოქმედებდნენ და მოქმედებენ სხვა რეგიონებში სხვადასხვა სახის ტერაქტების მოწყობის დროს. ძალიან აქტიურად იყენებენ ადგილობრივ მოსახლეობას და განსაკუთრებით მათ, ვინც უკმაყოფილოა ამ ომით და პუტინის რეჟიმით. სხვები გარკვეული საზღაურის საფასაურად თანხმდებიან უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

აღნიშნული პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ვლადიმერ პუტინმა ორჯერ დააყენა ეს საკითხი რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე. გარდა ამისა, ანალიტიკოსის განცხადებით, თვითონ რუსეთის ხელმძღვანელობა ძალიან შეწუხებულია ამ პრობლემით და პრაქტიკულად არ იცის რა მოუხერხონ.

„უკრაინას საკმაოდ ბევრი რესურსი აქვს იმისათვის, რომ რუსეთს მისსავე ტერიტორაზე მიაყენოს მტკივნებული დარტყმები. მიაქციეთ ყურადღება, რომ რუსეთმა ჯერჯერობით, ვერც ერთი მსგავსი აქტი უკრაინის ტერიტორაზე ვერ განახორციელა. თუმცა, შესაძლოა, ჰქონდა ამის სურვილი. რაც უფრო მეტად მოხდება კონფლიქტის ესკალაცია, მით უფრო გააქტიურდება უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე.

უკრაინას რა რჩება - ერთ-ერთი იარაღი არის ის, რომ რუსეთის ტერიტორაზე მოაწყოს ტერაქტები და ამ ტერაქტებს მარტო ის მიზანი არ აქვს, რომ ვიღაცა კონკრეტული ცნობადი სახე გაანადგუროს, არამედ ის, რომ რუსეთის მოსახლეობაში გამოიწვიონ უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, გამოიწვინონ პანიკა და შიში, რომელიც რაღაც მომენტში შეიძლება გადიზარდოს ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტში. ეს ამაზეც არის გათვლილი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

დაიწყო თუ არა რუსეთის ტერიტორიაზე პარტიზანული ომი, ჯერჯერობით ასეთ შეფასებას ვერ აკეთებს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე, რომლის შეფასებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სპეცოპერაციის რაღაცა ნაწილმა შეიძლება გადაინაცვლა რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ჯერ კონკრეტული ფაქტი, რომ ეს უკრაინელების მონაწილეობით ხდება, არ არსებობს.

„უკრაინას აქვს იმის პოტენციალი, რომ თავისი სპეცსამსახურები და იგივე აგენტურული ქსელი აამოქმედოს. მით უმეტეს, რომ უამრავი უკრაინელია რუსეთში. ასე რომ, უკრაინისთვის ნამდვილად არ წარმოადგენს სირთულეს, რომ თუ საჭიროა, საბოტაჟი ან დივერსია განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ის, რომ პარტიზანული მოძრაობა იშლება რუსეთის ტერიტორიაზე, ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ჯერ მხოლოდ რამდენიმე ფაქტია, რომელიც შეუძლია განახორციელოს უკრაინამ.

ვხედავთ, რომ უკვე ბელგოროდი და ბელგოროდის ოლქი იბომბება უკრაინის მხრიდან, იგივე ქერჩის ხიდის აფეთქება რუსეთის ტერიტორიაზე. ასე რომ, უკრაინა თავის გეგმას ახორციელებს და ბრძოლების გარკვეული ნაწილი გადატანილი არის უკვე რუსეთის ტერიტორაზე. მსგავსს აკეთებენ ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე ბელარუსი პარტიზანები. ომის შემადგენელი ნაწილია სადაზვერვო დივერსიული მოქმედებები, სპეციალური ოპერაციის ძალები ამისთვის ემზადებიან და არა სანგრებში საბრძოლველად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ აქ ორი ვარიანტი უნდა იქნეს განხილული. ერთი, რომ ეს არის რეალურად უკრაინის და არა მარტო უკრაინის, არამედ მისი სტრატეგიული პარტნიორების სადაზვერვო ქმედებათა ორგანიზების შედეგი. მეორე ვერსიით, შესაძლებელია, ეს იყოს შიდა სამზარეულო. კერძოდ, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული კონკრეტული ქმედებები, რომელიც ემსხურება ისეთი საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე, რომ უფრო მძიმე შეტევების, ან უფრო მძიმე იარაღის გამოყენების საშუალება მისცეს რუსეთს და ამ კუთხით გარკვეული გამართლება პროპაგანდისტული ფონის შექმით განახორციელოს.

„რაც შეეხება იმას, რომ ომმა შესაძლებელია გადაინაცვლოს რუსეთის ტერიტორიაზე - რა თქმა უნდა, ერთადერთ მიმართულებად შეიძლება განვიხილოთ, პირობითად, რუსეთის დაშლა, რაც არავის არ აწყობს და ყველა ქმედება ამისკენ მიანიშნებს. ამ წუთას ერთადერთი მიზანი არის ხელისუფლების ჩამოცილება და ამ კონტექსტში უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები საკმაოდ გააქტიურებეული არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცა გარკვეული კონტრზომები ამ ქმედებებისა და მოსალოდნელი სცენარების წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციას ომის დაწყებამდე აქვს გატარებული, ეს არის როგორც პირადი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, ასევე სხვა მიმართულებით“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.