„მელიამ კარაგდ იცის, რომ მათთვის პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანია ხაბეიშვილმა ისინი პარტიიდან გარიცხოს, ვიდრე პროტესტის ნიშნად თავად დატოვონ“

„მელიამ კარაგდ იცის, რომ მათთვის პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანია ხაბეიშვილმა ისინი პარტიიდან გარიცხოს, ვიდრე პროტესტის ნიშნად თავად დატოვონ“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე 73 ოლქში პარტიის პოლიტსაბჭოსა და რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის არჩევნებს აანონსებს. გადაწყვეტილებას წინ ნიკა მელიას მომხრეების მწვავე განცხადებები უძღოდა. საუბარი იყო ხაბეიშვილის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაზეც, თუმცა თავად პარტიის ახალი ლიდერი, ამას კატეგორიულად გამორიცხავს. ლევან ხაბეიშვილმა, დღეს, დამოუკიდებელ ოფისში გადასულ თანაპარტიელებს, ოპოზიციაში ყოფნის ნაცვლად, რეალური საქმის კეთება ურჩია.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების მორიგი ფაზა, თითქმის ერთი კვირის წინ დაიწყო. ყოფილი თავმჯდომარის მომხრეებმა ახალს პრეტენზიები ღიად წაუყენეს და დამოუკიდებელი პარტიული ოფისიც იქირავეს, რაც ხაბეიშვილის გუნდში სეპარატიზმად შეფასდა.

სტატუს-ქვოს აღსადგენად, ნიკა მელიას გუნდისთვის პოლიტიკური საბჭოს 73 წევრის არჩევა საკმარისი არ არის. ყოფილი თავმჯდომარის ფლანგი ძველი პოლიტსაბჭოს აღდგენას ითხოვს. ხაბეიშვილს 250-კაციანი ყრილობის მიერ, პარტიის გამგეობის 50 წევრის დანიშვნას კი „ნაციონალური მოძრაობის“ მიტაცების მცდელობას უწოდებს. თუ თავმჯდომარე პროცესების დეესკალაციის ნაცვლად, არჩეულ გეზს განაგრძობს, მაშინ პოლიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ „ნაცმოძრაობაში“ მორიგი შიდა ამბოხი ვიხილოთ.

მელიას კადრების ჩამოშორება და რეგიონულ ორგანიზაციების სათავეებიდან ჩამოშორება - ეს კიდევ ერთი ბრალდებაა, რომელიც ლევან ხაბეიშვილს უკვე აჭარის ორგანიზაციიდან წაუყენეს. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე ყვება, რომ მასთან ზარები პირადად ხაბეიშვილის სახელით ხორციელდება. ნოდარ დუმბაძის თქმით, ახალი მენეჯმენტი მას თანამდებობიდან დაუყოვნებლივ წასვლას სთხოვს.

ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესები მოსწონთ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან რეალური სახის დემონსტრირებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ამ დაპირისპირებამ შესაძლოა გზა ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს გაუხსნას.

„დღეს ვხედავ ნიშნებს, სადაც მიმდინარეობს პარტიის ბოლომდე მიტაცების პოლიტიკა“, - აცხადებს მელიას ფლანგის წარმომადგენელი ბაჩო დოლიძე.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ფლანგის წარმომადგენლებს აქვთ კონკრეტული მოთხოვნები, მათ შორის არის პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების საკითხი.

„როდესაც მოხდა ყრილობის მიერ პოლიტსაბჭოს დამახინჯება, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების ანულირებას ვითხოვთ. ძველ პოლიტსაბჭოს უნდა დაუბრუნდეს სტატუსი, არ შეიძლება 250-მა ადამიანმა განსაზღვროს პოლიტსაბჭოს კონფიგურაცია იმ პოლიტსაბჭოსი, რომელიც თავის დროზე 10 000 კაცი მიერ იყო დამტკიცებული. ამის შემდგომ პოლიტსაბჭოს არჩევნები ჩვენ უნდა ჩავატაროთ ისე, რომ ყველა წევრი იყოს არჩეული და არა ისე, რომ 75 ადამიანი იყოს არჩეული და დანარჩენი იყოს დანიშნული, ეს არის წარმოუდგენელი და არ მგონია პარტიის დემოკრატიულობისათვის გამოსადეგი ფორმულა იყოს“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

ლევან ხაბეიშვილის ფრთის წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი აღნიშნავს, რომ პარტიის წევრებმა ოფისი საკუთარი ნებით დატოვეს.

„არავის არავისთვის არ უთქვამს არჩევნების შემდეგ, რომ ვინმე უნდა წასულიყო ოფისიდან და იქ უნდა მიეტოვებინა სამუშაო, თუმცა, მეორე თუ მესამე დღეს, როდესაც დილით ოფისში მივედით, ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანები ყუთებში აწყობდნენ საკუთარ პირად ნივთებს და მიდიოდნენ ოფისიდან. რა თქმა უნდა, გვქონდა პირადი კომუნიკაცია და ვეუბნებოდით, რომ ეს მათთვის არავის არ უთქვამს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ჩემთვის ძალიან ბევრმა ძვირფასმა ადამიანმა, ვისთანაც ერთად წლებია ბრძოლაში ვარ და წლებია ერთად მოვდივართ“,-ამბობს ბოტკოველი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის დაპირებები ფუჭი რომ იყო, ეს მისი არჩევნიდან ძალიან მალე გამოჩნდა. ხაბეიშვილი სააკაშვილს, მის ოჯახს და მხარდამჭერებს ჰპირდებოდა, რომ მის გამო „ქაჯეთის ციხესაც“ აიღებდა. თუმცა დაპირებების შესრულების 1%-იც კი ვერ მოახერხა. ამიტომაც პარტიაში დაპირისპირების გამწვავება მოსალოდნელი იყო.

„პარტიაში მელიას გუნდის შევიწროვებაა დაწყებული. ფაქტიობრივად, მელიას მხარდამჭერები ვაკუუმში მოახვედრეს. მათ პოლიტიკურ აქტიურობაში მონაწილეობას საერთოდ არ აღებინებენ. პარტიაში ხაბეიშვილმა ცენტრალური მმართველობის ჩამოყალიბება დაიწყო. ამას გარკვეული შედეგი მოჰყვა და, როგორც ჩანს, მელია ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

მას შეეძლო ცალკე გასულიყო და ახალი პარტია ჩამოეყალიბებინა, მაგრამ მან შიგნიდან ბრძოლა გადაწყვიტა. ჩემი აზრით, ეს ძალიან სწორი ტაქტიკაა. მელია არჩევნების დასრულებისთანავე პარტიიდან არ გავიდა და პროცესებს დაელოდა. ახლა კი ვხედავთ, რომ დღეს დავით კეზერაშვილის ფაქტორი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მძიმეა. ვხედავთ, რომ პარტიას მის წინააღმდეგ „ბიბისი“-ს მიერ ჩატარებული გამოძიება როგორ აზიანებს. მისი პერსონა საერთოდ ხელისუფლებისთვის დიდი კოზირია. შესაბმისად, ეს ყველაფერი პარტიის წევრებსა და მის მხარდამჭერებში უკვე პროტესტის გრძნობას აღვივებს და გულგატეხილობას ქმნის. ამიტომ მელიამ ახლა ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველზე მუშაობა დაიწყო“,-ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი ერთპიროვნული მმართველობის ჩამოყალიბებას ცდილობს. მას უნდა, რომ რეგიონლური ლიდერების დონეზეც მისთვის ერთგული ხალხი დაინიშნოს. ამიტომ რიგგარეშე არჩევნების თემა არაა გამორიცხული ისევ დღის წესრიგში დადგეს. ძაბირაძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილი არის გარდამავალი ფიგურა, რომელიც კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა, უბრალოდ, მელიას შესაცვლელად გამოიყენეს. ის პარტიის ამომრჩეველს სატყუარას სახით გადაუგდეს. ალაპარაკეს ის, რაც მათ სურდათ, ახლა კი მისი სცენიდან გაყვანის დრო მოდის, რადგან სიტუაცია თავად კეზერაშვილსაც აღარ მოსწონს. მან კარგად იცის, რომ ხაბეიშვილი დაპირებებს ვერ შეასრულებს და რაც დრო გავა, მათ მიმართ პრეტენზიები პარტიის მხარდამჭერებში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე არ გამორცხავს, რომ პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების საკითხი მართლაც დადგეს, რადგან დიდი ხნით სიტუაცია ასე ვერ გაგრძელდება. მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნიკა მელიას ტაქტიკა - ბრძოლა შიგნიდან გააგრძელოს, სწორია, რადგან, ადრე თუ გვიან, ნაციონალებში პროცესები ისევ აფეთქდება.

„მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ნიკა მელია პარტიის მართვისთვის ჩამოეშორებინა. აუტანელი იყო, რომ მისი ნების წინააღმდეგ პარტიამ აირჩია და მელიას აჯანყება მოუწყვეს. ამიტომ მგონია, რომ თავიდან სააკაშვილი მერაბიშვილის და კეზერაშვილის მხარეს იყო. სწორედ მათი წახალისებით, ხაბეიშვილმა მელია და მისი გუნდი პარტიიდან გარეკა. ყველანაირი სიტუაცია შეუქმნეს იმისთვის, რომ ენმ დაეტოვებინათ. თუმცა, მელიამ ძალიან სწორი და ტაქტიკურად გამართლებული გადაწყვეტილება მიიღო.

მან იქირავა ოფისი, საიდანაც დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებს და უკვე ფიასკო განცდილ ხაბეიშვილს ბოლომდე წინააღმდეგობას გაუწევს. მელია ამით ამბობს, რომ პარტიიდან არ გავდივარ და ყველას სიგნალს უგზავნის, რომ მთავარია, შეინარჩუნონ პარტია. ახალი პარტია რომ შეიქმნას ახალი სახელწოდებით, ეს აღქმული იქნება ღია დაპირისპირებად სააკაშვილთან - იმ ადამიანთან ვინც პარტია შექმნა, რომელსაც თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს. მელიას სვლა ახლა ყველაზე სწორია. ეს არის დროის მოგება და მოთმინება. მელიამ კარგად იცის, რომ მათთვის პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანია ხაბეიშვილმა ისინი პარტიიდან გარიცხოს, ვიდრე პროტესტის ნიშნად თავად დატოვონ“, - ამბობს მამრაძე.

 

merab იმის მაგივრად, რომ ხალხის მოთხოვნა შეესრულებინათ და ნაც ფაშისტები გაესამართლებინათ, 11 წლისთავზე მთავარ ოპოზიციურ ძალად ჰყავთ და მუდმივ რეჟიმში გვიტურტურებენ ცხვირწინ.
კარგად მოირგეთ კოჰაბიტაცია, ნაც-ქოცებო?
ხოდა, ორივე ძალა პასუხს აგებთ ყველა ბოროტებისთვის, რაც ქართველ ხალხს დამართეთ!
1 წლის უკან